ნარკომაფია და ახალი "მხედრიონი", ახალი "მდედრიონი" და ახალი "საძმოები" - ახალი სტატუსით

ეს დრო რაღაცით ჰგავს გასული საუკუნის 90-იან წლებს, როცა ქვეყანა "მხედრიონის" და ათასი ჯურის საძმოების სათარეშოდ იქცა.

იმ ავბედით წლებში, რომელიღაც უჩინარმა და უხილავმა ძალამ ავტომატები და ნარკოტიკები ჩამოურიგა ახალგაზრდების ერთ ნაწილს და უთხრა: თქვენია ეს ქვეყანა, მიდით და მართეთო. და ისინიც "მართავდნენ". "მართავდნენ", როგორც შეეძლოთ და როგორც იცოდნენ, ცოდნით კი ავტომატის სასხლეტისთვის თითის გამოკლვრის გარდა სხვა რა უნდა სცოდნოდათ?

იქით "მხედრიონი" აზანზარებდა ქვეყანას, აქეთ სოკოებივით მომრავლებული "საძმოები" აკაკანებდნენ ავტომატებს, სადღაც მათ სიახლოვეს ტრიალებდა უკიდურესად აგრესიული და ჰიპერაქტიური დედაკაცებით დაკომპლექტებული ე.წ. "მდედრიონი".
ძალაუფლების სათავეები, ფაქტობრივად, მათ ხელში იყო, სახელმწიფო სტრუქტურები კი შორიდან მაყურებლის როლში აღმოჩნდნენ, რომლებსაც ხან `"მხედრიონი" დაუქნევდა თითს, ხან "მდედრიონი" დაჰკივლებდა და ხან "საძმოები" დაუცაცხანებდნენ ავტომატის ჯერით.

იმ უხილავმა და უჩინარმა რეჟისორმა, რომელმაც მთელი ეს შავბნელი, ტლუ, სასტიკი და ჩლუნგი ძალები ამოყარა ქვესკნელიდან, შესანიშნავად იცოდა, რომ ეს ძალები, პირველ რიგში, ახლად დამოუკიდებლობამიღებულ ქართულ სახელმწიფოს დააზიანებდნენ და დაანგრევდნენ.

გათვლა ზუსტი აღმოჩნდა _ იმდენად ტრაგიკულად დასრულდა ეს შეტევა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, რომ დღემდე ვერ ვახერხებთ, ბოლომდე აღმოვფხვრათ მისი კატასტროფული შედეგები.

გამოხდა ხანი და იგივე განმეორდა, რაც 90-იან წლებში მოხდა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახალგაზრდებს ავტომატების ნაცვლად ახლა მიკროფონები ჩამოურიგეს, "მხედრიონის", "მდედრიონის", "საძმოების" ნაცვლად არასამთავრობოები დაარქვეს და ისევ ქართულ სახელმწიფოს შეუსიეს დასაწიოკებლად.

– რას ჰქვია, დასაწიოკებლად? ეს არასამთავრობოები ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურებიანო, _ შემომედავებიან ვიღაც-ვიღაცები, მაგრამ იმის დასაბუთებას, თუ რა კავშირი შეიძლება იყოს ზემოთნახსენებ იმ სიკეთეებთან ის საქმიანობა, რასაც ეს არასამთავრობოები ეწევიან, ალბათ, ვერ მოახერხებენ.

დავიწყოთ თუნდაც ნარკოპოლიტიკის რედიკალური შეცვლის იდეის გარშემო გაერთიანებული არასამთავრობოების მოთხოვნებით, რომელთა ქვეტექსტიც აშკარად ანტისახელმწიფოებრივია და არცთუ შორეულ მომავალში ქართველ ერს სრული დემორალიზაციით და გენოფონდის განადგურებით ემუქრება.

სხვათა შორის, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია-დეკრიმინალიზაციის თემაზე საუბარი 90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე ძალზე აქტიურად დაიწყო და ამ თემას რამდენიმე პარტია ლობირებდა, რომლებისთვისაც, რომ გეკითხათ, საქართველოს ხსნისა და გადარჩენისთვის იკლავდნენ თავს.

მთელი თაობა შესვეს მაშინ ნემსზე, რომელთაგან ზოგი ნარკოტიკმა შეიწირა, ზოგი საძმოებს შორის ქუჩის ბრძოლებმა.
შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ამბავი, რომ დღესაც სწორედ ნარკოტიკების თემამ წამოიწია წინა პლანზე.

ორგანიზაციები, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის კამპანიას უდგანან სათავეში, ხშირ შემთხვევაში, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით არიან აღჭურვილნი, სტატუსით, რომელიც, ფაქტობრივად, ხელშეუხებლობის გარანტიას უტოლდება.

როგორც ვთქვით, ამ ახალი ყაიდის მხედრიონს, მდედრონს თუ საძმოებს, დღეს ავტომატი არ უჭირავთ ხელში, სამაგიეროდ, უჭირავთ ავტომატზე არანაკლებ მრისხანე იარაღი _ მიკროფონი და, პირდაპირ ვიტყვი, ქვეყნის მოღალატე ტელეარხების პულტს მიერთებულნი, თავიანთი დანაშაულებრივი, თვალთმაქცური, ფარისევლური პროპაგანდით საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოებისთვის ყოვლად უვნებელი, უწყინარი თამაშია, ნარკოტიკების მოხმარებისთვის სამართლებრივი სანქციების დაწესება კი ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და ა. შ.
მსოფლიოში საქართველოს გარდა, არ მეგულება სხვა ქვეყანა, სადაც ნარკომანიისა და ნარკოტიკების რეკლამირება ღიად ხდებოდეს და ამაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრებოდეს.

ამასწინათ, ტელეკომპანია "იმედში", ნიკოლოზ წულუკიძის კულინარიულ გადაცემაში ქოთანში ჩარგული კანაფით გამოცხადდა მარიხუანის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი ზურაბ ჯაფარიძე.

იმის ნაცვლად, რომ გადაცემის წამყვანს ნარკოაგიტატორისთვის თავზე დაემხო ეს ქოთანი თავის კანაფიანად და სტუდიიდან კინწისკვრით გაეგდო, ბატონმა ნიკოლოზმა დიდი სიყვარულით მიიღო სასურველი სტუმარი და გადაცემამაც სულ სიცილ-ხარხარში და ჭუკჭუკში ჩაიარა.

ეს ამბავი არ არის გამონაკლისი _ "პლანაქეშობის" ღია თუ შენიღბული პროპაგანდა-რეკლამირება ჩვეულებრივი მოვლენაა ქართულ ტელევიზიებში.

ასე, მაგალითად, რომელიმე მოხერხებული ჟურნალისტი, ვთქვათ და, რომელიმე პარლამენტარს, ისე, სასავათაშორისოდ, ჰკითხავს: "პლანი" თუ მოგიწევიათ?

_ პლანი ვის არ მოუწევია? კი, გამისინჯავს… _ ისმის პასუხი.

ამ პასუხს დაფარული სარეკლამო მესიჯი ასე იშიფრება _ ხომ ხედავთ, ეს კაცი პლანს ეწეოდა თურმე, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი, პარლამენტარი გამხდარიყო.

რესპონდენტთა დიდი ნაწილი, დიდი უმრავლესობა, შეიძლება იმის შიშით, რომ ვინმემ `გოიმად~ და ჩამორჩენილ პროვინციელად არ ჩათვალოს, თამამად და ხალისიანად აღიარებს, რომ პლანს ეწეოდა, ანუ თავის დროზე კაი ტიპი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია.

ეს თუ არ არის რეკლამა, აბა, სხვა რა ჯანდაბაა?

კი, მაგრამ, ამ ჩვენს პატივცემულ ხელისუფლებას, სხვა თუ არაფერი, ის მაინც ხომ შეუძლია, რომ მსგავსი მავნებლობა კანონით აკრძალოს?

ხომ ცხადზე ცხადია, ხომ ეჭვგარეშეა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ყველანაირი ნარკოტიკის მოხმარების სრულ ლეგალიზაციას მოითხოვენ, ნარკომაფიის წისქვილზე ასხამენ წყალს, რადგან თუ მათი მოთხოვნები შესრულდება, ეს ავტომატურად გაზრდის ნარკომომხმარებელთა ისედაც კატასტროფულ რაოდენობას და იმ კოლოსალურ შემოსავლებსაც, რაც ნარკომაფიის ჯიბეებში ჩაედინება.

ვინმეს სჯერა საქართველოში, რომ ეს კარგად ორგანიზებული მიტინგები და აქციები, რომლებშიც, როგორც წესი, ადამიანთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასა მონაწილეობს, ამ მიტინგების და აქციების საინფორმაციო უზრუნველყოფა ელექტრონული მედიის მხრიდან, ნარკომანიის ეს ღია თუ ფარული რეკლამირება, სრულიად უფასოდ, ენთუზიაზმის ხარჯზე ხდება და ყოველივე ამაში ძალზე სოლიდური თანხები არ იხარჯება?

"კანონიერი ქურდების", კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ ისედაც მკაცრი კანონები კიდევ უფრო გამკაცრდა და ეს მისასალმებელია. მისასალმებელია ისიც, რომ "კანონიერი ქურდისთვის" საქმის გასარჩევად მიმართვაც კი დასჯადია, მაგრამ სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება ყოველგვარი რეაგირების გარეშე ნარკომაფიასთან თანამშრომლობა, ნარკომაფიისთვის მარკეტინგულ-ბროკერული სამსახურის გაწევა, ნარკომანიის აგიტაცია-პროპაგანდა და რეკლამირება?

"კანონიერი ქურდობა" და კანონიერ ქურდთან გახახუნებაც კი თუ დანაშაულია, ნარკომაფიოზთან და ნარკომაფიასთან დაძმობილება ქველმოქმედებაა?

საქართველოში 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა.

თითოეულმა მათგანმა თვეში, მინიმუმ, 5000 ლარი რომ მოიხმაროს, ეს თვეში მილიონი ლარია, წელიწადში 12 მილიონი ლარი.
ვინ იხდის ამ 12 მილიონს და რისთვის?

რატომ არავინ არ სვამს ამ მარტივ და უბრალო კითხვას და რატომ უსვამენ თავზე ხელს და რატომ უჩლექენ ენას ამ პარაზიტულ და მუქთახორა ორგანიზაციებს, რომლებიც, ლამის არის, მეორე, არაოფიციალურ ხელისუფლებად გვექცეს, რომელიც ოფიციალურ ხელისუფლებას ხშირად შანტაჟის და ულტიმატუმის ენით ელაპარაკება.

როგორც "საერთო გაზეთის" წინა ნომერში ვწერდით: "ჩვენთვის უცნობია, არსებობს თუ არა ამ ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი სერიოზული კვლევა თუ ანალიზი, მაგრამ ასეთი რამ თუ არსებობს, ადვილად მივალთ იმ დასკნამდე, რომ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფების ან უფრო უარესი – დანაშაულებრივი სინდიკატების კარგად შეფუთული და შენიღბული ინტერესები დგას, რომლებიც არ შეიძლება თანხვედრაში მოდიოდეს ქართველი ხალხის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.

მიუხედავად ამისა, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ბერკეტების მოშველიებით, მაინც მოახერხეს, განზე გაეწიათ საზოგადოება, ხალხი და, როგორც ზემოთ ვთქვით, ხელისუფლებასთან მუდმივი დისკუსიის რეჟიმში, რომელსაც ზოგჯერ შანტაჟის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ელფერი დაჰკრავს, ხალხის, საზოგადოების სახელით ელაპარაკათ და ემოქმედათ.

შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული განცხადება, რომ აუცილებელია საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა, საზოგადოებას თვითნებურად და დემაგოგიურად ჩანაცვლებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ურთიერთობის დონეზე დავიდა, საზოგადოება და ხალხი კი განზე დარჩა".

განზე დარჩენილი ხალხი და ხალხსა და ხელისუფლებას შორის ხალხის სახელით ჩაკვეხებული არასამთავრობოები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ისინი და მხოლოდ ისინი არიან საზოგადოების ინტერესების გამომხატველნი, ოთხივე მხრიდან უტევენ ქართულ სახელმწიფოს და თუ ძალიან არ ვიმარჯვეთ, იმასვე უზამენ ამ ქვეყანას, რაც თავის დროზე `მხედრიონმა~, "მდედრიონმა" თუ "საძმოებმა" უქნეს.

ესაა რეალობა და ამ რეალობას, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გაუსწოროს თვალი, სანამ ამ თვალს გიგაურები, პატარაიები, მიქელაძეები, სალაძეები, ვერძეულები, წიქარიშვილები არ გამოთხრიან...

ვახტანგ ხარჩილავა

P.S. რამდენი ხანია, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურაში თანამშრომელთა ნარკოლოგიური შემოწმება არ მომხდარა?
რამდენი ხანია და ძალიან დიდი ხანია…

ყოველ შემთხვევაში, არც მე და არც სხვებს არაფერი გვსმენია ამის შესახებ და ვინმეს კონსპირაციულად თუ აფსმევინებენ ქილაში, არ ვიცი.

საინტერესოა, რატომ მიივიწყეს ეს ერთ დროს ფრიად მოდური ნარკოშემოწმებები?
იმიტომ ხომ არა, რომ შემოწმების გარეშეც შესანიშავად იციან, რატომ აყვინთავებს წარამარა ხალხის სამსახურში ჩამდგარ ჩინოვნიკთა ერთ ნაწილს.

რატომ გამახსენდა ამ ავადსახსენებელი ნარკოლოგიური შემოწმების საკითხი ამ წერილის წერისას?

რატომ გამახსენდა და იმიტომ, რომ მეც მხარს ვუჭერ მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვან, ოღონდ ერთი შესწორებით _ ნარკოტიკის მომხმარებელი, მათ შორის, მარიხუანის მომხმარებელი, არ შეიძლება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდეს, ისე, როგორც არ შეიძლება, ნარკომომხმარებელი მუშაობდეს ექიმად, მასწავლებლად ანუ ნებისმიერ ისეთ დარგში და სფეროში, სადაც საქმე ადამიანს, მის სიცოცხლეს, მის აღზრდა-განათლებას, მის უსაფრთხოებას ეხება.
კი, ბატონო, ვისაც უნდა, "იკაიფოს", ვისაც უნდა, "დაბოლილმა" და გაშტერებულმა იაროს, ოღონდ იმის პრეტენზია მაინც ნუ ექნება, რომელიმე სამინისტროში ან დეპარტამენტში "იმოღვაწეოს" და ხელფასი და პრემია-დანამატები ხალხმა უხადოს.
იქნებ, ეს იყოს უფრო სწორი გზა, ვიდრე ციხე ან ფულადი ჯარიმა.

ერთიც და მეორეც ხომ სინამდვილეში ნარკომანს კი არა, მისი ოჯახის სრულიად უდანაშაულო წევრებს აწვებათ უმძიმეს ტვირთად.

ნარკოტიკებთან გაშინაურებას უმეტესობა სიყმაწვილისას სკოლის კედლებშივე იწყებს.

იქნებ, ამიტომაც სჯობდეს, მოზარდი დასაწყისშივე დავაყენოთ არჩევანის წინაშე და მკაფიოდ და გასაგებად ვუთხრათ _ გინდა, წარმატებული ადამიანი იყო? მაშინ სამუდამოდ დაივიწყე გზა ნარკოტიკებისკენ, რადგან ეს არის თავიდანვე დამარცხებისთვის განწირული გზა.

ახალგაზრდულ წლებში უნდა ვუთხრათ ჩვენ ეს ადამიანებს, სანამ ადრეა, მანამდე უნდა ვუთხრათ, თორემ ჩამოყალიბებული ნარკომანი გინდ ციხეში ჩასვი, გინდ ათასები და ათიათასები გადაახდევინე, ნარკომანობას მაინც ვერ მოიშლის.

ვ.ხ.
скачать dle 12.0