როდის შეიძლება წამალი საწამლავად იქცეს?

ვაგრძელებთ საუბრებს ბატონ რამაზთან. იგი ამჯერად გაგვაცნობს რა საკვების მიღება არ შეიძლება ამა თუ იმ სამკურნალო პრეპარატებთან:

– ბატონო რამაზ, ზოგადად, რა როლს ასრულებს კვება, მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.


– საკვები ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, განსაკუთრებით, ვიტამინებსა და მინერალებს უნდა შეიცავდეს. მცირე რაოდენობით მიიღეთ ცხიმიანი საკვები და შაშხი. სასარგებლოა სიარული ბუნების წიაღში — დღეში 10კმ. ტერფის მიდამოებში განლაგებულია სპეციალური წერტილები და მათზე ზემოქმედება ხელს უწყობს ლიბიდოს ამაღლებას. ამიტომ, სასარგებლოა ფეხშიშველა სიარული. ეფექტს იძლევა არა რბილ ნოხზე, არამედ ზღვის მსხვილქვიშიან ნაპირზე სიარული. სიყვარულს და სექსსაც ასაკი არ გააჩნია. იმპოტენცია არ არის განაჩენი. სექსუალური დღეგრძელობა ასაკზე დამოკიდებული არ არის. მაგალითად, 99 წელს მიღწეულ ამერიკელ მამაკაცთა უმრავლესობამ კითხვას, თუ როდის დაკარგეს სექსისადმი ინტერესი, უპასუხეს, რომ მათ ამ ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

– ბატონო რამაზ, როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნეთ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას წამლებთან საკვების შეუთავსებლობამ.


– დიახ, ასეა. სამედიცინო სამყაროში დიდი შეშფოთება გამოიწვია მამაკაცის ტრაგიკულმა ისტორიამ, რომელიც ქოლესტერინის დამწევი პოპულარული საშუალების — ლიპრიმარის დოზის გადაჭარბების გამო დაიღუპა. როგორც გაირკვა წამალი დამნაშავე არ იყო. პაციენტი მრავალი წელი ჩვეულებრივ მკურნალობდა ამ წამლით. პრობლემა მას მერე წარმოიშვა, რაც მან დღეში 2–3 ჭიქა ახალგამოწურული გრეიფრუტის დალევა დაიწყო. ამის მერე იგი თირკმლის უმძიმესი უკმარისობით გარდაიცვალა. მისი თირკმლები გამოტენილი იყო კუნთოვანი ქსოვილის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ცილებით. გრეიფრუტის წვენი ჩ ვიტამინის, კალიუმის და უჯრედისის საუკეთესო წყაროა, მაგრამ ერთ ჭიქა წვენს შეუძლია არსებითად შეაფერხოს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწლავური ფერმენტების მოქმედება, რომლებიც ხელს უწყობს მრავალი მედიკამენტის შეთვისებას. განსაკუთრებით საშიშია გრეიფრუტის კომბინირება ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, იმუნოდეპრესანტებთან, ერითრომიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატთან და ვიაგრასთან. გრეიფრუტის წვენთან, განსაკუთრებით ახალგამოოწურულთან დაუშვებელია შემდეგი მედიკამენტების მიღება: ანტიარითმიულის, ანტიბიოტიკების, ანტიკოაგულანტების, ანტიალერგიულის, ანტიეპილეფსიურის, ბეტა-ბლოკატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, ჰორმონული, იმუნოსუპრესორების, ანალგეტიკების, ვირუსსაწინააღმდეგო, ჰელმინტოლოგიური, სოკოს საწინააღმდეგო, ხველების საწინააღმდეგო (დექსტრომეტორფანი) და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების. გრეიფრუტის წვენის მიღება საშიშია ჰიპოტენზურ ან სხვა საგულე პრეპარატებთან ერთად, რადგან ამ დროს მკვეთრად იზრდება ამ ჯგუფის პრეპარატთა რაოდენობა სისხლში, რამაც შეიძლება სასიკვდილო შედეგი გამოიწვიოს. ამერიკელები სავალდებულო წესით ახდენენ გრეიფრუტის წვენთან ყველა ახალი წამლის ტესტირებას. იგი უარყოფით გავლენას ახდენს 200-ზე მეტ პრეპარატზე.
ნაბახუსევზე პარაცეტამოლის მიღება შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს!

ასევე, შეუთავსებელია სამკურნალო პრეპარატები და ალკოჰოლი. მაგალითად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას თუ ალკოჰოლს, განსაკუთრებით, წითელ ღვინოს მიიღებთ, თქვენ სერიოზული ჰიპერტონული კრიზის რისკის ქვეშ დგებით. დაუშვებელია ნაბახუსევს თავის ტკივილის დროს ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის — პარაცეტამოლის მიღება. ალკოჰოლისა და პარაცეტამოლის ურთიერთმოქმედებით წარმოქმნილი ნივთიერებები იწვევს ღვიძლის ნეკროზს და უკმარისობას. ამის გამო ბევრი სიცოცხლეს გამოესალმა. აქვე, ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჯორჯ ბუში უფროსის თანაშემწეს შეემთხვა. იგი ალკოჰოლიკი არ იყო, მაგრამ ჩვევად ჰქონდა ყოველდღიურად დაელია 3–4 ჭიქა თეთრი ღვინო. ოთხი დღის განმავლობაში მან გაცივების სამკურნალოდ მიიღო ათი აბი პარაცეტამოლი. ეს დოზა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ღვიძლი დაშლოდა. მისი გადარჩენა მოასწრეს და ღვიძლი სასწრაფოდ გადაუნერგეს. განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლის მიღება დიმედროლთან, ძილის მომგვრელ საშუალებებთან, ნეიროლეპტიკებთან, სუპრასტინთან და მის ანალოგებთან ერთად. ალკოჰოლთან ერთად კლოფელინის (წნევის დამწევი საშუალება) მიღებამ, შესაძლოა გონების დაკარგვა გამოიწვიოს, პარალელურად, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, რაც ხშირად ლეტალურად მთავრდება. ალკოჰოლური სასმელები ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღებისას კიდევ უფრო აქვეითებს სისხლის შედედებას. შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს — სისხლდენა და სისხლჩაქცევები. ალკოჰოლი ასევე, აბსოლუტურად, შეუთავსებელია ინსულინთან და დიაბეტის საწინააღმდეგო ნებისმიერ პრეპარატთან, რადგან ასეთი შეხამება იწვევს დიაბეტურ კომას. ალკოჰოლის გავლენით ანტიბიოტიკები და ვიტამინები (C, B ჯგუფის, ფოლის მჟავა) არ შეიწოვება და მკურნალობა სრულიად არაეფექტურია. სპირტიან ნაყენზე დამზადებული მრავალი პრეპარატი უკუჩვენებითია მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს. ამ შემთხვევაში ისინი ანალოგიური აბებით უნდა შეიცვალოს.
რა საფრთხე ემუქრებათ თამბაქოს მომხმარებლებს?!

სიგარეტიც მოქმედებს წამალთა შეთვისებაზე, რის გამოც მწეველებს დიდი სიფრთხილე მართებთ. წამლების მოქმედებაზე გავლენას ახდენს თამბაქოს ბოლში შემავალი ტოქსიკური კომპონენტები. პირველ რიგში, მას მიეკუთვნება ბენზპირენი. ადამიანი რომელიც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ჩაისუნთქავს ამ შხამის, დაახლოებით, 1 მილიგრამს. ეს ძალიან ბევრია. ამის გამო მწეველთა ღვიძლი მუდმივ სტრესულ მდგომარეობაშია. ეს იწვევს ზოგიერთი წამლის დაჩქარებულ გადამუშავებას და მათი სამკურნალო მოქმედების შემცირებას. მწეველებს, როგორც წესი, სჭირდებათ წამლების გადიდებული დოზა, რაც თავის მხრივ, მავნე გავლენას ახდენს ღვიძლზე. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მისაღწევად მათ უნდა მიიღონ დიდი დოზით პარაცეტამოლი. ბრონქული ასთმით დაავადებულ მწეველებზე სუსტად მოქმედებს ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, თეოფილინი. განსაკუთრებით დამანგრევლად მოქმედებს თამბაქოს კვამლი მრავალ საგულე საშუალებაზე, მაგალითად ანაპრილინზე და ოქსპრენოლოლზე.

- რძის პროდუქტები ანტიბიოტიკების შეწოვას აფერხებს?

- ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდში მენიუდან, ალკოჰოლთან ერთად, უნდა გამოირიცხოს რძე და რძის პროდუქტები, რადგან მათში შემავალი კალციუმი ბოჭავს ანტიბიოტიკების დიდ ნაწილს და თითქმის მთლიანად აფერხებს მათ შეწოვას. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ უჯრედისის მაღალი შემცველობის პროდუქტები (ბოსტნეული, ხილი) არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ხელს უშლის მათ შეწოვას. აქედან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება. ანტიბიოტიკებით მკურნალობისას, პირველ რიგში, თავი შეიკავეთ ბარდისგან, ბროკოლისგან და კომბოსტოს სხვა სახეობებისგან. ნაკლებად მიირთვით ხორცეული. დროებით უნდა შეიკავოთ თავი მჟავე საჭმელებისგან, ყავისგან, კოლასგან, გაზიანი სასმელებისგან, ძმრიანი კერძებისგან.

– ბატონო რამაზ, იქნებ მკითხველს კონკრეტულად ურჩიოთ ამა თუ იმ პრეპარატის მიღებისას, რა საკვებისგან შეიკავონ თავი?

– მაგალითად, ანტიდეპრესანტებთან შეუთავსებელია ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით წითელი ღვინო, რძის პროდუქტები, პარკოსნები, ყავა, კომბოსტოს მწნილი, ძროხის და ქათმის ღვიძლი, გამოყვანილი თევზი და ხორცი, ლეღვი, ბანანი, ქიშმიში. ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი შეიცავს თირამინს, რომელმაც ანტიდეპრესანტებთან ურთიერთმოქმედებით შეიძლება არტერიული წნევის მკვეთრი მომატება გამოიწვიოს. არ იკრძალება ხილისა და ბოსტნეულის წვენი.

შეუთავსებელია C ვიტამინის მაღალი შემცველობის პროდუქტები (ციტრუსები, ბოსტნეული) ნოვოკაინთან, ფოლის მჟავას შემცველი პროდუქტები (პარკოსნები, ღვიძლი, პომიდორი) ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან. გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდში უნდა მოერიდოთ მაღალკალორიულ და ცხიმიან საკვებს. უარი თქვით ყავაზე, კაკაოზე, შოკოლადზე, ცხარე და მარილიან საუზმეზე. არ იკრძალება თევზი და ზღვის პროდუქტები, მცენარეული ზეთები. მიიღეთ ბოსტნეული, ახალი ხილი, ჩირი, რძე და რძის პროდუქტები.

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას ერიდეთ ჰისტამინის შემცველ პროდუქტებს, კონსერვებს, ღვინოს, მჟავე კომბოსტოს, ასევე, ციტრუსებს, პომიდორს, ბანანს, ხენდროს, კვერცხს, ბულიონებს, ნიგოზს, შოკოლადს. არ იკრძალება პროდუქტები, რომლებიც იცავს კუჭის ლორწოვან გარსს — სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, პარკოსნები, ყაბაყი, ვაშლი, მსხალი, ატამი.

(გაგრძელება იქნება)

თამარ შველიძე
скачать dle 12.0