"არა იმიტომ, რომ სიტყვა "ქურდმა" უარყოფითი დაჰკარგა ჟღერა"

ხელისუფლებამ დაუნდობელი ბრძოლა რომ გამოუცხადა ქურდულ სამყაროს და ამ მიმართულებით კანონმდებლობა კიდევ უფრო გამკაცრდება, ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ის უფრო გვაინტერესებს, როდის მოსთხოვენ პასუხს რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო გზებით გამდიდრებულ პერსონებს, რომლებსაც დღესაც წარმატებულ ბიზნესმენებად და ბანკირებად მოიხსენებენ. საეჭვოა, ე.წ. კანონიერ ქურდებს ამ "კონტიგენტზე" მეტი ზიანი მიეყენებინათ საქართველოსთვის. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ დავით გაგნიძეს, რომელიც ჩამოყალიბების დღიდან "ნაციონალურ წმენდამდე" მუშაობდა შსს-ს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში, არაერთხელ უთქვამს ჩვენთან ინტერვიუში, რომ ხელისუფლებამ, კერძოდ, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმ ჰალსტუხიანი ყაჩაღების გამოვლენა-დასჯაზე უნდა იმუშაოს, რომლებსაც წლების განმავლობაში მილიონობით თანხა აქვთ მითვისებული.

დავით გაგნიძე: "ახლახანს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა, ხაშურში მომხდარი ყაჩაღობა გავხსენითო. რიგითი დანაშაულობების გახსნა ნამდვილად არ არის ამ სამსახურის საქმე, მათ გაცილებით სერიოზულ, სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეებზე უნდა იმუშაონ, სისტემატურ რეჟიმში უნდა აგროვებედნენ და ოპერატიულად ამუშავებდნენ ინფორმაციებს რა ხდებოდა და ხდება ქვეყნის მასშტაბით. ამ სამსახურმა შეიძლება წელიწადში ერთი დანაშაული გახსნას, მაგრამ იმდენად სერიოზული იყოს, რომ სხვა ყველაფერი გადაწონოს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვგულისხმობ შევარდნაძის მმართველობის პერიოდს, ათეულობით მილიარდი დოლარია მითვისებული და საზღვარგრეთ გატანილი. ამ პროცესმა "პიკს" ნაციონალების მმართველობისას მიაღწია. ათი მილიონი თუ მაინც დავაბრუნეთ? ყოველ შემთხვევაში მე ამის შესახებ არაფერი მსმენია. მაშ რას აკეთებენ შსს და უსაფრთხოების დაცვის სტრუქტურა, გამოდის საერთოდ ვერ ფლობენ ვითარებას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური ზუსტად იმ მიზნით შეიქმნა 1991 წელს, რომ მსხვილ, სახელმწიფო მნიშვნელობის დანაშაულობებზე ემუშავა.

სისხლის სამართლის სამძებროში არსებული ბანდიტიზმთან ბრძოლის განყოფილება ცალკე გამოყვეს, უფლებამოსილებები გაუფართოვეს და ცალკე სამსახურად ჩამოაყალიბეს, რომელიც საზოგადოებაში "მეექვსე განყოფილების" სახელით იყო ცნობილი. "მეექვსე განყოფილებას" თავიდან გამოცდილი პროფესიონალი ნოდარ წკრიალაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩვენგან ყოველთვის მოითხოვდა, რომ ძირითადად იმ კატეგორიის დანაშაულზე გვემუშავა, რომელიც გახშირდებოდა, იქნებოდა ეს ადამიანის გატაცება, გამოძალვა თუ სხვა. პარალელურად, ყველაფერზე უნდა შეგვეგროვებინა ოპერატიული ინფორმაციები. თბილისის პროკურორის მიხეილ ქურდაძის მკვლელობის გახსნაზე როცა ვმუშაობდით, სხვა 38 დანაშაულიც გავხსენით. ბოლოს პარლამენტს მივადექით, უამრავი ინფორმაცია დაგვიგროვდა, ოფიციალური მოვალეობის შესრულების გარდა, რა "საქმიანობით" იყვნენ დაკავებული ხალხის "რჩეულნი". სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყეს ჩვენი სამსახურის დაკნინება.

"მხედრიონის" ალაგმვის შემდეგ დაიწყო ჩვენს სამსახურზე "გადამწყვეტი შეტევა", რადგან "რაფინირებულ" პოლიტელიტას არ აწყობდა მათი შავბნელი საქმიანობის გამოაშკარავება. ეს ხალხი მაშინაც ჭამდა და დღესაც ჭამს, შეიძლება ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო სამსახურში აღარ იყოს, მაგრამ მსხვილი ბიზნესი მათ ხელშია. სამაგიეროდ მოსახლეობის უმეტესობაა შიმშილის ზღვარზე და ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან გარბის. პერსონიფიცირებას ნუ მომთხოვთ, რადგან თქვენც კარგად იცით ვისაც ვგულისხმობ. ისე, მათგან რა უნდა გამიკვირდეს, როცა შიგნით, უწყებაში გვყავდა მოწინააღმდეგეები, რომლებიც "მეექვსე განყოფილების" გაუქმებაზე ოცნებობდნენ. არც მათ აწყობდათ ძლიერი კონკურენტი, რადგან 90-იანი წლების არეულობის დროს, ბევრი სამართალდამცავი თვითონ გახდა კრიმინალი და მოღალატე. შეიარაღებულმა ბანდებმა და საძმოებმა ძალოვან სტრუქტურებში თავისი ხალხი რომ "ჩანერგეს", მათი ნაწილი მერეც დარჩნენ სამართალდამცავ სისტემაში, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხომ მთლიანად ამ კატეგორიის კონტიგენტი მოვიდა თანამდებობებზე. უბედურება ისაა, რომ დღემდე არ გაწმენდილა შსს და უსაფრთხოების სტრუქტურები საეჭვო წარმომავლობის, უცოდინარი კადრებისგან, აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მერწმუნეთ, ესენი ყოფილი თანაგუნდელების საეჭვო საქმიანობის გამოძიებით თავს არ შეიწუხებენ".

ყბადაღებული ოფშორული ზონების და კომპანიების "მოღვაწეობა", გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ხსენებული კომპანიების შექმნა 70-იანი წლებიდან დაიწყო, ანუ იმ პერიოდიდან, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა, საზოგადოებისთვის ფანტაზიის სფეროს წარმოადგენდა. 90-იანი წლებიდან, უკვე ძალზე აქტიურად ჩანს "ოფშორელთა" გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკაზე. საკავშირო პარტნომენკლატურა და "კაგებე" მარტო ფულს კი არ დებდა ხსენებულ კომპანია-ზონებში, მათ "კაგებეს" კადრებითაც "ამარაგებდნენ". 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირიდან გაზიდულმა ფულმა, მრავალი ათეული მილიონი დოლარი შეადგინა, რომელიც მოგვიანებით პოსტსაბჭოთა სივრცეში შემობრუნდა იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გასატარებლად, რომელთა ბირთვსაც "კაგებეშნიკები" შეადგენდნენ. უფრო მეტიც, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკის განადგურების ხარჯზე, ეს ფინანსები სულ უფრო მატულობდა. რაც შეეხება ქართველების უმთავრეს "სტრატეგიულ პარტნიორ" ამერიკას, მისი პოლიტელიტა ამ პროცესს მშვიდად ადევნებდა თვალს. ამიტომაც ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობებს შორის, თავის დროზე გარიგება მოხდა. ზემოთ ნაუცბათევად საეჭვოდ გამდიდრებულნი ვახსენეთ, სწორედ ამ "კაგებეშნიკური" ჯგუფების მიერ ყოფილან ისინი "დანიშნული" მილიონერებად, როგორც საქართველოში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ისინი "პატრონს" თუ განუდგებიან და დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს წამოიწყებენ, შეიძლება მარტო ქონება და გავლენა კი არა, სიცოცხლეც დაკარგონ.

ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, რომ რეალურად სპეცსამსახურების აგენტურა მართავდა და სამწუხაროდ, დღესაც მართავს საქართველოს, ვფიქრობთ, აშკარაა. თუკი რაიმე ეროვნულის, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება მოისურვა "ქართულმა ოცნებამ", უნისონში აწიოკდებიან ხოლმე ნაციონალები, მათი სატელიტი პარტიები და ე.წ. უფლებადამცველები და აპოკალიფსის დადგომას "წინასწარმეტყველებენ". ვფიქრობთ, ეს არც არის გასაკვირი, "კაგებეს" აბსოლუტურად ყველა სფეროში ჰყოლია "ჩანერგილი" ე.წ. ოდეერი თუ აგენტი და საქმე იქამდე მისულა, რომ ტრადიციული "ჩამშვებების" ოჯახები ჩამოყალიბებულა. გადავავლოთ თვალი ზემოხსენებული სექტის ქმედებებს, ადრე მათი იდეური თუ ბიოლოგიური წინაპრები თუ კრემლში დარბოდნენ ქართველების დასაბეზღებლად, ახლა ვაშინგტონსა და ევროპაში დარბიან, რასაც "კეთილშობილური" ზრახვებით ფუთავენ, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს ვიცავთო.

მოგეხსენებათ, პუტჩის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსული ტრიუმვირატიდან ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო. სწორედ ჯაბა იოსელიანის "დამსახურებაა" შევარდნაძის `მეორედ მოსვლა". კარგად ინფორმირებული წყაროებს თუ დავუჯერებთ, "კანონიერ ქურდები" სინამდვილეში "კაგებეს" მიერ დამნაშავეთა სამყაროში "ჩანერგილი" იგივე "ოდეერები" იყვნენ, რომელთა მეშვეობითაც აკონტროლებდნენ კრიმინალებსო. 1992 წლიდან ჯაბა იოსელიანთან ერთად, ზემოხსენებული ხალხის შთამომავლებიც მოვიდნენ თანამდებობებზე. ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოს საბოლოოდ გამოხვრის პროცესი, რაც უფრო აქტიურად გაგრძელდა ნაციონალების მმართველობის პერიოდში. სააკაშვილის წარმატებული კარიერის გასაღები რომ ბიძამისის "კაგებეშნიკურ" ბიოგრაფიაში დევს ეს ერთია, მაგრამ ჩვენი "ნიჭიერი" მესამე პრეზიდენტის სწავლა-განათლების დონის "ამაღლებაში", თურმე "შავ სამყაროსაც" მიუძღვის გარკვეული წვლილი. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტიდან "დისიდენტობისთვის" გარიცხული მიშას ცოდნის მისაღებად ოკეანისგაღმა მივლინება, ჯაბა იოსელიანს დაუფინანსებია. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დაეფინანსებინა "კანონიერ ქურდს" "კაგებეშნიკის" დისწულის სწავლა-განათლება, თუ მართლაც ურთიერთკავშირში არ იყო "შავი სამყარო" და საბჭოური სპეცსამსახური?

ახლა რაც შეეხება არასამთავრობო სექტორში დაფრთიანებული და შემდეგ მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპებულ სხვა პერსონებს, ამ კონტიგენტის "განსწავლულობა" რომ დასავლური განათლების მიღების შემდეგაც ეჭვს იწვევს, გვერწმუნეთ, მარტო ჩვენ არ ვამბობთ. მაშ ვინ იყო ამდენი სწავლას "მოწყურებულის" სპონსორი, შემთხვევით, კრიმინალებთან ალიანსში მყოფი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ხომ არა, რომლებსაც ახლა ვალს უხდიან თავიანთი რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო პოლიტიკით?

"კაგებეს"  პროტეჟეებმა ჩალის ფასად გადაცემული ხალხის კუთვნილი ქონება, მათ შორის მოსახლეობის მიერ საბჭოთა პერიოდში ბანკებში შეტანილი ანაბრები არ იკმარეს და დამოუკიდებელი ქვეყნის "ეგიდით", მოტყუებით რამდენჯერმე გააძვრეს ხალხს ტყავი. უბედურება ისაა, რომ ჯერაც ვერ მოვიცალეთ 90-იანი წლების, საქართველოსთვის უმძიმესი პერიოდის ბოლომდე გამოსაკვლევად და შესაფასებლად. კრიმინალის ბოლომდე მოსპობა შეუძლებელია, დანაშაული ყოველთვის ხდებოდა და კვლავაც მოხდება, პოლიცია ამ საქმეს როგორმე მიხედავს, მთავარია, "ელიტურ" კრიმინალებს მოეთხოვოთ პასუხი, რომლებიც 25 წელზე მეტია ქვეყანას აჩანაგებენ. 

არის კიდევ ერთი კატეგორია კრიმინალებისა, რომლებსაც "ბეზპრედელშჩიკები" ჰქვია. "ბესპრედელშჩიკები", ეს არის უცხო ქვეყნების ხელდასმით ჩამოყალიბებული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი საზოგადოება, რომელიც წყვეტს ვინ "კანონიერი ქურდი" უნდა გახდეს, ვინ ბიზნესმენი, ვინ პოლიციელი და ა.შ. მათ საბოლოოდ ერთი მიზანი აერთიანებთ, როგორმე ხელისუფლების სათავეში მოვიდეს მათი ე.წ. საზოგადოება და კანონზე მაღლა დადგეს. კომპეტენტური წყაროს განცხადებით, "კანონიერ ქურდებს" თავისი ნებით არ დაუტოვებიათ გავლენა-პრივილეგიები, "პატრონების" ბრძანებით მოხდა. ეს ე.წ. საძმოები განაგებდნენ ქვეყანას შევარდნაძის მმართველობისას, წარმოიდგინეთ, ჯაბა იოსელიანიც კი დაიჭირეს და რამდენიმე წელი გაატარა ციხეში, "ვერის საძმოს" კი არავინ შეხებია. ნიკა რურუა საერთოდაც ამერიკაში გაუშვეს "სასწავლებლად" და "ვარდების რევოლუციის" გარიჟრაჟზე ზურაბ ჟვანიამ ჩამოიყვანა, როგორც "სანდო" და "საჭირო" კადრი. ნაციონალების მმართველობისას ამ "სანდო" კადრს მაღალი თანამდებობებიც ეკავა, რეალურად ეგ მართავდა ქვეყანას, არ გახსოვთ, პრეზიდენტი სააკაშვილი ანგარიშს როგორ აბარებდა ქვეყანაში რა გაკეთდაო, აცხადებდა ჩვენთან ინტერვიუში დავით გაგნიძე. ძველი "მხედრიონელები" ალბათ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათი თანაგუნდელი, როგორც "დიდი" ბიზნესმენი, ხელს ჩამოართმევდა აწ ამერიკის პრეზიდენტ, მილიარდერ დონალდ ტრამპს. რა შეიცვალა ნაციონალების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად არაფერი – ის ხალხი, რომელმაც პირწმინდად გააჩანაგა საქართველო, დღესაც სერიოზულ ფიგურებად ითვლებიან, ზოგი პარლამენტიდან გვმოძღვრავს, ზოგი ბიზნესსფეროდან. დემურ დვალიშვილის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს, მილიონობით კი არა მილიარდობით თანხები გაიცემოდა კრედიტების სახით, რასაც რატომღაც სახელმწიფო უდგებოდა გარანტად. არცერთი ეს თანხა, დანიშნულებისამებრ არ გახარჯულა, შედეგად მივიღეთ ქართველ მდიდართა კასტა და გაღატაკებული საქართველო, ხოლო დემურ დვალიშვილმა თავი მოიკლა.

ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორებიც აქტიურად რომ იყვნენ ჩართული ე.წ. კრედიტომანიაში, "საერთო გაზეთი" პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ადრეც წერდა. ზურაბ ჟვანია მაშინ "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გახლდათ, როცა 102-მილიონიანი კრედიტი გაიტანა. როგორც კი დაასრულეს "ამა ქვეყნის ძლიერთ" კრედიტების გატანა, ქვეყანა ისეთმა ჰიპერინფლაციის ტალღამ გადაუარა, რომ ერთ მილლიონ კუპონად ერთ პურს თუ იყიდდი. "პატიოსანმა" მსესხებელმა ჟვანიამ ვალი კი დააბრუბა, მაგრამ ეს თანხა 200 აშშ დოლლარს თუ უტოლდებოდაო. ამ ყველაფრის შემდეგ ბატონი ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინა, მისი მარჯვენა ხელი გია ბარამიძე და ჰიპერინფლაციის ერთ-ერთი "შემოქმედი" რომან გოცირიძე, დღესაც პარლამენტში გვიზის და ჭკუას გვარიგებენ. პოლიციის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც იმ პერიოდში ძალზე სერიოზული თანამდებობა ეკავა, წლების შემდეგ მომიყვა, იმ პერიოდში რუსეთთან კარგი სამსახურებრივი ურთიერთობა გვქონდა. მოსკოვიდან დაგვიკავშირდნენ, რა ხდება, ჩვენს ბანკებში საქართველოდან ათეულობით მილიონობით ირიცხება ფული, რომლის მისაღებადაც ძირითადად, მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები ცხადდებიანო. მაშინ გავიგეთ ქართველმა სამართალდამცავებმა სადაც წავიდა იმ კრედიტების დიდი ნაწილი, რომელმაც საქართველოს ხაზინა გამოაცარიელა.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0