დავით მირცხულავა: ქვეყანაში არ არსებობს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების კანონი, რაც ძალიან ცუდია

როგორ აისახება საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაზე ევროკავშირის „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანება, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიაზე ტარიფის ცვლილება, რამდენად დაცულია საქართველოს ენერგოობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები და რამდენად საშიშია ენგურჰესის კაშხლის ქვედა ნაწილში მდებარე გვირაბში არსებული ბზარები? ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ საქართველოს ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს დავით მირცხულავას დავუკავშირდით:

– დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას ქვეყნისთვის, რომელიც ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის მშენებლობისკენ მიდის, კანონმდებობის, რეგლამენტებისა და ტექნიკური სტანდარტების ევროპულთან ჰარმონიზაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ახალი ნორმატივების, სტანდარტებისა და კანონმდებობის დანერგვა ქსელის უსაფრთხობას და საიმედოობას გაზრდის და მომსახურების უფრო მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება და ეკონომიკის სამინისტროსთან შერწყმა ამ პროცესებზე როგორ აისახება?


– ზოგადად, ოპტიმიზაციის წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, მთავარია, რომ რეფორმირების სექტორში ტემპი და დინამიკა არ დაიკარგოს. გაუმჯობესდეს საინვესტიციო კლიმატი და რეფორმების კუთხით, სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას, ვინაიდან სირთულეების მხრივ, ენერგეტიკულ სექტორს ძალიან დიდი რეფორმები ელოდება.

– ბატონო დავით, მოსახლეობას აინტერესებს, რატომ არ აისახება ახალი ჰესების მშენებლობა ელექტროენერგიის ტარიფზე? რატომ იხდიან ადამიანები ენგურჰესის 3 თეთრად გამომუშავებულ ელექტროენერგიაში გაცილებით მეტს?

– ენგურჰესის ტარიფი მართლაც ძალიან დაბალია და უნდა გაიზარდოს იმიტომ, რომ სადგურს კარგი მოვლა ჭირდება. ძალიან დიდი საინვესტიციო პროგრამებია განსახორციელებელი, რათა საქართველოს ენერგეტიკამ ეს უდიდესი სადგური დიდი ხნით შეინარჩუნოს და ასევე, განვითარება პოვოს ახალმა ტექნოლოგიებმა. რაც შეეხება ტარიფს, ენგურჰესის გარდა, ჩვენ გვაქვს თბოსადგურები და ახალი სადგურები, სადაც ტარიფები უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, მთლიანად ენერგოსისტემაში შეწონილი ტარიფი ძალიან მაღალი გამოდის. ამას ემატება განაწილებისა და გადაცემის კომპონენტები და ვიღებთ ტარიფს, რომელიც რეალურად გვაქვს.

– ბოლო დროს, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ ენგურჰესის კაშხლის 14 კილომეტრიან გვირაბში არსებული ძველი და ახალი ბზარებისგან მომდინარე საფრთხეებზე. როგორია ქვეყანაში არსებული ჰესების მდგომარეობა უსაფრთხოების თვალსაზრისით?


– სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს ჰოდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების კანონი, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება ენგურჰესის გვირაბის ძველ კერებზე ფილტრაციული ხარჯების ზრდას, ეს პირველი სიგნალია, რომ დაიწყოს ამ პროცესების შესწავლა და გვირაბის რეაბილიტაცია. როგორც იცით, 2017 წელს მოხდა გვირაბის ერთი კვირით გაჩერება. ჩატარდა ინსპექტირება და დადგინდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაახლოებითი ნუსხა. რამდენად ვიცი, 2019 წელს ენგურჰესის სამთვიანი გაჩერება იგეგმება. ენგურჰესის დერივაციული გვირაბის რეაბილიტაციისთვის სამი თვე ძალიან ცოტაა. ამ დროში აუცილებელია მაქსიმალურად ბევრის მოსწრება, თორემ რეალურად, ნაგებობის მრავალწლიანი უსაფრთხოება რომ გარანტირებული იყოს, გვირაბის სრული რეაბილიტაციისთვის ალბათ წელიწადნახევრიდან ორ წლამდეა საჭირო. საქართველოს ენერგოსისტემისთვის ამ დროით ისეთი მნიშვნელოვანი სადგურის გაჩერება, როგორიც ენგურია, ძალიან მძიმე იქნება, ამიტომ გარკვეული ალტერნატივები უნდა იყოს მომზადებული.

მე ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ენერგეტიკულ ობიექტებზე არ ტარდება პერიოდული შემოწმებები, მათი უსაფრთხოების ხარისხის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, ძალიან ცოტა ნაგებობაა აღჭურვილი მსოფლიო სტანდარტების გამზომი მოწყობილობებით, რომელიც აკონტროლებენ ნაგებობებზე ტექნიკურ მდგომარეობას. მოგეხსენებათ, კაშხლები მაღალი რისკის ნაგებობებს მიეკუთვნებიან, ამიტომ მათ მდგომარეობაზე კონტროლი მუდმივ რეჟიმში უნდა ხორციელდებოდეს. დასახვეწი და მისახედია ადრეული შეტყობინების სისტემებიც, რაც ასევე უსაფრთხოებას უკავშირდება. სწორედ, ამ რიგს განეკუთვნება სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც, ამიტომ ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. ასეთი ობიექტების უსაფრთხოება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ძალიან დიდი მინუსია, როცა ქვეყანაში არ არსებობს ენერგეტიკული უსაფრთხოების კანონმდებლობა. ვფიქრობ, როცა მარეგულირებელი კომისია ძველ თუ ახალ აშენებულ სადგურზე ლიცენზიას გასცემს, ერთ-ერთი პირობა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ 1980 წელს წყნეთში დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლის კაშხლის გარღვევას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოხდეს დიდი კაშხლის შემთხვევაში. მთელ მსოფლიოში არსებობს მონიტორინგის სისტემები, რომელიც ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს ნაგებობის უსაფრთხოების კრიტერიალურ პარამეტრებზე. სახელმწიფოს ამაზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდმივი მონიტორინგი და ამ მიმართულებით გარკვეული კანონმდებლობის გაუქმება ნიშნავს, რომ საბედისწერო შეცდომები იქნა დაშვებული.

– სააკაშვილის ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ, რომ საქართველოს ენერგოობიექტების უდიდესი ნაწილი რუსეთს გადასცა. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა გავაძლიეროთ და უცხო ქვეყნის ინვესტიციებზე დამოკიდებული არ ვიყოთ?


– ალბათ 2008 წელს გულისხმობთ, როცა რუსეთს გარკვეული ენერგოობიექტები მიყიდეს.. ზოგადად, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი შექმნას. უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორი შემოვიდეს და საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსის თუ განახლებადი ენერგიის ისეთი წყაროების ათვისებაში დაგვეხმაროს, როგორიცაა ქარი და მზე. დაგეთანხმებით, რომ საქართველო 70% ენერგოშემცველების იმპორტზეა დამოკიდებული. ჩვენ ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, დეფიციტური ქვეყანა გვაქვს. წელს ალბათ იმპორტზე მილიარდნახევარზე მეტ ელექტროენერგიას შემოვიტანთ, რაც ქვეყნიდან გასულ მილიონობით დოლარს ნიშნავს. ბუნებრივი აირის მხრივ, თითქმის მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ამას თუ ნავთობპროდუქტებსაც დავუმატებთ, ცხადია, ჩვენი ენერგო დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების გაუმჯობესება მაქსიმალურად დაკავშირებულია ჩვენი საკუთარი ენერგორესურსებისა და ენერგეტიკული წყაროების ათვისებაზე. ის, რომ ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული პროექტები ხორციელდება, ქარის ერთი სადგური აშენდა და კიდევ იგეგმება, დადებით მოვლენად მიმაჩნია. ბუნებრივია, თავის დროზე, გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს მზის ენერგიის ათვისება და ა.შ მაგრამ ამას საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისთვის მუდმივი ზრუნვა ჭირდება. ინვესტორს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დაბალი რისკების პირობებში, ჩადებული თანხა ამოიღოს და დროთა განმავლობაში, გონივრული მოგება მიიღოს. საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით, ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. რაც შეეხება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ამ მიმართულებით შეიძლება ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრები ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესოთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს შემოტანილი ენერგო შემცველების დივერსიფიცირებას სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ალტერნატივები გვქონდეს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მონოპოლური შემომტანი შიდა ბაზრისთვის ძალიან ცუდია და ამასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ნელი თორდია
скачать dle 12.0