პრეზიდენტის სასახლეში თსუ-ს 100 წლის საიუბილეო მიღება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში მონაწილე დელეგაციებსა და ქართველ პროფესორ- მასწავლებლებს დღეს სასახლეში უმასპინძლა და საერთაშორისო დელეგაციებს საქართველოში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო მიღებაზე, რომელიც წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით იმართება, მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებს მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ის პოლიტიკურ - საზოგადოებრივი პროცესები გაიხსენა, რომელიც საქართველოს პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებისას მიმდინარეობდა და რა როლს ასრულებდა თსუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ, უაღრესად დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ ჩვენი ერის ინტელექტუალური განვითარების კუთხით, არამედ ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ურთულეს პერიოდში საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების შექმნის მიმართულებით.

"უნივერსიტეტმა მისცა ჩვენს სამშობლოს ის ძალიან მნიშვნელოვანი ბურჯი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ნიშვნელოვანწილად გაგვატანინა სამოცდაათწლიანი ოკუპაციის პერიოდი. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყოველგვარი ეროვნული იდენტობის გამოვლენა ასოცირდებოდა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ყოველგვარი იდენტიფიკაცია შენი ეროვნულის, გამორჩეულის, იყო დაპირისპირებული ერთიანი საბჭოთა იდეოლოგიის კონტექსტში და ამ მომენტში სწორედ უნივერსიტეტი რჩება იმ ადგილად, იმ კერად, სადაც ჩვენი წინაპრები ქმნიან, აგროვებენ და საზოგადოებას გადასცემენ იმას, თუ ვინ ვართ და შესაბამისად რანი უნდა ვიყოთ მომავალში. ეს ხდებოდა სწორედ მეცნიერებისა და განათლების კერებში.
უნივერსიტეტი იყო ის კერა, სადაც ჩვენ არამხოლოდ ცოდნას ვეწაფებოდით და ვიღებდით, არამედ ვიგებდით ჩვენი იდენტობის შესახებ. შესაბამისად, სამოცდაათი წლის თავზე, როცა დაინგრა საბჭოთა იმპერია, ჩვენ მომზადებულნი ვიყავით, იმიტომ, რომ ვიცოდით ვინ ვართ, ვიცოდით, რომ ჩვენი მიზანი, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიზანი, იმ ადამიანების მიზანი, ვინც ჩვენ თავს საქართველოსთან ვაიგივებდით.
ერი თავისუფალია, როდესაც იცის რა წარმოადგენს მის შინაგან კონსტიტუციას, მის შინაგან რწმენას, მის შინაგან არქიტექტურას. სწორედ უნივერსიტეტი გვაძლევდა ჩვენ იმის ცოდნას, როგორ უნდა გავაგრძელოთ გზა. ამ ცოდნას ჩემი თაობა იღებდა, იმ სამეცნიერო და შემოქმედებითი პროცესიდან, რომელსაც ჩვენ ჩვენი პროფესორები უნივერსიტეტის კედლებში და სამეცნიერო კვლევითი პროცესის შედეგად გვიზიარებდნენ.
განათლება თავისუფლების წინაპირობაა. ხოლო საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების წინაპირობა არის ის კერები, სადაც განათლება ინსტიტუციურად იქმნება და ვითარდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თსუ-ს 100 წლის იუბილე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე საერთაშორისო დონეზე იმართება.скачать dle 12.0