მოსალოდნელია, იუნესკომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭოს

"საერთო გაზეთის" სტუმარია საქართველოს ებრაელთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის გადარჩენის ფონდის ხელმძღვანელი, ცნობილი სპორტული კომენტატორი, ბატონი ჯამლეთ ხუხაშვილი.

– ბატონო ჯამლეთ, ყოველთვის საამაყო იყო ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა და სიყვარული. რა გაგრძელება და რა პერსპექტივები აქვს ამ კავშირს?


— ჩვენ ერთად მოვდივართ, აგერ, უკვე, 27 საუკუნეა და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ქართველებს ეთქვათ — ებრაელები მოღალატეები არიან, ან სხვა უარყოფითი რამ ჩვენზე. თუ რაიმე უკმაყოფილება ყოფილა, ეს იყო გამონაკლისი, რაც ყველგან და ყველას შორის შეიძლება მოხდეს.

ჩვენ, ებრაელები, საუკუნეებია აქ ვართ, ქართულ ენაზე ვსაუბრობთ, ქართულად ვიძინებთ, ქართულად ვიღვიძებთ, სიზმრებსაც ქართულად ვხედავთ, გვიყვარს საქართველო, თუმცა ვისაც სურვილი ჰქონდა, ადრეც და ახლაც, სწავლობდა და სწავლობს ივრითს. ეს მისასალმებელია. კარგია, როცა ორი ენა იცი, შეიძლება ითქვას, ორი მშობლიური ენა გაქვს — ერთი გენეტიკური, მეორე — ისტორიული, საქართველოში დამკვიდრებული ჩვენი დიდი წინაპრების ენა.

ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობა ეს არის იმ ტოლერანტობის გამოხატულება, რაც საქართველოში არსებობს ყველა სხვა ერის მიმართ, მაგრამ, რადგან ქართულ-ებრაული ურთიერთობები განსაკუთრებულია, ბოლო ხანებში დაიბადა აზრი, რომ იუნესკომ ამ ორ ერს შორის ურთიერთობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭოს. დიახ, ამაზე უკვე დაიწყო საუბრები და რადგან საუბრები დაიწყო, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ამ აღიარებას დიდი დრო სჭირდება, ოფიციალური ბარიერების გადალახვა, მაგრამ, დამეთანხმებით, თუნდაც პროცესი, თავისთავად, სასიხარულოა.

კიდევ ვიმეორებ, ის ტოლერანტულობა, რაც გამოხატულია საქართველოში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებს შორის, მისასალმებელია. მით უმეტეს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა ზაზა ვაშაყმაძემ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია ამ მიმართულებით. პრობლემები ახლაც არის. უპრობლემოდ არაფერი არ არსებობს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არც ერთი ეთნოსის წარმომადგენელი უკმაყოფილო არ გახლავთ.

პირადად მე, მოხარული ვარ იმით, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობები იმ ფაზაში გადადის, რომ ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის კავშირები ღრმავდება. დროა უკვე, საქართველოსა და ისრაელს შორის მყარი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება დამყარდეს. ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ეს უნდა გახდეს უფრო ინტენსიური ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით.
ქართველმა ებრაელებმა შესანიშნავად ვიცით, რომ ჩვენს წინაპართა ძვლები ქართულ მიწაში განისვენებს და ამ ხსოვნას მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის. ჩვენ ამას ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.

– 90-იან წლებში ბევრი ებრაული ოჯახი წავიდა საქართველოდან. ეს განშორება ორივე მხარისთვის მტკივნეული იყო. თქვენ იცნობთ, სავარაუდოდ, საქართველოდან წასულ ბევრ ებრაელს, რა განწყობა აქვთ. რას ფიქრობენ დღეს საქართველოზე?

– იცით, ალბათ, ალია სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება. პირველი ალია 60-იანი წლების ბოლოს მოხდა, მეორე 70-იანი წლების შუა ხანებში, 80-იან წლებში და შემდეგ 90-იანებში. იმ პერიოდში ძალიან აირია სიტუაცია საქართველოში და ხალხი გაეცალა ამ მდგომარეობას. მაშინ ებრაელები კი არა, ქართველებიც კი გარბოდნენ საქართველოდან. აქედან წასული ებრაელი ზოგი ისრაელში დასახლდა, ზოგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ დაივიწყეს საქართველო.

განშორებას ქართველები და ებრაელები ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდნენ. 70-იანი წლების ალიას დროს, მაშინ, როცა ე.წ. "რკინის ფარდა" კვეთდა ქვეყნებს, საქართველოდან ტირილითა და მოთქმით მიდიოდნენ, მაგრამ ახლა მიმოსვლა გაადვილდა, კომუნიკაციები გამარტივდა, სტუმრობაც შეიძლება და მასპინძლობაც უფრო ადვილია. მოკლედ, ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებობს ძალიან ძმური, მეგობრული ურთიერთობა.

ჩვენ, ებრაელებმა, ცოტა არ იყოს, შეგვიძლია ვიტრაბახოთ, რომ ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ყოველთვის ვიღებდით აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოში ქართველი ებრაელების რაოდენობა დღეს ძალიან შემცირდა, მაგრამ უნდა ითქვას: არის ბევრი შერეული ოჯახი. მშვიდობით და სიყვარულით ცხოვრობს იუდეველი ქრისტიანთან ერთად. ეს ქართულ-ებრაული ოჯახები არის ჩვენი სიყვარულის კიდევ ერთი სიმბოლო.

თუ არ ვცდები, 1994 წელი იყო, მახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარემ ვახტანგ გოგუაძემ თქვა მაშინდელი ალიას დროს — ღმერთმა ნუ ქნას, საქართველო ებრაელების გარეშე დარჩესო.

საქართველო ებრაელების გარეშე არ დარჩება, რადგან როგორც ზემოთ ვქვით, მრავალი შერეული ოჯახი არსებობს.
დღეს საქართველოში უამრავი ებრაელი ჩამოდის. ზოგი ტურისტული ვიზიტით, ზოგიერთი საქმიანი განზრახვით, ზოგი მათგანი პირველად არის საქართველოში. ისინი სიამოვნებით ეცნობიან ისტორიულ ქართულ ღირსშესანიშნაობებს.

დაახლოებით, 120 ავიარეისი სრულდება თვეში ისრაელიდან თბილისში, ეს არის ძალიან საიმედო და სანუგეშო რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც კმაყოფილი და გახარებული ბრუნდებიან ისრაელში. მათ მოსწონთ საქართველოს კუთხეები, ქართული სტუმარ-მასპინძლობა. ამაზე მოუთხრობენ შემდეგ თავის მეგობრებს ისრაელში. ასე გრძელდება ჩვენი გზა.

– სახელმწიფოებრივადაც მყარდება ეს კონტაქტები?

– ეს ურთიერთობები სახელმწიფოებრივადაც მხარდაჭერილია. იქაური ბიზნესმენები ჩამოდიან, აწარმოებენ ბიზნესსაქმიანობას საქართველოში, ჩართულნი არიან სამშენებლო ბიზნესებში. რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება დადებითად ხვდება. რადგან ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის მყარი ურთიერთობები არსებობს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ამ ურთიერთობების სახელმწიფო დონეზე გასაღრმავებლად მუშაობენ ცალკეული ორგანიზაციები, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ჩვენც. ხალხმა უნდა შევუწყოთ ყოველივე ამას ხელი.

– ბოლო ხანებში პრობლემები ექმნებათ ქართველებს ისრაელის საზღვრის გადაკვეთისას. არ გვაქვს ილუზია, რომ ვინმეს უმიზეზოდ აბრუნებდნენ უკან, მაგრამ, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უკმაყოფილოა ამ ფაქტით, ეს სახარბიელო არ არის ჩვენს შორის ურთიერთობის საკითხში.

– გარკვეულწილად, ინფორმირებული ვარ ამ კუთხით, ჩვენს მეგობრობაზე ამან უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ისრაელი არის საომარ მდგომარერობაში, მტრების გარემოცვაში და ის იცავს თავს. ფრთხლობენ, არ გადავიდნენ საზღვარზე არალეგალები, რომელთა აღრიცხვა ისრაელში უკვე ძალიან გაჭირდება. ამიტომ იყენებენ ყველა ღონეს, რომ არალეგალები არ მოხვდნენ ქვეყანაში. საზღვარზე აქვთ, ალბათ, სპეციალური ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც ხვდებიან, რომ ვიზიტორი არ არის ის ადამიანი, ვინც უახლოეს ხანებში უკან დაბრუნებას აპირებს და შესაბამისად მოქმედებენ.

— ძირითადად, ქართველებს აბრუნებენ უკანო.


– ამას ჩვენ ვიგებთ, თორემ საზღვრის გადაკვეთაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც თუ ეუბნებიან უარს, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს.

მხოლოდ ისრაელის მხრიდან კი არა, გერმანიიდან, იტალიიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც დააბრუნეს ხალხი. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

არ არის სასიხარულო, როცა საქართველოდან წასულ ქართველს უკან აბრუნებენ და მერე ეს ადამიანი სოციალური ქსელით, ან სხვა საშუალებით ატყობინებს ყველას, რომ ასე მოხდა. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია ჩემთვის, მაგრამ, ვიცი, როცა მივლინებით, ტურისტული მიზნით, ან სამკურნალოდ მიდიან, მათ არავინ აფერხებთ, ჩვეულებრივად გადადიან საზღვარს. მთავარია, საბუთები ჰქონდეთ წესრიგში და არსებობდეს მასპინძელი, რომელიც დახვედრას შეძლებს.
სულ ესაა, რისი თქმაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემიძლია.

ქართველი ებრაელები საზღვარზე არ მუშაობენ, მაგრამ რომც მუშაობდნენ, ისინიც დაიცავენ კანონს. მეგობრობისა და ნაცნობობის გამო კანონს ისრაელში არავინ დაარღვევს.

როგორც გითხარით, ძალიან მწყინს, ასეთი რამეები რომ ხდება და არ მინდა, მსგავსი პატარ-პატარა ინციდენტები ჩვენს ორ ერს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი გახდეს.

ჩვენ ისეთი ჯაჭვი გვაკავშირებს, რომ არ მგონია, ამან შეარყიოს ეს მართლაც უპრეცედენტო მეგობრობა.

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0