"მართალია, გაერომ მომაკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ არ გავქრებით და ქართველი ერი აუცილებლად გადარჩება!"

ამ დღეებში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იბერიას“ეთერში არანაკლებ შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა და ბრძანა, რომ საქართველო მომაკვდავი ერების ხუთეულშია. რა გახდა ზემოთ ხსენებული განცხადებების გაკეთების საფუძველი და ნამდვილად უიმედოა თუ არა მდგომარეობა, ამაზე სასაუბროდ, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარეს თამარ ჩიბურდანიძეს ვესაუბრეთ:

– ამასწინათ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოში და ზოგადად, თანამედროვე სამყაროში არსებული აბორტების პრობლემაზე ისაუბრა. 


– მეუფე შიო, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა. ბოროტება, რომელზეც მეუფე შიომ ყურადღება გაამახვილა, აბორტებია. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ აბორტი ქალის უფლება. ჩემი აზრით, აბორტი მკვლელობაა, რადგან ნებისმიერი არსება, რომელიც ჩაისახება, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლეა. 21-ე საუკუნეში მსოფლიოში არასასურველი ორსულობისგან დაცვის უამრავი საშუალება არსებობს, რომ ამ ნაყოფის მკვლელი არ გახდე. ათასობით ოფიციალური აბორტი ადასტურებს, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ დაბალი შეგნება და სამოქალაქო კულტურაა. როგორც ჩანს, მეუფე შიოს ძველი მონაცემები ახსოვდა. გასულ წელს 10 თუ 12 ათასით იკლო აბორტების რაოდენობამ და 40 ათასი აღარ არის, თუმცა წელიწადში 10 000-იც რომ იყოს, მაინც ძალიან ბევრია.

– თუმცა, აბორტების აკრძალვის მომხრე არ ხართ..

– რაც შეეხება აბორტების აკრძალვას, ამის მომხრე ვიყავი, მაგრამ სპეციალისტებთან საუბრისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ნახვის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ეს უარეს შედეგებს გამოიწვევს, რადგან ვისაც აბორტის გაკეთება უნდა, მაინც გაიკეთებს. მაგალითად, ირლანდიიდან და კიდევ 3–4 ქვეყნიდან, სადაც აბორტი აკრძალულია, მსურველები პროცედურის ჩასატარებლად მეზობელ ქვეყნებში მიდიან, რაც კიდევ სხვა პრობლემებს იწვევს. საქართველოში ძალიან გავრცელებულია მედიკამენტური აბორტი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ორგანიზმზე. ვფიქრობ, რომ აბორტს აკრძალვით კი არა, მის წინააღმდეგ პროპაგანდით უნდა ვებრძოლოთ. როცა ამ მიმართულებით, ქვეყანაში სამოქალაქო კულტურისა და შეგნების ამაღლებას შევძლებთ, შემდეგ შეგვიძლია აკრძალვაზეც ვიფიქროთ.

– გაეროს ბავშვთა ფონდის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველი 225 000 ანუ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. 9.4% ანუ 77 ათასი ბავშვს კი უკიდურეს სიღარიბეში უწევს ცხოვრება. იქნებ, გახშირებულიაბორტების მიზეზი სოციალურ ფონში უნდა ვეძიოთ?

– არა, ეს 2016-ის კი არა, 2008 წლის შედეგებია. ჩვენ ეს ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდში გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ ბოლო კვლევა 2008–2009 წელს ჩატარდა.
გეთანხმებით, რომ საქართველოში ოჯახების დიდ ნაწილს უჭირს შვილების გამოკვება და ქვეყანაში მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ აბორტის მძიმე სოციალური მდგომარეობით გამართლება სრული სიცრუეა. 2014 წელს ჩვენმა ფონდმა ანონიმურობის დაცვით ჩაატარა კვლევა ქალბატონებში, რომლებიც აბორტის გაკეთებას აპირებდნენ. კვლევის თანახმად, გამოკითხული ქალბატონების 64%-მა განაცხადა, რომ უბრალოდ, მეტი შვილი არ უნდა. მეორე ადგილზე გავიდა სელექციური აბორტები და მესამე ადგილზე, დაახლოებით 20%-მდე იყო სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა.

– ალბათ, იმაში მაინც დამეთანხმებით, რომ მრავალშვილიანი ოჯახების დიდი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. თქვენი აზრით, 20 ლარიანი დახმარება, რომელსაც პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი ითვალისწინებს, საკმარისია?


– მე ამ კანონპროექტის თანაავტორი ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა არავითარი 20 ლარიანი დახმარება, კანონპროექტის მიზანი უპირველეს ყოვლისა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის განსაზღვრა იყო, რომელიც საქართველოში 2006 წელს გაუქმდა. თუ 2006 წლამდე სტატუსი 7 და მეტ შვილიან ოჯახს ჰქონდა, ახლა 4 და მეტ შვილიან ოჯახებს ექნება. რაც შეეხება დახმარებებს, მრავალშვილიანთა სოციალური პაკეტი ძალიან დიდია და შედის კომუნალურ გადასახადებში შეღავათი, კულტურა, სპორტი, განათლება, აქტივობებში სახელმწიფო სუფსიდირება, საგადასახადო შეღავათები და ა.შ. და ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის სუფსიდირებას, ოთხშვილიანი ოჯახი წლიურად მიიღებს ელექტროენერგიაზე 240 ლარიან სუფსიდირებას. ხუთი და მეტ შვილიანი ოჯახს ყოველ ბავშვზე 120 ლარი დაემატება. კონკრეტული ინიციატივის მომხმარებელი სოციალურად დაუცველების გარდა, 300 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი პირები, ანუ საშუალო ფენაც იქნება. მრავალშვილიანი ოჯახების ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ ბავშვებს სრულყოფილ განათლებას ვერ აძლევენ და სახელოვნებო თუ სპორტულ წრეებში ვერ დაჰყავთ. მარიამ ჯაშისა და შოთა ხაბარელის ინიციატივით მოხდება წრეობრივი მუშაობის და სპორტული აქტივობების სუფსიდირება. ამის გარდა, შესაძლებელია მუნიციპალიტეტებმა ტრანსპორტით მგზავრობის სუფსიდირება განახორციელებს, სოფლის მეურნეობა თავისი მიმართულებით იმუშავებს და ა.შ. ასე, რომ ინფორმაცია, რომ მრავალშვილიან ოჯახები 20 ლარიან დახმარებას უნდა დასჯერდნენ, მიზანმიმართულად გავრცელებული აბსურდია, რომ მოხდეს მთელი პოზიტივის წაშლა. ეს არის დიმიტრი ხუნდაძის ძალიან კარგი ინიციატივა და ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, რაც საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახებისათვის განხორციელებულა.

– როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, თუ ადამიანების დასაქმება არ მოხდა, მრავალშვილიანი ოჯახის კეთილდღეობისთვის მხოლოდ დახმარება საკმარისი არასოდეს იქნება. არადა, ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი სწორედ დახმარებების გამო, თავს არიდებს მუშაობას.

– გეთანხმებით, დახმარება არასოდეს იქნება საკმარისი თუ ადამიანმა არაფერი გააკეთა. მე ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ 21-ე საუკუნისკენ კი არა, უკან მივდივართ და საკუთარი პასუხისმგებლობა გვავიწყდება. ქვეყანაში იმდენად დიდი დემოგრაფიული პრობლემაა, რომ სახელმწიფომ შეუძლებელი უნდა შეძლოს, რომ ამ ოჯახებს დაეხმაროს. რაც შეეხება სოციალური დახმარების მიღების გამო უმუშევრობას, 2013 წელს, როცა სოციალური დახმარებები გაორმაგდა და 2016 წელს, როცა ამ გაორმაგებულ დახმარებებს თითო ბავშვზე 10 ლარი დაემატა, სოციალურად დაუცველების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი დახმარების მოხსნის შიშით არ მუშაობს. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, სანამ ქვეყანაში სოციალურად დაუცველის სტატუსი ამ ფორმით არსებობს, ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა გამორიცხულია. ზოგიერთი რომ არ შიოდეს, მაინც მშიას გაიძახის, რომ სტატუსი არ მოეხსნას. 

– საუბრის ბოლოს თქვენი განცხადების შესახებაც გვითხარით, რომელიც "იმედის" ეთერში გააკეთეთ.

– 2017 წელს მსოფლიომ საქართველო მომაკვდავი ერების სიაში შეიყვანა. ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ერის დაბერების კუთხით, ანუ 2050 წლისთვის მოსახლეობის დაახლოებით 33% იქნება პენსიონერი, ანუ ბიუჯეტიდან თანხის მიმღები. ძალიან მაღალია მიგრაციის დონე და მწარმოებელი ფენა ყოველწლიურად იკლებს, რაც ყველა ქვეყანაში ვიზალიბერალიზაციის თანმდევი პროცესია. ქორწინებისა და ახალშობილთა რაოდენობა იკლებს, განქორწინებულთა რაოდენობა იმატებს და ამ ყველაფერს დემოგრაფიულ კრიზისამდე მივყავართ. ჩვენი მცდელობა და ის ხუთი წელი, რაც დემოგრაფიულ ინიციატივებზე ვმუშაობთ, უწმინდესის ინიციატივასთან ერთად, შობადობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ გავიარეთ 90-იანი წლების სიდუხჭირე, მიგრაცია, სიკვდილიანობა, აბორტების საგანგაშო რაოდენობა და შედეგად მივიღეთ ის, რაც გვაქვს, მაგრამ არ მინდა საუბარი პესიმისტურად დავამთავრო. მე 19 საუკუნის დასაწყისში შავი ჭირისა და გამუდმებული ომების წყალობით, დაახლოებით 400 000 ვიყავით. მოსახლეობა თითქმის განადგურდა, მაგრამ მე 19 საუკუნის ბოლოს თითქმის მილიონ ნახევარი გავხდით და ფაქტობრივად, მკვდრეთით აღვდექით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მომაკვდავი ერების სიაში შეგვიყვანეს, სერიოზული პრობლემები გვაქვს და უახლოესი 30 წელი დემოგრაფიული კრიზისის პერიოდში ცხოვრება მოგვიწევს, დარწმუნებული ვარ, რომ არ გავქრებით და ქართველი ერი აუცილებლად გადარჩება!

ნელი თორდია
скачать dle 12.0