ჭინჭიპარია ჭიჭიკიებს და ბიჭიკიებს რომ ეძებთ, ეძებეთ ქართველი დონ კორლეონეები!

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის "სამართლის კოდექსში" და "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" კანონში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდობისთვის" და აფართოვებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების წრეს.

ვის ერქვა "კანონიერი ქურდი" და რას წარმოადგენს დღეს ე.წ "კანონიერი ქურდი", ხომ არ ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ "კანონიერი ქურდისგან", ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა გარდა სახელისა.

დაახლოებით 13-15 წლის უკან ცხონებულ რომან გვენცაძესთან ნარიყალაზე სწორად ამ თემაზე სასაუბროდ მივედი. 
– "კანონიერი ქურდები" – კი, იყო დაუწერელი კანონები, რომელზე ლაპარაკიც შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოდი, ასე ვიტყვი, მათ ადრე ბნელი ცხოვრება ჰქონდათ, დღეს იქაც შევიდა "ცივილიზაცია," კარგი ცხოვრების უფლება მისცეს საკუთარ თავს. ეს იმის საწინდარია, რომ დროთა განმავლობაში "კანონიერი ქურდები" გაქრებიან. კი, იყო "კანონიერი ქურდის" ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მიერვე ხელოვნურად შექმნილი ინსტიტუტი, მაგრამ მოჭამა თავისი დრო. "ქურდული იდეა იდეაში იდეად დარჩა, მაგრამ ის, რაც კლასიკური გაგებით "ქურდია" ქმედებითა და ცხოვრების ნირით, გადასხვაფერდა. თუ "კანონიერ ქურდებზე" დაიწყება საუბარი, "მაფიოზებზე" დაიწყონ…

რაღა დროს დაუწერელი ქურდული კანონებია, თავისით მინავლდება… დღეს, როცა ხალხი მშიერია და წირვაზე გადაჭედილია ეკლესიები, ეს იმედს მაძლევს, რომ მოვა დრო, როცა ადამიანი არც "ძველ ბიჭთან" მივა საქმის გასარჩევად და არც პოლიციელთან, ეკლესიაში მივა".

დიახ, გადასხვაფერდა ბევრი რამ კრიმინალურ სამყაროში. მაგალითად, გასულ საუკუნეში, როდესაც მიზანმიმართულად შეიქმნა "კანონიერი ქურდის ინსტიტუტი", თავდაპირველად, უამრავი შემთხვევები იყო მოკვლა-დასახიჩრებებისა როგორც სასჯელაღსრულების თანამშრომლებისა, ისე მსჯავრდებულებისა. "ქურდული გაგების" მსჯავრდებული არ იმაგრებდა მკერდზე ე.წ "ბირკას" რომელიც მის ვინაობაზე მიუთითებდა. დასასრული რომ არ უჩანდა სისხლიან დაპირისპირებას, ე.წ "შავებმა" იმსჯელეს: "რას ვეკვლევინებით? "ძაღლმა" რომ გვკითხოს ვინაობა, ხომ ვუპასუხებთ, ჰოდა, გავიკეთოთ ის "ბირკა", ერთი ამათი კარგიცო" და გადაიჭრა პრობლემა.

საპირისპირო მხარეს – "ჩიფირის" გამო, განსაკუთრებით ციმბირის "ლაგერებში" ხშირად ხდებოდა პატიმრების მხრიდან "ლაგერის" მომსახურე პერსონალის მოკვლა-დასახიჩრება. ამ მხარემაც იმსჯელა და გადაწყვიტა: "ბოლო-ბოლო "ჩეფირი" მაგარი დაყენებული ჩაია, სხვა ხომ არაფერი. ჰოდა სვან, რას ვეკვლევინებით, თავში ქვა უხლიათო~ და პრობლემა მოიხსნა.
ეს ორი მაგალითი მხოლოდ იმის თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანეთ, რომ "ძველი ქურდული გაგება" ანუ ის, რასაც "კანონიერი ქურდი" ჰქვია, დროთა განმავლობაში, შეიცვალა გადაკეთდა.

"კანონიერი ქურდი" ერთგვარ ჩარჩოში ცხოვრობდა და "მოღვაწეობდა" რის გამოც არა ერთ ცხოვრებისეულ სიამეს იყოს გარიდებული. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? ისიც საკმარისია სათქმელად, რომ ქურდს არ ჰქონდა უფლება ოფიციალურ ქორწინებაში ყოფილიყო; არ ჰქონდა დაგროვილი უძრავ-მოძრავი ქონება; არ იყო წამალდამოკიდებული; არ იყო მკვლელი; ბოლოს და ბოლოს, არ ერეოდა პოლიტიკაში და ა.შ.

ცხონებული ყოფილი შს მინისტრისა არ იყოს, "კანონიერი ქურდის" ცნება მკვდარია! თავდაპირველად "ქურდული იდეით" შეპყრობილი ადამიანები იქცნენ უხვშემოსავლიან ბიზნესებში ჩაფლულ ადამიანებად რომელთაც კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობაში გარანტირებულად პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ მოპოვებული.

სხვათაშორის, აბსოლუტურად მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობენ პირები, რომლებიც შესაძლოა, სრულებით არ იყვნენ "კანონიერი ქურდები", მაგრამ როგორც ვხედავთ, საკანონმდებლო ინიციატივა არაფერს ამბობს მათზე, არადა, ორივენი ერთ საქმიანობას ეწევიან, მაფიოზობენ…

რა გამოდის, სასჯელი მკაცრდება იმ დრომოჭმულ იდეაზე რომელსაც ტვინი გამოიმუშავებს? მსგავსი წარმატებით აბსოლუტურად უყოყმანოდ შეგვიძლია მივიღოთ ახალი ინიციატივები ე.წ "სხვაგვარად მოაზროვნეების" მიმართაც, მითუმეტეს, რომ აპრობირებულია ამგვარი ადამიანების შეურაცხადად გამოცხადება, უბედური შემთხვევა და სხვა მრავალი.
ვიღაცამ შემოაგდო და აიტაცეს რომ თურმე "ქურდული მენტალიტეტის" გავლენით იმატა კრიმინალმა მოზარდებში. რა თქმა უნდა, აბა, იმ კოჰაბიტირებულ სივრცეში იმას ვინ იტყვის რომ კრიმინალი მოზარდებში შვა იმ საშინელმა რეალობებმა, რომელიც მოზარდს იმ ცხოვრების მცირე მონაკვეთში შეუქმნა თვითონ არასწორად მართულმა სახელმწიფომ.

ცნება "კანონიერ ქურდს" ვინც უკავშირებს მოზარდთა აგრესიას, ნეტავ, მას თუ ჰყავს ნანახი ცოცხალი ქურდი? "კანონიერი ქურდი" არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმას, რომ მის უბანში, მის საახლობლოში, მის სიახლოვეს ასეთი სისხლისმიერი გამეტება მომხდარიყო. ვის არ უნდა იმის აღიარება, რომ მოზარდების ნაწილი თავისდაუნებურად იმართება იმ ფსევდო-სამყაროსგან რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს არანაირ იდეასთან, მითუმეტეს, "ქურდულთან"?

მოზარდი რომ მოზარდია, მხოლოდ მაშინ ახსენდებათ მავანთ, როცა მოზარდი უკვე ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულში, ვთქვათ, მკვლელობაში ან განზრახ მკვლელობის მცდელობაში. არავის უნდა გახსენება და აღიარება, რამ გააღვიძა რომელიმე მოზარდში მკვლელად გახდომისკენ სწრაფვა, როგორც გავლენის სფეროების მოპოვების საშუალებისკენ მიმავალი გზა. 
არც იმის დანახვა უნდა მავანს, რომ მოზარდი ხედავს რა უსამართლობაა მის გვერდზე და მისივე თანდასწრებით; როგორაა გალაღებული შერჩევითი სამართალი; (როცა მკვლელობის მონაწილე 15-20 პირია და მხოლოდ 2 აღმოჩნდება დამნაშავე, რაღაზეა საუბარი…) რამდენად არაფრის მომცემია სიმართლე და მისი მოძიება და ის თვითონ იწყებს სამართალისა და სამართლიანობის ძიებას… და არა მხოლოდ მოზარდი…

როცა ადამიანმა გადაწყვეტილად იცის რომ კანონი არ კანონობს ყველასთვის და არ აღსრულდება სამართალი და სამართლიანობა, ვიღაცას მიაკითხავს დასახმარებლად; ასეთი თუ არავინ ეგულება, თვითონ აღასრულებს და ასეც ხდება, ვინ ვის კლავს, მხოლოდ ერთეულებმა იციან და ისინიც საეჭვოდ ჩუმად არიან…

რომელი მკვლელობის საქმე გაიხსნა, უთხარით ხალხს, ნუ დაუმალავთ!
გადავხედოთ ჩვენივე წარსულს – როდის იწყება კრიმინალური სიტუაციის გააქტიურება?
როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პირები მასიურად იწყებენ პარვას.

დიახ, მოპარვაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში ფულის გადანაცვლებაც და სახელმწიფოს გამუდმებული წველაც დაუმსახურებელი პრემიებისა თუ დანამატების მიღების სახით. ასევე, მსხვილი ტენდერების მოგება იქნება თუ სხვა საქმეების "გაიმასქნება". ამ ყველაფერს რომ ხედავს ვიღაც, აბსოლუტურად ლეგიტიმური სურვილი უჩნდება რომ მანაც ნახოს სარგებელი და უკვე "ქურდის ქურდი ცხონდაო" კი არ ხდება, პირდაპირ ეუბნება რომ მასაც ეკუთვნის წილი, არ აქვს მნიშვნელობა "სახელისუფლებო ვირთხაა" თუ ამ სახის "ვირთხის" ბიზნესის მწარმოებელი. "ვირთხამ" თავის მხრივ ხომ იცის რომ მოპარული აქვს, თანაც კიდევ აქვს მოსაპარი, ეგულება ბლომად და მისცემს, აბა, რას იზამს, ყვირილს ხომ არ დაიწყებს, მე რომ შენ მოგპარე ჩემი ძვირფასო სახელმწიფოვ, იმ ფულს მთხოვს ვიღაც გარეწარიო?

ასეა, ყოველთვის კავშირშია ერთმანეთთან "დიდი ფულები" და კრიმინალი, კავშირში კი არა, უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ – რაღა დროს "ქურდული გაგებაა"?

სახელმწიფოში გამეფებული უწესრიგობა ბადებს ყველანაირ კრიმინალს და როდის, რა სახით იჩენს თავს გარემოებაზეღაა დამოკიდებული.

არჩევნების დროს რომ უბნის რომელიმე კანდიდატისთვის ხმების მოსაგროვებლად უბნის "ძველი ბიჭი" იქნება დასახმარებელი ან ქექვაატეხილი კაიფარიკი მოსასყიდი "წამლით", "კანონიერი ქურდის" ხსენებაზე სასჯელის გამკაცრებაზე გაგახსენდება რაღაცეები, აბა, რა იქნება…

განიმარტოს ტერმინი "მაფია" და "მაფიოზი" და სწორი მიმართულება მიეცით კანონს, რატომ არის შეუძლებელი სიმართლის თქმა პირდაპირ და ხმამაღლა?

სხვათაშორის, წლების წინ მითხრა რესპონდენტმა, ამათ თუ ასე გააჭირეს მართლა საქმე, დაჯდებიან "ბიჭები" და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ თუ "ძაღლი" ჰკითხავს არის თუ არა "ქურდი", იტყვის რომ არ არის და ეს "არაქურდულად" აღარ ჩაითვლებაო… მაშინ "ბირკის" ამბავი გამახსენდა და ახლა ორივე ერთად.

ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები (მაფია და მაფიოზები), როგორც აღვნიშნეთ, სრულებით არ არის აუცილებელი რომ საბჭოთა დროის ხელოვნურად შექმნილი "კანონიერი ქურდის" ტიტულის მატარებლები იყვნენ. ერთიც და შემობრუნდნენ ეს "პატივცემული ტიტულიანებიც" და განაცხადიონ, არ ვართ, ბატონო, "კანონიერი ქურდებიო", მერე რა ვუყოთ ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას?

თუ გინდათ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს, ეძებეთ დონ კორლეონეები, ქართველი დონ კორლეონეები – "კანონიერ ქურდებსაც" ისინი ნიშნავენ, მინისტრებსაც ისინი ნიშნავენ და, საერთოდ, ყველას და ყველაფერს, ისინი მართავენ…

გიორგი ჩხეიძე
скачать dle 12.0