როცა პასუხისმგებელი ყველაა, მაშინ პასუხისმგებელი არავინაა

გვესაუბრება ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი:

– ბატონო ვახტანგ, ლარი კვლავ `ცურვას~ განაგრძობს, საზოგადოება ხან პრემიერისკენ იშვერს ხელს, ხან ეკონომიკის მინისტრისკენ, ხანაც `ეროვნული ბანკისკენ~. რა ხდება, რეალურად ვინ მართავს ამ პროცესებს?

– აბსოლუტურად გეთანხმებით, ამ პრობლემას ვერა და ვერ მოევლო. ყველაფერს ფუნდამენტალური ანალიზი სჭირდება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, უცხოური მოდელების გადმოღების სენი დაგვემართა. ანუ, ვიღებთ რაღაც უცხოურ მოდელს და ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ. ასეთი პრაქტიკა არასდროს ამართლებს იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებში არსებული ეკონომიკის მდგომარეობა, პერსპექტივები და ა.შ. ჩვენი მოდელისგან ძალიან განსხვავდება. ჩვენ სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე ვართ ჩამოკიდებული, რაც ხან ეფექტიანია, ხან — არა! რეალურად, ექსპერიმენტების სიტუაციაში ვიმყოფებით. ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს: ჩვენ ეკონომიკის განვითარების საკუთარი მოდელი გვჭირდება და არა სავალუტო ფონდისგან ნაკარნახევი იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკური სისტემა, გეო-ეკონომიკური მდგომარეობა, აბსოლუტურად, განსხვავდება უცხოური და მით უმეტეს, განვითარებული ქვეყნების მოდელისგან. მაგალითად, თავის დროზე ე.წ. ბენდუქიძის რეფორმებიდან გამომდინარე ეკონომიკური სისტემის სრული ლიბერალიზაცია გამოცხადდა, ამ პერიოდში, სავალუტო კურსთან მიმართებაში, ისეთი მოდელი დავნერგეთ, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს, ვგულისხმობ, ლონდონის ასევე, აშშ-ს, ევროპის ბანკთაშორის საფინანსო ბაზრებს. რასაკვირველია, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს იგივეა ლამბორჯინის ძრავი საბჭოთა ძველ მანქანას ჩავუყენო თ. აღნიშნული ძრავა ამ მანქანას საერთოდ დაანგრევს, გააცამტვერებს იმიტომ, რომ სულ სხვა მოდელისთვის არის ეფექტური. რეალურად, ჩვენი სავალუტო ბაზრის სისტემა სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც სხვა მოდელებზე დაყრდნობით სავალუტო ფონდი გვკარნახობს. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს: ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირე სავალუტო ბაზარია, რადგან მცირე და პატარა ეკონომიკა გვაქვს. მეორე — მონაწილეების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია მით უმეტეს, რომ სავალუტო ბაზარზე ოპერირებს მხოლოდ ორი-სამი ბანკი, რომელთაც სავალუტო ბაზრის ტრანზაქციების, დაახლოებით, 30% უკავიათ. ეს ბანკების მონოპოლიურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. `ეროვნული ბანკი~, ამ შემთხვევაში, ინტერვენციების თვალსაზრისით, ნაკლებეფექტიანია იმიტომ, რომ ბლუმბერგის სისტემაში იგი სრულ სურათს ვერ ხედავს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს. დახურული სისტემა გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს ბადებს. ასეთი სისტემა 2006 წლიდან მოყოლებული გვაქვს. მანამდე რაც არსებობდა, სავალუტო ბირჟის სახით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სწორედ ის იყო განკუთვნილი.

– ბატონო ვახტანგ, მაინც ვის ეკისრება ყოველივეზე პასუხისმგებლობა?


– რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამბობენ, რომ სავალუტო კურსზე უნდა აგოს პასუხი – მთავრობამ, ეკონომიკურმა გუნდმა, `ეროვნულმა ბანკმა~ და ა.შ. როდესაც პასუხისმგებელი ყველაა, მაშინ რეალურად, პასუხისმგებელი არავინაა. ანუ, უნდა არსებობდეს კონკრეტული ორგანო, რომელიც სავალუტო კურსზე პასუხისმგებელი იქნება. თავის დროზე, როდესაც პარლამენტში `ეროვნული ბანკის შესახებ~ კანონი დამტკიცდა, მისი ძირითადი ფუნქციები, მოვალეობები, პასუხისმგებლობა მკაფიოდ იყო განსაზღვრული. `ეროვნული ბანკი~ პასუხისმგებელი იყო მონეტარულ, საპროცენტო, სავალუტო პოლიტიკაზე ასევე, ფასების თაგეთირებასა და კონტროლზე. მოგვიანებით ეს ყველაფერი შეიცვალა, ბანკს მთელი რიგი პასუხისმგებლობები მოეხსნა და დარჩა მხოლოდ ფასების მონიტორინგის კონტროლი, რაც არასწორია. იმ პერიოდში `ეროვნულმა ბანკმა~ ზედმეტი ვალდებულებები, პასუხისმგებლობა მოიშორა და საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან კანონში პირდაპირ მხოლოდ ფასების კონტროლი დატოვა. ეს არასწორია იმიტომ, რომ ნებისმიერი ეკონომიკური პარამეტრების ცვლილება მონეტარულ თუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ფასებზე ანუ, ინფლაციის პროცესებზე. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, რეალურად, გავლენას გარკვეული პერიოდის მერე ახდენს. შეიძლება ეს პერიოდი სამი თვიდან ერთ წლამდე განისაზღვროს. ანუ, შედეგის ასახვა ფასებსა და ინფლაციაზე ამ პერიოდის მერე ხდება. ჩვენ კი ვეძებთ მიზეზს რამ იმოქმედა ამ მომენტში. არა, ეს ადრინდელ პარამეტრების ცვლილებებში უნდა ვეძებოთ, რამაც დღეს, ინფლაციურ პროცესებზე გავლენა იქონია.

– ბატონო ვახტანგ, რა არის, ბოლო პერიოდში, ლარის მუდმივი ავადმყოფობის მიზეზი?

– კითხვა ლოგიკურია — რატომ არის ამ ხნის მანძილზე ლარი სულ ავადმყოფურ მდგომარეობაში. მავანი ამბობს: მოდით, ვალუტა შევცვალოთო. ამ ხალხს ავანტიურისტებს ვეძახი. ფრაგმენტული რეფორმები არ გვშველის. მთავარი რამაც შეიძლება არსებული სიტუაცია გამოასწოროს და ასევე, უმუშევრობის, ექსპორტის განვითარების ზრდის პრობლემა გადაჭრას, ესაა წინაპირობების შექმნა, რათა საინვესტიციო ნაკადები ეკონომიკის რეალურ სექტორში წამოვიდეს. ეკონომიკის რეალური ზრდა მაშინ მოხდება, როდესაც საინვესტიციო ნაკადები მიმართული იქნება ჩვენს საწარმოო სიმძლავრეების განვითარებაში და დამოკიდებული აღარ ვიქნებით ფულად გზავნილებზე, ტურიზმიდან შემოსავლებზე. კანონმდებლობა რომელიც ინვესტიციების მოზიდვას ეხება, კარდინალურად უნდა შეიცვალოს. უცხოური ინვესტორისთვის ეკონომიკის სექტორი მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ეს მიმართულება დღეს, მკვდარია. მით უმეტეს, რომ ეს სეგმენტი `ეროვნული ბანკის~ რეგულირების ქვეშაა, რაც აბსოლუტურად, მიუღებელია და ვერავინ გებულობს ეს ასე რატომ არის. `ეროვნული ბანკი~ სრულიად სხვა მიმართულების ორგანოა და სულ სხვა მიზნები აქვს. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების ორგანო ამ სისტემიდან გამოცალკევებული უნდა იყოს იმიტომ, რომ კომპანიებისთვის საინვესტიციო ნაკადები, საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა საბანკო სესხის ალტერნატივაა. არ შეიძლება მთელი ეკონომიკა საბანკო სესხზე იყოს დამოკიდებული, როგორც ეს ჩვენთან ხდება. სანამ ეს არ მოწესრიგდება, მუდმივად ასეთ გაუგებრობაში ვიქნებით. აქვე, აღსანიშნავია, რომ გვაქვს საბირჟო ჰაბის პოტენციალი, რაც ჩვენს გარდა სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ და უცხოელი ინვესტორებისთვის საკმაოდ საინტერესო ქვეყანა გავხდეთ. დღეს, ჩვენთან არ არსებობს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ, საით მივდივართ, რას ვაკეთებთ, რა უნდა გავაკეთოთ. მარტო სავალუტო ფონდის ფრაგმენტულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შორს ვერ წავალთ. თუ ნებას მომცემთ, აქვე, ერთი სიახლის შესახებ მოგახსენებთ: მზადდება პროექტი, რომელიც სავალუტო კურსის დაზღვევის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის დამხმარე მექანიზმი იქნება. ეს შვება იქნება კურსის რყევებთან დაკავშირებითაც.

– დღეს, საქართველოში არსებული საბანკო სისტემა მთლიანად სავალუტო ფონდზეა მიბმული. ეს რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე?


– დიახ, თავისთავად, ასეა. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც დაფინანსებას სავალუტო ფონდისგან იღებს, ცდილობს მისი ნებისმიერი რეკომენდაცია შეასრულოს. მაგრამ ნებისმიერი სახის რეკომენდაცია გაანალიზებული უნდა იყოს. რეკომენდაციები ზოგად ხასიათს ატარებს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი უნდა ეცადოს დამატებითი შეთანხმება ან კორექცია მოხდეს. როცა საკითხს ასე მიუდგები და ქვეყნის ინტერესზე იზრუნებ, სავალუტო ფონდიც მოგისმენს და თუ დაამტკიცებ, რომ გარკვეულ ნაწილში შენი ხედვა უფრო ეფექტიანი იქნება, აღნიშნული ორგანიზაცია ამას განიხილავს. ამისთვის საჭიროა ინტენსიური მუშაობა, კვალიფიციური, კომპეტენტური კადრები და ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ და ვეცადოთ ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება დაიწყოს. რეალურად შევქმნათ წინაპირობები იმისთვის, რომ ჩვენთან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო იყოს.

– რადგან სავალუტო ფონდი ვახსენეთ საინტერესოა ლათინო-ამერიკული ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ამ ორგანიზაციამ გაკოტრების პირას მიიყვანა.

– დიახ. იცით ეს რატომ მოხდა? — მაგალითად, მექსიკა პირველი იყო, რომელიც როგორც კარგი მოსწავლე სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ასრულებდა და რეალურად, მერე, კრიზისის პირობებში აღმოჩნდა. თავად სავალუტო ფონდს დამატებით 42 მილიარდი დოლარის გამოყოფა დასჭირდა, რათა ეს კრიზისი ჩაეხშო. შემდეგი იყო არგენტინა, რომელმაც ზუსტად იგივე შედეგი მიიღო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების პირდაპირ, ბრმად შესრულები თ. მისთვის სავალუტო ფონდს დამატებით 32 მილიარდი დოლარის გამოყოფა დასჭირდა. ბრაზილიაშიც იგივე მოხდა. ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია ზოგადი ხასიათისაა და არ შეიძლება პირდაპირ გამოყენება, საჭიროა დეტალური ანალიზი. შესაბამისად, მერე სავალუტო ფონდთან კონსტრუქციული ურთიერთობების შესანარჩუნებლად თუ მთავრობის გუნდი რაღაც ნაწილში რეკომენდაციებს არ ეთანხმება, ეს დასაბუთებული უნდა იყოს, გაიარონ დამატებითი კონსულტაციები. ჩვენთან სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება. ამიტომაც არის რომ პირდაპირ მიღებული რეკომენდაცია, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგით მთავრდება.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0