ყველაზე პოლიტიზებული ოლიმპიური თამაშები

ყველაზე პოლიტიზირებული ოლიმპიური თამაშები - ასეთი შეფასება მისცეს წლევანდელ, უკვე განვლილ მთავარ სპორტულ ღონისძიებას სპორტულმა ჟურნალისტებმა თამაშების დაწყებისთანავე. მოგვიანებით ჩვენს კოლეგებს პოლიტოლოგებიც დაეთანხმნენ. მსგავსი შეფასება 1980 და 1984 წლების ოლიმპიადების ბოიკოტირებისასაც (იმ დროს ჯერ კაპიტალისტურმა ბანაკმა განაცხადა უარი მოსკოვის თამაშებში მონაწილეობაზე საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრის მიზეზით, ხოლო ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას სოციალისტურმა სამყარომ ბოიკოტითვე უპასუხა) არ გაუკეთებიათ. წლეულს დოპინგის სკანდალის გამო რუსეთს მხოლოდ ნეიტრალური, ოლიმპიური დროშით გამოსვლის უფლება მისცეს.

სპორტული ღონისძიებები სამხრეთ კორეაში პოლიტიკურმა მოვლენებმა გადაფარა. გვახსოვს, ოლიმპიადაზე ფხენჩხანში ჩრდილო კორეელები ეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოელთა დელეგაციაში თავიანთი ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, რომლებიც სამხრეთელმა მოძმეებმა თბილად მიიღეს. ფხენჩხანში გადაწყდა, რომ სამხრეთელებსა და ჩრდილოელებს შორის პოლიტიკური დიალოგი მომავალშიც გაგრძელდებოდა. კიმ ჩენ ინის დამ სამხრეთელთა პრეზიდენტს მუნ ჯინ ირს თავისი ძმის წერილი-მიწვევა პირადად გადასცა.

ჩრდილო და სამხრეთ კორეელთა თბილი შეხვედრა, თავისთავად, ბევრს არ ესიამოვნა. იმასაც ამბობდნენ, რომ დიალოგი დროებითი მოვლენა იყო, რათა ოლიმპიადის დღეებში შეერბილებინათ დაძაბული ვითარება, თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი მოსალოდნელი ექსცესები. ჩრდილოელთა ვიზიტით უკმაყოფილება ვერ დაფარა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და პოლიტოლოგების შეფასებით, პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩრდილოელებს ხელი არ ჩამოართვა და დემონსტრატიულად დატოვა დარბაზი, სადაც სხვებთან ერთად ჩრდილოელთა დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ.
დიალოგი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის გასულ კვირას გაგრძელდა, ამჯერად ჩრდილოეთში. სამხრეთელთა სამთავრობო დელეგაციას პირადად კიმ ჩინ ინმა უმასპინძლა. შორიდანაც კარგად ჩანდა, რომ სტუმარ-მასპინძელს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობა სუფევდა. მასპინთელთა ლიდერთან საუბარი 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დამშვიდობებისას საკმაოდ დიდხანს ართმევდა ხელს კიმ ჩენ ინი სტუმარს, ხოლო უკვე მიმავალ ლიმუზინს 5 წუთი უქნევდა ხელს. ექსპერტებმა გულთბილ შეხვედრას და, სავარაუდოდ, წარმატებულ მოლაპარაკებას დიდი შეფასება მისცეს. საინტერესოა აღმოსავლეთ აზიის სპეციალისტების მოსაზრება. მათი ვარაუდით, გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში დადგეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის გაერთიანების საკითხი. ექსპერტების აზრით, გაერთიანებაზე საუბარი დღეს-ხვალ არ დაიწყება, საამისოდ ნიადაგის მომზადებაა საჭირო. ექსპერტების ვარაუდით, თუ მოხდება ჩრდილო-სამხრეთ კორეის გაერთიანება, მათი შრომისმოყვარეობისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით, რამდენიმე წელში მსოფლიო ახალ ძლიერ ქვეყანას მიიღებს.

ჩრდილოეთ კორეის შემდეგ სამხრეთელები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადასცეს კიმ ჩენ ინის სიტყვიერი თანხმობა შეხვედრაზე. როგორც ამერიკელი მიმომხილველები იუწყებიან, ამან თავდაპირველად დააბნია თეთრი სახლის ადმინისტრაცია. თუმცა, შეთავაზება შემდეგ ტრამპმა თავის გამარჯვებად მიიწერა. დაწესებული სანქციები ჯერ კიდევ ძალაში რჩება. ორმხრივი შეხვედრა მაისის ბოლომდე უნდა შედგეს, მაგრამ ზუსტი დრო და ადგილი უცნობია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერაში მიესალმება აშშ-ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრას და მშვიდობიან დიალოგს. დასავლელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ წელიწადზე მეტია, მსოფლიოს ნერვები დააწყვიტეს, ერთმანეთს შეურაცხყოფაც არაერთხელ მიაყენეს, მაგრამ, როგორც იქნა, საღ აზრამდე მივიდნენო. თავად დონალდ ტრამპი ამერიკელებს დიდებულ გარიგებას ჰპირდება. ვნახოთ…

ამასობაში გასულ კვირას დაწყებული "სავაჭრო ომი" გრძელდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ომი ჯერ არ დაწყებულა, ვითარება "სავაჭრო ომის" ზღვარზეაო. ალუმინისა და ფოლადის გადასახადის გაზრდის გარდა, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ევროპიდან შეტანილ ავტომობილებზეც აპირებენ მოსაკრებელის გაზრდას. თავისთავად, გავრცელებულმა ცნობამ შეაშფოთა ავტომწარმოებლები. თუმცა ჟენევაში მიმდინარე ტრადიციულ ავტოგამოფენაზე სიახლეს უარყოფითად არ უმოქმედია. ევროპის ქვეყნები უკვე გაღიზიანებით აცხადებენ, რომ ასეთ მოპყრობას არ შევეგუებითო. როგორც მიმომხილველები აცხადებენ, ევროპელებმა შეიძლება უარი თქვან ამერიკული გაზის შეძენაზე. საკითხი ქვეყნებში აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილებასაც, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ.

საბაჟო ტარიფების გაზრდის მიზანშეუწონილობაზე ტრამპი კონგრესმაც გააფრთხილა, რომლებიც გადაწყვეტილებებით შეშფოთებულები არიან. მათი განცხადებით, ტარიფების გაზრდა აშშ-ის უშუალო მოკავშირეებს _ გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას დააზარალებს. ტრამპი იძულებული გახდა, კანადას, მექსიკასა და ავსტრალიას არ გაუზარდოს გადასახადი. ექსპერტების განმარტებით, ფოლადის იმპორტის წილი ჩინეთიდან მხოლოდ სამი პროცენტი ყოფილა, რაც ჩინურ ეკონომიკაზე და მრეწველობაზე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მოახდენს. წინააღმდეგობების მიუხედავად, დონალდ ტრამპი თავის პოზიციას მტკიცედ იცავს: "…თუ არ გინდათ გაზრდილი ტარიფის გადახდა, გადმოიტანეთ თქვენი ქარხნები ამერიკაში და აქ აწარმოეთ პროდუქცია", _ ასე უპასუხა მან უკმაყოფილო მეწარმეებს.

როგორც ამერიკელი პოლიტოლოგები აცხადებენ, ტრამპი ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებას _ ამერიკა კვლავ აქციოს ზესახელმწიფოდ. თუმცა მის გუნდში განხეთქილებაა. საბაჟო ტარიფების გაზრდას არ დაეთანხმა ტრამპის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ჯერი კონი და თანამდებობიდან გადადგა.
რუსეთის, კერძოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ახალი შეიარაღების დემონსტრირებიდან ორი კვირა გავიდა, მაგრამ დღემდე განსჯის საგნად რჩება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ შეიარაღების დემონსტრირებას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა. თუმცა რას გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია. მიუხედავად მკვეთრი განცხადებისა, როგორც დასავლეთის პრესა იუწყება, გაოცებულები არიან, რადგან არ მოელოდნენ ასეთი შეიარაღების ხილვას. ამერიკული პრესა შეცდომად მიიჩნევს საკუთარი ხელისუფლების პოზიციას, რომელიც რუსეთთან დიალოგს არ აწარმოებს. ოთხმა სენატორმა (მათ შორის სამი დემოკრატია და ერთი დამოუკიდებელი) წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს, სასწრაფოდ დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება მსოფლიოში სტრატეგიულ სტაბილურობაზე. ტილერსონის მოადგილემ ტომ შენონმა მათ უპასუხა, რომ მზად არიან, ნებისმიერ დროს აწარმოონ მოლაპარაკება რუსეთთან.

სენატორების აზრს იზიარებს მსოფლიოს კორიფე პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი. მისი განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება არათუ დროული, დაგვიანებულიც არის. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან მოლაპარაკება. "…ამ საკითხის გადადება დაუშვებელია", _ განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.

რუსეთის პრეზიდენტის ფედერალურ კრებაზე მოხსენების შემდეგ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა NBC-ის ჟურნალისტმა მეგან კელიმ. აღსანიშნავია, რომ ამ ჟურნალისტმა შარშანაც ისაუბრა პუტინთან. ამის გარდა, კელის საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს დონალდ ტრამპთან. შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს გაცილებით მწვავე საუბარი ჰქონდა პუტინთან. ინტერვიუს სრული ვერსია, პარასკევს, როგორც ამბობენ, ყველაზე ყურებად დროს უჩვენეს ამერიკაში. ინტერვიუს ბოლოს თავის კომენტარში მეგან კელიმ განაცხადა: "…ნურავინ ეცდებით პუტინის ჭკუაში მოტყუებას". ვერაფერს იტყვის ადამიანი, უცნაური შეფასებაა ამერიკელი ჟურნალისტის მიერ.

"ბებერი ქალბატონის", ევროპის კონტინენტზე, როგორც ირკვევა, ყველაფერი როდი ყოფილა რიგზე. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების პოლიტიკოსები ორგანიზაციას სსრკ-ს ამსგავსებენ. მათ უკმაყოფილებას განსაკუთრებით ბრიუსელის დიქტატი (როგორც მიაჩნიათ) იწვევს. ევროპელების განცხადებით, იძულებით ახვევენ თავს მათთვის მიუღებელს. ამასთან, ჩივიან, სუვერენიტეტი დავკარგეთო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ არ შეიცვლება ევროკავშირის პოლიტიკა, შესაძლოა, ორგანიზაცია დაიშალოს კიდეც. მით უფრო, როდესაც ორგანიზაცია უკვე დატოვა დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო ავსტრია, უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ჩვენ კი მივილტვით ევროკავშირისკენ, მაგრამ იქ რა დაგვხვდება, ძნელი სათქმელია.

გია ბურდული
скачать dle 12.0