რა მიზნით შეიქმნა საზოგადოება "გუდაუთა" და როგორ აპირებს იგი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას?

ბოლო წლებში ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების გარკვეული გააქტიურება შეინიშნება, თუმცა ცხადია, რომ ომის შემდგომ გაჩენილი უნდობლობისა და ხიდჩატეხილობის პრობლემის დასაძლევად, ეს საკმარისი არაა. რა განწყობაა აფხაზებში, აფხაზ ახალგაზრდებში საქართველოსთან დაახლოების კუთხით, რა მიზნით შეიქმნა საზოგადოება „გუდაუთა“ და როგორ აპირებს ორგანიზაცია სახალხო დიპლომატიის გზით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას, ამაზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მწერალი, ორგანიზაცია „გუდაუთას“ წევრი ვაჟა კაკაბაძე გვესაუბრა:

– საზოგადოება „გუდაუთელი“, რომელსაც გაიოზ მეტრეველი ხელმძღვანელობს, 4 წლის წინ შეიქმნა. ორგანიზაციაში 2000-ზე მეტი წევრია, რომელთა უმეტესობა გუდაუთიდან იძულებით გადაადგილებული პირი გახლავთ. ძირითადი ბირთვი და მათ შორის მეც არც ერთ პარტიაში გაწევრიანებული არ ვართ.

– ორგანიზაციის სახელწოდებად რატომ მაინცდამაინც გუდაუთა აირჩიეთ და არა სოხუმი, გაგრა ან აფხაზეთის სხვა რომელიმე ქალაქი?

– გუდაუთა ფაქტობრივად, აფხაზეთის შუაგულია და მთელ კუთხეს აერთიანებს. მეც გუდაუთაში დაბადებული ვარ, თუმცა სახელწოდებაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მიზანია, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატახილი ხიდის აღდგენას ისახავს. სახალხო დიპლომატია თავისი განვითარების დონით შეიძლება ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო იყოს. აფხაზეთის კონფლიქტის შემთხვევა არის როგორც ადგილობრივი (რადგან აფხაზეთი საქართველოა), ისევე რეგიონული. თუ გავითვალისწინებთ კავკასიაში საქართველოს გავლენას, ცხადია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რეგიონალური მნიშვნელობის ხდება. ამიტომ კარგად გათვლილი რეგიონალური პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელშიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს მეზობელ და სხვა სახელმწიფოებთან მოკავშირეობა. სახალხო დიპლომატიის ყველაზე დადებით მხარეს განსხვავებულთა თანაარსებობის პირობების შექმნა და ინტერესთა შეთანხმება წარმოადგენს.

– ორგანიზაციაში აფხაზებიც არიან?

– რა თქმა უნდა.. ჩვენს ერთ-ერთ ბოლოდროინდელ სატელევიზიო გამოსვლაში აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილე გვყავდა სტუმრად, რომელიც ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, იმ მხრიდან გარკვეული მზადყოფნა რომ არ იყოს. დიახ, აფხაზეთიდან ქართულ მხარესთან ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით გარკვეული გზავნილები მოდის. ეს პირველ რიგში, უბრალო ადამიანების სურვილია, რომლებიც ხვდებიან, რომ შეიძლება ეროვნული იდენტობა დაკარგონ. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ აფხაზებს ძალიან აშინებთ სომხების კულტურული ავტონომიის მოთხოვნა..

– სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კრუნკი“ და აფხაზეთის სომხური საზოგადოება კი იმითაა უკმაყოფილო, რომ სომხებს „ქართული ფაშიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა სათანადოდ არ დაუფასდათ. „კრუნკი“ დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში სომხური ნაციონალური-კულტურული ავტონომიის შექმნა აუცილებელია აფხაზეთში მცხოვრები სომხების ეთნო-კულტურული მოთხოვნილებისთვის.


– ეს ორგანიზაცია იმასაც ამბობს, რომ სომხები აფხაზეთში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ამის მაგალითად, გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს ასახელებს, საიდანაც ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ, სომხური მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს. მათი თქმით, სომხები აფხაზებთან ერთად იბრძოდნენ ბიზანტიის იმპერიის, არაბების და თურქების წინააღმდეგ და აფხაზეთის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულეს. თურმე, აფხაზეთის ძირძველ, სომხურ მოსახლეობას აფხაზეთში ეროვნულ-კულტურული ავტონომიის შექმნისთვის ყველანაირი კანონიერი საფუძველი ჰქონია. აფხაზები ამაზე ჯერჯერობით ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვთ. ჩვენთვის მათი განწყობა კარგადაა ცნობილი. უამრავი აფხაზი ჩამოდის საქართველოში სამკურნალოდ, თანაც ჩვენს ორგანიზაციას მჭიდრო კავშირი აქვს აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებთან და ჩრდილოეთ კავკასიის უხუცესთა კავშირთან, სადაც მშვენივრად იციან, რომ აფხაზ და ქართველ ხალხს დიდი ისტორია და სიყვარული აერთიანებს.

– სახალხო დიპლომატია ახსენეთ.. იქნებ, სახალხო დიპლომატიის ბოლოდროინდელი მიღწევების რამდენიმე მაგალითი დამისახელოთ?


– ამ მიმართულებით ძალიან დიდ საქმეს აკეთებს სოხუმის უნივერსიტეტი, რომელიც ცდილობს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოვებას. არაოფიციალური წყაროებიდან შევიტყვე, რომ მათ აფხაზეთიდან სტუდენტები ჰყავდათ ჩამოყვანილი. სამშობლოში დაბრუნების მერე ამ ახალგაზრდებს უკითხავთ „რატომ ცდილობთ დაგვარწმუნოთ, რომ ქართველებს ვძულვართო“. ახლახან სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს შევხვდი, რომელმაც სოხუმელ ბავშვებს უმასპინძლა და თბილისი დაათვალიერებინა. მისგან გავიგე, რომ ჩამოსვლის დღეს ბავშვები მხოლოდ აფხაზურად საუბრობდნენ, მერე კი ზოგი მეგრულადაც კი ალაპარაკდა. ჩვენი აფხაზეთის მხატვართა კავშირმა აფხაზ ბავშვებს ღია ბარათები გაუგზავნა და მათგან უკვე პასუხები მიიღო. აი, ესაა სახალხო დიპლომატია.. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, ჩვენ სისტემატიურად გვეხმიანებიან სხვადასხვა ქვეყანაში კერძოდ, სოჭში და პეტერბურგში მობინადრე აფხაზები და ქართველები ორგანიზაციის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

ჩვენ მზად ვართ ყველასთან ვითანამშრომლოთ რა თქმა უნდა, მხოლოდ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში.

– მხოლოდ სახალხო დიპლომატიით ასეთ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია?

– რომ ვთქვა, რომ ჩვენი ორგანიზაცია აფხაზეთს დაიბრუნებს, აბსოლუტური ტყუილი იქნება. ვერც იმას დავპირდები ჩვენს იძულებით გადაადგილებულ ქართველ და აფხაზ მეგობრებს, რომ სახალხო დიპლომატია ხელს შეუწყობს აფხაზეთში მათ დაბრუნებას. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აფხაზები შევინარჩუნოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. მე თუ შევინარჩუნებ აფხაზეთს აფხაზეთში, მომავალში აფხაზეთის დაბრუნების პირობას შევქმნი და ოდესღაც დადგება დრო, როცა ჩვენ შევძლებთ ამ ტერიტორიის უკან დაბრუნებას თავის მშობლიურ სახლში. ჩემი წინადადებაა შეიქმნას თავისუფალი საგანმანათლებლო ზონა, რაც აფხაზეთში და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს უფასო ან შეღავათიან ფასებში განათლება მიიღონ, თავისუფალი საგანმანათლებლო ზონა სწორედ ამას ითვალისწინებს. მე, ეს წინადადება ადრედაც წამოვაყენე, როცა ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობდი, მაგრამ მაშინ საქართველო დსთ-ს წევრი იყო და ეს წინადადება მიუღებლად მიიჩნიეს, უფრო მეტიც კინაღამ ერის მოღალატედ შემრაცხეს. სახალხო დიპლომატიაში ჩართულია გუდაუთაში მცხოვრები ბევრი ცნობილი პიროვნება და მალე უფრო მეტი ჩაერთვება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გვინდა შევხვდეთ აჭარაში მაცხოვრებელ აფხაზებს. მერე ჩავიდეთ ზუგდიდში და გუდაუთაში სადაც შევხვდებით უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს. ორგანიზაცია „გუდაუთელი“ იწყებს სახალხო დიპლომატიის გზით ჩატეხილი ხიდის აღდგენას აფხაზებსა და ქართველებს შორის და ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებას თხოვს ყველა პარტიას და მასმედიის ყველა საშუალებას.

და ბოლოს, ჩვენს მოძმე აფხაზებს რუსთველის სიტყვებს შევახსენებ „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.

ნელი თორდია
скачать dle 12.0