"კანონიერი ქურდების", "კანონგარეშე ქურდების" და "დიდბერკეტიანის" შესახებ

ქურდული სამყაროსთვის კანონები მკაცრდება, გაიგეთ? ახლა, კანონიერი ქურდის შეწუხება და თქვენი უსაქმური საქმეების გარჩევა კანონით დასჯადი გახდება. ამოასუნთქეთ ეს კანონიერი ქურდები, დაასვენეთ.

აკი, კანონიერი ქურდები საქართველოში არ გვყავსო? აბა, რისთვის და ვისთვის ვამკაცრებთ კანონებს?

იგივე ლოგიკით, ხომ შეიძლება ავკრძალოთ საქართველოში ოკეანის წყლის სასმელად გამოყენება, ან ქუჩაში ჟირაფის „ნამორდნიკის“ გარეშე გამოყვანა, ან უკეთესი, კონსტიტუციაში შევიტანოთ, რომ არც ერთ, ყველაზე პროამერიკელ პრეზიდენტსაც კი არ ჰქონდეს უფლება, რომ ბროდვეი ჭავჭავაძეს მიწისქვეშა გადასასვლელით დაუკავშიროს.

კანონიერი ქურდების ამბავი გავიგე, არ გვყავს, მაგრამ მკაცრად ვექცევით, არ არსებობენ, მაგრამ მათი შეწუხება ისჯება — მაგრამ კანონგარეშე ქურდებს რა ვუყოთ? კანონგარეშე ქურდებს როდის ვუმკაცრებთ კანონებს?

რომელი ერთი კანონგარეშე ქურდი ჩამოგითვალოთ, გაუკეთებელ საქმესა და ძილში რომ იღებს, ჩემი 12 საათიანი მუშაობით გადახდილი გადასახადებიდან, ხელფასსა და პრემიას, ხელფასსა და დანამატს, ხელფასსა და მე 13 ხელფასს.
ისე, ეს მე 13 ხელფასი მარტო ჩემთვის რატომ იქნება თარსი, ერთხელ მეც რომ ეგრე დავითარსო, არ გინდათ?

ხოდა, რომელი ერთი კანონგარეშე ქურდი დაგისახელოთ ქრთამს რომ გვძალავს იმ საქმის გასაკეთებლად, რომელი საქმისთვისაც ხელფასს ვუხდით, რომელ ერთს მოვარიდო ჯიბე. ჯიბის კანონგარეშე ქურდებზე როდის გამკაცრდება კანონი, ბატონებო?
ისე, რაკი ბარემ მანც მკაცრდება კანონი, „ნამორდნიკის“ გარეშე პოლიტიკის არენაზე რომ აღარ დავუშვათ პოლიტიკური ფიგურები, არ შეიძლება? გადაგვჭამეს. ბატონო, გადაგვაბალახეს. თან ისე, რომ იქეთ ამაში ვუხდით ფულს, იქეთ უნდა ვემადლიეროთ.

სამაგიეროდ, არის ერთი ნიუანსი, ამ კანონგარეშე ქურდების შეწუხებას კანონი არ გიკრძალავს — შეგიძლია დაუძახო, სთხოვო, მოიყვანო და გაარჩევინო ან გაურჩიო საქმე, აუხსნა შეგიძლია და იმდენ ხანს შეგიძლია ესაუბრო, რამდენიც გაგეხარდება — კანონი არ გიკრძალავს. მთავარია, თუ იპოვნე; თუ იპოვნე და არ ძინავს; თუ იპოვნე, არც ძინავს და ფხიზელიცაა; თუ იპოვნე, არც ძინავს, ფხიზელიცაა და მიახლოებაც მოახერხე… დაცვა თუ გაარღვიე.

დანარჩენი აქაც იგივეა — ამასაც, როგორც კანონიერ ქურდს, მოწიწებით უნდა უსმინო, უნდა დაეთანხმო, მის სულელურ ხუმრობაზე უნდა გაიცინო, რომც არ გაგეცინოს, არ უნდა შეაწყვეტინო. ესეც იმ კანონიერი ქურდივით „გებლატავება“, ესეც რაღაც დამახასიათებელი ტერმინოლოგიით გესაუბრება.

პრეზიდენტი უძახე შენ და ნარკომანები და ბარიგები მომპარა ციხიდან, ვისკი მომპარა რეზიდენციიდან, კარტოფილი მოპარა უკრაინის პრეზიდენტს, რა უნდა ველაპარაკო – ფილოსოფიაც კი მომპარა.

– ბიჯო, გევიგე სიდედრთან უთანხმოება გქონია.

– ხო, აგრარულ საკითხებში ვერ ვთანხმდებით.

– მაგი რაფერ?

– იმას უნდა მე ჩამდოს მიწაში, მე პირიქით.

რაცხა, ასე ვიყავით თავიდან, ახალ არჩეული რომ ბრძანდებოდით და ახლა მიწიდან გელაპარაკებით უკვე. თქვენ კიდევ მეორე საპრეზიდენტო ვადით აპირებთ მოსვლას და ამან კიდევ ერთი ანეგდოტი გამახსენა:

სამხედროს მასწავლებელი გურულ ბაღანას:

– დავუშვათ ერთ მეტრში აგიფეთქდათ ყუმბარა, რაფერ მეიქცევი?

– თქვენი მტერი მეიქცა ისე, მე რომ მევიქცევი, მასწავლებელო!

ჩემი ყუმბარა ხართ თქვენ, ერთი აფეთქება მაშინ აფეთქდით პრეზიდენტად რომ აგირჩიეთ, მეორე აფეთქება მაშინ — ნაცების რეჟიმზე ვერ ვისაუბრებ, მეუხერხულებაო, მაგას ჯობია ვანოს საკანი შევუცვალოთ ხედი არ მოსწონსო, რომ გვითხარით, მესამე აფეთქება მდიდრულ სექსში აფეთქდით და სიგარა დააყოლეთ, არ უხდება მდიდრულ სექსს პაპიროსი, მეოთხე აფეთქება ვეტოში აფეთქდით, აი, დაახლოებით ისე, პირველი ლედი რომ ფეთქდებოდა „ნიჭიერში“, მეხუთე აფეთქება შეწყალებისას აფეთქდით და უთვალავ ნაწილებად დაიშალეთ და დაგვაბოლეთ… ხოდა, ახლა თუ უფრო ახლოს მოხვალთ და საპრეზიდენტო არჩევნებშიც აფეთქდებით, ისე მეიქცა თქვენი მტერი, მერე მე რომ მევიქცევი.

გამიგია, თუ გინდა ადამიანი მოიშორო, ფული უნდა ასესხოო და რომ გასესხოთ ცოტა, ნეტაი?

მიხო ეუბნება მაროს:

– დედაკაცო, ღამით რომ მამინდება ღვინო, გამაღვიძე.

– ქა, მე რა გავიგო, შენ როდის მაგინდება ღვინო?

– შენ გამაღვიძე, მე ღვინო სულ მინდება!

ასე ხართ დაახლოებით, გღვიძავთ თუ გძინავთ პრეზიდენტობა სულ გინდათ, ჭამთ თუ სვამთ, მაინც რეზიდენციაზე ფიქრობთ.
ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ბრძანა: დიდი ბერკეტი აქვს პრეზიდენტს და ვერ იყენებსო.
რა აქვს დიდიო?

სად აქვს, ქალბატონო, დიდი ბერკეტი? სად დაუნახეთ, გაფიცებთ?

მაგას რამე დიდი აქვს და ვერ იყენებს?

არ მჯერაა!

უნდა, ძალიან უნდა დიდბერკეტიანს საარჩევნო კამპანიის დაწყება, იმდენად უნდა, რომ ვინც ხმა გასცა, ყველას მის წინააღმდეგ მიმართული საარჩევნო კამპანია დააბრალა.

არ მინდა მე პრეზიდენტობა, მაგრამ საქართველოს თუ დასჭირდება თაფლს წავისმევ შიშველ, დიდბერკეტიან ტანზე და საარჩევნო სიაში ისე ჩავჯდებიო.

და მერე უცბად გაირინდა, წამოფაკლდა, წამწამები აახამხამა და – ოპოზიციისთვის მე საინტერესო კანდიდატურა ვიქნებიო.
რა ვიცი, ქალი რომ ასე მივიდეს მამაკაცთან და უთხრას: შენთვის მე საინტერესო კანდიდატურა ვიქნებიო – იმნაირს დაუძახებენ ეგრევე.

მეტიც, კაცი რომ მივიდეს კაცთან და შესთავაზოს თავი, საინტერესო კანდიდატურა ვარ შენთვისო — იმასაც იმნაირს დაუძახებენ და პოლიტიკაში მოსულა, ხო?

ოპოზიციის კანდიდატობა გსურთ, ბატონო პრეზიდენტო?

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატობა გსურთ, თუ მხოლოდ ნაციონალების?

ფასიც დაასახელეთ, ბარემ ფასიც… მისაღები ხომ უნდა იყოს ფასიც და საფასურიც ოპოზიციისთვის.
ზამთარი მოახლოვდა და მიხო წავიდა მაღაზიაში გამათბობლის საყიდლად.

– რა ღირს?

– 250 ლარი, ბატონო.

რა ამბავია, 100 ლარად იმდენ ანალგინს ვიყიდი, მთელი ზამთარი ოფლად ვიქნები გაწუწული.
ასე არ მოგივიდეთ და ძალიან არ ეძვიროთ, თორემ ხომ იცით, ეგენიც კაი `"კანონგარეშები" არიან.
ისე, ნაციონალებს თუ რამეს აახევთ, ყველა ცოდვა მიგეტევებათ, ხომ იცით: ქურდის ქურდი ცხონდება.
მხოლოდ იმაზე ვდარდობ, ეს დიდი ბერკეტიც მიგაქვთ ნაციონალებთან, თუ...

ქმარი ცოლს:

– ნახე, რა მშვენიერი ამინდია.

ცოლი ყურადღებას არ აქცევს. ქმარი ისევ:

– ხო მშვენიერი ამინდია?

– კი, მშვენიერი ამინდია და მერე?

– ხომ მეუბნებოდი ერთ მშვენიერ დღეს მიგატოვებო?

ნახეთ, რა კარგი ამინდია, ბატონო პრეზიდენტო!скачать dle 12.0