უსიყვარულობის სინდრომი

ვახტანგ  ხარჩილავა:

"მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, ფაქტობრივად, ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულები ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.
მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები რთული ვითარების დასაძლევად", - ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის ტექსტი რუსეთისადმი, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე და აგრესიული შეფასებები მოჰყვა.



ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ, რომ ქვეყანა ორ ბანაკად არის გაყოფილი - ერთ მხარეს პროდასავლური ორიენტაციის მოქალაქეები არიან, მეორე მხარეს პრორუსული ორიენტაციის.

ქვეყანა მართლაც ორად არის გაყოფილი, მაგრამ, ჩემი აზრით, არასწორია ის მახასიათებლები, რითაც ამ ორი ბანაკის იდენტიფიცირება ხდება.
ქვეყანა ორადაა გაყოფილი, მაგრამ არა პროდასავლურობისა და პრორუსულობის ნიშნით, არამედ იმის მიხედვით, ვის უყვარს ეს ქვეყანა და ვის არა.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქართველი უყოყმანოდ გეტყვის, რომ ძალიან, ძალიან უყვარს საქართველო, მაგრამ სიყვარული მხოლოდ ბგერათა გროვა ხომ არ არის, ის, პირველყოვლისა, პასუხისმგებლობაა იმის მიმართ, ვინც გიყვარს.

იქ, სადაც პასუხისმგებლობა არ არის, არ არის სიყვარული.
სიყვარულია ის, რაც შენს თავისუფლებას ზღუდავს და პასუხისმგებლობის ჩარჩოებში გაქცევს, რადგან შენი სიცოცხლე გეკუთვნის არა შენ, არამედ იმას, ვინც გიყვარს.

უსიყვარულობა უპასუხისმგებლობიდან იწყება, უპასუხისმგებლობა კი ის ბოროტებაა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს და აცამტვერებს.
სწორედ უპასუხისმგებლო ადამიანებს შეეძლოთ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთისადმი აბუჩად აეგდოთ და მისთვის სამარცხვინო და კოლაბორაციონისტული ეწოდებინათ.
გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა ზუსტად ზის იმ დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ სტანდარტებში, რომლის დაცვითაც ერთი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი მეორე სახელმწიფოს უნდა მიმართავდეს.

მიმართვის ტექსტში, ფაქტობრივად, ყველაფერია ნათქვამი, რისი თქმაც მოცემულ სიტუაციაში საჭირო და აუცილებელი იყო, ოღონდ ნათქვამია დელიკატურად, მოზომილად, პასუხისმგებლობის გრძნობით, ისე, რომ ორ სახელმწიფოს შორის არსებული უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო არ გაფუჭდეს და არ დაზიანდეს.

ძალიან მაინტერესებს, სხვანაირად და სხვაგვარად როგორ უნდა დაწერილიყო ეს ტექსტი, ვიღაც-ვიღაცები ენას რომ აჭარტალებთ და პატრიოტობანას გვეთამაშებით?

"ნაციონალებო" და ნაციონალების განაყარო პარტიებო და პოლიტიკოსებო, იქნებ თქვენსავით კვირიკაშვილსაც დედა უნდა ეგინებინა რუსეთისთვის, პუტინისთვის კი ლილიპუტინი ეძახა, როგორც ამას თქვენ აკეთებდით, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმისა, საქართველომ თავისი ტერიტორიების 20 პროცენტი რომ დაკარგა.

კიდევ ბევრია დასაკარგი და ამგვარი რიტორიკით შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ, მათ შორის სახელმწიფოებრიობაც.
აქეთკენ გვიბიძგებთ? აქითკენ გვაქეზებთ?

კაცმა რომ გკითხოთ, ვითომ საქართველო გიყვართ, ვითომ პატრიოტები ხართ და ამ დროს იმ ჩიხისკენ მიგვაქანებთ, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს.
თქვენ რუსეთთან ურთიერთობის უკიდურესი გამწვავებისკენ მოგვიწოდებთ, ფაქტობრივად, რუსეთთან ომისკენ მოგვიწოდებთ, იმ ომისკენ, სადაც უეჭველად დავმარცხდებით, რასაც აუცილებლად მოჰყვება ქართული სახელმწიფოს დაშლა და დანაწევრება.

ეს არის ის პროექტი, ის იდეა, რაც არაერთგზის გაჟღერებულა რუსული იმპერიის იდეოლოგებისგან.

შემთხვევით, ამ პროექტის ხორცშესხმას ხომ არ ემსახურებით თქვენ, ოღონდ ემსახურებით პროდასავლურობის ნიღბით, ემსახურებით ფარისევლურად, დემაგოგიურად, კონსპირაციულად, დაშიფრულად, ისე, რომ თქვენს ავ განზრახვაში ეჭვი არავის შეეპაროს.
სხვებს რომ უწოდებთ პროვოკატორებს და აგენტებს, სინამდვილეში სწორედ თქვენ ხომ არ ხართ ნამდვილი პროვოკატორები და აგენტები, რომლებიც სწორედ იმ სახელმწიფოს საიდუმლო დავალებებს ასრულებთ, რომელსაც ზეპირსიტყვიერად "ებრძვით", საქმით კი მის წისქვილზე ასხამთ წყალს, თან მტრისთვის გაკეთებული ამ საქმით გმირების და პატრიოტების სახელის მოხვეჭა გინდათ, მუქთად, სისხლის და ოფლის დაუღვრელად, იაფფასიანი პიარით, თეატრალიზებული შოუებით და გმირულ-ჰეროიკული შინაარსის კომიკური პერფორმანსებით.

ახლა ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის დრამატული ბედით სპეკულირებთ და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებთ, მაშინ როცა მშვენივრად იცით, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად გადმოეცეს ოჯახს.
ესეც არ იყოს, რა მორალური უფლება გაქვთ თქვენ, ვინმეს რაიმე უსაყვედუროთ, თქვენ, რომლებმაც ერთი კი არა, ასობით ტატუნაშვილის გვამი უპატრონოდ მიატოვეთ ბრძოლის ველზე და თავქუდმოგლეჯილი გამოიქეცით, რომ თქვენი უბადრუკი სიცოცხლე გადაგერჩინათ, შემდეგ კი ჩასვრილებს, თავსლაფდასხმულებს და დამარცხებულებს, ცეკვა-თამაში გაგეჩაღებინათ და წაგებული ომი გამარჯვებად გამოგეცხადებინათ.
მსგავსი უტიფრობა, მსგავსი მკრეხელობა ისტორიას არ ახსოვს, ისე, როგორც არ ახსოვს დამარცხებულ მხარეს ცეკვა-თამაში გაემართოს ყვავ-ყორნების საჯიჯგნად დაყრილი საკუთარი ჯარისკაცების გვამებზე.

რა გიხაროდათ? რა გეზეიმებოდათ? რას დღესასწაულობდით?

ნუთუ იმას, რომ რუსის ჯარმა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე სრული კონტროლის დამყარება მოახერხა, მთლიანად დაიპყრო და თბილისიდან 40 კილომეტრის მოშორებით დადგა?

ახლა რა პროვოკაციებს ხლართავთ და რა შეცდომების დასაშვებად აშანტაჟებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ჯარს როგორმე სერიოზული მიზეზი და საბაბი მიეცეს და თბილისისკენ დაიძრას.

ეს გინდათ? ამას ჩალიჩობთ? ამისთვის ძვრებით ტყავიდან?

ეჭვი მაქვს, რომ ამ სააკაშვილებს, ამ ბოკერიებს, მერაბიშვილებს, ვაშაძეებს, ბაქრაძეებს, ოქრუაშვილებს, მელიებს, სამადაშვილებს, საყვარელიძეებს, სხვებსა და სხვებს, სწორედ რუსული `პაგონები~ უბრჭყვიალებთ ევროკავშირში შეკერილი ძვირფასი კოსტუმების ქვეშ, რომლებსაც, დრო მოვა და აუცილებლად გამოაჩენენ.

თუმცა მეტი რაღა გამოჩენა უნდათ _ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც მათ თავიანთი მოღვაწეობის შედეგად საქართველოს დაუტოვეს, ერთადერთ სახელმწიფოს, რუსეთს, აძლევს ხელს და შანსს უტოვებს მას ძალიან დიდი ხნით, ლამის სამუდამოდ, დარჩეს აქ.
საქართველოსთვის აი, ამ ტრაგიკული რეალობის შემოქმედები, კიდევ ბედავთ და სხვებს ადანაშაულებთ რუსეთთან ფარულ თანამშრომლობაში?
თუმცა რატომ არ გაბედავთ _ ვინმემ მოგკითხათ, ვინმემ წინ დაგილაგათ თქვენი ავკაცობისა და ავაზაკობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ვინმემ პასუხი გაგებინათ იმის გამო, რაც ჩაიდინეთ?

"ნაციონალური მოძრაობა"  მოითხოვს, გიორგი კვირიკაშვილმა ბოდიში მოუხადოს ქართველ ხალხს და თანამდებობა დატოვოს.
"ნაციონალებო", კვირიკაშვილს რომ თხოვთ ბოდიშის მოხდას, თქვენსავით 132 სოფელი დაკარგა თუ აფხაზეთი თუ სამაჩაბლო მიართვა რუსეთს ხონჩით?
კვირიკაშვილს ამ მიმართვით არაფერი ჩაუდენია ისეთი, რომ ბოდიში მოიხადოს, მაგრამ თქვენ იმდენი უპატიებელი დანაშაული გაქვთ ჩადენილი, მთელი თქვენი დარჩენილი ცხოვრება პატიებას უნდა ითხოვდეთ.


"მე, ხანდახან, ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ამ ქვეყანას", _ ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქი ის ადამიანი არ არის, რომელსაც შეიძლება რაღაც გაუაზრებლად წამოსცდეს.

ადვილი წარმოსადგენია, როგორი შინაგანი სულიერი ჭიდილის შემდეგ ითქვა ეს ფრაზა, იმ განაჩენს რომ ჰგავს, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
როცა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ მდგომარეობას გააანალიზებ, როცა ხედავ, რომ სამღვდელოთა ერთი ნაწილი რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის მაგვარ სტრუქტურას აყალიბებს და ეკლესიის ორად გახლეჩვას ცდილობს, როცა ვერ ხერხდება ერის ერთი იდეის, ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება, როცა გარშემო ამდენი სისასტიკე, აგრესია, უსიყვარულობა და უღმერთობაა, ცხადია, გეთქმევინება ეს ფრაზა.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანას მაინც ეშველება. ისეთი უსაშველო არაფერი არ ჭირს ამ ქვეყანას, რაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანას არ ჭირს, მათ შორის, ძალიან წარმატებულ ქვეყნებსაც.
არაფერი ისეთი არ ხდება საქართველოში, რაც დანარჩენ სახელმწიფოებში არ ხდება.

იმითვე მინდა დავამთავრო, რითაც ეს წერილი დავიწყე: ქვეყანა ორად არის გაყოფილი, ოღონდ არა პოლიტიკური ორიენტაციის და პოზიციის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, ვის უყვარს ეს ქვეყანა და ვის - არა.
როგორც დასაწყისში ვთქვი, სიყვარული, პირველყოვლისა, პასუხისმგებლობაა და როცა გულწრფელად გიყვარს, პასუხისმგებლობაზე დამყარებული, სიყვარული თვითონვე გიკარნახებს, რა არჩევანი უნდა გააკეთო და რა გზას უნდა დაადგე, რომ ის, ვინც გიყვარს, არ დააზიანო და არ გააუბედურო.
ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ აღვიდგინოთ, მაგრამ ნუ მივეცემით ამის გამო უკიდურეს სასოწარკვეთას და ნუ დავხატავთ აპოკალიფსურ სურათს, თითქოს ყველაფერი დამთავრდა.

მსოფლიოში, ალბათ, არც არსებობს სახელმწიფო, რომელსც თავისი ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში მსგავსი სიტუაცია არ ჰქონოდეს, მაგრამ დრო გასულა და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩამდგარა.

ტერიტორიული მთლიანობია აღდგენამდე, სჯობს, ქართველთა სულიერი მთლიანობა და ერთიანობა აღვადგინოთ.
ცხადია, საქართველოც, უნდა მას თუ არ უნდა, ჩართულია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში და ეს პროცესები, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაზეც აისახება.

რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, მაგრამ ქართველი კაცი იმდენად ნიჭიერია და იმდენად ძლიერია შინაგანად, თანაც პრობლემათა დაძლების ისეთი ისტორიული გამოცდილება აქვს, რომ, მჯერა, ამ პრობლემებსაც დაძლევს.

მთავარია:

"გვიყვარდეს საქართველო,
გვიყვარდეს საქართველო,
გვიყვარდეს საქართველო,
სულზე უფრო მეტად!"скачать dle 12.0