ახალი სერვისები და შეღავათები მცირე ბიზნესისთვის

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება. მცირე მეწარმედ 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმოს ნაცვლად, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება, რაც მცირე ბიზნესზე საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ახალ მეწარმეებს წაახალისებს, რომელთაც საქმიანობის წამოწყება სურთ.

თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის ბოლოდან, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, აქსელერატორს უფასო სამუშაო სივრცეებით უზრუნველყოფის, კონსულტაციის გაწევის, ფინანსური ანგარიშგებების, საგადასახადო კანონმდებლობისა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ, მათ შორის, იურიდიულ და ბრენდის პოზიციონირების საკითხებზე მიმართოს.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მცირე მეწარმეთათვის ბრუნვის გადასახადი 5%-ის ნაცვლად, 1% ექნება, ხოლო მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან ის კომპანიები, რომელთა ბრუნვა 100 000 ლარის ნაცვლად, 500 000 ლარი იქნება. ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით, დამატებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ერთიანი სამუშაო სივრცით უფასოდ ისარგებლონ, მიიღონ ბუღალტრული, მარკეტინგული, იურიდიული და სხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურება“, - განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის კონსულტანტმა ვიქტორ წილოსანმა.

მისი თქმით, შეიქმნება ვებგვერდი, სადაც მეწარმეები დარეგისტრირებას შეძლებენ. მათ ასევე, ექნებათ ვალდებულება, ერთი თვის ვადაში, საკუთარი ბიზნესის კონცეფცია წარმოადგინონ, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს მოდელების შერჩევა და შესაბამისი მომსახურების გაწევა მოხდება.
პროექტის ფარგლებში, სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნესგეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის 30-მდე გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.скачать dle 12.0