"ლევანდოვსკის გიმნაზიის" გვერდით ირანელები სასტუმროს აშენებენ

დაინაწილეს თბილისი ახლო თუ შედარებით შორებელმა მეზობლებმა, აღმშენებლის გამზირი თუ უკვე თურქულ-არაბული კვარტალის "სტატუსი" მიენიჭა, "ზემელს" კი ირანელები "უტევენ". მავან ვაი-ქართველთა ხელშეწყობით, ამ ისტორიულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მოფენილ უბანს, სრული განადგურება ემუქრება, თუნდაც იმიტომ, რომ აქაურობასაც გადაუარა უკანონო მშენებლობების ტალღამ. თუ ვინმე შეეწინააღმდეგა, "მოღალატედ" გამოაცხადებენ, ინვესტიციების მოზიდვას ხელს უშლისო და შეიძლება "ინვესტორმა" უჩივლოს კიდეც "ინტრიგანს", "აღმშენებლობაში" ხელს მიშლისო და მატერიალური ზარალის გადახდაც მოსთხოვოს.

ქართველ ჩინოვნიკებს კარგად რომ ეხერხებათ მღვრიე წყალში თევზის ჭერა, ბარნოვის ქუჩის დასაწყისსა და მის შემოგარენში მიმდინარე პროცესებიც მოწმობს. როგორც ჩანს, არც კულტურისა და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელობებს ანაღვლებთ, რა საფრთხე ემუქრება (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ) "ლევანდოვსკის გიმნაზიის" სახელით ცნობილ 49-ე სკოლას და მის მოსწავლეებს, რადგან ბარნოვის ქუჩის მცხოვრებნი წლებია ამაოდ ითხოვენ გაჩერდეს სკოლის გვერდით უკანონო მშენებლობა. ერთ-ერთმა იქ მცხოვრებთაგანმა, ინჟინერმა და პედაგოგმა მედიკო ბოჭორიშვილმა წერილობით მიმართა დედაქალაქის მერიას, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

მედიკო ბოჭორიშვილი:
დავით ნარმანიამ თანამდებობიდან წასვლის წინ, 2017 წლის 5 ოქტომბრის №1–2186 ბრძანებით, კალაძის საარჩევნო პროგრამების სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მომაკვდავ ერთა ხუთეულის თავში მყოფი ქვეყნის ბავშვთა ინტერესებზე წინ, ირანელი მოქალაქის კერძო ინტერესები დააყენა. სკოლას, რომელსაც 111 წლის ისტორია აქვს, პრაქტიკულად ესპობა ნორმალურად არსებობის საშუალება ესპობა, რადგან სკოლის სამსართულიან შენობას ერთადერთი მზიანი ფანჯრების მხრიდან ირანელის ხუთსართულიან სასტუმროს უშენებენ. 

ბარნოვის ქუჩის ეს მონაკვეთი ძალიან დამრეცია, ზამთარში მოაჯირის გარშე თითქმის ვერ გაივლით, სასტუმროს ავტოსადგომთან ერთად, ავტოფარეხიც ექნება, ასე რომ ტროტუარზე ჩაყოლებულ მოაჯირს ორ ადგილზე ჩაჭრიან და მოაშიშვლებენ იქაურობას. ვეკითხები დედაქალაქის ხელმძღვანელობას და სხვა უწყებებს, ბავშვებმა უსაფრთხოდ როგორ უნდა იმოძრაონ, ზემოდან მომავალი მძღოლი ვერც ხედავს სკოლასთან რა ხდება, უცბად რომ გადმოვიდეს ბავშვი უმოაჯირო ტროტუარიდან სავალ ნაწილზე, ხომ გასრისავს, მძღოლის დასჯა უშველის იმ ბავშვს? სასტუმრო ფუნქციონირებას რომ დაიწყებს, ცხადია, ხმაურიც მოიმატებს. ამ სასტუმროებს რეალურად რა "ფუნქციაც" აქვს, ყველამ კარგად ვიცით, ცხვირწინ რომ აუშენებ ამ ე.წ. სასტუმროს ფანჯრებით სკოლისკენ, რას უნდა უყურონ ბავშვებმა, ვიღაცების პირადი ცხოვრების პიკანტურ მომენტებს? რამდენი ირანელი დაიჭირეს ნარკოტიკის შემოტანა-რეალიზაციის ფაქტზე, რა გარანტია გვაქვს, რომ მოსწავლეებს არ ჩაითრევენ ნარკოტიკის მოხმარებაში? 

მედიკო ბოჭორიშვილი: ბარნოვის ქუჩის დასაწყისი და მისი შემოგარენი ძველი თბილისის ნაწილია, ძალიან საინტერესოა, როგორც ლანდშაფტური, ისე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისი თ. ბარნოვის № 2 200 წლის წინ არის აშენებული, მის მეპატრონეს ლოსაბერიძეს მეორე სართულზე სტამბა ჰქონდა გამართული, იაკობ გოგებაშვილი ამ სტამბაში ბეჭდავდა თავის "დედა ენას". ეს ულამაზესი, ღია აივნებიანი სახლი ქართული არქიტექტურის ნიმუშია. მისი გაგრძელებაზეა სახლი უნიკალური დახვეული ხის კიბით, სხვათა შორის, რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული ეს კიბე. დღეს ეს კიბე ავარიულ მდგომარეობაშია, ასვლა არ შეიძლება, მაგრამ უცხოელებისთვის მაინც ძალიან საინტერესოა, მოწონთ და ფოტოებს უღებენ. ბარნოვის №4–6 სახლებიც კულტურის ძეგლებია, მაგრამ მაინც გაყიდეს, მხოლოდ მიწის სამუშაოებზეა ნებართვა გაცემული (2007 თუ 2008 წელს) და რის აშენებას აპირებს ახალი მფლობელი, კაციშვილმა არ იცის. მომდევნო სახლის ყიდვა იტალიელებს უნდოდათ, მაგრამ რომ დაათვალიერეს, უარი თქვეს, ამის ხელის ხლება არ შეიძლება, მომავალ არქიტექტორები ამ სახლის მაგალითზე უნდა გაიზარდონო. ახლა ამ სახლს ზემოდან ირანელის სასტუმრო "უტევს", მეორე მხრიდან 20 მეტრი სიღრმის სასაძირკვლე ქვაბული. კომპანია "ემ კვადრატი" აპირებს რაღაცის აშენებას. ადგილობრივი არჩევნების დროს ელენე ხოშტარია მოვიდა, ვითომ ჩვენს დახმარებას აპირებდა, მართალი ხართ, როგორ შეიძლება არქიტექტურული ძეგლების ხელყოფაო. მერე ეტყობა გაარკვია, რომ მშენებელი მისი ქმრის კომპანია იყო და აღარ გამოჩენილა. 

60 ყველაზე რთული ადგილია მონიშნული თბილისის რუკაზე და ხსენებული ფერდობი პირველ ადგილზეა. ორჯერ ჩამოინგრა აქ გრუნტი, პირველად 1974 წელს ჩამოინგრა, როცა სოლოლაკი-ზემო ვერის დამაკავშირებელი ქუჩა (ჭონქაძე) შენდებოდა და მუშები ცოცხლად დამარხა. სპეციალისტებმა ეს ანდროგენური ფაქტორით, ანუ სახიფათო ზონაში გაუთვალისწინებელი ჩარევის მიზეზით ახსნეს. მერე იქ ბენზინგასამართი სადგური ააშენეს, მეორედ 2005 წელს ჩამოიშალა ქანები და ეს სადგური მომსახურე პერსონალიანად ჩამარხა. ამ ფერდობის გაგრძელებაა ყოფილი ელბაქიძის ქუჩა, სადაც რამდენიმე წლის წინ სავალი ნაწილი მთლიანად ჩაინგრა. ეს იმიტომ მოვყევი, რომ რომ ორ სახლს შორის არსებულ მწვანე ზოლს უფრო ნიადაგშემაკავებელი ფუნქცია ჰქონდა, რომელიც ორი მხრიდან იყო ამოშენებული ქვის კედლით. ეს ტერიტორია თბილწყალკანალს ეკუთვნოდა, სტრატეგიული დანიშნულების გამო, მისი გასხვისება არაფრით არ შეიძლებოდა, მაგრამ ცნობილი "პრიხვატიზაციის" დროს გაყიდეს, ხეები მოჭრეს და გაანადგურეს იქაურობა. რაიმე მცირე ბიძგიც საკმარისია, რომ ხსენებული ფერდობი კვლავ ჩამოიშალოს, რამ უნდა შეაკავოს 45 გრადუსით დახრილ ბარნოვის ქუჩაზე მეწყერი? აღარც სკოლა დარჩება იქ და არც ეს სასტუმრო სხვა სახლებთან ერთად. წყალსაჭირხნი მრავალტონიანი კოშკი იდგა, ისიც მოსპეს და ჯართად გაყიდეს, როგორც ბერიას დროს გაყვანილი საკანალიზაციო სისტემა.

ბოლოს ირანელზე გაასხვისეს, ვერც იმან შეძლო მშენებლობის დაწყება, ვითომ სამსართულიანი შენობა უნდა აეშენებინათ, მაგრამ იტყუებოდნენ. ამ ირანელმა ისევ თავის ტომელზე გაყიდა ეს ტერიტორია, მაყაშვილის სახლი რომ დაანგრიეს, მაშინღა დავინახეთ, რომ თურმე სკოლის კედელი რამდენიმე ადგილზე ჰქონდა გამონგრეული და კოჭები შეწყობილი და საძირკველიც გაშიშვლებული. ამ ყველაფერზე სკოლის დირექტორები ისე იყვნენ გაყუჩებულები და ახლაც ისე არის მოქმედი დირექტორი გაჩუმებული, რომ ბუნებრივად ჩნდება უამრავი ეჭვი. თუ ის ირანელი კეთილსინდისიერი შემძენია, არაკეთილსინდისიერი გამყიდველი ხომ აგერ გვყავს, მოსთხოვონ პასუხი და მაშინვე გაირკვევა, რა და როგორ მოხდა. სამსართულიან შენობაზეა გაცემული საეჭვო დასკვნა და ხუთსართულიანს აშენებენ. სალომე ზურაბიშვილი ჩაერთო ამ საქმეში, რომელიც მოგეხსენებათ, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატია, არ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მოფენილ უბანში უკანონო მშენებლობა ხორციელდებოდესო.

შპს "თრიფელ ეის" იურისტი ამ ჩარევამ ძალიან გააწიწმატა, ვინ ეკითხება ზურაბიშვილს, მაგ უბანში ცხოვრობს და პრობლემები ექმნებაო. რაზე შეიძლება ამის შემდეგ ელაპარაკო ამ კომპანიის ხელმძღვანელობას? მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდათ, რომ იქ მომუშავე სატვირთო ავტომანქანა მკვეთრ დაღმართზე მოცურდა, მეზობლის "მერსედესიც" დააზიანა და ბორდიურ-მოაჯირებიც. ამ კაცისთვის ზარალის ანაზღაურებას არავინ ფიქრობს. ჩვენ ამ კომპანიაზე მეტად, მთავრობასთან გვაქვს პრეტენზია, ფაქტობრივად დამალული აქვთ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიღებული დადგენილება, თქვენ წარმოიდგინეთ, "მშენებელთა ლიგასაც" კი არ ჰქონდა ეს დოკუმენტი, ჩვენ გადავეცით. იქ გაწერილია სეისმომედეგობის თვალსაზრისით, რამხელა დაშორება უნდა იყოს სახლებს შორის, რომ მიწისძვრის დროს სახლის ნგრევით წარმოქმნილმა ნაგავმა არ დააზიანოს გვერდით მდგომი კაპიტალური შენობა. რამხელა დაშორება უნდა იყოს კულტურის და არქიტექტურულ ძეგლსა და სხვა შენობას შორის. ყველა კულტურის ძეგლს აქვს თავისი ვიზუალური და ფიზიკური დაცვის არეალი. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყველაფრის აშენება, რაც დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს, გააუარესებს მის აღქმას და გამოყენებას. ხსენებული სასტუმროს მშენებლობა ფიზიკურადაც აზიანებს ბარნოვის ქუჩაზე არსებულ ძეგლებს, გავლენასაც ახდენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ჩვენ მარტო სიტყვით ვცემთ პატივს ჩვენ კულტურას თუ ღირსეულ წინაპრებს. ახლახანს ზარზეიმით აღნიშნა მერიამ იუნკერების და გმირი ქალის მარო მაყაშვილის ხსოვნა, ამ დროს სწორედ მარო მაყაშვილის სახლთან ხდება ეს უკანონობა და უზნეობა, რაზეც ყურს არავინ იბერტყავს.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0