პოლიცია და საზოგადოება - ერთი მთელის ორი ნაწილი

ღია წერილი შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას

უფროსი თაობის თბილისელებს ხშირად უნახავთ ასეთი სურათი – რუსთაველის პროსპექტზე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და ავტორიტეტული რომელიმე პიროვნება წითელი სამკლაურით, რომელიც სამართალდამცავების ჯგუფთან ერთად პატრულირებდა და, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ წესრიგს მათთან ერთად იცავდა.

ესენი იყვნენ ცნობილი მწერლები, მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები, მეცნიერები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც არ თაკილობდნენ, სამართალდამცველებთან ერთად ემორიგევათ თბილისის ქუჩებში.

ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ, თუმცა, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინათაც შესანიშნავად ესმოდათ, რომ სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობა საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის და თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია.

სწორედ ამის დემონსტრირება იყო ის სურათი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ.

ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება, ერთგვარი გზავნილი კრიმინალური სამყაროსადმი, რომ სამართალდამცავები და საზოგადოება ერთად, ერთ მხარეს დგანან.
მჭიდრო თანამშრომლობა საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის რომ აუცილებელია, ეს, ცხადია, კარგად ესმით დღესაც, მაგრამ კონკრეტულად როგორ და რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს თანამშრომლობა, ვფიქრობთ, ჯერჯერობით ნათლად არ არის ჩამოყალიბებული, ერთ-ერთი მიზეზი ამისა კი, ჩვენი აზრით, ის გახლავთ, რომ ერთგვარად შეიკვეცა და დაპატარავდა არეალი იმ ცნებისა, რომელსაც საზოგადოება ჰქვია და რომელიც ეგრეთ წოდებული მესამე სექტორის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის ჩარჩოებით შემოისაზღვრა.

ეს, ნაწილობრივ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების "დამსახურებაცაა", რომლებიც გვარწმუნებენ, რომ სწორედ ისინი და ექსკლუზიურად მხოლოდ ისინი გამოხატავენ მთელი საზოგადოების ნება-სურვილს და მათ მოთხოვნებს, რაც, უმეტესწილად, სულაც არ არის ასე.

საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები ხშირად დიამეტრალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან, თუმცა ეს ხელს არ უშლით ამ ორგანიზაციებს, თავიანთი ხმა საზოგადოების ხმად წარმოაჩინონ და ხელისუფლებას საზოგადოების სახელით ედავონ და ეკამათონ.

მათ, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ოკუპირებული აქვთ ის სივრცე, რომელიც სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოებას ეკუთვნის.

ჩვენთვის უცნობია, არსებობს თუ არა ამ ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი სერიოზული კვლევა თუ ანალიზი, მაგრამ ასეთი რამ თუ არსებობს, ადვილად მივალთ იმ დასკნამდე, რომ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფების ან უფრო უარესი – დანაშაულებრივი სინდიკატების კარგად შეფუთული და შენიღბული ინტერესები დგას, რომლებიც არ შეიძლება თანხვედრაში მოდიოდეს ქართველი ხალხის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

მიუხედავად ამისა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ბერკეტების მოშველიებით, მაინც მოახერხეს, განზე გაეწიათ საზოგადოება, ხალხი და, როგორც ზემოთ ვთქვით, ხელისუფლებასთან მუდმივი დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც ზოგჯერ შანტაჟის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ელფერი დაჰკრავს, ხალხის, საზოგადოების სახელით ელაპარაკათ და ემოქმედათ.

შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული განცხადება, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა, საზოგადოებას თვითნებურად და დემაგოგიურად ჩანაცვლებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ურთიერთობის დონეზე დავიდა, საზოგადოება და ხალხი კი განზე დარჩა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხალხსა და ხელისუფლებას შორის ხელოვნურად აღმართული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვის გარეშე სახელისუფლო სტრუქტურებსა და ხალხს შორის ნორმალური, ჯანსაღი, ღია, გახსნილი ურთიერთობა ვერ შედგება.


მიმდინარე მოვლენებს თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ფრონტის მთავარი ხაზი დღეს ძალოვან სტრუქტურებზე გადის.
არც ის არის ძნელი შესამჩნევი, რომ მთავარი შეტევა სწორედ ძალოვანი სტრუქტურებისკენ არის მიმართული.

ამ კარგად ორგანიზებული და კარგად დაფინანსებული შეტევის მიზანიც ნათელია – მოახდინონ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია და სახელის გატეხვა, მოსახლეობაში მათ მიმართ უნდობლობის გაღვივება, მოქლაქეებისთვის დაუცველობის, უპერსპექტივობის, უიმედობის, შიშის ჩანერგვა.
ამ შემთხვევაში სრულიად დროული და გონივრულია ის საკანონმდებლო ინიციატივები და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას შესთავაზა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ინიციატივებისა და ღონისძიებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბატონ მინისტრს სწორად აქვს გაგებული და გააზრებული ის ძირითადი პრობლემები და მთავარი გამოწვევები, რაც დღეს ქართული სახელმწიფოს და, უპირველეს ყოვლისა, შსს-ის წინაშე დგას.

ბრძოლა კრიმინალური სამყაროს, კრიმინალური მენტალიტეტის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მართალია, უაღრესად კომპლექსური და მრავალგანშტოებიანი საკითხია, რომელსაც, ცხადია, ერთი უწყება, ამ შემთხვევაში, შსს ვერ მოერევა, თუმცა ისიც ცხადია, რომ მთავარი ღერძი და ხერხემალი ამ ბრძოლისა მაინც შს სამინისტროა, რომელმაც მაკოორდინერებელი როლი და ფუნქცია უნდა შეასრულოს კრიმინალთან ბრძოლაში.

აქედან გამომდინარე, მთელი საზოგადოება, მისი თითოეული წევრი ვალდებულია, გვერდით დაუდგეს სამართალდაცმავ სტრუქტურებს და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს მის გასაძლიერებლად, მისი გამარჯვებისა და წარმატებისათვის, რადგან წარმატებული შსს ნიშნავს არა მარტო უსაფრთხო და მშვიდ გარემოს, არამედ ეს ნიშნავს წარმატებულ ეკონომიკას, წარმატებულ ბიზნესს, ქვეყნის წარმატებულ განვითარებას და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის თოთოეული მოქალაქის პირად წარმატებასაც.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს მესიჯები უნდა მიიტანოს შს სამინისტრომ ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე და უნდა მიიტანოს უშუალოდ მან საზოგადოების ავტორიტეტულ და პატივსაცემ წევრებთან ერთად.

ეს ისევე მნიშვნელოვანი და საჭიროა, როგორც ახალი ავტომანქანებით შს-ის ავტოპარკის განახლება და შევსება, ახალი სპეცტექნიკით აღჭურვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ა. შ.

ამასწინათ ერთმა პოლიტიკოსმა გაბრაზებული ტონით ბრძანა – ბოლო დროს სკოლებთან საპატრულო პოლიციის მანქანებს ვხედავ ხშირად. რა უნდა პოლიციას სკოლშიო.

აი, ეს გახლავთ ის გაუკუღმართებული, მავნებლური, კონფრონტაციული გაგება პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობისა, როცა პოლიცია წარმოიდგინება როგორც საზოგადოებისათვის რაღაც უცხო სხეული და არა როგორც ამ საზოგადოების მთავარი მოკავშირე და მისი განუყრელი ნაწილი.
შსს სისტემატურად უნდა სტუმრობდეს სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, შემოქმედებით კავშირებს, ინსტიტუტებს, კოლეჯებს. საწარმოებს, ახალგაზრდულ ცენტრებს და პირდაპირი უშუალო დიალოგი უნდა ჰქონდეს ადამიანებთან, როგორც ეს იყო ადრე, დიდი ხნის წინათ, როცა სამართალდამცავებზე იღებდნენ ფილმებს, იდგმებოდა სპექტაკლები, იწერებოდა რომანები, საგაზეთო სტატიები, კეთდებოდა სატელევიზიო გადაცემები და ა. შ. და ა. შ.

არის კიდევ ერთი გლობალური პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ცალკე აღებულ არც ერთ სტრუქტურას არ შეუძლია, თუ ამაში არ ჩაერთვება მთელი სახელმწიფო მანქანა, რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით.

27 წელი გავიდა, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა ეს 27 წელიც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ, ჩვენ, ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს, ბოლომდე გაგვეცნობიერებინა, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოა და მას ისევე უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ოჯახს.
27 წელია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ხვდება, რა პასუხისმგებლობა, რა ვალდებულებები აკისრია მას საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, თუმცა, თუ გულახდილნი ვიქნებით, ვერც ქართული სახელმწიფო დაიკვეხნის იმით, რომ თავისი მოქალაქების წინაშე ვალმოხდილი და პირნათელი იყოს.
27 წელია, საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვედით, მაგრამ მენტალურად თითქოს მაინც იქ ვართ და ჩვენი დამოკიდებულება ქართული პოლიციისადმი, ქართული უსაფრთხოების სამსახურისადმი ისეთივე აგრესიულია, როგორიც იყო საბჭოთა მილიციისადმი, საბჭოთა კგბ-სა თუ გრუ-სადმი.
არადა, ეს ჩვენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწეიფოს პოლიციაა, ეს ჩვენი, ქართული სახელმწიფოს, უსაფრთხოების სამსახურია, ეს ჩვენი ქვეყანაა.
საკუთარი სახელმწიფოსადმი გაუცხოების სინდრომი გვჭირს დღეს ჩვენ, ქართველებს და ამიტომაც გავრბივართ ასე იოლად და დაუნანებლად საკუთარი სამშობლოსგან.

თუმცა აქვე ისმის კითხვა: კი, მაგრამ, რას აკეთებს ქართული სახელმწიფო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე საქართველოს პატრიოტად აღიზარდოს, სახელმწიფოებრივი აზროვნება ისწავლოს?

რას აკეთებს და ბევრს არაფერს, უფრო ზუსტად, თითქმის არაფერს.

არადა, სახელმწიფოს არსებობის არსი და დანიშნულება არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაა საკუთარი მოსახლეობისთვის, არამედ, პირველყოვლისა, სულიერად ზნემაღალი, კეთილშობილი, თავისი ქვეყნის მოყვარული და პატივისმცემელი ღირსეული ადამიანების აღზრდაა.
სახელმწიფოს ეს უმთავრესი ფუნქცია, ეს უმთავრესი მოვალეობა დღეს უკანა პლანზეა გადასული.

– შვილი დედამ უნდა გაზარდოსო, – ბრძანა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის პირველსავე დღეებში.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ვერ აღმოჩნდა მზად, გაეგო, რა ფილოსოფიური კონცეფცია იდო ამ, ერთი შეხედვით, მარტივად გასაგებ ფრაზაში.
"ჩვენ გვიკვირს და ვკითხულობთ: რატომ იძალადა კაცმა ქალზე, რატომ მოკლა ადამიანმა ადამიანი, ბავშვმა – ბავშვი. რატომ გახდა იგი დაუნდობელი, საკუთარი თანატოლის და მშობლის მიმართაც… რა არის მიზეზი?..

ბავშვს აღარ ჰყავს პედაგოგი სკოლაში, ის გათავისუფლებულია მასწავლებლის ზედამხედველობისგან! მოსწავლე თავად აქციეს მასწავლებლის მასწავლებლად. მასწავლებელს არ შეუძლია ბავშვს შენიშვნა მისცეს და თუნდაც ყური აუწიოს, მკაცრად შეხედოს ან ხმამაღლა დაელაპარაკოს!

ბავშვს ავიწყებენ საკუთარი წინაპრების ისტორიას და კულტურას, რჯულს, ქცევის წესებს…

ბავშვებს მასწავლებლად უზით "რობოტი სფინქსი" ტელევიზიებიდან, ფეისბუკებიდან, ტელეფონებიდან სატანის თვალი უყურებს და სატანის გონი მართავს. ეს ასეა და ეს არის მწარე რეალობა!

ამ თემის რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა: რაც ხდება ჩვენთან, ჩვენს სამშობლოში, ეს არის უსამშობლოო (და უმშობლო) თაობის სინდრომი და აყრილი ერის ტრაგედია! ეს არის ჩვენი ერის დღევანდელი ბედისწერა!

ჩვენ თუ ვერ დავაბრუნეთ დედა (ქართველი ქალი) საკუთარ ოჯახში, ჩვენ თუ არ დავუბრუნეთ ბავშვებს (თაობას) პედაგოგი, მშობელი და სამშობლო, ყველაფერი დაღუპულია" (ფრაგმენტები კ. არაბულის წერილიდან. "სგ" № 3. 2018).

დიახ, ასეა, როცა არც ოჯახი, არც სკოლა, არც უმაღლესი სასწავლებლები, არც მწერლობა, არც მედია და, საბოლოო ჯამში, არც სახელმწიფო არაფერს აკეთებს ადამიანის სრულფასოვან ადამიანად აღზრდისთვის, მათ აუცილებლად ჩაენაცვლება კრიმინალური სამყარო და ის იკისრებს "აღმზრდელის" ფუნქციას, ხოლო როცა ეს უკვე მომხდარია, ამ "აღზრდის" შედეგების აღმოფხვრა ძალიან რთული და ძნელია.

კრიმინალთან ბრძოლა ყოველთვის დაგვიანებულია, როცა ის უკვე არსებობს და მოქმედებს.

კრიმინალურ მენტალიტეტს, კრიმინალურ ფილოსოფიას ჩანასახშივე თუ არ გამოვუცხადეთ ომი, მერე ამ ომის მოგებას გაასმაგებული ენერგია და ძალისხმევა ჭირდება.

როგორც ჩანს, დადგა დრო, ქართულმა სახელმწიფომ სერიოზულად იფიქროს იმ პრიორიტეტების წინ წამოწევაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანის ღირსეულ მოქალაქედ, თავისი ქვეყნის პატრიოტად ჩამოყალიბებას.

სწორედ ეს არის კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური და ყველაზე შედეგიანი გზა.

დროა, ქართულმა სახელმწიფომ თავის მოასხლეობას გაახსენოს დავიწყებული დიადი სიტყვა სამშობლო და სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი.
ეს ის თემაა, რომელიც უამრავ საკითხს აერთიანებს თავისთავში და, გამომდინარე აქიდან, მისი ეფექტურად გადაწყვეტა უამრავი სხვადასხვა დარგის სპეციალისტის და სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ ჩართვას და ერთობლივ მუშაობას მოითხოვენ.

თუ ეს არ მოხდა, ვერცერთი უწყება, რაც არ უნდა ძლიერი და მობილური იყოს, ვერ მოერევა კრიმინალთა ახალ-ახალი თაობების მოზღვავებას, რომლებსაც კრიმინალური სამყარო კონვეირული წესით ჩეკავს და ჩეკავს თავის შავბნელ "ლაბორატორიებსა" და "ინკუბატორებში".

"საერთო გაზეთი"
скачать dle 12.0