აზარტული თამაშები - ქვეყნის მთავარი უბედურება

უფროს თობას მშვენივრად ახსოვს, რომ საბჭოთა კავშირის დროს, აზარტული თამაშები კანონით აკრძალული იყო და მხოლოდ იატაკქვეშეთში არსებობდა. კაზინოების ლეგალიზაცია გარდაქმნის ეპოქის დადგომისთანავე დაიწყო. პირველი ლეგალური სამორინე „ორი ჯუჯა“ თბილისში 1990 წელს, ფილარმონიის ერთ-ერთ დარბაზში გაიხსნა. სათამაშო ბიზნესის იატაკქვეშეთიდან გამოსვლის შემდეგ, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. კაზინოს ვალების გამო ლომბარდში ბინებისა თუ მანქანების ჩადება, ბანკიდან სესხების აღება და სუიციდი ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თანამედროვე მსოფლიომ აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა (გემბლინგი) დიდი ხანია სოციალურ პრობლემად აღიარა, მედიცინამ კი მას დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში საკუთარი ნომერი F63.0 მიანიჭა. იმ საფრთხეების მიუხედავად, რასაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება იწვევს, საქართველოში სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე ჯერჯერობით, არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია. დღემდე არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსოციალურ დახმარებას შესთავაზებს.

უკონტროლოდ მიშვებული სათამაშო ბიზნესსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე სამოქალაქო საზოგადოება „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე გვესაუბრა:

– პროფესიით პედაგოგი ვარ და 25 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე, უამრავი თაობა აღვზარდე, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გემბლინგით და მისგან მომდინარე საფრთხეებით დავინტერესდი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი უახლოესი ადამიანი ერთ-ერთი კაზინოს მახეში გაება და გარკვეული თანხის მოძიება დაჭირდა. მაშინ გავარკვიე, რომ ამ პრობლემით უამრავი ადამიანი იყო დაზარალებული და გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა მოძრაობა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს დაეხმარებოდა. მოძრაობამ, რომელიც ერთი წლის წინ შევქმენით, გემბლინგით დაზარალებული ადამიანები და მათ შესახებ ინფორმაცია მოიძია. კერძოდ, რამდენმა დაკარგა სახლ-კარი კაზინოებსა თუ სამორინეებში წაგებული ფულის გამო, რამდენმა თვითმკვლელობით დააასრულა სიცოცხლე და ა.შ. ეს იყო შემზარავი სტატისტიკა, რომლის თანახმად, საქართველოში ნახევარი მილიონამდე ადამიანი რეგისტრირებული მოთამაშეა. აქედან ნახევარი სკოლის მოსწავლე ან სტუდენტია. 2016 წლის გამოკითხვით, თინეიჯერულ ასაკში, აზარტულ თამაშებზე 15% გოგონა არის დაამოკიდებული და 44% ვაჟი. მხოლოდ ბოლო 8 თვის მანძილზე, აზარტული თამაშების გამო, კახეთში ორი თვითმკვლელობა მოხდა, ერთი ჭიათურაში, ერთი ხარაგაულის რაიონში, თბილისში და ა.შ. სტატისტიკის შედგენის პერიოდს დაემთხვა თბილისში მოზარდთა გახშირებული სუიციდის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ ჩვენ არა მარტო აზარტულ თამაშებზე გვაქვს ონლაინების ჩახსნის მოთხოვნა, არამედ ნებისმიერ აზარტულ თამაშზე, „ლურჯი ვეშაპი“ იქნება თუ თეთრი. ახალგაზრდა ადამიანების სიკვდილი ქვეყნის ტრაგედიაა ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ დაიბლოკოს ნებისმიერი ონლაინ ხაზი, რომელსაც ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის უბედურება მოაქვს.

– სათამაშო ბიზნესის უკან დიდი ფული და გავლენიანი ადამიანები დგანან. მათთან შებრძოლება ბევრმა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და თქვენ როგორ აპირებთ?

– ჩვენი სტატისტიკური მონაცემები და მოთხოვნები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს გავაცანით. ბატონმა ლევანმა ყურადღებით მოგვისმინა და აღნიშნა, რომ ჩვენს მოსაზრებებს მთლიანად იზიარებს. ამის შემდეგ, მთავრობას ჩვენი მოთხოვნებით მივმართეთ და აქტიურად ჩავერთეთ კანონპროექტის შემუშავებაში. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტრომ იმდენად უსუსური კანონპროექტი წარმოადგინა, რომ საკანონმებლო ორგანომ უკან დააბრუნა. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გემბლინგი უმძიმეს დაავადებად აღიარა, რომელიც ნარკომანიაზე რთულად იკურნება და ამ დროს, სახელმწიფომ შემოგვთავაზა „გაშავების“ სამწლიანი პრინციპი. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ ეს უვადო ყოფილიყო, რადგან სახელმწიფოს არც ფსიქო- სარეაბილიტაციო ცენტრები აქვს და არც იმის სურვილი, რომ ამ სამი წლის მანძილზე ადამიანს დამოკიდებულებისგან განკურნებაში დაეხმაროს. საზღვარგარეთ აზარტული თამაშების ბიზნესი ძალიან მყარ რეგულაციებშია მოქცეული და სახელმწიფო აკონტროლებს. მაგალითად, პორტუგალიას სამორინეებსა და ონლაინ თამაშებში 25 წლამდე ასაკობრივი ზღვარი აქვს დაწესებული, როცა ჩვენთან ეს ზღვარი 18 წლამდეა. რაც შეეხება ონლაინ-თამაშებს, აქ სახელმწიფო საერთოდ ვერ აკონტროლებს ვინ რეგისტრირდება მოზარდი თუ ზრდასრული..

– გამოდის, რომ პორტუგალიას, სადაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოხდა, სათამაშო ბიზნესის მიმართულებით უფრო მკაცრი რეგულაციები აქვს?


– პორტუგალიაში სახელმწიფო ნარკოტიკების სფეროსაც და სათამაშო ბიზნესსაც იმ დონეზე აკონტროლებს, რომ პრობლემები არ შექმნას. ჩვენთან კი ასეთი პრობლემების გამო, ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან და ბევრი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. აი, ახლა გვაქვს ფაქტი, რომ 60 წელს მიღწეულმა ადამიანმა აზარტული თამაშების გამო, თბილისში ორი სახლი დაკარგა. მეორემ წაგებული ფულის გადასახდელად, „ვივუსიდან“ ონლაინ სესხი მამის პირადობის მოწმობით აიღო, თანაც ისე, რომ მამას სესხის გატანაზე ხელი არ მოუწერია. არავისთვის ახალი არაა, რომ აზარტული თამაშების გამო დაზარალებული ადამიანები საბანკო ვალდებულებებს იღებენ და ხშირად უსახლკაროდ რჩებიან. დაახლოებით ერთი წლის წინ, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს გიორგი კეპულაძეს ვესაუბრე და მითხრა, რომ ასეთი ფაქტების შესახებ მათთვისაც ცნობილია.

– ყველას გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, აზარტული თამაშების შეზღუდვის პირობა დადო, თუმცა ძლიერი ლობისტების გამო, დაპირების შესრულება ვერ მოახერხა. 2013 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში კაზინოების აკრძალვის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს, ბათუმი აზარტული თამაშების ცენტრად იქცა, თუმცა, ამ სფეროდან შემოსული ფული ბიუჯეტის მხოლოდ 1% შეადგენს, რის გამოც ქვეყნის იმიჯი არ უნდა შეილახოს..


– დიახ, ასეა და არავინ იფიქროს, რომ სახელმწიფო ამ ბიზნესით აშენდა და აყვავდა. თუ ვინმე აშენდა, ეს ამ დაწესებულებების მფლობელებია, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა, პირიქით, დაზარალდა. აზარტულ თამაშებში ჩართულთა 70% წარმოადგენს საშუალო ფენა, რომლის ყოველთვიური ხელფასი საარსებო მინიმუმზე ოდნავ მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი სათამაშო დაწესებულებებში მიედინება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები ვეღარ ახერხებენ სამომხმარებლო ნივთებისა და პროდუქტების შეძენას, რაც ეკონომიკური კოლაფსის ერთ-ერთი ნიშანია. ბუნებრივია, ოჯახის შემოსავალის კლება სამომხმარებლო ხარჯების კლებას იწვევს, რაც თავის მხრივ, საქონლის და მომსახურეობის შემცირებას განაპირობებს. ყოველივე ეს მწარმოებელს აიძულებს შეამციროს ბაზრისთვის საქონლისა და მომსახურეობის მიწოდება და შედეგად, ვიღებთ მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირებას, რაც უარყოფითად მოქმედებს საინვესტიციო ბაზარზე. მერწმუნეთ, თუ აზარტული თამაშები არ შეიზღუდა და ზოგი არ აიკრძალა, თუ სათამაშო ბიზნესმა ისედაც გაღარიბებული მოსახლეობის გაყვლეფა გააგრძელა, ეს ეკონომიკურ კოლაფსამდე მიგვიყვანს. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია აზარტული თამაშის დაწესებულებებში დაწესდეს სივრცითი და ქონებრივი შეზღუდვა, რათა მაქსიმალურად შემცირდეს საშუალო ფენის ჩართულობა და მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი მოთამაშეები დაუშვან.

– ქალბატონო თამარ, კაზინოებსა თუ სამორინეებში ძალით არავინ შეჰყავთ..

– მათ ადამიანების მიზიდვის საკუთარი მეთოდები აქვთ. მააგალითისთვის გეტყვით, რომ იანვრის დასაწყისში ზესტაფონში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელში გახსნეს სამორინე და ყველა ზესტაფონელს გაუგზავნეს მესიჯი – თუ მობრძანდებით, 10 ლარს მიიღებთ საჩუქრადო. ალბათ, ბევრი მივიდა.. ასეთმა დაწესებულებებმა ადამიანი ერთხელ თუ შეიტყუეს, მერე მისი მახეში გაბმის მეთოდები მშვენივრად იციან. სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდეს. ამიტომ კაზინოში მზის შუქი არსაიდან შედის და საათებიც არსად კიდია. ეს არის შავი ბიზნესი, რომელსაც ნამდვილ ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში, აზარტული თამაშებიდან გამომდინარე, 2354 კრიმინალური შემთხვევის ფაქტი დაფიქსირდა. წაგებული თანხა რომ გადაეხადათ, ზოგმა მოიპარა და განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ზოგმა სახლ-კარი დაკარგა, ზოგმა თავი მოიკლა და ა.შ. გემბლინგით დაავადებულები წაგების დროს აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და აგრესიულები ხდებიან. ამ აგრესიას სათამაშო დაწესებულებაში ფსიქოლოგის ნაცვლად, დაცვის თანამშრომელი ხვდება, რომელსაც მოთამაშე შენობის გარეთ გაჰყავს და სასტიკად უსწორდება. რამდენიმე დღის წინ, მეტროსადგურ „სამგორთან“ მცხოვრები ადამიანები დაგვიკავშირდნენ, გვიშველეთ, გაუსაძლის მდგომარეობაში ვრთო. მათ სახლებთან ახლოს, კაზინო „კრისტალბეთი“ მდებარეობს და თითქმის ყოველ დღე, საშინელი სურათის მხილველები არიან. ამასწინათ, მოვაჭრე ქალებმა ძლივს გამოგლიჯეს დაცვას ბიჭი ხელიდან, თორემ ცემით კლავდნენო. სად არის ამ დროს სახელმწიფო და რატომ არ იცავს თავის მოქალაქეებს ასეთი განუკითხაობისგან?

– ყველაზე ხშირად რომელ სათამაშო დაწესებულებაში დაზარალებული ადამიანები გიკავშირდებიან და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?


– ეს ერთი და ორი დაწესებულების კი არა, სისტემური პრობლემაა, რადგან სახელმწიფომ მართვის ყველა სადავე დაკარგა.. ჩვენს ორგანიზაციაში განხორციელებული ზარის შემდეგ, დავინტერესდი დ სამგორის მეტროსთან მდებარე „კრისტალბეთში“ შევედი. ნანახმა გული მომიკლა.. ორსართულიანი, უზარმაზარი შენობა მოუვლელი, ცუდად ჩაცმული ახალგაზრდებით იყო სავსე, რომლებიც უკანასკნელ კაპიკებს კაზინოში ტოვებდნენ. დავთვალე და 10 წუთში 6 ადამიანი შევიდა. გამოსვლით კი ერთი საათის შემდეგ, ორი ახალგაზრდა გამოვიდა. გავბედე და ვკითხე – მოიგეთ თუ წააგეთ მეთქი და ერთს 50 ლარი წაუგია და მეორეს 100 ლარი. არადა, წვიმიან ამინდში, ორივეს გახეული ფეხსაცმელი ეცვა... 

რაც შეეხება გამოსავალს, უნდა აიკრძალოს სათამაშო ობიექტების ლიცენზირება და მშენებლობა, უნდა აიკრძალოს ონლაინ-თამაშების ვებ-გვერდები, რაც რეალურად, მინიკაზინოებს წარმოადგენს. უნდა დაიხუროს ყველა სლოტ-კლუბი და ტოტალიზატორი. კაზინოები უნდა მოექცნენ უმკაცრეს რეგულაციებში, უნდა მოხდეს მოთამაშეთა ერთიანი ბაზის შექმნა და ოჯახის წევრებს მიეცეთ უფლება, რომ მოთამაშე შავ სიაში შეიყვანონ. სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პერიოდულად უნდა ჩატარდეს სინფორმაციო კომპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ. სახელმწიფომ უნდა შექმნას ფსიქორეაბილიტაციის ცენტრები, სადაც გემბლინგით დაავადებული ადამიანები იმკურნალებენ. მივმართავ ყველა დედას. იყავით ფხიზლად და ნუ შეგრცხვებათ ამ პრობლემის გამხელა. გავერთიანდეთ აზარტული თამაშების წინაღმდეგ, რომელიც დაავადებაა და შველა ჭირდება.

და ბოლოს, სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ კაზინო „აჭარაში“ ყოველდღიურად, 1000–1500 ადამიანი შედის. აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური დამოკიდებულება მამაკაცებში უფრო ხშირია, თუმცა ქალებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, რდგან ფსიქოთერაპიას გაცილებით ძნელად ემორჩილებიან. ქალებში გემბლინგს ხშირად თან ახლავს ფსიქიური აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ ასეთი ადამიანები ადვილად ანგრევენ ოჯახებს და სამუშაო ადგილებს ხშირად იცვლიან.

ნელი თორდია
скачать dle 12.0