საქართველოს მტერია ის ვინც კვირიკაშვილის მიმართვის პოზიციას არ ეთანხმება

გვესაუბრება "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე.

ევროპელები თურმე ისე "შეაწუხა" საქართველოდან ჩასულმა "კრიმინალებმა" და თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ, რომ შეიძლება საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს, ანუ დღის წესრიგში დადგეს გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი.

ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე პირველი გერმანიის ხელისუფლება ალაპარაკდა, სწორედ გერმანიამ ჩააგდო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და ახლაც ყველაზე მეტად გერმანელები აქტიურობენ. მე არ ვამართლებ ჩვენს იმ თანამოქალაქეებს ვინც იქ ქურდობს და სხვა დანაშაულს სჩადის, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ მათ დააქციეს ევროპა. იგივე გერმანიაში უამრავ მძიმე დანაშაული ხდება აზიიდან და აფრიკიდან ჩასული მიგრანტების მიერ, ხალხს სცემენ, აუპატიურებენ, მათ შორის ბავშვებსაც, ძარცვავენ და ხოცავენ, ისეთ საშინელებებს სჩადიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მათი შიშით ქუჩაში ვერ გამოდის, თუმცა ევროპული ხელისუფლებები ამაზე დუმს, მარტო ქართველების დეპორტაცია სურთ. საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დანაშაულს რომ ჩაიდენს, ცდილობენ დაფარონ ეს ფაქტი. არასამთავრობო ორგანიზაციების "ნაღებს" "დირექტივა" აქვს გაცემული ხელისუფლების მიმართ, რომ არ გაამხილონ რომელი ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა დანაშაული, თურმე მათ მიმართ აგრესიაა, ამიტომ კრიმინალების სადაურობა უნდა დავფაროთ. სამაგიეროდ, თუ უცხოეთში რომელიმე ქართველი დაიჭირეს, "რუსთავი-2"-ს პირველ ნიუსად ეს ამბავი აქვს და სხვა ტელევიზიებიც მაშინვე აიტაცებენ ხოლმე. კრიმინალს ეროვნება არ აქვს, საქართველოშიც და დასავლეთშიც ხდება უცხოელების მიერ დანაშაული, მაგრამ მაინც და მაინც ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულზე რატომ ხდება საგანგაშო ვითარების შექმნა, ვერ ვხვდები. რატომ არ შეიძლება იგივე ევროპამ საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ვიზები მისცეს, როცა უამრავ თანხას და ჯარისკაცების სიცოცხლეს ვდებთ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, პროცენტულად რომ ავიღოთ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი ჯარისკაცი მიდის "ცხელ წერტილებში" საომრად. ჩვენ სულ არ გვაინტერესებს და არც არაფერში გვჭირდება არც ავღანეთი, არც ერაყი და არც სხვა "დემოკრატიას მოწყურებული" ქვეყნები, მაგრამ იქ სისხლს ვღვრით, რადგან ამას ითხოვენ დასავლელი პარტნიორ-მეგობრები, თვითონ კი სამუშაო ვიზის გაცემა არ უნდათ ჩვენს ხალხზე.

საქართველო დღესაც იმ დილემის წინაშე დგას, რაც საუკუნეების წინ ჰქონდა, დასავლეთს არასდროს აღელვებდა ჩვენი ეროვნული ინტერესები, სულხან-საბა, რომელიც დახმარებას ითხოვდა ევროპისგან, უარით გამოისტუმრეს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ახლადშექმნილი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ერთა ლიგაში გაწევრიანებას ითხოვდა, რადგან ლიგის წესდება წევრი ქვეყნის დაცულობას ითვალისწინებდა, ამაზეც უარი გვითხრეს. ახლაც ნატოსკენ მისწრაფების გამო დაისაჯა საქართველო, ძირძველი ქართული მიწები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სწორედ ამის გამო ჩამოგვაჭრეს. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ვინ ჩივის, დასავლეთს ისიც არ უნდა, რომ ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ ქართველებს სამუშაო ვიზა მისცენ.

– საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ევროპის საქართველოსადმი მკაცრ პოლიტიკაში რუსეთის კვალს ხედავს. სხვათა შორის, ისეთი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ რუსეთი სპეციალურად არ აუქმებს სავიზო რეჟიმს, რომ სამუშაოს მაძიებელი ქართველები რუსეთს მიაწყდებიან, საქართველო მკვიდრი მოსახლეობისგან დაიცლება და მათ ადგილს უცხოტომელი მიგრანტები დაიკავებენ.


– რაც შეეხება რუსეთის კვალს, მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასა და რუსეთს გარკვეულ საკითხებში შეუთანხმებლობა აქვთ. დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ რუსეთს არ უნდა რომელიმე მის მოწინააღმდეგე ბლოკში მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია. საქრთველო-რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის არსებობას კი, მარტო კრემლს ნუ დავაბრალებთ. ახლახან ქართველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავისუფლად ჩამოდიან, ჩვენ კი უვიზოდ არ გვიშვებენ რუსეთშიო. ეს მართლაც არ არის ნორმალური, მაგრამ ვისი ბრალია? როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ვფიქრობთო, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საპასუხოდ ბრძანა, ამ პროვოკაციას ქვეყანა არ წამოეგებაო. თანაც ასეთ არადიპლომატიურ განცხადებას, ვიღაც "ენჯეოშნიკი" და რიგითი მოქალაქე კი არა, საკანონმდებლო ორგანოს მეორე პირი აკეთებს, რუსეთის პრეზიდენტს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე უარს ეუბნება, თურმე არ გვინდა. ამის მერე რატომ გვაქვს პრეტენზია? დარწმუნებული ვარ, რუსეთთან უვიზო მიმოსვლა რომ გვქონდეს, ჩვენი ხალხი ევროპაში სამუშაოს საძებნელად საერთოდ აღარ წავა, ერთადერთი სასწავლებლად და ტურისტებად თუ წავლენ.

ზოგიერთი ტვინგაცხელებული პოლიტიცოს-"ენჯეოშნიკისგნ" განსხვავებით, რუსეთს მართლა არ უნდა საქართველო ქართველებისგან რომ დაიცალოს. ახლახანს ერთ-ერთმა "პროგრესულად მოაზროვნემ" ტელევიზიით განაცხადა, რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ აწყობსო, აბა რა აწყობს, საქართველოს ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს წარმოქმნა, რომელსაც სირიაში გააფთრებული ებრძვის? ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თუ საქართველო აბორიგენი მოსახლეობისგან დაიცლება, აქ იქნება ტერორისტული შენაერთებით დასახლებული ისლამური სახელმწიფო ჩამოყალიბდება, რაც რუსეთის მტერი იქნება. ამ საეჭვო წარმონაქმნებს ასეთი უჭკუო ჰგონიათ რუსეთის ხელისუფლება, რომ ისედაც ფეთქებადსაშიში ჩრდილო კავკასიის გვერდით, ნელი მოქმედების ნაღმის ჩადება აწყობდეს. მარტო საქართველოს სახელმწიფოებრიობა კი არა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც აწყობს რუსეთს, ამ ვითომდა ლიბერალი ვაიქართველების გამოსვლების შემხედვარე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თავად საქართველოს არ აწყობს გაერთიანება. დღეს ქვეყნის ყველაზე დიდი მტრები სწორედ ასეთი ქართველები არიან.
შეიძლება ვიღაცა მატრაკვეცა გამოხტეს, სად წაიღებდა რუსეთი გურია-აჭარისა და საცხე-ჯავახეთის ტერიტორიებს, მათ არ ესაზღვრებათო. ასე არც ყირიმი ესაზღვრებათ, საერთოდ არ აქვთ სახმელეთო კავშირი, მაგრამ მიიერთეს და ზღვაზე ხიდი გადეს რომ დაკავშირებოდნენ. თავისუფლად შეეძლოთ გურია-აჭარა და სამცხე-ჯავახეთში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეეყვანათ, ზღვით დაუკავშირდებოდნენ და ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილი იქნებოდა. რომ ამბობენ ტაო-კლარჯეთი, ართვინი, ლაზეთი რუსეთმა მისცა თურქეთსო, წაიკითხონ ისტორია, რეალურად ვინ იყო ამაში დამნაშავე და ვინ შეუშალა ხელი სტალინს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ტერიტორიები საქართველოს დაბრუნებოდა.

– პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუსეთისადმი მიმართვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის ამ ნაბიჯს?


– ასეთი განცხადება უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. იდიოტის მეტი, არავინ იქნება ამის წინააღმდეგი, მაგრამ მოგვცემენ კი მოლაპარაკების დამოუკიდებლად წარმართვის საშუალებას, ან საერთოდ თუ გაგვიშვებენ მოსალაპარაკებლად მოსკოვში, როცა აშშ-ის უკვე პენსიაზე გასაშვებად გამზადებული ელჩის იან კელის ნებართვის გარეშე, ლამის ნათურა ვერ გამოგვიცვლია სადარბაზოში. პრეზიდენტად წოდებულ მარგველაშვილის განცხადებით, თურმე სტრატეგიული თავშეკავების პოზიცია გვიკავია. ეს პოზიცია კი თურმე იმას ნიშნავს, რომ ქვეყანის აოხრებას მდუმარედ უნდა შევხვდეთ. შეიძლება მეც მქონდა პრეტენზია ბიძინა ივანიშვილს და საერთოდ მთავრობის მიმართ, რომ დაპირება ვერ შესრულდა თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების კუთხით, მაგრამ როცა ვხედავ რა წინააღმდეგობებს აწყდება ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ქვეყნისთვის სასიკეთო ღონისძიებების განხორციელებისას, საკუთარი გუნდის წევრებისგანაც კი, აღარაფერი მიკვირს. ტრამპს უჭირს მომრავლებულ გაზულუქებულ გლობალისტებთან გამკლავება და ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი რას გააწყობედნენ? ჩვენ თუ რუსეთთან ურთიერთობები არ დავალაგეთ, მარტო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი არა, გურია-აჭარას, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლსაც დავკარგავთ. 7 მარტს, თურქეთმა დიდი ზარზეიმით აღნიშნეს ქართველი "ოკუპანტებისგან" "გათავისუფლების" 97 წლისთავი, საქართველოს სულ "დუშმანი" უძახეს, თან ისიც აღნიშნეს, ჩვენ მარტო ტაო-კლარჯეთი კი არა, ქობულეთიც გავათავისუფლეთო. ე.ი. ბათუმი და ქობულეთი "გათავისუფლებული" ჰქონიათ, უბრალოდ, ჯერ არ შემოდის ჩვენს იურისდიქციაშიო. აქამდე ასეთი "დღესასწაული" არ მოუწყვიათ თურქებს, წელს პირველად აღნიშნეს. ნაცნობმა თურქოლოგმა მითხრა, თურქეთის ელჩმა დაიბარა ქართველი თურქოლოგები, ოღონდ მათ შორის არ ყოფილან ეროვნული პოზიციის მქონე თურქოლოგები, ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ახლა სხვა პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ საქართველოს მიმართო. ართვინში რაც მოხდა, ამასთან დაკავშირებით ნორმალური ხელისუფლება დაიბარებდა თურქეთის ელჩს და კითხვას დაუსვამდა, საქართველოს თუ დიდგორობის სახელმწიფო დონეზე აღნიშვნის უფლება არ ჰქონდა, რომ თურქეთისთვის არ ეწყენინებინა, რას ნიშნავდა ართვინის "დღესასწაული" და მეგობარი სახელმწიფოს "დუშმანად" მოხსენიება. იმ დროს, როდესაც ასეთი საგანგაშო ვითარებაა შექმნილი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, საქართველოს პარლამენტში და მედიასივრცეში ტრანსგენდერებსა და გენდერულ კვოტებზე მსჯელობენ. "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, მოაშოროს საკანონმდებლო ორგანოდან თუ სხვა სახელმწიფო უწყებებიდან უცხო ქვეყნის აგენტურა, სანამ ესენი თანამდებობებზე იქნებიან და ქვეყნის ბედს წყვეტენ, საქართველოს არაფერი ეშველება.

რუსეთისადმი მიმართვის გამო დღეს ვინც ლანძღავს კვირიკაშვილს, ისინი საქართველოს მტრები არიან. ხელისუფლებამ როდემდე უნდა გაუწიოს ანგარიში ამ ერთი მუჭა რენეგატების ხუშტურებს, რომლებმაც 20 კაცი ძლივს შეკრიბეს კვირიკაშვილის მიმართვის გასაპროტესტებლად. თავმოყვარე ხელისუფლება ამ უცხო ქვეყნების, პირველ რიგში, თურქეთის აგენტურას, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდა და დაიჭერდა. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ძალიან მტკივნეული და დამამცირებელია, როცა მიცვალებულს არ გიბრუნებენ, მაგრამ პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ და კიდევ უფრო არ უნდა გავამწვავოთ ისედაც დაძაბული ვითარება. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრიონ, არჩილ ტატუნაშვილის გამწარებული მშობლების და ახლობლების გამქეზებლებს მინდა მივმართო, რისი მიღწევა გსურთ, იმ ამერიკული "ჯაველინების" იმედი გაქვთ, რომლებიც 70 მილიონ დოლარად შემოგვასაღეს, როგორ ვერ ხვდებით, რომ კიდევ ერთ ომს საქართველო ვეღარ გადაიტანს? თუ ჭკუას არ მოვუხმობთ, შეიძლება თბილისიც დავკარგოთ და ქურთების ბედი გავიზიაროთ, 50-მილიონიან ერს საკუთარი სახელმწიფო რომ არ გააჩნია.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0