ახალი რეგულაციების შედეგად შეიძლება მიკროსაფინანსო ბაზარი მოკვდეს, რაც ეროვნულ ბანკს აბსოლუტურად არ ადარდებს

გვესაუბრება ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

– ბატონო ვახტანგ, "ეროვნულმა ბანკმა" მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები შემოიღო. რას მოგვიტანს ეს სიახლე?


– დიახ, ეს ფორექსის ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს ეხებათ. მოგეხსენებათ, ფორექსი საერთაშორისო სავალუტო ბაზარია, სადაც გარკვეული სადეპოზიტო თანხის მეშვეობით ვალუტების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. ეს მხოლოდ უცხოურ ვალუტებს როდი ეხება, არამედ უცხოეთის ბირჟებზე არსებულ ფასიან ქაღალდებს, მათ შორის, კრიპტოვალუტებსაც. პირველი, რაც "ეროვნულმა ბანკმა" გამოაცხადა, მდგომარეობს შემდეგში – ყველა აღნიშნული კომპანია ვალდებულია "ეროვნულ ბანკში" დარეგისტრირდეს და ამ სახის ვაჭრობის ჩატარების უფლება საბროკერო კომპანიებს მიანიჭა. ამ შემთხვევაში, საბროკეროში ის კომპანიები იგულისხმება, რომ- ლებიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონით რეგულირდებიან, ანუ, ვისაც საფონდო ბირჟაზე ოპერირების უფლება გააჩნია. ამ ინიციატივით, პრაქტიკულად, "ეროვნულმა ბანკმა" მარტივი გამოსავალი მოძებნა – ყველა ფორექს კომპანია, რომლებიც საქართველოში არიან წარმოდგენილნი, უფლებამოსილნი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში არიან თუ საფონდო ბროკერის ლიცენზიას მიიღებენ. ეს ლიცენზია საბროკერო კომპანიაში გარკვეულ რეგულაციებს, შიდა ნორმატიულ ბაზას ითვალისწინებს, რაც ძირითადად, ფასიან ქაღალდებზეა ორიენტირებული და რაც მთავარია, გულისხმობს საწესდებო სააქციო კაპიტალის კაპიტალიზაციას 500 ათასი ლარის ოდენობით. ეს არის მთავარი მოთხოვნა.

ამ ინიციატივის წყალობით, ფორექს კომპანიებს ორი გამოსავალი რჩებათ – უნდა გაზარდონ კაპიტალიზაცია. არადა, მინდა გითხრათ, რომ უმეტესობას, ვინც ჩვენთან არიან წარმოდგენილები, კაპიტალიზაცია არ აქვთ. მათ მხოლოდ კაპიტალის გაზრდის შემდეგ შეუძლიათ "ეროვნულ ბანკს" მიმართონ, რათა შესაბამისი ლიცენზია მიიღონ. თუ ამას ვერ ახერხებენ, ამ შემთხვევაში, უნდა დაიხურონ.

რაც შეეხება უშუალოდ საბროკერო კომპანიების მიმართ მოთხოვნას 500 ათასი ლარის ოდენობის თაობაზე, ვთვლი, რომ ეს გადაჭარბებულია იმდენად რამდენადაც დღეს, საბროკერო კომპანიების უმეტესობა ამ მოთხოვნის მიღების შემდეგ დაიხურა. კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, დღესდღეობით, მოთხოვნა უფრო ნაკლები უნდა იყოს. თუ საბროკერო კომპანიაში ოპერაციების და კლიენტურის ზრდა იქნება, მაშინ შეიძლება კაპიტალის ზრდა ეტაპობრივად იყოს დაწესებული. არსებული მოთხოვნები კი, რაც საფონდო ბაზარზეა, დღევანდელ სიტუაციას, აბსოლუტურად, არ შეესაბამება.

– ბატონო ვახტანგ, კიდევ რა ინიციატივებს გვთავაზობს "ეროვნული ბანკი"?

– "ეროვნული ბანკის" კიდევ ერთი ინიციატივა შემდეგია: კომპანიები რომლებიც სესხებს 20-ზე მეტ ადამიანზე გასცემენ, ვალდებულნი არიან რეგისტრაცია "ეროვნულ ბანკში" გაიარონ. კი ბატონო, დავუშვათ, რეგისტრაცია გაიარეს, მერე რა ხდება? – ამას "ეროვნული ბანკი" არ გვეუბნება. "ეროვნული ბანკის" მთავარი ამოცანა და მიზანი შესრულებული არ არის. იმიტომ, რომ მან ამ კომპანიებს რეგისტრაცია არ უნდა მოთხოვოს. რა ხდება დარეგისტ- რირების მერე? – გაურკვეველია.

"ეროვნული ბანკი" ითხოვს კომპანიებმა, რომლებიც სესხებს 20-ზე მეტ სუბიექტზე გასცემენ, მიკროსაფინანსო კომპანიების სტატუსი მიიღონ. აქვე, აღსანიშნავია, რომ როგორც მიკროსაფინანსო კომპანიებს, ისე სხვა დანარჩენებს მოსახლეობიდან, ნებისმიერი სუბიექტიდან წვრილი თანხების – 100 ათას ლარამდე მოზიდვა აკრძალული აქვთ. 100 ათაზე ნაკლები დეპოზიტები არ შეიძლება, ამის უფლება არ აქვთ, რაც ჩემი აზრით, გამოსავალი არ არის. ერთადერთი გამოსავალი, რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით, მიკროსაფინანსო კომპანიებს ის რჩებათ, რომ ფასიანი ქაღალდები გამოუშვან. ამ შემთხვევაში, ეს რეგულაცია, თავისთავად არ მოქმედებს იმიტომ, რომ ეს უკვე ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონს ექვემდებარება. ანუ, ნებისმიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუძლია გამოუშვას როგორც ჩვეულებრივი აქციები, ისე პრივილეგირებული ფიქსირე- ბული დივიდენდი ხმის უფლების გარეშე, ისე ობლიგაციები. მაგრამ, ამ შემთხვევაში, აქაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან აქტიურობას ვერ ვხედავთ. იმიტომ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც, ალბათ, მიჩვეულები არიან ყოველი ფეხის ნაბიჯზე "ეროვნულ ბანკთან" კონსულტაციები გაიარონ, ეს უკანასკნელი, უბრალოდ, არ აძლევს რეკომენდაციას, რათა მათ ობლიგაციები გამოუშვან. ასეთი არაჯანსაღი მიდგომა "ეროვნული ბანკის" მხრიდან ფასიანი ქაღალდების ემისიებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ნეგატიური მოვლენაა.

– ხშირად ისმის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თავის ნებაზეა მიშვებული და "ეროვნული ბანკი" არ აკონტროლებს, ახლა, შეზღუდვები დაწესდა, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა?

– შეზღუდვასაც გააჩნია. როცა "ეროვნული ბანკი" კომპანიას, პრაქტიკულად, რესურსების მოზიდვას უკრძალავს, ეს რასაკვირველია, ნეგატიური მოვლენაა. "ეროვნულ ბანკს" რაღაც ნორმატივები, კოეფიციენტები, ფინანსური მაჩვენებლები, როგორიც კომერციულ ბანკებს აქვთ რომ დაეწესებინა, მაშინ სულ სხვა რამ იქნებოდა, ასე, რისკების მართვის თვალსაზრისით, სიტუაცია გაჯანსაღდებოდა იგივე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სფეროში. მაგრამ როცა არავითარი მარეგულირებელი ნორმები არ არსებობს და ამის გარეშე პირდაპირ, ადმინისტრაციული წესით ხდება აკრძალვა, რაც ყველაზე ადვილია, ეს ბანკების ინტერესებში შედის. ამას არ სჭირდება არც ტვინის ჭყლეტვა და არც კომპეტენცია, აკრძალე და მორჩა. შედეგად, მიკროსაფინანსო ბაზარი რომ მოკვდება, "ეროვნულ ბანკს", აბსოლუტურად, არ ადარდებს. აი, ასეთი ფსიქოლოგია აქვს "ეროვნული ბანკის" ხელმძღვანელობას.

– ანუ, "ეროვნული ბანკი", ამ შემთხვევაში, ზედამხედველობის ფუნქციას ჯანსაღად არ იყენებს?

– რასაკვირველია, ასეა, რასაც საფინანსო, საკრედიტო სფეროზე უფრო ნეგატიური შედეგი და მავნე გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიური. ასეთი რეგულაციები, მიდგომები კომუნისტების დროსაც არ ყოფილა, რასაც ახლა, "ეროვნული ბანკი" იყენებს.

– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, ეს ინიციატივა მოსახლეობისთვის რისკიაო. გამოდის,
"ეროვნული ბანკი" საკუთარ თავზე ზრუნავს?


– ნამდვილად, ასეა. შემდგომში რა იქნება და როგორი რეგულაციები დაწესდება არ ვიცი. თუმცა, ერთიც უნდა ითქვას: პოზიტიურიიყო "ეროვნული ბანკის" ანონსი, რომ საბანკო ჰოლდინგებთან და ბანკებთან ასოცირებული კომპანიების ჯგუფებთან დაკავშირებით რეგულაციებს შემოიღებს. რაც შეეხება ფორექს კომპანიებს, პოზიტივი აქაც არის იმ მხრივ, რომ ყოველ კუთხეში არ იქნება გახსნილი გაურკვეველი წარმომავლობის და შემადგენლობის კომპანიები. მაგრამ ეს კომპანიები შემდგომში აუცილებლად საჭიროებენ ცოტა განსხვავებულ რეგულირებას.

იმიტომ, რომ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე და საფონდო ბაზარზე საბროკერო კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები განსხვავებულია. ამიტომ, ეს გამიჯნული უნდა იყოს.

– დასაწყისში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ახსენეთ. რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში?

– ეს მართლაც საინტერესო მომენტია. კრიპტოვალუტებით ვაჭრობა უკვე რამოდენიმე ბირჟაზე დაშვებულია, მათ შორის, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე. ჩვენი "ეროვნული ბანკი" არ ცნობს კრიპტოვალუტებს როგორც საგადამხდელო საშუალებას, თუმცა ეს მაინც არამატერიალური აქტივია, რაც ძალიან დიდ ინტერესს იწ- ვევს. ჩვენთანაც არის წარმოდგე- ნილი ე.წ. მაინინგის კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტებს წარმოქმნიან. კრიპტოვალუტების სფეროში ძალიან დიდი კაპიტალების გადადინება ხდება და ეს რეალურად, "ეროვნული ბანკის" ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.

თამარ შველიძე

скачать dle 12.0