მთავრობის განცხადება ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვის თაობაზე


მთავრობის ადმინისტრაცია ორბელიანის მოედანზე შუშის გადმოვარდნისა და ბავშვების დაშავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი მუდმივ რეჟიმში იღებს მომხდარზე ინფორმაციას.

„დაშავებული არასრულწლოვნები ამჟამად გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ. ადგილზე ამ წუთებში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეები – აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. კანონის შესაბამისად, მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც მომხდარში დადასტურდება.
პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გიორგი კვირიკაშვილის დავალების შესაბამისად, ყველა შესაბამისი უწყება მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაშავებული ბავშვების საზღვარგარეთ გადაყვანა“, – ნათქვამია მთავრობის ადინისტრაციის განცხადებაში.

ბარათაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული ერთერთი მოზარდი გარდაიცვალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის  თქმით ის მომხდარი ტრაგედიით შეძრულია და უსამძიმრებს დაღუპული 14 წლის მოზარდის ოჯახს.

შემთხვევა თბილისში ცოტა ხნის წინ მოხდა, ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს შენობიდან გადმოვარდნილი შუშა დაეცათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოზარდები 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.скачать dle 12.0