"ვფიქრობ, კიდევ რაღაც მზადდება, გაცილებით სერიოზული, ვიდრე 22 ნოემბრის ტერაქტი იყო"

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით გაგნიძე ისნის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებული პირების წინასწარ ტერორისტებად გამოცხადებას, არასწორად მიიჩნევს. მისი განცხადებით, სს-ის საქმე არა ტერორიზმის ბრალდებით, არამედ იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით უნდა აღძრულიყო.

დავით გაგნიძე:
როგორ ამტკიცებენ, რომ ეს ხალხი ტერორისტები იყვნენ, სად არის მათი ტერორისტული საქმიანობის შედეგი ან მტკიცებულებები? სიმართლე გითხრათ, მე ამ ყველაფერში უცხოური სპეცსამსახურების ხელწერას უფრო ვხედავ, ეჭვს მიძლიერებს "რუსთავი 2"-ის ქმდებაც, რომელიც სულ მოქმედი ხელისუფლების კრიტიკაშია, ახლა კი საოცრად ლოიალურები გახდნენ და სპეცოპერაცია კარგად დაგეგმილ-ჩატარებულად შეაფასეს. სპეცოპერაცია მართლაც კარგად ჩატარდა იმ კუთხით, რომ წინასწარ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და არ იყო ამ მხრიდან მსხვერპლი, მისასალმებელია მთავრობის განცხადებაც, რომ იქ მცხოვრებთ მატერიალურ ზარალს აუნაზღაურებენ. სპეცოპერაციის მსვლელობისას საკმაოდ იყო ხარვეზები, მაგრამ ერთ ძირითადზე გავამახვილებ ყურადღებას, თუ ჩვენი სამართალდამცავები და უსაფრთხოების სამსახური ამდენი ხანი საქმის კურსში იყვნენ ტერორისტების არსებობის შესახებ, რა პრობლემა იყო მათი პიროვნების დადგენა და საცხოვრებელი კორპუსის გარეთ სათითაოდ აყვანა? აქ ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, ჯერ დამთავრებულიც არ იყო სპეცოპერაცია, რომ თურქეთის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა, ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული აჰმედ ჩატაევიაო. საიდან იცოდა ან საერთოდ, რა შუაში იყო აქ თურქეთის ხელისუფლება, შემთხვევით ეს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით ხომ არ გააკეთეს?
თან ნახეთ რა პერიოდს დაემთხვა ისნის ინციდენტი, შს მინისტრი ახალი დანიშნულია, ამიტომ მას პასუხს ვერავინ მოსთხოვს, თუმცა ხსენებული ღონისძიების ჩატარება არც შსს-ს პრეროგატივაა, ასეთი ოპერაციები უსაფრთხოების სამსახურმა უნდა ჩაატაროს. დაღუპული ძალოვანიც ხომ უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო. ხელისუფლებას რომ აკრიტიკებენ, ამდენი იარაღი უპრობლემოდ როგორ გადმოიტანეს საზღვარზეო, რათ უნდოდა შემოტანა, როცა ადგილზე უამრავი იარაღი და საბრძოლო მასალაა. ტერაქტის მომწყობებს ადგილზე ხვდება იარაღიც და სხვა საშუალებებიც, საწამლავი იქნება ეს, ქიმიური იარაღი თუ სხვა. რუსული ჯარი საქართველოდან რომ გავიდა, აქ იარაღის და საბრძოლო მასალის უზარმაზარი არსენალი დატოვეს, რომელიც სადაა მიძინებული, ერთეულებმა თუ იციან. ხალხსაც კი პირდაპირ ურიგებდნენ ავტომატებსა და ტყვია-წამალს გარკვეული `გასამრჯელოს~ ფასად. 1992 წელს, ზუსტად ეს იარაღი დაურიგეს ციხიდან ამნისტიით გამოშვებულ ყაჩაღებსა და სხვა ჯურის კრიმინალებს, რომლებიც ვითომდა აფხაზეთში საომრად გაუშვეს. ეს იარაღი ბოლომდეა ამოღებული? მავანთ ეკონომიურად რომ გაუჭირდათ, მერე დაიწყეს მისი გაყიდვა და როგორ გაიგებს პოლიცია გამყიდველ-მყიდველის ვინაობას, რომელი მათგანი იტყვის. არ გეგონოთ, რომ პანკისის ხეობაში ნაკლები იარაღია, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გვქონდა ეჭვი, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს პანკისში უამრავი იარაღი გადმოიტანეს და ჩამარხეს, პოლიგონი ჰქონდათ მოწყობილი, სადაც ახალგაზრდებს სროლას ასწავლიდნენ. განა ჩვენს ძალოვნებს არ შეეძლოთ ამ ყველაფრის აღკვეთა, მაგრამ მაშინდელ ხელისუფლებას არ ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება.

ისნის სპეცოპერაციის შეფასებისას, მე იარაღის შემოტანაზე უფრო იმ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას, ამდენი ძალოვანს რომ კრიბავ ერთ კონკრეტულ ადგილზე, ამ შემთხვევაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იქნებ სხვაგან იგეგმებოდა ტერაქტი და ეს უბრალოდ სატყუარა იყო. რა საჭირო იყო იმხელა ცოცხალი ძალის და ჯავშანტექნიკის იქ გადასროლა, როცა მაქსიმუმ 50 სპეცრაზმელი ჭირდება 3–4 კაცის აყვანას. ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინო სატყუარა ხომ არ არის, რომ ყურადღება აქეთ გადაგატანინონ და `მოშიშვლებულ~ ადგილზე დაგარტყან. მე რასაც ვუყურებ, ეჭვი მიჩნდება, რომ მართლაც `მოშიშვლებული~ დარჩა მნიშვნელოვანი ობიექტები. ხელისუფლებამ მერე თვითონვე აღიარა, ასეთი ოპერაციების ჩატარების გამოცდილება არ გვაქვსო. თუ თვითონ არ აქვთ, უსაფრთხოების სამსახურში ხომ დარჩნენ ძველი, გამოცდილი კადრები, მათ ჰკითხონ. 90-იან წლებში ვინც მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, სულ ასეთი წინააღმდეგობები არ არ გვქონდა შეიარაღებულ ბანდფორმირებებთან? ან ეს ჩეჩნები რატომ გამოყავთ "სუპერბოევიკებად", ნამდვილად არ არიან ასეთი უძლეველები, თვითონ მქონია მათთან შეხება და კარგად ვიცი. 90-იან წლებში ახმეტის რაიონში პოლიციის ორ თანამშრომელს შეტაკება მოუხდა ჩეჩნებთან, მართალია, თვითონაც დაიღუპნენ, მაგრამ ორი მოწინააღმდეგე მოკლეს და ორიც დაჭრეს. დავიჯერო ვერ ხვდებიან, რომ ჩეჩნების გაფეტიშებით, ჩვენს ბიჭებს აყენებენ შეურაცხოფას. ან ფეისბუქში დადებული პოსტის გაპიარება რა საჭირო იყო, ვიღაც რომ იმუქრებოდა, ძმის მოკვლას არ გაპატიებთ, ათასებს გავაყოლებთო, ამით ხომ ხალხში პანიკას თესავენ.
იმ დღეებში სამედიცინო დაწესებულებები გადაჭედილი იყო შიშისგან დაზაფრული ხალხით. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მოსთხოვოს პასუხი ყველას, ვინც იმ ვიღაც ტვინგაცხელებულის მუქარის ტირაჟირება მოახდინა, ხალხის დაშინება ნაკლები ტერორისტული აქტი ხომ არ გგონიათ. როგორც გითხარით, ამ ყველაფერში უცხო ქვეყნების, კერძოდ, დასავლური სპეცსამსახურების კვალს ვხედავ, მაგრამ ეს რაში ჭირდებოდათ, დაზუსტებით ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, თუმცა რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. შეიძლება უნდოდათ რუსეთის მოქალაქეები გამოეჩინათ და ხმაურით აეყვანათ იმის სათქმელად, ხომ ხედავთ რუსეთი რას აკეთებს საქართველოშიო. ქართველ ძალოვნებთან კი მაქვს შენიშვნა, ქუჩაში რატომ არ აიყვანეს ის ხალხი, მაგრამ მისცეს კი მათ ამის უფლება? შეიძლება ოკეანისგაღმელმა `ინსტრუქტორმა~ არ დართო ნება, უხმაუროდ მომხდარიყო იმ ადამიანების დაკავება, რომელიც წინასწარ ჩეჩენ ტერორისტებად შევრაცხეთ. უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ გვაკერია ენაზე, ესეც შერჩევითია? ნაცები და მათი განაყრები თავს იწონებენ, ჩვენმა რუპორმა `რუსთავი-2~-მა გააღვიძა მთავრობის წვრები, არაფერი იცოდნენ ამხელა სპეცოპერაცია რომ მიმდინარეობდაო. ზუსტად ეს ადასტურებს, რომ ოკეანისგაღმიდან მოწყობილი იყო ყველაფერი და პირველი ინფორმაციაც მათ მთავარ დასაყრდენ ტელევიზიას მიაწოდეს. არ არის გამორიცხული ხმაურიანი სპეცოპერაცია იმისთვის ჭირდებოდათ, რომ მოსახლეობაში ფსიქოზი გამოეწვიათ, რასაც გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც. ვფიქრობ, კიდევ რაღაც მზადდება, თანაც გაცილებით უფრო სერიოზული, ვიდრე 22 ნოემბრის ტერაქტი იყო. აგერ სპეცოპერაციის მეორე თუ მესამე დღეს ბათუმში თურქების კუთვნილი სასტუმრო დაიწვა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, რამაც ბუნებრივია, საშინლად იმოქმედა ჩვენს ხალხზე. მე შემთხვევითი არც რუსების ის ნათქვამი მგონია, ერდოღანს როგორც უნდა, ისე ათამაშებს საქართველოსო. ფაქტია, თურქეთი აშკარად ერევა ჩვენს საშინაო საქმეებში. დარწმუნებული ვარ, ზამთარში რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი მოხდება, მიმდინარე მოვლენებს თუ კარგად გავაანალიზებთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მსოფლიო "მამები" რუსეთს თავისი გავლენის სფეროებს უბრუნებენ, ამ შემთხვევაში საქართველოს სახით.

– დავაკონკრეტოთ თქვენეული დასკვნის საფუძველი.

– გავრცელებული ინფორმაციით, ის ბინა ისანში, რომელშიც ხსენებული პირები ცხოვრობდნენ, ავსტრიაში მცხოვრებ პანკისელ ქისტს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაა პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების `ნავსაყუდელი~, თითქმის ყველა კრიმინალური `ლიდერი~ ვენაში ცხოვრობს. ჩემი ვარაუდით, რომ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი პროცესები ავსტრიიდან იმართებოდა. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს დამნაშავეთა სამყაროს მჭიდრო ურთიერთობა აქვს თავისი ქვეყნის ხელისუფლებასთან, რეალურად იქაური სპეცსამსახურები მართავენ თანამემამულე კრიმინალებს, იაპონურ `იაკუძას~, ჩინურ `ტრიადას~ და ა.შ. პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალური სამყარო ე.წ. კანონიერი ქურდების თაოსნობით, რუსეთის გავლენის სფეროა, რა გასაკვირია, რომ ავსტრიაში თავშეყრილი კრიმინალური `ბოსებიც~ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იმართებოდეს. ამიტომ მივიჩნევ, რომ რუსეთს გავლენის სფეროებს უბრუნებენ. რუსეთი ღიად რომ არ ჩანს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მის საქმეს სხვები აკეთებენ. ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საქართველოში შეიძლება მხოლოდ ერთი-ორმა კაცმა თუ იცოდა სინამდვილეში რა ხდებოდა, დანარჩენებმა, მათ შორის იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც სპეცოპერაციისას დაიღუპნენ, შეიძლება არაფერი იცოდნენ. მათ უბრალოდ ეტყოდნენ, იყავით მაგ ბინაში და თუ ვინმე მოვიდა, წინაღმდეგობა გაუწიეთო. დიდი ეჭვი მაქვს, რომ უცხოური სპეცსამსახურების გაკეთებულია ეს ყველაფერი, რაშიც ჩეჩნები ბრმა იარაღად გამოიყენეს, როგორც ლაფანყურის დროს. საზოგადოებამ დღემდე არ იცის, საიდან და რა მიზნით მოგვევლინნენ ის შეიარაღებული დაჯგუფება, რომლის წევრების უმეტესი ნაწილი მძინარეები დახოცა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ვერ გავიგეთ, რეალურად რა მოხდა კახეთში. ვფიქრობ, ვერც ახლა გავიგებთ. ერთ-ერთი მათგანი თუ მართლაც ჩატაევი იყო, ჯერ ამის დადგენა რა დიდი პრობლემაა, როცა მისი დნმ, თითის ანაბეჭდები არსებობს, ისიც მაინტერესებს როგორ შემოაღწია ამერიკელების მიერ საშიშ ტერორისტად გამოცხადებულმა ადამიანმა, როცა ამერიკა აკონტროლებს აქ ყველაფერს, თუ რაიმე წინასწარ არ იყო დაგეგმილი. ადგილობრივი დიდ ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე პერსონებიც რომ ადასტურებენ, ჩატაევი იყოო, საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, დაესიზმრათ, იქნებ სულ სხვა პიროვნება იყო? ცალფეხა და ცალხელა კაცი ასე იბრძოლებს, კბილებით აძრობდა "ლიმონკას" და ისე ისროდა? ერთ-ერთი მათგანი ჩატაევის დაცვის წევრი იყოო, მარტო ამით ვამტკიცებთ, რომ ჩატაევიც იქ იყო? გამორიცხავთ, რომ ხელყუმბარის აფეთქებისას მოწყდა იმ ვიღაცას კიდურები? თუ მართლაც ჩატაევი იყო, ოფიციალურ წყაროს რომც არ დაედასტურებინა, ინფორმაცია მაინც გამოჟონავდა.

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ისნის ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები ფსევდოხალიფატის მებრძოლები იყვნენ, რომლებიც რუსეთის წარმატებული საბრძოლო ოპერაციის შემდეგ, საქართველოს გავლით ჩეჩნეთში ბრუნდებოდნენ. თუ ზუსტი ინფორმაცია არ გაქვს, მტკიცებას ვერ მოყვები, მაგრამ ვფიქრობ, დიდი ალბათობით ის ხალხია, კადიროვის მომხრე ჩეჩნები ქართველ ძალოვნებს ამხელა წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, ჩაბარდებოდნენ, რისი ეშინოდათ. სპეცოპერაციის რეალური ხელმძღვანელების ინტერესში არ იყო, რომ ეს ხალხი რუსეთში გადასულიყვნენ, საქართველოში უნდა მომხდარიყო ლოკალური შემთხვევა, ეგ ჯგუფი თუ არ იქნებოდა, სხვები გამოჩნდებოდნენ, მათ მოუწყობდნენ ანალოგიურ ღონისძიებას. მათი ცოცხლად აყვანა, ალბათ არც უნდოდათ, რა გარანტია ჰქონდათ, რომ არ ალაპარაკდებოდა ის ხალხი. მთავარი იყო ქართველებისთვის ეჩვენებინათ, ხომ ხედავთ რუსები რას გიწყობენ, ტერიტორიების ნაწილი წართმეული გაქვთ, სხვა გამოსავალი არ გაქვთ, რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დაბრუნდეთ, ჩვენც მოგეხმარებითო. ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ მოხდება რაღაც. მოკლედ, რუსეთი სხვისი ხელით აგვარებს ყველაფერს. პუტინმა თუ არ ვცდები, ორი წლის წინ თქვა, მსოფლიოს გადანაწილება დასრულებულიაო, მაგრამ ამერიკელების რაღაც ჯგუფი ვერ თმობს საქართველოს, რადგან აქ დიდი ფული აკეთეს და იგივეს გაგრძელება უნდათ. სად წავიდა ის ოთხი მილიარდი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ წამოვიდა საქართველიში, რომელზეც დღეს რატომღაც ხმას არავინ იღებს. ჩვენი ხალხისთვის უკეთესობისკენ შეიცვალა რამე ამხელა ფულის შემოსვლის შემდეგ, უფრო პირიქით მოხდა. მარტო სააკაშვილს რომ მიეთვისებინა ის ფული, ვინ აპატიებდა, მაშინვე გააგორებდნენ. `ატკატი~ დაბრუნდა უკან და იმ ხალხმა მიიღო, ვინც ყველაზე მეტს გაჰყვირის. უკრაინაშიც ზუსტად ფულის გამო მოეწყო ევრომაიდანი.

– ბატონო დავით, საქართველოში აქამდე სიმშვიდე იყო, არ გავმხდარვართ ტერორისტების სამიზნე. ეს საქართველოს იმ მოქალაქეების დამსახურება ხომ არ იყო, რომლებიც ფსევდოხალიფატის მხარეს იბრძოდნენ და გავლენიანი პოზიციები ეკავათ?


– ეს სიმშვიდე პიროვნებებზე დამოკიდებული ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, საქართველო იყო ე.წ. გადასატვირთი პუნქტი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მუსულმანები, ჩამოჰქონდათ ფული, იმართებოდა რუსეთის საწინააღმდეგოდ მოლაპარაკებები, საქართველოს გავლით გადიოდნენ მებრძოლები ახლო აღმოსავლეთისა და რუსეთისკენ, აქედან გამომდინარე, არავის აწყობდა აქ არეულობა. არცერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის გარეული ისნის ინციდენტში, ეს უცხოური სპეცსამსახურების ნამოქმედარია, რომლებმაც ის უბედური ჩეჩნები მოატყუეს და შეყარეს მანდ. რა თამაშს თამაშობს ერდოღანი, რომელმაც ჩატაევის საქართველოში ყოფნა `დაადასტურა~, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მას ადვილად ვერავინ გაუგებს ვისი მოკავშირეა, ასე რომ, ჭკუას მოვუხმოთ. რუსეთს რა თქმა უნდა აწყობს საქართველოში არეულობა, მაგრამ მათ კვალს ამ მოვლენებში ვერ ვხედავ, კრემლს ისეთი ძლიერი აგენტურა ჰყავს, რომ უფრო სხვანაირად მოაწყობდნენ ყველაფერს, ყოველ შემთხვევაში თავის მოქალაქეებს არ გამოუშვებდა აქ რაიმე ოპერაციის განსახორციელებლად. მაშინვე ტერორისტის იარლიყი რომ მიაწებეს იმ ხალხს, იქნებ იარაღით მოვაჭრეები იყვნენ, ახალი ამბავია საქართველო ნარკობიზნესის და იარაღით ვაჭრობის სატრანზიტო ქვეყანად რომ ითვლება?

საერთოდ არსებობს ოპერატიული მუშაობის ორი მეთოდი, გერმანული და ანგლოსაქსური, მეფის რუსეთი, კომუნისტები და საქართველოც, `ვარდების რევოლუციამდე~ გერმანული სისტემით მუშაობდა. ოპერატიულად ვადგენდით დამნაშავეს და ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე ხდებოდა მისი აყვანა. ამერიკელები ანგლოსაქსური სისტემით მუშაობენ, წინასწარ გაჰყვირიან, მოვდივართო. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციისა თუ სხვა სამსახურების მაღალჩინოსნები სატელევიზიო კომენტარებს არიგებენ. ჩვენი მედიასაშუალებები ხომ არ უნდა ჩამორჩნენ ამერიკელ კოლეგებს, ხშირად ამათი აქტიურობა, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების, თავხედობაში გადადის, რაც ძალზე გამაღიზიანებელია.

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0