"მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ საქართველოს მრეწველობა გადაარჩენს!"

ვიზალიბერალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვა და რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივები – ამ და სხვა თემებზე „საერთო გაზეთს“ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე ესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ ევროპასთან უვიზო რეჟიმი უდავოდ პერსპექტიული ნაბიჯია, რომელიც ახალი კონტაქტების დამყრებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების საშუალებას იძლევა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მას ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა. ვიზალიბერალიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოდან ჩასული კრიმინალებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გამო, გერმანია „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედებაზე ალაპარაკდა. ამის მიუხედავად, მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება. ევროპამ მუსულმანური სამყაროს წევრებს არ მიუხურა კარი, რომლებიც ტერაქტებს აწყობენ, ქალებს აუპატიურებენ, შიშს და ქაოსს თესავენ და ქართველებს გამოყრიან? ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ქრისტიანი მუშახელი ურჩევნიათ, ვიდრე ისლამური ქვეყნიდან ჩასულები.

– ხელისუფლება უვიზო რეჟიმის შეფერხების თავიდან აცილებას გამკაცრებული ზომებით აპირებს. ახალი რეგულაციებით, ყველა დამრღვევს უკან დაბრუნების ანუ რეადმისიის ხარჯების გადახდა თავად მოუწევს. ფინანსურ სანქციებთან ერთად, შესაძლოა, გვარის შეცვლის პროცედურებიც გართულდეს.

– მარტო ეს არ გვიშველის. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ სანამ წარმოებებს არ ავამუშავებთ და ხალხს არ დასავაქმებთ, არაფერი გამოვა. ისტორიას თუ გადავხედავთ, უფრო მძიმე პერიოდებიც გვქონია, მაგრამ ყოველთვის ვპოულობდით გამოსავალს. ახლაც ვიპოვით თუ წარმოების ამუშავება და ხალხის დასაქმება მოხერხდა. ამდენი უცხოელი მრჩეველები ჩამოდიან, სავალუტო ფონდი და „მსოფლიო ბანკი“ ჭკუას გვასწავლიან და არავის უთქვამს წარმოება გააკეთეთ და მოსავალი გადაამუშავეთო. პირიქით, წლების მანძილზე ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ტექნოლოგიებს ჩამოვრჩით და ფასეულს ვერაფერს შევქმნით, ამიტომ წარმოება და სოფლის მეურნეობა უნდა დავივიწყოთ და ტურიზმს და სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციას დავჯერდეთ. რას ვერ შევქმნით, როცა თვითმფრინავიდან დაწყებული, ავტომობილებით დამთავრებული, ყველაფერს ვაწარმოებდით. 5 მილიონზე მეტნი ვიყავით და პროდუქცია ექსპორტზე გაგვქონდა. 300 ღვინის ქარხანა გვქონდა,100-ზე მეტი საკონსერვო და 15 ეთერზეთების ქარხანა, ჩაის ფაბრიკები და ეს ყველაფერი სრული დატვირთვით მუშაობდა. ფაბრიკა-ქარხნები მოშალეს, გაანადგურეს და ჯართად გაყიდეს და მოსახლეობა როგორ უნდა დავასაქმოთ? ახლა ჩვენი მოქალაქეები ჩაის და ციტრუსებს თურქეთში კრეფენ. კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, ხილი და ლამის მწვანილიც შემოგვაქვს და მის ხარისხსაც ვერ ვაკონტროლებთ, ამიტომ მეტწილად, უხარისხო და გემოდიფიცირებული პროდუქცია შემოგვაქვს.

– კი, მაგრამ თქვენი საკანონმდებლო ინიციატივით, საქართველოში ცოცხალი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემოტანა და წარმოება ხომ აიკრძლა?


– აიკრძალაა, მაგრამ კანონი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, მერე 2018 წლისთვის გადაიტანეს და ჯერჯერობით, ამ მიმართულებით, არაფერი ისმის. სამწუხაროდ, თანამედროვე ლაბორატორიაც არ გვაქვს, რომელიც ანალიზებს ჩაატარებს. თუ ევროპისკენ მივდივართ, ევროპაში პროდუქციაში გმო-ს დასაშვები ზღვარი 0,9%-ია და ჩვენთან, ხანდახან 40% მდე ადის. რა თქმა უნდა, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში ბევრი რამე გაკეთდა, უამრავი ფონდი შეიქმნა და საქართველოში მოუხნავ მიწას ვეღარ ნახავ, მაგრამ ეს საკმარისი არაა და გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო. უახლოეს 3–4 წელიწადში, ალბათ, აქამდეც მივალთ.

– საქართველოს პრემიერ მინისტრის რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციამ უღირსი და კაპიტულანტური უწოდა, თუმცა განცხადების გაკეთებიდან 24 საათის შემდეგ, ცხინვალის რეგიონში გარდცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაათავისუფლეს და ისინი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. თქვენ როგორ შეაფასებთ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას?

– ყველამ ვიცით, რომ რუსეთი „საჩუქარი“ არაა და ამხელა ქვეყანა კიდევ სხვების ტერიტორიებს ეპოტინება. იაპონია კურილიის კუნძულებში ასობით მილიარდებს იხდის და არ თმობენ, მაგრამ ეს კონტაქტები ყველა შემთხვევაში, რაღაცას მოგვიტანს. თუ გვინდა, რომ ოდესმე ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ და რუსეთში ექსპორტი გავიტანოთ, ჩრდილოეთ მეზობელთან რეალური ურთიერთობა უნდა შევქმნათ. დასავლეთმაც გარკვევით მიგვანიშნა, რომ რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გარეშე, მხოლოდ დასავლეთის შეშფოთების ხარჯზე, დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. ისიც უნდა გვხსოვდეს, რომ ნატოსთან ერთად, საქართველოში თურქეთიც შემოვა. ეს რომ რუსეთმა დაუშვას, ჩრდილოეთ კავკსიასაც დაკარგავს. 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებიდან, რომლის ძირითადი მხარეები რუსეთი და თურქეთი არიან, 100 წელი სრულდება, ამიტომ რუსეთის ლანძღვა კარგს არაფერს მოგვიტანს. რეალურად, მსოფლიოს ახლა სხვა პრობლემები აქვს და საქართველოს ბედი არავის აწუხებს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პრინციპულები უნდა ვიყოთ და აგრესიულ მეზობელთან საერთო ენა უნდა მოვნახოთ და ეკონომიკის გაძლიერებაზე ვიმუშაოთ. პრობლემების შესახებ ყოველ წუთს გვესმის, მაგრამ არვინ ამბობს ბოლო წლებში რამდენი სიკეთე გაკეთდა. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, შეიძლება სახსრებიც არასაკმარისია, მაგრამ შეუძლებელია, გონიერმა ქართველმა არ აღიაროს, რომ წარმოების გარეშე, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება. მჯერა, რომ უახლოეს წლებში ეს საკითხები დღის წესრიგში დადგება. ფაბრიკა-ქარხნები ისევ აგუგუნდება და ემიგრანტები დაბრუნდებიან. მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ასე იქნება.

ნელი თორდია
скачать dle 12.0