ღვინოთერაპია

"საერთო გაზეთი" აგრძელებს საუბრებს ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილ წევრთან, პროფესორ რამაზ გახოკიძესთან. ამჯერად, ბატონი რამაზი ღვინით მკურნალობის შესახებ გვესაუბრება:

ღვინო ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს. საფრანგეთში, სადაც ღვინის მოხმარების კულტურა საკმაოდ განვითარებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ფრანგებში ამერიკელებთან შედარებით ორნახევარჯერ ნაკლებია. ექიმები დიდხანს ფიქრობდნენ: რატომ არის ბევრად დაბალი გულსისხლძარღვთა დაავადებების დონე საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში, ვიდრე მეზობელ ევროპულ ქვეყნებში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს წითელი ღვინის დამსახურებაა. მეც საუბარს წითელი ღვინოების სარგებლიანობით დავიწყებ.

წითელი ღვინო, მრავალ დაავადებათა მკურნალი

ითვლება რომ წითელი მშრალი ღვინო, რესვერატროლის მაღალი შემცველობის გამო, უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი მშრალი ღვინო. წითელი ღვინო, ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და რადიაციული დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. იგი, ასევე, ზრდის კიბოს თერაპიის ეფექტიანობას. ამერიკელი მეცნიერების რჩევით, მკერდის კიბოთი დაავადებულმა ქალებმა, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან დღეში ორ ბოთლამდე წითელი ღვინო უნდა მიიღონ. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება. წითელი ღვინო მწეველთა ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს ჩანასახშივე ანადგურებს. წითელი ღვინო კარგია წყლულის დროსაც. მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. წითელი მშრალი ღვინის მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება. წითელი ღვინო იცავს კბილების ემალს, მის რეგულარულად მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ კარიესი. წითელი ღვინის მცირე რაოდენობა ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკს. წითელი ღვინო ადუნებს და ამშვიდებს, გვეხმარება გადაღლასთან ბრძოლაში. მისი მეშვეობით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის, ასევე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღდგენა. დასუსტებული ორგანიზმის აღსადგენად სასარგებლოა გლინტვეინის მიღება, რომლის დამზადება შესაძლებელია შემდეგი რეცეპტურით: ქვაბში ათავსებენ ათ მიხაკს, დაფქვილ მუსკატის კაკალს და დარიჩინს (შეიძლება ხილის ნაჭრების დამატებაც) ასხამენ მინიმალური რაოდენობის წყალს და ხარშავენ ნელ ცეცხლზე ათი წუთის განმავლობაში. ნახარშს აყოვნებენ გაცივებამდე. ერთ ბოთლ წითელ ღვინოს ათბობენ ქვაბში (არ ადუღებენ) და უმატებენ საკმაზს და ოთხ კოვზ თაფლს. სვამენ ბოკალებით ან ფაიფურის ფიალებით. უხდება ფხვიერი ნამცხვრები.

პროსტატის კიბოს დაავადების დაბალი დონეა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც ბევრ ბოსტნეულს, ხილს და ცოტა ხორცს ჭამენ, ხოლო წითელ ღვინოს სვამენ, როგორც მინიმუმ, ორჯერ მეტს, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 45-დან 69 წლამდე 80 ათას მამაკაცზე ჩატარებული დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველები რომლებიც დღეში მინიმუმ ერთ ბოკალ წითელ ღვინოს სვამდნენ, ორჯერ უფრო იშვიათად ავადდებოდნენ კიბოთი, ვიდრე მწეველები რომლებიც ღვინოს საერთოდ არ სვამდნენ. აღსანიშნავია, რომ დადებითი ეფექტი მხოლოდ წითელ ღვინოს ჰქონდა. თეთრს ანალოგიური თვისებები არ აღმოაჩნდა.

ყოველდღიურად 50 გრამი ცხელი წითელი ღვინის მიღებით წარმატებით შეიძლება ტუბერკულოზის მკურნალობა; გაცივებასთან, პნევმონიასთან, გრიპთან, ბრონქიტთან საბრძოლველად კარგია წყლით განზავებული თბილი წითელი ღვინო (50 გრამი 3-ჯერ დღეში) ან ცხელი წითელი ღვინო შაქრით ან თაფლით; წითელი ღვინო, სასურველია განზავებული, სპობს ხოლერის, პოლიომიელიტის, კოკსაკის, ჰერპერ-ვირუსებს; ფაღარათის დროს, შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეკომენდებულია 50 გრამი ცივი წითელი ღვინის დალევა 3-ჯერ დღეში; უძილობისას მიიღეთ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო ძილის წინ; დაჟეჟილის სწრაფად აღსადგენად და ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია ცივი წითელი ღვინის კომპრესები. ამგვარად, წითელი ღვინის ორი ბოკალი შესანიშნავი საშუალებაა მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის. წითელი ღვინო არა მარტო ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ ადამიანს იცავს გულის პრობლემებისგან, კიბოსგან, დიაბეტისგან, ალცჰაიმერის დაავადებებისგან და ა.შ.

თეთრი ღვინის დიდი რაოდენობით მიღება არღვევს ღვიძლის, თირკმლების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითად ფუნქციებს და იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს. ასეთი ღვინის მიღება არ შეიძლება დიაბეტის, ნიკრისის ქარის, ღვიძლის და თირკმლების ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში.

ღვინო ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს!

ღვინის ზომიერი მოხმარება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის ალბათობას ამცირებს 40%-ით, ხოლო ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას – 20%-ით. წითელი ღვინო შეიცავს 600-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, აღსანიშნავია ნახშირწყლები, ვიტამინები, მჟავები, მიკრო და მაკრო ელემენტები. წითელ ღვინოში აღმოჩენილია სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ამინმჟავა. ღვინის ზომიერად მიღება სისხლში `კარგი~ ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) შემცველობას ზრდის და ორგანიზმიდან `ცუდი~ ქოლესტერინი (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) გამოაქვს, რითაც ორგანიზმს იცავს ინსულტისა და ინფარქტისაგან. ქოლესტერინი რომელიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, უჯრედების შექმნაში მონაწილეობს, მის გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია D ვიტამინის, სასქესო ჰორმონების წარმოქმნა. იგი აუცილებელია სეროტონინის (სიხარულის ჰორმონის) გამოსამუშავებლად, რაც კარგ განწყობას იწვევს. მისი ნაკლებობით ვითარდება დეპრესია და სუიციდისადმი მიდრეკილება. ამერიკელებმა სენსაციური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად ადამიანები რომლებსაც გადაჭარბებული მკურნალობით მინიმუმამდე დაუყვანეს ქოლესტერინის დონე, ყველაზე ხშირად ვარდებოდნენ დეპრესიაში და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდნენ. ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი მჭიდროდ არის დაკავშირებული `ცუდ~ ქოლესტერინთან, ვიდრე საერთო ქოლესტერინთან. `კარგი~ ქოლესტერინი ახორციელებს ცხიმების, მათ შორის, საერთო ქოლესტერინის გადატანას ერთი უჯრედიდან მეორეში, მაგალითად, სისხლძარღვებიდან, გულის კუნთიდან, ტვინის არტერიებიდან და სხვა პერიფერიული ორგანოებიდან – ღვიძლში, სადაც ქოლესტერინიდან წარმოიქმნება ნაღველი.
ღვინო - დაორსულებაში დაგეხმარებათ?!
ქალები რომლებიც ზომიერად სვამენ ღვინოს, უფრო სწრაფად ორსულდებიან, რადგან ღვინო გავლენას ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ყოველდღიურად 200მლ ღვინო ქალს იცავს გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისგან და ანელებს დაბერების პროცესს. შვედი მეცნიერების მიერ 40 წლის განმავლობაში 1500 ქალზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ იმ ქალებში, რომლებიც პერიოდულად მოიხმარდნენ ალკოჰოლს, ასაკობრივი ჭკუასუსტობის შემთხვევები, პრაქტიკულად, არ გვხვდება.

ღვინის რეგულარული მიღება ეპიდემიისგან დაგიცავთ!

ღვინოს ახასიათებს გამოკვეთილი ანტიბაქტერიული, ასევე, კიბოს და შაქრიანი დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები, აფართოვებს სისხლძარღვებს და აქვეითებს წნევას, დაბერებისგან იცავს თვალის ბადურას, აუმჯობესებს სისხლს. ეპიდემიების დროს იმ ადამიანთა შორის, რომლებიც რეგულარულად იღებენ ღვინოს, სიკვდილიანობა ბევრად დაბალია. ღვინო ანადგურებს ტუბერკულოზის, ხოლერის, მალარიის და ა.შ. გამომწვევ მიკრობებს. იგივე ეფექტს იძლევა ორჯერ წყლით განზავებული ღვინოც. მშრალი, სუფთა ღვინო კარგად კლავს წყურვილს. ნატურალური ღვინო სასარგებლოა გაცივების და ქრონიკული დაავადებების (გრიპი, ბრონქიტი, ფილტვების ანთება და სხვა) დროს. ამ დროს სასურველია მიიღოთ გლინტვეინი და ცხელი წითელი ღვინო სანელებლებთან და შაქართან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს სასარგებლოა მთრიმლავ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის მქონე წითელი ღვინოები. ასეთი ღვინოები ავლენს შემახორცებელ მოქმედებას კუჭის წყლულის და ნაწიბურების შემთხვევებში. გარდა ამისა, ღვინოს ორგანიზმიდან გამოყავს წიდები და ტოქსინები. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ინფექციური დაავადებებისადმი გამძლეობას. დანიელი მეცნიერების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დღეში ორ ბოკალ ღვინოს შეუძლია გრიპის ხუთი ნაირსახეობის დამარცხება. ფრანგი მეცნიერების დაკვირვებით, ჭამის დროს, დღეში ორი-სამი ბოკალი ღვინის მიღება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ავლენს მატონიზებელ ეფექტს, ანტიბაქტერიულ თვისებებს.

თუ უმადობა გაწუხებთ, შამპანური მიირთვით!

ნერვული სისტემის მოშლის შემთხვევაში კარგია გაცივებული მშრალი შამპანური. ცივი შამპანურით შეიძლება განუწყვეტელი გულისრევის შეჩერებაც. შამპანური, ასევე, ციებისა და ტუბერკულოზის დაავადებათა დროს აძლიერებს მადას და აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას სასუნთქი ცენტრის აგზნებით. იგი ასევე კარგია ხოლერის და სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის შემთხვევაში. მსუბუქი ღვინოები (განსაკუთრებით შამპანურის ღვინოები) ამაგრებენ დასუსტებული გულის მუშაობას. მავნებელია შამპანურის უზმოზე დალევა, რადგან იწვევს მჟავიანობის მომატებას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებას. ფრანგმა პარფიუმერებმა სახის კრემში შამპანურის დამატება დაიწყეს, რადგან მასში შემავალ პოლიფენოლებს შეუძლია კანის გაახალგაზრდავება და კოსმეტიკაში გამოყენებული ბოტოქსის შეცვლა.

ღვინო არტერიული წნევის მტერი - მითი თუ რეალობა?

ბევრი ფიქრობს, რომ ღვინის მოხმარება იწვევს არტერიული წნევის მომატებას. წნევის აწევა მხოლოდ იმ პირებს აღენიშნებათ, რომლებიც ყოველდღე სამ ბოკალზე მეტ ღვინოს სვამენ. ისინი, ვინც ღვინოს არ სვამენ, 40%-ით უფრო მაღალი წნევა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ღვინოს ზომიერად მოიხმარენ. ღვინოს სარგებლობა მხოლოდ მაშინ მოაქვს, როცა ზომიერად მიიღებ. ნახევარ ლიტრზე მეტი ღვინის (ქალებისთვის ამის ნახევრის) ყოველდღიურად მიღებას შეუძლია ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ღვინის უზმოდ სმა იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ღვიძლის მუშაობის, ფსიქიკის დარღვევას.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0