"რუსეთის ყველაზე საბედისწერო შეცდომა ისაა, რომ პოლიტიკა, რომელსაც საქართველოსთან აწარმოებს, დამანგრეველია მისთვისაც და ჩვენთვისაც..."

ინტერვიუ "ერეკლე II-ის საზოგადოების" თავმჯდომარესთან არჩილ ჭყოიძესთან.

- არჩილ, კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა ცხინვალში _ ჩვენი თანამემამულე არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. ჩვენი კონფლიქტი რუსეთთან გრძელდება.

- ამ ტრაგედიაში სააკაშვილის ფაქტორს არ შეიძლება გვერდი ავუაროთ. სიტუაცია უფრო დაძაბა იმანაც, რომ მან აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომია, უფრო მეტიც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭა, მას შემდეგ, რაც თავის დროზე გამსახურდიამ ელცინს საკუთარი ხელის მოწერით გააუქმებინა.
დღეს კი ჩვენი ხელისუფლება იმაში სცოდავს, რომ ამ და სხვა სახელმწიფოებრივი დანაშაულის ჩამდენ მიხეილ სააკაშვილს კოს- ტუმების გამო ასამართლებს და მიუტევებელ დანაშაულებებზე თვალს ხუჭავს.
დღეს ხელისუფლება სააკაშვილზე და მის შეცდომებზე აღარ უნდა ლაპარაკობდეს. ხელისუფლება ახლა უნდა მოიქცეს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაცული იყოს.

სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობები მოგვარდეს. უბრალო მაგალითს მოვიყვან - როდესაც რუსეთი გამოდის და ამბობს, რომ ებრძვის ტერორიზმს მსოფლიოში, საქართველოს მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი არ პასუხობს: როცა საქართველო ტერორიზმის ებრძოდა აფხაზეთში ბასაევების და მისნაირების სახით, რუსეთი მათ ხელს უწყობდა.

ერთადერთი ადამიანი, ებრაელი ავიგდო რესკინი გამოვიდა რუსეთის ტელევიზიით და უთხრა რუსებს -  თქვენ საქართველოში ტერორიზმს ხელსწყობდით, როცა ვაჰაბიტებს აიარაღებდით ქართველების წინააღმდეგო. ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რა გზასაც ადგას ლუკაშენკო, ანუ სადაც საჭიროა ვიყოთ ლოიალური, სადაც საჭიროა _ ვლანძღოთ, მაგრამ ჩვენი უბედურება ისაა, რომ "თავი" არ გვადგას მხრებზე. პრეზიდენტიდან დაწყებული, არც ერთი ტიპის მეთაური არ არის კომპეტენტური, ზოგს ასაკი არ უწყობს ხელს და ვართ ასე. საქართველოს მოსახლეობა 4 მლნ-ს ცოტათი აჭარბებს. ქვეყანაში კი, გუბერნატორებს რომ თავი დავანებოთ, 79 მუნიციპალიტეტი და მერიაა, თავისი მერებით, მაშინ, როცა 146 მლნ-იან იაპონიაში სულ 47 პრეფექტურაა.
ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, თუმცა დასავლეთიდან ვიღებთ ყველაზე ცუდს, რაც იქ კარგია, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემა, სოციალური დახმარებები, იაფი კრედიტი და ა. შ. ის არ გადმოგვაქვს. ანუ სიტყვით დასავლეთისკენ ვართ, საქმით თითქოს ჩრდილოეთ კორეისკენ მივდივართ.

დიდ პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, ვინც ბატონ ბიძინას ეუბნება, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდება, ატყუებს და ეს ბატონ ბიძინას ხალხთან და საზოგადოებასთან გაუცხოებამდე მიიყვანს.
საფრანგეთში რევოლუციის დროს დედოფალმა იკითხა: რას ითხოვენო? - პურსო,- მიუგეს. გაუკვირდა დედოფალს: რად უნდათ პური, ფუნთუშები ჭამონო. რადგან თვითონ ფუნთუშებს ჭამდა, ეგონა, რომ ყველა ასე იყო.

ბატონ ბიძინას გარემოცვა აწვდის იმ ინფორმაციას, რაც სწორედ მის გარემოცვას აწყობს. დღეს ერთადერთი გამოსავალია - ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაამთავროს კარგად დაწყებული საქმე, თორემ საბოლოოდ ყველაფერი მას დაბრალდება.

- ყველა ტვირთს ივანიშვილს რომ ვკიდებთ, სად არის ქართული საზოგადოება: სად ბრძანდებით, მაგალითად, თქვენ?


- დიახ, საზოგადოებისგან ძირითადი მესიჯები უნდა მოდიოდეს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, არც ერთი ქვეყნის და გართიანების მომხრე არ ვიყოთ. მილოშევიჩმა რუსეთის მხარდამჭერი მკვეთრი პოზიცია რომ გამოხატა, მიიღო დანგრეული და განადგურებული იუგოსლავია, მისი თანამედროვე ბროზ ტიტოსგან განსხვავებით, რომელსაც არავის მხარე არ დაუჭერია გამოკვეთილად. თქვენ ახსენეთ სამოქალაქო საზოგადოება და მხოლოდ საზოგადოება ვერ გადაჭრის ამ საკითხებს. პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს მასმედიაც.

თუ ყოველ საღამოს ტელევიზიით ვუყურებთ, როგორ ლაპარაკობს ორი ჩამოყალიბებული სულელი და მესამე ავანტურისტი, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს და ცდილობს, ის ორი სულელი ერთმანეთს დაატაკოს, გაანადგუროს საღი აზრი და გაასულელოს საზოგადოება, ასე ქვეყანა ვერ გადარჩება.

- მაგრამ, ეტყობა, ასე სჭირდება ვიღაცას.

- ვინ არის ის "ვიღაცა"? 

თქვენ იცით, რომ მტერი ჰყავს ყველას. მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ქართველებს ქართველებზე უარესი მტერი არავინ გვყავს.

კვლავ გავიმეორებ: მედია უნდა გათავისუფლდეს და აღარ უნდა აფრქვევდეს შხამს, რადგან ეს "შხამი" ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს. ის საბოლოოდ დაღუპავს საზოგადოებას.

საზოგადოება მეტად უნდა გათვითცნობიერდეს, რადგან ინ- ფორმირებული და განათლებული საზოგადოება სუსტი ვერასდროს იქნება. ის უბედურებები, რაც ხდება ჩვენი ტელევიზიების ე.წ. თოქ-შოუებში, არის დამანგრეველი. ეს ხელს უწყობს იმას, რომ არ მოვიდეს ნორმალური ხელისუფლება, აჩლუნგებული იყოს ხალხი…

- ისევ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხს დავუბრუნდეთ, რაში აწყობს რუსეთს საქართველოში მისდამი არსებული მუდმივი უკმაყოფილება?


- რუსეთის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს არის ის, რომ აწარმოებს არასწორ გეოპოლიტიკურ პოლიტიკას. არასწორია ის, რომ შედის უკრაინელებთან საომარ კონფლიქტში, ისე, როგორც ჩვენ არ უნდა შევსულიყავით კონფლიქტში ოსებთან და აფხაზებთან. მათთან ქართველები სამართლებრივად მართალი ვართ, მაგრამ შევცოდეთ იმაში, რომ ვერ განვსაზღვრეთ რისკები და წავიტეხეთ კიდევაც კისერი.

რუსები საქართველოსთან მუდმივი კონფრონტაციით კარგავენ გეოპოლიტიკურ დასაყრდენს კავკასიაში. ეს დასაყრდენი ხდება მისი გეოპოლიტიკური მტრის ყველაზე საიმედო პლაცდარმი.

- მაგრამ უკრაინა?

- უკრაინის "გადაყლაპვა" ძალიან გაუჭირდება რუსეთს.
რუსეთმა უკრაინაში ომი, ფაქტობრივად, წააგო, დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიებიდან აკონტროლებს მხოლოდ დონბასს და ყირიმს, როცა შეეძლოთ, რომ მთლიანი უკრაინა მისი მოკავშირე ყოფილიყო.
ჩვენ უნდა მოვიქცეთ უფრო გონივრულად. კიდევ ვიმეორებ, ლუკაშენკოს სტილში - როცა საჭიროა, დამთმობები ვიყოთ, თუ საჭიროა _ ვაგინოთ. ოღონდ მხოლოდ ფაქტებით, რეალურად, დიპლომატიურად. მაგრამ ეს რომ გააკეთო, ცოდნა და გამოცდილება უნდა გქონდეს და ისევ იმ ჩიხამდე მივდივართ - არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა, მცირეწლოვანი ასაკი - რუსეთი ყოველთვის იტყვის - ნატო გვიახლოვდება, ამიტომ არ დავთმობთ აფხაზეთს და სამჩაბლოსო, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მაგიტომ არაა რუსეთი ჩაბღაუჭებული აფხაზეთს და სამჩაბლოს. მას, უბრალოდ, უნდა, რომ ეს ტერიტორიები იყოს მისი. თუკი საქართველო იტყვის, რომ ის არ შევა ნატოში, ოღონდ დაგვიბრუნოს რუსეთმა ტერიტორიები, როგორ ფიქრობთ, რუსეთი დათმობს ამ რეგიონებს? რა თქმა უნდა - არა.
აი, სწორედ მაშინ გვექნება სათქმელი, რომ, ჩვენ მივიწევთ ნატოსკენ, ხოლო რუსეთი სპეკულირებს ჩვენი ტერიტორიებით. ეს იქნება სწორი დიპლომატიური პოლიტიკა.

სწორედ ეს თქვა ავიგდო რესკინმა: სად იყო ნატო, როცა შევარდნაძე შევიდა სნგ-ში, სად იყო ნატო 2007 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ვაკე-საბურთალოს გასაყართან რომ იყო დაბანაკებული, ან მაშინ, როცა აჭარაში, ახალქალაქში იყო რუსული ბაზები. რუსეთი, ერთგვარად, გვეთამაშება  და გვკრავს ხელს, რომ ვიყვიროთ - ნატოში გაწევრიანება გვინდაო, რომ მერე ეს მოგვდოს მიზეზად და ის პოლიტიკა გააგრძელოს, რაც საქართველოს მუდმივ გეოპოლიტიკურ ჩიხში ამყოფებს, თუმცა ეს ჩიხი რუსეთისთვისაც ჩიხია...

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0