ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობებს დაშლიან

ჩუღურეთის რაიონში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი განხორციელდება, რომელსაც ოთარ კაპანაძის ქუჩაზე არსებული რვა შენობა დაექვემდებარება.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა პირველ ეტაპზე, რამდენიმე პირს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დღეს კი, ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.

როგორც გიორგი ბაგრატიონმა აღნიშნა, შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ არის განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მფლობელი ნაგებობას ხუთი დღის ვადაში არ დაანგრევს, ზედამხედველობის სამსახური დემონტაჟს თავად განახორციელებს.

„დავიწყეთ საქმის წარმოება. მათ კონკრეტული ვადა მიეცათ იმისთვის, რომ დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამატებით 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. თუ შენობის მესაკუთრე კონტაქტზე არ გამოდის და იდენტიფიცირებას ვერ ვახდენთ, მაშინ გვაქვს უფლება, დადგენილების შესაბამისად, დემონტაჟი თავად განვახორციელოთ. გვინდა ყველას ვთხოვოთ და გავაფრთხილოთ, რომ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე შენობა-ნაგებობების განთავსებას მოვერიდოთ. დღეს ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებით, თუმცა პროცესი თბილისის ათივე რაიონში გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამომავლოდ, ქალაქის განვითარება მხოლოდ გეგმის მიხედვით განხორციელდება და სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული ყველა შენობა დემონტაჟს დაექვემდებარება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. თბილისი აუცილებლად უნდა განვითარდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონისა და გეგმის შესაბამისად. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ, ჩვენთან ერთად, ერთსულოვანი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.скачать dle 12.0