ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის

ფოთში "აჭარა ტექსტილის" ახალი საწარმო გაიხსნა

„აწარმოე საქართველოში“ – ამ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ფოთში ახალი სამკერვალო საწარმო საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, "აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილ-გინგულლუოღლუ, NIKE -ს კანერ სოიტასი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენ- დებს, როგორიცაა NEW BALANCE და UNDER ARMOUR. ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება. ცნობისთვის: "აჭარა ტექსტილი“ 100 პროცენტით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: NIKE, ADIDAS, PUMA, LOTTO, ERIMA და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახდენს. კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო მაღალი ხარისხის ახალი მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. კომპანიას ბათუმსა და ქობულეთში უკვე აქვს ორი სამკერვალო, სადაც 2500 ადამიანია დასაქმებული.

შპს "აჭარა ტექსტილი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური და ინფრასტრუქტურული კომპონენტით სარგებლობს. შესაბამისად, საწარმოს ასაშენებლად სახელმ- წიფოსგან კომპანიას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აღებული სესხის მოცულობა 9 200 000 ლარს შეადგენს, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსება 1 600 000 ლარია. ფოთის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 38 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ზემოთ ხსენებული სამივე პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 80 მლნ ლარია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იგეგმება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში ბაღების გაზიფიცირებას აპირებს. 20 საბავშვო ბაღში გაზის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და 6 მარტს დასრულდება. მუნიციპალიტეტში სულ 37 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, საიდანაც დღეისთვის მხოლოდ 15-ია გაზიფიცირებული. პროექტის დასრულების შემდეგ 35 საბავშვო ბაღი ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილი იქნება. ორ ბაღში კი, რომლებშიც გაზის ქსელის მოწყობა ამ ეტაპზე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხერხდება, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლისთვის გაზიფიცირებული იქნება.

გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის პროექტის საჯარო განხილვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის (30 კმ) პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში წარადგინეს. პროექტის მიხედვით, შემოვლითი გზა სოფელ ახაშენში დაიწყება და თელავში დასრულდება. ანგარიშის წარდგენისას საგზაო დეპარტამენტის გარემოს უსაფრთხოების კონსულტანტმა მაია ვაშაკიძემ ყველა იმ საკითხის შესახებ ისაუბრა, რომლებმაც პროექტის განხორცილების პროცესში შესაძლოა გარემოზე ზემოქმედება მოახდინოს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის მთავარი მიზანი სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და იმ სოფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება.

,,ვისწავლოთ ქართული" - სამწლიანი პროექტი ბოლნისში შეაჯამეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის – „ვისწავლოთ ქართული“ – მონაწილეებს შეხვდა. პროექტი ,,ვისწავლოთ ქართული" საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გახსნა და პროექტის ავტორებს სამწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
მოსახლეობასთან შეხვედრის მოდერატორის, ეთნიკური უმცირესობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, სოფიო შამანიდის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში – ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში თბილისსი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სახელმწიფო ენასა და კონსტიტუციის საფუძვლებს ინტეგრირებული სწავლების მეთოდით ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. პროგრამის მეშვეობით, სახელმწიფო ენის სწავლებასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახდა მარტივად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინფორმაცია იმ უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც მათ ქართული კანონმდებლობით ენიჭებათ.

ბოლნისი - სიონი-წუღრუღაშენის გზის რეაბილიტაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოლნისის სიონის ტაძრიდან წუღრუღაშენის მონასტრამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს დააფინანსებს. ელექტრონული ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ოთხი თვის ვადაში დაასრულებს, პროექტის სატენდერო ღირებულება 1 506 202 ლარია. დაიგება 1700 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

სენაკის სოფლებში სანიაღვრე არხები წესრიგდება

მუნიციპალიტეტის მერის, ლევან კუპრეიშვილის დავალებით და მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ისულას უბანში შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით 200 გრძივ მეტრზე სანიაღვრე არხები მოეწყო. შედეგად, წყალუხვობისას მიმდებარე მოსახლეობას სახნავსათესი და საკარმიდამო ნაკვეთები აღარ დაეტბორებათ.
პარალელურად, ამავე უბანში მოიხრეშა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.
სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და გამწვანების მოვლა-პატრონობის ცენტრის თანამშრომლები ასრულებდნენ.

შეხვედრა ჩოხატაურში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელიც ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ინიციატივითა და ბიუროს ორგანიზებით გაიმართა, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების 2018 წლის სტრატეგიის შესახებ მოსახლეობას  ინფორმაცია მიაწოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ. აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კვლავ ჩაერთვება სახელმწიფო, თუმცა, იმავდროულად, მნიშვნე ლოვანია მოსახლეობის აქტიური მონაწილეობაც, სამეცნიერო წრეების ჩართულობა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომლები, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები. ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid–ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
скачать dle 12.0