ოპოზიცია – "რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირება ხდება"

პარლამენტი ტატუნაშვილზე რეზოლუციას განიხილავს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მიმართვის ტექსტში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად უნდა ჩაიდოს. მმართველი გუნდი კი საპარლამენტო უმცირესობას მოუწოდებს, რომ ემოციებს არ აჰყვეს.

რუსეთის მხრიდან პროვოცირების მცდელობას უწოდებს შექმნილ ვითარებას დიმიტრი ხუნდაძე.

„ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს ამ ტკივილის მოსმენა ჩვენი ღირსების შელახვა არ არის. პირიქით, ღირსებაა და წინდახედულობაა. მხოლოდ გონივრული წინდახედულობით შეიძლება იქნას მიღწეული სასურველი შედეგი. ემოციების მოთოკვა და გონივრული ქმედება უმეტესად პოლიტიკოსებს გვმართებს,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

"ევრპოული საქართველო" კი იმედოვნებს, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით მათი პოზიცია სრულად იქნება გაზიარებული.

„იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ამ გამოწვევაზე და ამ საფრთხეზე, რომელიც ოკუპაციიდან გამომდინარე არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის იდეა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით, იქნება გაზიარებული და პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სრულიად განსხვავებული პოზცია აქვთ პატრიოტთა ალიანსში. ადა მარშანია საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებულ განცხადებებს უსუსურს უწოდებს.

„უსუსური და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომ დავგმოთ, დავგმოთ დავგმოთ... 25 წელია ვგმობთ იმას, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აგერ ერთ გვერდზეა ჩამონათვალი იმისა თუ რა არ შეგვიძლია ჩვენ. რომ არ შეგვიძლია არაფერი, არაფერი, არაფერი... თურმე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და როდემდე ვიცხოვროთ და ვიმოღვაწეოთ ასე ჩვენ,“- განაცხადა ადა მარშანიამ.

ანატოლი ბიბილოვის განცხადება შეაფასა ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

„გავეცანით ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ბიბილოვის განცხადებას, რომ თურმე ერთი თვეა საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად. ეს არის არაადამიანური დამოკიდებულება, შურისძიება. კაცი მოკლეს და მკვდრის წამებასაც განაგრძნობენ და არა მხოლოდ მიცვალებულის, არამედ მთელი ქვეყნის დაცინვაა, ცინიზმია და მეტი არაფერი“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მიერ ომის დროს დაკარგული სამი პირის გადაცემის საკითხს, თინიკაშვილი ამბობს, რომ სეპარატისტული რეჟიმი ცხედრის გადმოცემის გაჭიანურებას ყველა მეთოდით ცდილობს.

„ამ სამი დაკარგულის შესახებ ინფორმაცია ახლა მოვისმინეთ, აქამდე მსგავსი რამ საზოგადოებისთვის არ გაჟღერებულა და ცნობილი არ ყოფილა, საიდან მოიტანეს. მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზებს პოულობენ იმისათვის, რომ რამენაირად გააჭიანურონ ცხედრის გადმოცემა და შემდეგში ვერ მოხდეს რეალური მიზეზის დადგენა"- თქვა გამგებელმა.скачать dle 12.0