შენი სკოლა ამაყობს შენით!

სკოლის მოსწავლეების დაჭრის, ჩხუბის, მოკვლის საზარელი ისტორიების შემდეგ, ყოველთვის თვალი გამირბის მოზარდებისკენ, საკმარისია რამდენიმე ერთად დავინახო და მექნიკურად, ვაკვირდები: ხომ არ ჩხუბობენ, ხომ არ კამათობენ?
აღმაშენებელზე რამდენიმე მოსწავლე შევნიშნე ერთად შეკრებილი, გაცხარებით საუბრობდნენ, ნაბიჯი შევანელე, თასმისკენ დავიხარე, თან ვცდილობ მოვისმინო, რაზე საუბრობენ:


- მე დღეს 20 კილო მოვიტანე, მაგრამ ნიას მამამ 100 კილომდე მაინც მოიტანა.

- მეც მაქვს სახლში ერთი ყუთი გადადებული.

- კი მესამე ადგილზე ვართ, მაგრამ სულ რაღაც 30 ქულით ვუსწრებთ მეოთხე ადგილს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოვრჩეთ.

- აუ, რამდენიმე ქულა, ტელეფონი რომ დაგრჩა ჩართული გაკვეთილზე, იმისთვისაც დაგვაკლეს.

– შენ რომ დავალება არ გეწერა, რა გგონია, მაგის გამო არ დააკლდა მთელ კლასს ქულა? ბიჭო, გადაიწერე მაინც, ან მოგვწერე და დაგაწერინებთ.

ვა, რა კილოგრამები, რისი მიტანა, რომელი ქულები? რა ადგილი? ჯერ რაღაც თავანი მეგონა, მერე კლასი და დავალებაო, რომ ახსენეს – უფრო დავიბენი. გადავწყვიტე მეკითხე. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მერვეკლასელები აღმოჩნდნენ ბავშვები. კილოგრამებით – მაკულატურის შეგროვებას ითვლიდნენ, ქულებით კი – სკოლის დირექტორის მიერ დაწესებულ აქტივობებში გამარჯვებას.
როგორც გავარკვიე, 23-ე საჯარო სკოლა საკუთარ პროექტ „რეიტინგს“ – ახორციელებს უკვე წელიწადია. ეს არის ნაკრები სახალისო აქტივობების, რომლებიც თავის მხრივ ხელს უწყობს რიგი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
როგორც დირექტორი მაგდა ბარამიძე ამბობს: ეს აქტივობები, გარდა უნარ-ჩვევების გამომუშავებისა, აუმჯობესებს სწავლისა და დისციპლინის ხარისხს მოსწავლეებს შორის.

მაგალითად, სპიკერების კონკურსი – აკადემიური აქტივობა – ამ კუნკურსმა სპიკერის უნარ-ჩვევების მქონე ბავშვები წარმოაჩინა. თითო კლასს უნდა წარმოედგინა თითო სპიკერი: ბავშვები იწყებდნენ საუბარს ფრაზით: ჩემი აზრით – და შემდეგ ავრცობდნენ, რეგლამენტი ჰქონდათ 15 წუთი და მათ აფასებდნენ სკოლის მასწავლებლები, უფროსკლასელები და მოწვეული სტუმრები.
პროექტში მონაწილეობენ მე 7-დან მე 10 კლასის ჩათვლით მოსწავლეები – მაგრამ სხვა კლასებიც ჩართული არიან. უფროსკლასელები – შეფასების სისტემაში მონაწილეობენ, მსაჯობენ სპორტული შეჯიბრებების დროს.

ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად, აქტივობა – იზრუნე პატარაზე. პროექტში ჩართული მოსწავლეები უმცროსკლასელებს ეხმარებიან ჩანთების კლასამდე მიტანაში და პირიქით, უკეთებენ სიურპრიზი: ახალი წლის თუ დაბადების დღის მილოცვა, მაგალითად, ფერადი ბუშტებითა და კანფეტებით, დედის დღისთვის დაეხმარნენ მისალოცი ბარათების დაწერაში და ასე შემდეგ.

თავის მხრივ, პატარებმაც მოუმზადეს რამდენჯერმე სიურპიზი უფროსკლასელებს, მადლობის ნიშნად.
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება ერთ-ერთი აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მე 7 და მე 10 კლასელები გაკვეთილს უტარებენ უმცროსკლასელებს. ისინი თავად გეგმავენ გაკვეთილს, შემდეგ უთანხმებენ მასწავლებელს და მეორე ცვლაში ატარებენ უმცროსკლასელებისთვის გაკვეთილს. ჩემდა გასაოცრად, ამ აქტივობაში ბიჭების ჩართულობა ძალიან მაღალია. როგორც დირექტორმა მაგდა ბარაბიძემ მიამბო: უმეტესობას ისეთი სტრუქტურიზებული გაკვეთილი ჰქონდა, გამოცდილ პედაგოგსაც შეშურდებოდა.

„მოუარე შენს სკოლა“ – მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომისთანავე მოხატეს მთელი მესამე სართულის ფანჯრები. შემდეგ გაასუფთავენებ და თავიდან, თემატურად მოხატავენ. საახალწლოდ, ყველა კლასმა თავისებურად და საკუთარი ხელებით მორთო საკუთარი კლასი. ერთ დღეს, შეიძლება ადრე მოვიდნენ და მთელი სართული დაალაგონ – მოვა სკოლის დამლაგებელი და დალაგებული ხვდება.

„სიკეთის ბუმერანგი“ – ესეც, ჩემთვის ყველაზე საინტერესო აქტივობაა: ერთი კლასი თავის წილ სიკეთეს დადებს თუ არა ქვაზე, მეორე კლასს გამოიწვევს, ის მეორე მესამეს და ასე ატრიალებენ ბავშვები სიკეთის ტკბილ და თბილ სუნს სკოლაში. სიკეთის გამოწვევების ვიდეოები სკოლის ფეისბუქგვერდზე დაიდება.

ამ მომენტისათვის 20 სასწავლო, საგნობრივი პროექტი მიმდინარეობს. მასწავლებელი აძლევს კლასს სასწავლო პროექტს და შემდეგ კათედრები აფასებენ 10-დან 100 ქულამდე. ეს პროექტი უშუალოდ საგნის ცოდნაზეა ორიენტირებული.

პარალელურად ტარდება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ჩატარდა ფოტოკონკურსი: ჩემი თვალით დანახული მომავალი.
მალე დაიწყება ინტელექტუალურ-გასართობი შოუ „განძის ძიება“. სკოლა გეგმავს, მიმანიშნებელი სიტყვებისა და გამოცანების მიმაფანტვას ახალი აღმაშენებლის ფეხმავალ ნაწილზე. ასე ბავშვები სახალისო თამაშის გარდა – საცხოვრებელ ადგილსა და უბანსაც შეისწავლიან.
რაც შეეხება „სადამსჯელო“ ქულებს, ანუ მინუს ქულებს – ისინი იწერება დისციპლინარულ გადაცდომებზე, დაგვიანებისას, საშინაო დავალებისა და სასკოლო ნივთების არქონის დროს (რა თქმა უნდა, დავალებები და ნივთები სპონტანურად მოწმდება).

დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარდამჭერთა კლუბს – მშობლების აქტივობებს, ცალკე ტარდება დედებისთვის აქტივობები და კონკურსები, ცალკე მამებისათვის. სულ მალე იგეგმება „მამების ფეხბურთი“. ბავშვები და მშობლები აქტიურად აგროვებენ მაკულატურას – მაკულატურით მოგროვებული თანხით უკვე შეიძინეს ბავშვებმა სკოლისთვის – პროექტორი.

გამარჯვებული კლასი მიიღებს „ოცნების საკლასო ოთახს“ – რომელიც იქნება ყველაზე მაგრად აღჭურვილი კლასი.
გულდაწყვეტილი არც მეორე და მესამე ადგილზე გასული კლასები დარჩებიან.
სკოლის ფეისბუქგვერდზე ყოველდღიურად იდება სიახლეები, ყოველდღიურად ულოცავენ დაბადების დღეებს მოსწავლეებს, ყოფილი მოსწავლეების წარმატებებზე წერენ, ამჟამინდელი მოსწავლეების მიღწევებზე: მაგალითად, ახლა მთელი სკოლა თალს ადევნებს ალექსანდრე შვანგირაძეს – რომელიც ჩონგბურთის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს.

შენი სკოლა ამაყობს შენით! – ეს სკოლის სლოგანია. დირექტორის თქმით, იგი თითოეული მოსწავლით ამაყობს: სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური განათლება, მოსწავლეებმა უნდა გამომიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები, სკოლა უნდა დაეხმაროს მათ, თავი წარმოიჩინონ სპორტში, მოაწყონ გამოფენები, განახორციელონ პროექტები. ნახონ რა მადლი და სიამოვნებაა, ადამიანების დახმარება. მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იზრდებოდნენ პიროვნულად და მუდმივად უნდა ვითარდებოდნენ და ამის საწყისი სკოლამ უნდა მისცეს. უმარავი გამოხმაურება გვაქვს მშობლებისგან, ბავშვები ყოველდღიურად ამოწმებენ სკოლის გვერდს. ჩემთვის მთავარია, საინტერესო და სასარგებლო გახდეს სკოლაში ყოფნა. ბავშვების ბედნიერი სახეების დანახვაზე უკეთესი არაფერია.
მშობელი თამარ ჭანტურია: ასე ახლოს ჩემს შვილთან არასოდეს ვყოფილვარ, სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ სკოლაზე და სკოლის პროექტებზე. დედების კონკურსში ჩვენმა კლასმა გაიმარჯვა. კონკურსამდე ყველა წვრილმანში მედგა შვილი გვერდით, მეხმარებოდა, აზრს მიზიარებდა. ნათქვამი გვქონდა, რომ მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. მაგრამ, ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი ამაყი იყო, რომ გავიმარჯვეთ – ეს ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება. ყველაზე მთავარი მაინც ურთიერთობაა, მშობლისა და შვილის ურთერთობა საერთო საქმისთვის, ყველამ იცით, როგორი იშვიათი გახდა კომპიუტერისა და ტელეფონების საუკუნეში, ადამიანური ურთიერთობები და პატარა ბავშვივით მიხარია, რომ მე და ჩემს შვილს საერთო საქმე გვაქვს და ეს საერთო საქმე – ჩემი შვილის სკოლაა, ჩვენი სკოლაა.

რა უნდა დავამატო – ალბათ, უნდა ვთქვა: რომ ბავშვი, რომელიც სკოლაში სწავლობს სიკეთის კეთებას, უმცროსის დახმარებას და უფროსის პატივისცემას – კარგი ადამიანი გაიზრდება. ბავშვი, რომელიც დედის სიყვარულს უზიარებს მასზე პატარას, მეტად შეძლებს ოჯახის და მშობლების დაფასებას. ბავშვს, რომელსაც არ სჭირდება სკოლის გარეთ ათას წრეზე სირბილი, საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და წარმატების მისაღწევად, რომელიც საკუთარი სკოლის კედლებში აწყობს გამოფენას – მეტი დრო დარჩება მშობელისა და მეგობრებისთვის და მეტი მოტივაცია გაუჩნდება სწავლის.
ალბათ, სხვა სკოლებზეც უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: ჩემი მეგობრის შვილი, მესამეკლასელი, ყოველ დღე ითხოვს სკოლაში დავალების შემოწმებას – ამბობს, რა აზრი აქვს თემის დაწერას, თუ მასწავლებელი არც კითულობს და ვერც ვიგებ, სწორად მიწერია, თუ არაო. მეორე მეგობრის შვილის პედაგოგი – ძარღვების დაჭიმვამდე ყვირის გაკვეთილზე და ურჩ, უსახურ, ცუდ მომავალზე საუბრით ასრულებს მშობელთა კრებას. მესამე მეგობრის შვილის მასწავლებელმა – ფეხებზე მკიდია, თუ არც ისწავლიანო.

არ არის ჩვენი თაობა არც ურჩი, არც უსახური, არც ცუდი. პირიქით, ძალიან რთულ ვითარებაში იბრძვიან განათლების მისაღებად – დარბიან რეპეტიტორებთან, ემზადებიან საგნებში, რომლებშიც სკოლა ვერ აძლევს განათლებას, ეხვეწებიან მასწავლებლებს დავალებების შემოწმებას.
ხოდა, მიბაძეთ, მიბაძეთ ადამიანებს, რომლებმაც ამ ყველასათვის რთულ პირობებში, გზა იპოვნეს მომავალი თაობის წასახალისებლად, ადამიანებად გასაზრდელად – გადასარჩენი გზა იპოვნეს.

მართალია, პროექტი ქალბატონ მაგდა ბარამიძეს ეკუთვნის, მაგრამ, რომ არა მასწავლებლები, რომ არა ტექნიკური სამსახური სკოლის, რომ არა მანდატურები და დამლაგებლებიც კი – მარტო მის განხორციელებად ვერ შეძლებდა.
მეტი ბედნიერი ბავშვი ჩვენს გვერდით!
მეტი სკოლა, რომელიც საკუთარი მოსწავლეებით იამაყებს!
თამუნა კეშელავა
скачать dle 12.0