ჯალათები და მწამებლები, საქართველოს გარდა, არცერთ ქვეყანას არ შეუწყალებია

გვესაუბრება ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე

-  ბატონო გრიგოლ, ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არაერთხელ დაადასტურა, რომ ნაცრეჟიმის პერიოდში ხშირად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა უფლებამოსილების გადამეტება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში მაინც უკმაყოფილება სუფევს. რა არის ამის მიზეზი?

-  მართალი ხართ, სტრასბურგის სასამართლომ, ფაქტობრივად, ღიად დაადასტურა, რომ წინა რეჟიმი კრიმინალებსა და მწამებლებს მფარველობდა. საერთაშორისო სასამართლომ არაერთხელ გააკრიტიკა მკაცრად, როგორც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთოდ, მართლმსაჯულება. რაც მთავარია, პირადად ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც შეიწყალა მკვლელიმწამებლები ისე, რომ მინიმალური სასჯელიც არ მოახდევინა.

-  მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონდა და აქვს შეწყალების უფლებამოსილება.

-  გეთანხმებით, შეწყალების უფლებამოსილება ყველა ქვეყნის პირველ პირს აქვს. აქ მთავარი ის გარემოებაა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მწამებელი დამნაშავეები მსოფლიოს პროგრესულ ქვეყნებში არ შეუწყალებიათ. საქმე "გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ" გახლდათ, ფაქტობრივად, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში განხორციელებული რეფორმების ექსპერტიზა, რამდენად სამართლიანი იყო იმ პერიოდში მართლმსაჯულების სისტემა, ვიცით, რომ დღევანდელი ხელისუფლება დიდ ყურადღებას აქცევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რათა ეტაპობრივად აღმოფხვრას და გამოასწოროს ხარვეზები.

გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ვიმეორებ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მკაცრად იქნა გაკრიტიკებული სააკაშვილი, რომელმაც მკვლელი-მწამებლების შეწყალებით ხელი შეუშალა მართლმსაჯულების აღსრულებას. თუმცა, ეს პოლიტიკური აქტი გახლათ, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმი ხელს უწყობდა ჯალათების წახალისებას.

- მხოლოდ გირგვლიანის საქმეში ჩაერია და გადაამეტა თავის უფლებამოსილებას საა- კაშვილმა? რამდენადაც ცნობილია, სხვა საქმეებშიც ჰქონდა ცხვირი ჩაყოფილი.

- დავინტერესდი სააკაშვილის რეჟიმის დროს განხორციელებული შეწყალების აქტებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო სააკაშვილის მიერ 2013 წლის ივლისში თენგიზ გუნავას შეწყალებამ. გუნავას წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავებოდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ გუნავას სასჯელიც დაუწესა პატიმრობის სახით. თუმცა პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა, რადგან სასჯელის ზომა უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. ჯერ კიდევ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე სააკაშვილმა შეიწყალა გუნავა და ნასამართლეობაც მოუხსნა. საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები: პირველი ინსტანციის სასამართლომ გუნავას პატიმრობა მიუსაჯა (ამ შემთხვევაში ვადას მნიშვნელობა არა აქვს), 2012 წელსვე ამნისტიით მას შეუმცირდა სასჯელის ვადა. ყოფილი პრეზიდენტი შეწყალების აქტით უხეშად ჩაერია მართლმსაჯულებაში, რომელიც პოლიტიკური აქტი გახლდათ. პირველი ინსტანციის განაჩენი გასაჩივრებული გახლდათ, ხოლო სააპელაციო სასამართლო სხდომები დაწყებული არ იყო. ფაქტობრივად, გუნავა ჯერ კიდევ ბრალდებულის სტატუსით იყო. გარდა ამისა, შეწყალება ხდება იმ შემთხვევაში, როცა პირს უკვე მოხდილი აქვს სასჯელის ერთი მესამედი. გუნავას საქმეში სააკაშვილმა გამოიჩინა არა მარტო მართლმსაჯულებისადმი უპატივცემულობა, როდესაც ერთპიროვნულად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, არამედ დაარღვია და უგულებელყო სისხლის სამართლის ნორმები თუნდაც იმით, რომ გუნავას მოუხსნა ნასამართლეობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნით მხოლოდ სასჯელის მოხდის შემთხვევაშია შესაძლებელი პირისთვის ნასამართლეობის მოხსნა. როგორც ვხედავთ, გუნავას საქმეშიც უამრავი დარღვევაა. ისევე, როგორც გირგვლიანის საქმეში. არავინ უარყოფს, პრეზიდენტს აქვს უფლება, შეწყალების აქტი გამოსცეს, რომელიც ჰუმანური უნდა იყოს, მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულებას და განხორციელებას ხელი არ შეუშალოს.

-  დარღვევების აღმოჩენა ერთი საკითხია, მაგრამ რას აპირებთ მომავალში? გაასაჩივრებთ თუ მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებით შემოიფარგლებით?

-  გუნავას საქმე ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ" შეისწავლა. მასალები და საჩივარი საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელზე შევიტანეთ, რათა მოახდინონ რეაგირება და თუ ჩათვლიან საჭიროდ, გადასცენ პროკურატურას დეტალური გამოძიებისთვის. თუმცა, ვფიქრობთ, რომ სააკაშვილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება აშკარად იკვეთება. დანაშაულის ფაქტები თუ არსებობს, ეს უკვე პროკურატურის გამოსავლენია.

- ბატონო გრიგოლ, არ შეიძლება არ გკითხოთ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებზე, რამაც ხმაური გამოიწვია. როგორც ადვოკატი, თქვენ როგორ შეაფასებთ ამას?

- დღევანდელი ხელისუფლე- ბის მიზანია მართლმსაჯულების რეფორმა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ამაღლება. როდესაც შეჯიბრებითობა მაღალია, ადვოკატისა და პროკურორის უფლებამოსილება, პროფესიონალიზმი იხვეწება. მოსამართლეთა უვავოდ დანიშვნას, მოგეხსენებათ, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე ხელმძღვანელობს. მისი მიზანია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალი იყოს. ატეხილი აჟიოტაჟი, საჯარო გამოსვლები ჩრდილს აყენებს ამ ინსტიტუციას.

საკანონმდებლო თუ სხვა სამთავრობო სტრუქტურებმა, რომლებმაც წარადგინეს და გაამწესეს იუსტიციის საბჭოს წევრები, მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ. არაერთხელ განმიცხადებია საჯაროდ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების კვალდაკვალ განხორციელებულიყო მართლმსაჯულების მონიტორინგი. კერძოდ, მოსამართლეები, რომელთა გამოტანილი განაჩენი სტრასბურგში გაამტყუნეს, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ხელისუფლების დროს, ის მოსამართლეები ან უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ან ჯარიმები დაკისრებოდათ. მაშინ ჩემი აზრი იურისტების ნაწილმა მოიწონა, მოსამართლეთა ნაწილი კი ითხოვდა, მსგავსი სასჯელი იმ პროკურორებზეც გავრცელებულიყო, რომლებიც წაგებულ საქმეებს წარმართავდნენ, გამოძიებას თუ მოკვლევებს ახორციელებდნენ და სასამართლო პროცესებზე პირდაპირ ითხოვდნენ მათ დასჯას. თითქმის იმავეს ამბობენ და ითხოვენ ახლანდელი იუსტიციის
საბჭოს წევრებიც.
გია ბურდული

скачать dle 12.0