მოქალაქეები, რომლებიც ჯარში წასვლას თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გაივლიან

მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაივლიან. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ინიციატივის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ მოქალაქეს მათ უწყებაში დასაქმების საშუალებაც ექნება. 
„საკანონმდებლო პაკეტში, რომელსაც მთავრობას წარვუდგენთ, არის რამდენიმე ახალი ინიციატივა. კერძოდ, საუბარია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ახალ ხედვაზე. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით თავს არიდებენ შეიარაღებულ ძალებში სამსახურს, ჩვენ გავიწვევთ, შევქმნით პირობებს იმისთვის, რომ მათ ალტერნატიული სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამაშველო-სახანძრო დანაყოფებში მოიხადონ, დაეუფლონ მეხანძრე-მაშველის უნარ-ჩვევებს და უკვე კონკრეტული უნარ-ჩვევებით სარეზერვო სამსახურშიც ჩაირიცხონ. იმ ადამიანებისთვის, ვინც აირჩევს ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს, შეიქმნება სპეციალური მექანიზმი და ჩვენ ამ ხალხს გადავამზადებთ, რომ ჰქონდეთ საბაზისო უნარები“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში გაწვეული მოქალაქეები, ძირითადად დამხმარე ფუნქციებს შეასრულებენ, რათა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. 

„აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ხანძრის ჩაქრობაში, თუ სხვა სახის სამაშველო ოპერაციაში არ ჩაერთვებიან და შეასრულებენ დამხმარე ფუნქციებს, რათა მათი სიცოცხლე იყოს დაცული. მეორე მხრივ, ამით ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული რესურსების ნაკლელობა, რომელიც არსებობს, შევავსოთ და უკვე რეზერვისთვის იყოს მომზადებული ხალხი. ისინი ასევე გაივლიან წინასწარ მომზადებას, რაც გულისხმობს ძირითადი უნარების გამომუშავებას. ჩვენ ამ ხალხს შევუქმნით ასევე პირობებს, რომ შემდეგ უკვე დასაქმდნენ კიდეც ჩვენთან. გარკვეულწილად, ეს არის პასუხი სახელმწიფოს მხრიდან იმ კამპანიაზე, როდესაც არაჯანსაღი ხასიათი აქვს მიღებული რელიგიური ნიშნით, ჯარისთვის თავის არიდებას“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
„ინტერპრესნიუსი"
скачать dle 12.0