აზარტულ მოთამაშეებს შესაძლოა საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალოთ

საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაუჩნდეთ იმის შესახებ, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ არიან.  ამის შესახებ, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო "პალიტრა" ავრცელებს.
საუბარია, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლითაც სფერო უნდა დარეგულირდეს.

„ვფიქრობთ, რომ როგორც ე.წ. ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაა საჭირო საჯარო სექტორში დასაქმებისას, ასევე სავალდებულო უნდა იყოს შესაბამისი ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული. კერძოდ, კანონპროექტი გულისხმობს მოთამაშეთა რეესტრის შექმნას და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს სივრცეში აზარტულ თამაშებს ითამაშებს, დარეგისტრირება მოუწევს. ხოლო ის პირები, ვინც ამ რეესტრში არ იქნება რეგისტრირებული, საქართველოს სივრცეში ლეგალურად ვერ ითამაშებს. სწორედ ამ რეესტრიდან მოუწევთ ცნობის წარდგენა საჯარო სექტორში დასაქმების მსურველებს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისა თუ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ მკაცრი მოთხოვნა არსებობდეს, რათა მათ მოთამაშეთა რეესტრში თავი შეიზღუდონ და ოფიციალურად აზარტულ თამაშებში ჩართვის საშუალება არ ჰქონდეთ,“ - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. 

ამასთან, ,მისივე თქმით, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა არა 21 წლის, არამედ 22 ან 23 წლის პირებს ჰქონდეთ.

ამ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა, ის ჯერ არ მიუღიათ. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ამის მიზეზი მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები იყო. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის გატანა საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად მოხდება. скачать dle 12.0