გამომიგზავნე ევროპავ და ამერიკავ, ჩემი ქართველები უკან - ჩემი სირცხვილი და ტკივილი სანახაობა არ არის, რომ სხვებმა უყურონ

კეშას ბლოგი

ვერ იქნება ჩემს დღევანდელ წერილში იუმორი – იმედი არ გქონდეთ.

რა გამაცინებს, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ წამომივა – გამეყინა დღეს ბოლო წვეთამდე. ვკითხულობ დღეს ამერიკაში მცხოვრები ერთი ქართველის პოსტს: როგორ ნახა ამერიკაში ჩასული გაჭირვებული ქართველი, ჩემი საწყალი ქართველი, ვალებს გაქცეული ჩემი ქართველი, სიდუხჭირეს გაქცეული ჩემი ქართველი და როგორ შეეძლო დახმარება და არ დაეხმარა ეს ვაი ქართველი და მისი მეგობარი უი უკრაინელი, რადგან – ქოცი იყო ეს ჩემი გაჭირვებული ქართველი, ნაცი არ იყო.

კომენტარებს გადავხედე და უმეტესობა უწონებდა საქციელს.
ღორი ჭამს თავის ნაშიერს. ნეხვსაც ჭამს ღორი.

გამოყარე გერმანიავ, ამერიკავ უკან გამომიგზავნე, საფრანგეთო დაადეპორტე – რაღა მანდ, რაღა უცხო ქვეყანაში დავჭამოთ ერთმანეთი, ჩვენს მიწაზე, მღვდელი თევდორეს სისხლით მორწყულ მიწაზე დავჭამოთ ჩვენი ნაშიერები, ჩვენი ერის ნაშიერები, ჩვენს ქვეყანაში – ჩვენს გაჭირვებულ, დაგლახებულ, წაქცეულ ქვეყანაში ვჭამოთ ნეხვი – რაღა მანდ, რაღა უცხო მიწაზე. ჩვენი ტკივილი და სირცხვილი აქ მინდა, ჩემს მიწაზე მინდა დარჩეს.
გამომიხტებიან არასამთავრობოები, ძალად „პრადვინუწები“ – ლესბოსელები და გეები იდევნებიან სექსუალი ნიშნით საქართველოშიო.

არადა, ყველაზე მეტად საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ვდევნით ადამიანები ერთმანეთს.
ნეტავი, პოლიტიკა მაინც გვქონდეს, რამე მაინც გვქონდეს პოლიტიკის მსგავსი – პოლიტიკურმა კოჰაბიტირებულმა სექსმა შობა კოჰაბიტირებული პოლიტიკური ჰობიტი.

ამათ გამო გვძულს ერთმანეთი? ამათ გამო ვიბოღმებით?

ბავშვები იხოცებიან საქართველოში მშივრები და ჩვენ ვიღაცეების დაკარგული ან მოპოვებული სკამების გამო სიძულვილისა და ბოღმისთვის გვცხელა?

ამათ გამო ვიმეტებთ გაჭირვებულ ქართველს უცხო მიწაზე, უცხო ტომის საჯიჯგნად?

რუსი ტურისტი ქალი ჩამოვიდა ერთი კვირის წინ თბილისში, ერთი კვირა უნდა დარჩენილიყო, მეორე დღესვე აალაგა ბარგი და სვანეთში წავიდა, მერე ხევსურეთს მოვინახულებო. თბილისში არაბის, ირანელის, თურქის მეტი ვერავინ და ვერაფერი ვნახეო. არც იმ ქალს მოწონდა პუწინი, არც იმ ქალს მოწონდა რუსული პოლიტიკა. გეტყვით რა მოწონდა და რისი ნახვა უნდოდა: ქართული სტუმართმოყვარეობის, ქართული კავკასიური ხასიათის, ქართული სახეების ნახვა უნდოდა, მართლმადიდებლები უყვარდა კიდევ – ისიც მართლმადიდებელი იყო და იმიტომ.

იმედი მაქვს – სვანეთსა და ხევსურეთში მაინც ნახავდა რამე ქართულს.

ქუჩაში ბანკომანტთან ვიდექი გუშინ, ორი ბიჭი დგას შორიახლო, ეწევიან, იფურთხებიან. ჩაგვიარეს ხელგადახვეულმა გოგო-ბიჭმა. გოგოს მოკრძალებულად ეცვა, მაგრამ ძალიან ლამაზი ტანი რომ ჰქონდა, იმ დიდი დუტის ქურთუკშიც ეტყობოდა. ხოდა, ჯეელებმა ჯერ გახედეს, მერე ხმაც მიაყოლეს: აუ, რა მაგარი გასა..მი ქალიაო…
რომ გაეგონა გოგოს თანმხლებ ბიჭს, უნდა მობრუნებულიყო და მოეკლა რომელიმე.
მითხარით ახლა, ვინ გვასწავლა ასე მოქცევა? ასე საუბარი ვინ გვასწავლა ჩვენს ქალაქში? ოკუპანტმა? თურქმა? არაბმა? ირანელმა?

არც დაყოფა უსწავლებია ჩვენთვის უცხოს, თავად დავყავით ერთმანეთი ბანაკებად.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქობულეთში ვიყავი. გაითიშა ელექტროენერგია, გაითიშა კომუნიკაცია. სანთლის საყიდლად წავედით – რიგი დაგვხდა. ლარი ღირდა ერთი სანთელი, ერთი 20 თეთრიანი სანთელი ღირდა 1 ლარი.
ომი დაინახე, გაჭირვება დამინახე და სანთელი ლარამდე გა მიძვირე, ქართველო? და ვისია ეს გაჭირვება და ომი? მარტო ჩემია? მარტო ჩემი შვილისაა?

ვენაცვალე ილიკოს და ილარიონს, ბოლო ჩექმა და ნაბადი გააგზავნეს ომის დროს წინა ხაზზე.
არ ვიყიდეთ სანთელი დემონსტრაციულად, ქუჩაში, სიბნელეში გავათენეთ, მაგრამ ერთად…
ჩვენ რომ ერთად დგომა შეგვეძლოს – ვინ მოგვერეოდა, ჩვენ რომ ერთად დგომა შეგვძლებოდა – ჭავჭავაძეს არ მოგვიკლავდნენ...

აფხაზეთის ომიდან სახლში დაბრუნდა ჩემი მეზობელი მთელი და ჯანმრთელი – წაიყვანა ქართულმა პოლიციამ და გაქრა. რამდენიმე წლის შემდეგ ძვლები მოგვიყარეს სოფელს – აქაოდა ტყეში თავი ჩამოიხრჩოო – ძვლების ექსპერტიზა გააკეთა ოჯახმა: რამდენიმე ადამიანის ძვალი იყო დაყრილი.
ჩემი ქართველი ომიდან დაბრუნებულ ქართველებს ხოცავდა ცემით და ძვლებს აგროვებდა – რა პასუხი მოვთხოვო მე რუსეთს?

ჭრელო პეპელა – ჩვენზე, ამ საუკუნის შვილებზე დაუწერიათ, თავის დროზე…
რა მოვთხოვო, რა პასუხი მოვთხოვო მე რუსეთს, როცა ჩემი ქართველი უცხო ტომში მარტოს მტოვებს საჯიჯგნად, რადგან ჩემი პოლიტიკური კურსი არ მოწონს.

რა პასუხი მოვთხოვო მე რუსეთს, როცა ჩემი ქართველი მძარცვავს ომის დროს, მძარცვავს და ფულს ითვლის, მძარცვავს და უხარია.

90-იან წლებში ჩვენს სოფელში ორი ასაკოვანი და ცხოვრობდა. ძალიან უჭირდათ, რადგან მთელ პენსიას შვილს უგზავნიდნენ. ერთ შვილი გაზარდა ორივემ ერთად. ხოდა, ნახევრად მშივრები იყვნენ, თურმე.
გვესტუმრა ერთხელ ერთი და. ბებო გასული იყო. ვიცოდი, ბებო მოვიდა და დაეხმარებოდა, ეხმარებოდა ხოლმე. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა მშიერი ყოფილიყო, მაგრამ, არ მინდოდა სცოდნოდა, რომ ვიცი, შიმშილობს. მინდოდა, უბრალოდ სადილზე დაგვეპატიჟა, როგორც ვაკეთებდით ხოლმე, მაგიდაზე ახალგამომცხვარი პური და ახალმოხარშული ღორის ხორცი იდო. ოთახში პურის და ხორცის სუნი ტრიალებდა. იჯდა მოხუცი, მაგრამ ჯერ კიდევ სასწაულად ლამაზი მოყვანილობის პირისახის ქალი კუთხეში, უყურებდა პურს და ტიროდა, სახის არც ერთი ნაკვთი არ ეცვლებოდა, უბრალოდ ცრემლები ჩამოსდიოდა გაუჩერებლად. პატარა ვიყავი, მაგრამ ზუსტად მივხვდი, შიმშილს არ ტიროდა – იმას ტიროდა, რომ სახლში მშიერი და ელოდებოდა, იმას ტიროდა, რომ შიმშილობა უწევდა, იმას ტიროდა, რომ შიმშილმა ჩვენამდე მოსვლა აიძულა.

ისე მოკრძალებულად მიირთვა, თითქოს ეს-ესაა ისაუზმა. წასვლის წინ, ერთი პური და ხორცი გავატანეთ. მან კი ჯიბიდან ფერადი ძაფები ამოიღო – ეს მოგიტანე, ამიტომ მოვედიო, – უთხრა ბებოს.
ის ძაფები გამოუყენებლად ედო ბებოს საკერავ მანქანაში – შეიძლება, არ უნდოდა დავიწყნოდა, რომ სადღაც ორი და შიმშილობს, შეიძლება, იმ ამაყი, მაგრამ მშიერი ქალის სახსოვრად იტოვებდა.
იმ დღეს პირველად გამეყინა სისხლი ძარღვებში.

ასე საშიმშილოდ, ასე ცრემლებისთვის გაიმეტა გამაძღარმა ქართველმა გაჭირვებული ქართველი ოკეანის გაღმა პოლიტიკური ნიშნის გამო და თავს იწონებს, მედიდურობს.

დამიბრუნე ამერიკავ, გამომიგზავნე ევროპავ, ჩემი ქართველები, სხვისი ქართველებიც, ზოგადად ყველა ქართველი – თუ ღორებივით უნდა დავჭამოთ ერის შვილებმა ერთმანეთი და მერე ნეხვში ვიგორაოთ, დაე, ქართულ მიწაზე. ჩემი ტკივილი ჩემმა მიწამ იცოდეს, ჩემი სირცხვილი და ტკივილი სანახაობა არ არის – რომ ევროპას და ამერიკას ვაყურებინო.

ოკუპანტი კი, რას დაგვიშავებდა, ჩვენ რომ არ მოგვენდომებინა, ჩვენ რომ არ გვევაჟკაცა – ქართველს ქართველის გარდა ვერავინ ამარცხებს. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც...скачать dle 12.0