დედაქალაქის ამბები

თბილისის მერი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაში "თბილისის მომავალი: მდგრადი განვითარება თუ კრიზისი?" მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქალაქის მთავრობა არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რადგან ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

"მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი დედაქალაქისთვის, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებითა და ჩართულობით, ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, რადგან გვინდა, მშენებლობის პროცესში მხოლოდ მერისა და მერიის სამსახურები არ იყვნენ ჩართული. როდესაც ჩვენი უფლებამოსილება დასრულდება, ვიტყვით, რომ არა მერმა და მერიამ განახორციელა ეს პროექტები, არამედ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ", – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის განხილვის პროცესში ჩართვა შესთავაზა.

მისი თქმით, დოკუმენტის მიღების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე თბილისის ურბანული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა იმსჯელეს. საუბარი ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს შეეხო.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილა იამ კონფერენციაზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს
არქიტექტორთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა.

თბილისის მერია 180-ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

"ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა.  ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით", – განმარტა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება.

"გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მტკიცებულებებს, რომელიც გარემოებების შესწავლის შედეგად იქნება მიღებული. კომპანიებმა, პირველ რიგში, უნდა ჩაატარონ ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები. პროექტი განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევების შედეგად, მისი მიზანშეწონილობა დადგინდება", – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, საპარკინგე ინფრასტრუქტურა 180 ავტომანქანაზე იქნება
გათვლილი.

"ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში, აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის. პროექტის შესწავლა, ასევე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამისთვის, მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ სხვა პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა გან- ხორციელებასაც ვაპირებთ", – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიწისქვეშა პარკინგების გარდა, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, დედაქალაქში მიწისზედა პარკინგებიც მოეწყობა.

"ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ მიწისქვეშა პარკინგებზე. სადაც იქნება შესაძლებელი, კვლევის შედეგად მიღებული ანალიზის საფუძველზე, მიწისზედა პარკინგებიც უნდა მოვაწყოთ, რათა ეს სერიოზული პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მოგვარდეს", – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერი ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი კომპლექსის მშენებლობა ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"აღნიშნული სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრი ექნებათ, რომელიც ყველა ასაკისა და კატეგორიისთვის არის განკუთვნილი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ცალკე მიმართულება იქნება. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისის ყველა რაიონში სპორტული კომპლექსების მშენებლობა იყო და ამას აუცილებლად განვახორციელებთ", – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპლექსი 1500 ბენეფიციარის მომსახურებაზეა გათ ვლილი, სადაც კრივის არენა, ტანვარჯიშის დარბაზი, საჭიდაო მოედანი, ასევე, დიდი და საშუალო ზომის დახურული საცურაო აუზები განთავსდება. კომპლექსს ექნება კაფე და ღია ტერასა. პროექტს თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სარემონტო სამუშაოებს ტენ- დერში გამარჯვებული კომპანია შპს "ელიტა ბურჯი" ასრულებს. პროექტის საერთო ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს.
თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის ადგილზე მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა იმყოფებოდნენ.

კახა კალაძე მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის რაიონში, მარაბდის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ქუჩაზე ამჟამად, გზის საფუძველი ეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

"ვაკის რაიონში საგზაო ინფ- რასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს. ჩვენ გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რაც რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება", – განაცხადა კახა კალაძემ.

გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მარაბდის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

"მარაბდის ქუჩაზე დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის საფარი იცვლება. სამუშაოები დაახლოებით, ათ დღეში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, აქ მცხოვრებ მოსახლეობას ბევრად უფრო გაუმჯობესებული გარემო ექნება, ვიდრე მანამდე ჰქონდა", – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მარაბდის ქუჩაზე სამუშაობის შედეგად, 1700 კვ.მ ფართობის გზა შეკეთდება. პროექტს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "როუდ სოლუშენი" ახორციელებს და მისი ღირებულება 115 000 ლარია. მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში დაახლოებით, 100 000-მდე კვ.მ ფართობის გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური
скачать dle 12.0