ვეძებთ "ბეემვეზე" ამხედრებულ "უთავო მძღოლს", რომელმაც 20 წლის ანა ნაცვლიშვილი დანით დაჩეხა

კეშას ბლოგი

კიდევ ერთი ახალგაზრდას ცხედარს მიიბარებს ქართული მიწა.
არ გვცალია ჩვენ დასატირებლად – ჯერ ის გვაქვს გასარკვევი – იმსახურებდა, თუ არა მოკვლას, ჰქონდა თუ არა ინტიმური ურთიერთობა სხვა მამაკაცთან და საერთოდ, ჰქონდა თუ არა ინტიმური ურთიერთობა?
პაპიროსსაც ეწეოდა იქნება, ყავასაც სვამდა, ალბათ.

შვილმკვდარ მამას დაადგნენ ჟურნალისტები: – ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს თქვენი ქალიშვილი ნამდვილადო?

– „ყელი გამოჭრეს ჩემ გოგოს… რომელ ეჭვიანობაზე ლაპარაკობთ“ – უპასუხა დაბნეულმა, გატეხილმა, მობერებულმა, სასოწარკვეთილმა, რადგან, ვერ გაიგო, რა მნიშვნელობა აქვს ეჭვიანობის ნიადაგზე მოუკლეს შვილი, თუ სხვა მიზეზით.

ყელი გამოჭრეს 20 წლის გოგოს, 7-ჯერ ჩაარტყეს დანა და საზოგადოებას ის ადარდებს: ჰქონდა, თუ არა გოგონას ინტიმური კავშირი ბეემვეს ვინმე მძღოლთან.

კარგი, მივყვეთ მოვლენებს: დილის 4 საათამდე ემესიჯებოდა, როგორც პროკურატურა გვეუბნება, მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ შეყვარებულ გრიგალაშვილს და ბოლო ზარიც მისი ნომრიდანაა განხორციელებული. ყოფილ შეყვარებულთან მესიჯობას და საუბარს რომ მორჩა, ხალათით ჩავიდა არსებული შეყვარებულის სანახავადო – აი, იდუმალი რომ არის და უჩინარი. მაგრამ არსებულ შეყვარებულთან მისვლამდე – ისევ ძველს ესაუბრა – ასეა, თურმე, დაფიქსირებული ტელეფონის მიხედვით და ჰა…

დილით კი, გოგონას ყელგამოჭრილი ცხედარი იპოვა მშობელმა…

აღიარა გრიგალაშვილმა მკვლელობაო – მოგვახსენეს სამართალდამცავმა ორგანოებმა, აღიარა და დანაც იპოვნა მის მანქანაში პოლიციამ – მაგრამ ადვოკატი ამბობს – ბრალდებულის მამის დანაა ეგ და მაგ დანით ვერ იქნება მკვლელობა ჩადენილიო.
ხო, მამის დანით ვინ კლავს ყოფილ შეყვარებულს.

მეტიც, ადვოკატი ამბობს – ფაქტზე წაადგა იმ რაღაც ბეემვეში ინტიმური ურთიერთობით დაკავებულს ვიღაც კაცთან და სახეც შეუთვალიერა იმ კაცსო.
ხოდა, ეს ყოვლად შეყვარებული კაცი – რომელმაც საყვარელი ქალი სხვის მკლავებში იპოვნა – მოტრიალდა და გამობრუნდა, მოტრიალებამდე კიდევ ერთხელ შეხება ინტიმური ურთიერთობით დაკავებულ კაცს – სახეზე დაიმახსოვრა, მანქანის ნომერი არა, დედას ვუტირებო – არ გაიფიქრა, არც უთხრა: – აქ ვარ, გიყურებთო, არც ცემა, არც შეიგინა – არა, გამობრუნდა და შეყვარებული მამას მიაკითხა – შენი შვილი დაიკარგა და წამოდი, მოვძებნოთო.
აი, იმ რაღაც გაურკვეველი ბეემვეს ვიღაც გაურკვეველმა მძღოლმა კი, მორჩა ინტიმურ საქმეს რა, დააძრო, დაცვის მხარის ვერსიით, თურმე დანა, გამოჭრა ყელი 20 წლის ანას – მოტივით – მაგის ძველმა შეყვარებულმა სახეზე დამინახაო, ცხედარი დააგდო და მიიმალა.

ხოდა, გასაჭირშია ახლა გრიგალაშვილი – შეიძლება მოძებნოს უთავო მძღოლმა და მოკლას – ამიტომაც, კარგია, ციხეში რომ ზისო – ადვოკატმა.
უთავო მძღოლო – ადვოკატია გარეთ, ავდოკატი – „ნაკოლს“ გაძლევ…

თუ გირგალაშვილმა ყოფილი შეყვარებული სხვის მკლავებში იპოვნა ბედნიერი – რატომ ეძებდა ასე თავგანწირვით, რა უნდა მოსვლოდა ახალგაზრდა გოგოს საყვარელ მამაკაცთან?
თუ გრიგალაშვილმა ყოფილი შეყვარებული სხვა კაცთან ინტიმური ურთიერთობის დროს იპოვნა – საერთოდ რაღას ეძებდა, რაღაში სჭირდებოდა?
აი, თუ უკვე ყელგამოჭრილი ყავდა დაგდებული და დანა ჰქონდა გადამალული – მაშინ შეიძლება კვალის დასაფარად დაეწყო გოგონას ძებნა, მაშინ კიდევ გავიგებდი. ახლა ვერ გავიგე, ვერც დავიჯერე.

საზოგადოებას ვეძებ ბრბოში.

ვწერთ და ვამბობთ ხოლმე – საზოგადოება თვლის, საზოგადოება უკმაყოფილოა, საზოგადოებას არ მოწონს – სად არის მაინც ეს საზოგადოება, სად ვმალავთ?

ისეთმა საზოგადოებამ დაწერა – მანქანაში წაწყდომია შეყვარებულს სხვა კაცთან და ქართველ კაცს რა უნდა ექნა, აბაო – რომ საზოგადოებას ვეძებ მას მერე.
ყველას თავისი დარდი აქვს – ბრალდებულის ადვოკატი უთავო მძღოლს ეძებს – მე საზოგადოებას.

ქართველი კი არა, საერთოდ განა კაცია ის, ვინც შეყვარებულს სხვა მანქანაში შეუწრებს ინტიმური ურთიერთობის დროს, მერე ამ ურთიერთობის დასრულებამდე კაცის სახეს თვალს არ აშორებს, რომ კარგად დაიმახსოვროს, დაელოდება დასრულებას, დაელოდება როდის გადმოვა გოგონა მანქანიდან – რადგან კაცს ვერ მოერევა, ალბათ, გოგოს კლავს, დანას მალავს და შვილმკვდარ მამასთან მიდის, წამოდი, შვილს მოგაძებნინებო?

ხომ ამბობთ, რომ ასე მომხდარა, თურმე, ხოდა, ასეთი ქართველი კაცი ვიცი მე?

„ხევისბერი გოჩა“ გადაიკითხეთ – ღალატისთვის კაცი მოკლა ხევისბერმა, თუ ქალი?

მაინცდამაინც მარიტას ნუ გამახსენებთ – ტყუილია ეგ, არასოდეს ყოფილა ქართველი კაციჭამია, არც ქალიჭამია.
ქართველო კაცებო, ქართველ კაცობას ნუ მიაწერთ უსუსური გოგოს მკვლელობას.

ქართველო კაცებო, სხვის ცოლებს რომ ტვინს უტრიალებთ ხოლმე და დასდევთ – მაშინ არ გახსენდებათ ქართველი კაცობა?
ქართველო კაცებო – ქალაქში რომ არასრულწლოვანი გოგონები თურქ ბიძიებთან ერთად ხელგადახვეულნი დადიან – ისინი თქვენი ქალიშვილები არ არიან, განა?

მამას გოგოს ყელი გამოჭრეს, 7-ჯერ ჩაარტყეს დანა – ღირსი იყოო – ეუბნებით – ქართველია ეგ? ჩემი ქართველი ამბობს მაგას?
ჩემს შვილს კამათი მოუვიდა უფროსკლასელთან – ჩემს კლასელ გოგოს ცუდი სიტყვა უთხრაო. მართალია, ის გოგო არ იყო მართალი, მაგრამ ბიჭმა გოგოს ასე როგორ უნდა მიმართოსო.

არ ვიცი, მერე ეს ვითომ საზოგადოება რას უზამს ჩემს შვილს, როგორ შეცვლის, რას გადაუგვარებს – მაგრამ ესაა ქართველი, ასეთია ქართველი.
შეყვარებულებს კი არა ქმრებს შორდებიან – უნდა მოეკლა იურა რუსს თამარ მეფე.

სახელმძღვანელო გამოვცეთ: რისთვის შეიძლება ვცემოთ ადამიანი, რის გამოა ადამიანის მოკვლა გამართლებული.
მაგალითად: – ყოფილი შეყვარებულისთვის ღალატისთვის მკვლელობაა სასჯელი, როგორც დააწესა საზოგადოებამ, რამდენმა კაცმა უღალატეთ ყოფილ შეყვარებულს, მოქმედ შეყვარებულს, მოქმედ ცოლს – ხელი აწიეთ – დაგხოცოთ უნდა.

მაინც რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? ერთი სექსი? ორი შეყვარებული?

მაინც რა ღირს ადამიანის სიცოცხლე? – 7-დან 15 წლამდეო – გვითხრეს და საქმე ისე მიდის, დანაშაული რომც დაუმტკიცდეს, 7 წელსაც არ გააჩერებენ ციხეში, ვატყობ.

შეიძლება, სულაც გარეთ გამოუშვან ერთადერთი ბრალდებული, დღეის მონაცემებით და იმ უცხო ბეემვეზე ამხედრებული უთავო მძღოლის დევნა განაგრძონ. არც ეგ გაგვიკვირდება – ვიცი უკვე. არ არის საზოგადოება და იმიტომ. ვეძებე და ვერ ვპოულობ ბრბოში ჩამალულ საზოგადოებას, გადაუყლაპავს ბრბოს, მოუნელებია კიდეც.
დადის ახლა ეს ქართული ბრბო, დედის უკუღმა გინებით, ქუჩაში ფურთხებით, დადის კაზინოში, საზღვარგარეთ მონად ჩაბარებული ცოლის გამოგზავნილი ფულით, დასდევს სხვის ცოლს და შეყვარებულს, დადის დანით, ჩინური მასაჟისკენ მიმავალი გზად ფსიქოტროპულ აფთიაქს გადის, დადის სულ უკმაყოფილო და მშიერი, დადის მთვრალი ან ნაბახუსევი – სახლში ლომი და ქუჩაში კურდღელი, ფეისბუქზე – ვეფხვი და ქუჩაში – თაგვი… ქუჩაში თვალს არიდებს მეზობლის პატარა გოგოს უსაქციელო ქცევას – სახლში განიხილავს, რატომაც არა, სახლში ფეისბუქი აქვს.

20 წლის ყელგამოჭრილი, დაჩეხილი ცხედარი უნდა ჩადოს მამამ მიწაში, ესენი ზემოდან აფურთხებენ, კუბოს ზემოდან ესვრიან ქვებს.
20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ ადამიანებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის, წამებისთვისო – წერია კანონში.
რატომ არ არის 20 წლის გოგოს დანით დაჩეხვა წამება და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული?

რატომ არ არის მკვლელობის გამართლება სისასტიკე და რატომ არ არის სისასტიკე დასჯადი?

ხვალ და ზეგ შეიძლება თქვენი შვილი დაშორდეს შეყვარებულს – რა გააკეთოს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა? არ მოკლავს – ჭეშმარიტი ქართველი ვერ იქნება, აკი, ქართველობა დაშორებული გოგოების ხოცვაა, მოკლავს და დაიჭერენ.

მოიფიქრებს, ალბათ, თქვენი შვილის ყოფილი შეყვარებული რამეს, აარჩევს რომელიმე ვარიანტს და პირველი თუ აირჩია, მამები რას იზამთ, მამები? სად გადაეფარებით ამდენ ფურთხს, რომელსაც არც თქვენი მკვდარი შვილისთვის დაიშურებს ბრბო, სახელად საზოგადოება…
მკვლელობა თუ აღიარა გრიგალაშვილმა, როგორც პროკურატურამ გვითხრა – კაცურად რომ მოიქცეს და ერთი წლით ნაკლები სასჯელის გამო სიცოცხლესთან ერთად სახელიც არ მოუკლას გოგოს – ასე ძნელია?

ან ეს აღიარება თავიდანვე როგორ მოიფიქრა, ან მერე ვინ გადააფიქრებინა, რომელ ახლობელს მოუვა თავში აზრად თქვას: – კი, მოკალი, მაგრამ, მოდი, იმ გოგოს იმნაირის სახელი დავარქვათ და ქვიშაში ნემსის საძებნელად გავუშვათ გამოძიება, რომელიც ვერასოდეს იპოვის ბეემვეს უთავო მხედარსო?
მარკა შეგეშალათ, მარკა.

ოპელი რომ გეთქვათ, აქამდე იპოვნიდით ვინმე, საწყალ ბიჭს და შეახოცავდით სისხლიან ხელებს. ბეემვიანები უმეტესად პატრონიანები და ფულიანები არიან – შეგეშალათ მარკა.

ვერსიაც შეგეშალათ – მეზობლებმა პატიოსანი და წყნარი, მშრომელი და წესიერი გოგო იყოო – თქვეს და ჩემზე უკეთ იცით, ქართველმა მეზობელმა მშობელზე უკეთ რომ იცის, რას აკეთებს და როგორია ჩვენი შვილი.

ერთი, რაც ვერ შეგეშლებათ, ისაა, რომ 20 წლის გოგონას დაჩეხილი ცხედარი იპოვნა მამამ. დასტირის და ფურთხს იგერიებს, დასტირის და ბრალდებულის ადვოკატმა დრო უპოვნა, დასტირის და ჩვენ კიდევ პურიც დაგვავიწყდა, ისე პირდაღებულნი შევცქერით სანახაობას.
ვუსამძიმრებ ანა ნაცვლიშვილის ოჯახს.

ვუსამძიმრებ აქა-იქ შემორჩენილ ქართველებს – ბრბოს მიერ ქართული საზოგადოების გადასანსვლასა და მონელებას.скачать dle 12.0