საქართველო ჩვენი სამშობლოა - ჩვენ, ებრაელებმა, სანამ პირში სული გვიდგას, საქართველოსთან კავშირები უნდა შევინარჩუნოთ!

გვესაუბრება დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ბატონი შალვა წიწუაშვილი.

_ ბატონო შალვა, თქვენ გაქვთ ორმაგი მოქალაქეობა, ხშირად დადიხართ საქართველოში. ამჯერად რა არის თქვენი სტუმრობის მიზეზი?


_ გასულ წელს დავბეჭდეთ "საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია"და შევუდექით საქართველოს ებრაელთა პროზაზე მუშაობას. ამჟამად, თბილისში კაბადონდება ეს წიგნი და ჩემი სტუმრობის მიზეზიც ეს გახდა.
წიგნი, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს იქნება მზად, პრეზენტაციას მოვაწყობთ ჯერ ისრაელში, შემდეგ თბილისში, ებრაელთა მუზეუმში.

_ ბატონო შალვა, რამდენი ებრაელი მწერლის ნაწარმოები შევიდა ამ ანთოლოგიაში და რა ენაზე წერენ ავტორები?


_ პოეზიის ანთოლოგიაში 61 ავტორი შევიდა. პროზის ანთოლოგიაში კი 40-ზე მეტი.
40 პროზაიკოსი რომ მოიძებნოს ქართველ-ებრაელთა პატარა თემში, ეს არის საინტერესო და სასიამოვნოდ გასაკვირი.
უნდა გითხრათ, რომ პროზის ანთოლოგიის ავტორებიდან მხოლოდ ორი წერს რუსულად, დანარჩენები ქართულად.
აღსანიშნავია პროზის ანთოლოგიაში შეტანილი ერთი რუსულენოვანი ავტორის ნაწარმოებები. ეს გახლავთ თბილისში დაბადებული და გაზრდილი ქალბატონი რიტა იოსებაშვილი, რომელიც ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სხვათა შორის, ის გახლავთ და ცნობილი სიმონ კრიხელისა, რომელიც ნიუ-იორკში გამოსცემს სოლიდურ ქართულ გაზეთს "დავითის ფარ".
ავტორები გვყავს როგორც ამერიკიდან, ისე საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, საქართველოდან.

_ გასაკვირია, რომ ეს ადამიანები ქართულად ქმნიან ლექსებს. ქართულ-ებრაული პოეზია, ალბათ, ცალკე ფენომენია ქართულ ლიტერატურაში.

_ თქვენ ნახავთ, რომ თითოეული ნაწარმოები, პროზაც და პოეზიაც შექმნილია ძალიან კარგი ქართულით. მაგალითად, გიგლა ხუხაშვილს გალაკტიონ ტაბიძეზე აქვს დაწერილი ისეთი მოთხრობა, გაოცების გარეშე ვერ წაიკითხავთ.

_ ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოში არსებობს საქართველოს ებრაელთა ისტორიის ამსახველი მუზეუმი.

_ მე და ბატონმა გივი ღამბაშიძემ დიდი ძალისხმევით შევძელით და აღვადგინეთ 1951 წელს დახურული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. პროექტი წარვუდგინეთ მაშინდელ მთავრობას და მთავრობამ მოიწონა იგი. პროექტი ითვალისწინებდა მუზეუმის რესტავრაციას, რაც ფინანსთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინა, თუმცა იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების გამო საქმე ბოლომდე ვერ მივიდა. მალე სამოქალაქო ომი დაიწყო და მუზეუმისთვის არავის ეცალა. ასე გაჭიანურდა საქმე 2014 წლამდე. დანგრევის პირას იყო მისული იქაურობა. თქვენ ხართ ნამყოფი იმ მუზეუმში?

_ არა.

_ ბევრი დაგიკარგავთ.

იქ რომ შეხვალთ, გული გაგინათდებათ. მუზეუმი უნიკალურია არა მხოლოდ ექსპონატების სიუხვით, არამედ სასიამოვნო გარემოთი და შესანიშნავი ინტერიერ-ექსტერიერით.

_ საქართველოს ებრაელებმა მოინდომეს, ალბათ, და გაარემონტეს მუზეუმი.


_ მუზეუმი სრულად არის გარემონტებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახსრებით. მან დიდი საქმე გაუკეთა ქართველ-ებრაელთა თემს და არა მარტო ქართველ ებრაელებს, არამედ სრულიად ებრაულ სამყაროს.
თუ არ ვცდები, ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ახლახან მიუნხენში გაიმართა ასეთი კონფერენცია, სადაც ჩემი მეგობრის, გივი ღამბაშიძის ქალიშვილმა აჩვენა ჩვენი მუზეუმის ვიდეოკოლაჟი. აღფრთოვანებულნი იყვნენ, თურმე, ასეთი მუზეუმი მსოფლიოში იშვიათიაო.
რასაკვირველია, ყოველივე ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მას რომ არ აღედგინა ეს მუზეუმი, არც გამოფენა გვექნებოდა და არც მუზეუმი და ვერც საერთაშორისო აღიარებას მივაღწევდით.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პატარა ქვეყანაში, ასეთი გრანდიოზული საქმე გაკეთდა იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ებრაელები ახლა უკვე ცოტა რაოდენობით არიან.

_ როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ქართველებსა და ებრაელებს შორის უპრეცედენტო მეგობრობა?


_ ჩვენი მეგობრობა განაპირობა ქართველთა ტოლერანტულმა ხასიათმა და ებრაელთა ხასიათში არსებულმა ერთგულებამ და საიმედოობამ. ებრაელი თავის მეგობარს, ვინც უნდა იყოს ის, თუ უმეგობრა, ზურგს არასდროს შეაქცევს.
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ებრაელები საქართველოში ძვ.წ. აღ-ით VI ს-ში მოვიდნენ და მცხეთის მამასახლისის თანხმობით, სოფელ ზანავში დასახლდნენ.
I საუკუნეში, როდესაც იესოს გასამართლება მოხდა, მოგეხსენებათ, აქედან ებრაელები წავიდნენ.
იმასაც დავძენ, რომ რომის ერთ-ერთმა პაპმა ებრაელები გაამართლა. მათ არავითარი ბრალი არ მიუძღვით იესო ქრისტეს წამებასა და მკვლელობაშიო. სხვანაირი პოლიტიკა ტრიალებდა მაშინ და სხვა ამბები იყო, მაგრამ, მოდით, თემას არ გადავუხვიოთ და გავიხსენოთ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და მათი და სიდონია, რომელიც იესოს კვართთან ერთად დაკრძალეს.
ამ ადამიანებს დიდი წვლილი მიუძღვით მაშინდელ საქართველოში კერპთთაყვანისმცემლობის დამხობის საქმეში.
ებრაელთა თემმა ძალიან შეუწყო ხელი წმინდა ნინოს თავისი მისიის განხორციელებაში. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, წმინდა ნინო ქართლში რომ შემოვიდა, პირველად ურბნისს ეწვია, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ, უმეტესწილად. ერთი თვე დაჰყო წმინდა ნინომ ურბნისში ებრაელებთან და მერე დაიწყო მსვლელობა მისიის აღსასრულებლად.

ახლა მოგიყვებით ერთ გადმოცემას, რომელიც ებრაელთა ერთგულებას და საქართველოს სიყვარულს ადასტურებს.
ერეკლე მეფის დროს ინდოეთში ერთ-ერთი დიდი პროვინციის მმართველი ერეკლეს მეგობარი გახლდათ. სომეხი ყოფილა ის კაცი. ერეკლეს გადაუწყვეტია, მისთვის გარეკახეთის მიწები ეჩუქებინა მეგობრობის ნიშნად. ეს სიგელი იოსებ დანიბეგაშვილისთვის გაუტანებია ინდოეთში. დანიბეგაშვილი ებრაელ ვაჭარს ჯინჯიხაშვილს გაჰყოლია. მთელი გზის განმავლობაში დანიბეგაშვილს დანა არ უხსნიდა თურმე პირს. ჯინჯიხაშვილს ბევრი ხვეწნის შემდეგ გაუტეხია დანიბეგაშვილი და მასაც მეფის სიგელის შესახებ უამბია ვაჭრისთვის. ჯინჯიხაშვილს უთქვამს: მე მოვუვლი ამ საქმესო. იმ პერიოდში სომეხი მთავარი სასიკვდილო სარეცელზე ყოფილა მიჯაჭვული და ჯინჯიხაშვილს ეს ამბავი კარგად სცოდნია. სომეხს ფანტიაშვილისნაირი ვაჟი ჰყოლია. როცა გარდაცვლილა ინდოეთის პროვინციის მმართველი, მერე გამოუჩენიათ ჯინჯიხაშვილს და დანიბეგაშვილს ეს წერილი, მიუტანიათ იმ სომეხის შვილისთვის და უთქვამთ: საქართველოს მეფემ კი გიბოძათ ეს მიწები, მაგრამ, რად გინდათ შორეულ ქვეყანაში ხრიოკი ადგილი, გაყიდეო. მიუცია ჯინჯიხაშვილს დიდძალი ოქრო, გამოუსყიდია ეს მიწები. მერე ჩამოსულან თბილისში და კვლავ საქართველოსთვის გადმოუციათ ეს მიწები. ეს არის ლეგენდა, მაგრამ არ არსებობს ლეგენდა, რომელშიც სიმართლის მარცვალი არ იყოს.

ახლა ნამდვილ ისტორიულ ფაქტს მოგიყვებით და ყველა დარწმუნდებით ებრაელთა ერთგულებაში საქართველოს მიმართ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, თურქეთმა საქართველოს მიწების დაპატრონება გადაწყვიტა. იმ ხანებში ქუთაისში გამოდიოდა ებრაული გაზეთი "ებრაელის ხმა". ამ გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ვინმე დავით მოშიაშვილი ავრცელებს განცხადებას: ჩემო ძმებო და მეგობრებო, საქართველო გასაჭირშია. ქართველი ხალხი ომის პირასაა. ჩვენი, საქართველოს მეგობარი და საქართველოს შვილების _ ებრაელების ვალია, შევიკრიბოთ, შევქმნათ ებრაული რაზმი და დავეხმაროთ ქართველებს.
დავიცვათ ჩვენი სამშობლო! _ ასე მთავრდებოდა ის მიმართვა.

_ ბატონო შალვა, ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს ისრაელის საზღვარზე ქართველებისადმი უდიერი მოპყრობის ფაქტები. ეს არყევს ჩვენს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას და ახარებს მტერს, რომელიც, შესაძლოა, კმაყოფილია ჩვენს შორის ურთიერთობის დაძაბვით.


_ იყო დრო, როცა ნებისმიერი ქართველი ჩამოდიოდა და არავითარი პრობლემა არავის შექმნია. მაგრამ რა მოხდა, ახლავე მოგახსენებთ. ისრაელის საზღვარზე მკაცრ კონტროლს რომ გადიან ქართველები, ეს არის ფაქტი, თუმცა ეს არ გახლავთ ისრაელის მხარის, ან ებრაელი მესაზღვრის ბრალი.
როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ისრაელიდან ებრაელები ჩამოდიოდნენ, კრებდნენ ფულს ისრაელში წასვლის მსურველი ქართველებისგან და გადაჰყავდათ ისინი საზღვარზე არალეგალებად.
ეს არასახარბიელო ფაქტია, მაგრამ ყველა ერში შეიძლება იყოს არაწესიერი ხალხი.
მოკლედ, დაიჭირეს ეს ყალბისმქნელი ებრაელები, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ არიან დარჩენილი მსგავსი ელემენტები, რომლებიც ცდილობენ არალეგალურად გადაიყვანონ ისრაელში ხალხი საქართველოდან.

ახლა გავიხსენებ ერთ შემთხვევას და ამაზე საუბრით თავს მეტად აღარ შეგაწყენ თ. ჩვენს ორგანიზაციაში _ `საქართველოს ებრაელთა კვლევის ცენტრი ისრაელში~ სტუმრობის ეგიდით ორი კაცი ჩამოვიდა ისრაელში. გააჩერეს საზღვარზე. ჰკითხეს ჩამოსვლის მიზანი. მათ უპასუხეს: ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების შესასწავლად ჩამოვედითო. გაესაუბრნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორიის კი არა, საქართველოს ისტორიის არაფერი გაეგებოდათ. ვინ აღმოჩნდნენ ესენი? _ უბრალო მუშები.
მე შემაცდინა ერთმა კაცმა, რომელმაც მთხოვა, თქვენს ორგანიზაციაში სტუმრად მოდიანო და მივეცი თანხმობა.
საზღვრიდან მაშინვე დამირეკეს _ ასეთი მდგომარეობაა, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი, რომ უკან წავლენო? მე ვუთხარი, რომ ამ ადამიანებზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებოდი. ისინი უკან გააბრუნეს.

ჩემი ვაჟი მორისი მედიცინის სფეროში მოღვაწეობს. მასაც იგივე რამ შეემთხვა. მას სთხოვეს და მისი მოწვევით ორი კაცი, ვითომ ექიმები გადმოდიოდნენ საზღვარზე. ისინიც მუშები აღმოჩნდნენ.
ყოველივე ამის შემდეგ, რატომ გიკვირთ, საზღვარზე მკაცრი კონტროლი რომ იყოს? აქვე დავძენ, მე ასევე მომწვდა ყურს, თითქოს საზღვარზე აპატიმრებდნენ ქართველებს, აგდებულად ეპყრობოდნენ, წყლიან ჭიქაში უფურთხებდნენ და და ა. შ. გამორიცხულია ეს.
ერთადერთი, რატომაც შეიძლება ასეთი პროვოკაციული ჭორები ვრცელდებოდეს, არის ის, რომ ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი ურთიერთობა. ამიტომ მეტად გონივრულად უნდა მივუდგეთ ყველაფერს.

_ თქვენთვის რა არის საქართველო?


_ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველო ჩემთვის სამშობლოცაა, საყვარელი ადგილიც არის და ყველაფერია. საქართველოში უამრავი მეგობარი მყავს. ახლაც, ამ ჩამოსვლის დროსაც იმდენი ძველი მეგობარი ვნახე, ისე ვისიამოვნე მათი ნახვით, ვერ აგიწერთ. უდიდესი სულიერი სიამოვნება განვიცადე. ჩვენ, სანამ პირში სული გვიდგას, ასეთი კავშირები უნდა შევინარჩუნოთ.

_ ახალი თაობები როგორ უყურებენ ამ ურთიერთობებს?

_ ქართული ენა თანდათანობით იკარგება. ისრაელში დაბადებული ბავშვი სკოლას ამთავრებს ებრაულად. სწავლობს ებრაულად, მუშაობს და ლაპარაკობს ებრაულად. რაც შეეხება გვარებს, იქ უჭირთ ქართული გვარების წარმოთქმა, ამიტომ ჩემმა ვაჟმა მორესმა, მაგალითად, გვარი წიწუაშვილი თარგმნა და ახლა ის არის მორეს ბენ ორენ. ბიძაშვილი მყავს გერშონი, ისიც ბენ ორენია. ბევრი ინარჩუნებს ქართულ გვარებს. მე, მაგალითად, ჩემი გვარით მიცნობენ ისრაელშიც და ყველგან. სანამ მე და ჩემი შვილების თაობა ვართ, ქართული ენა იარსებებს ქართველ ებრაელებში, მერე, ალბათ, უკვე აღარ. ქართულად მაქვს დისერტაცია დაწერილი, ქართულად ვაზროვნებ, ქართულად ვლაპარაკობთ მეგობრები, ქართულად ვსაუბრობთ ოჯახში და ქართული ტრადიციებით ვცხოვრობთ. ჩემი შვილიშვილი, რომელიც ახლა ამერიკაში სწავლობს, შესანიშნავად ლაპარაკობს ქართულად და ისეთ სადღეგრძელოებს ამბობს, გაგიკვირდებათ, რატომ ხდება ასე? მე მას სულ ქართულად ველაპარაკებოდი.

რამდენიმე ხნის წინ მე და ჩემი მეგობარი გივი ღამბაშიძე მივედით საქართველოს დიასპორის სამინისტროში და მივიტანეთ წერილი. ვთავაზობდით ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლას ისრაელში, ქართული ენის პოპულარიზაციას, ქართული ენის სწავლების ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვთა ჯგუფების შექმნას და ა. შ. წერილი გადავეცით მინისტრის მოადგილეს. თუმცა, პასუხი არ ჩანს. ჩვენ საქმეს მაინც ვაკეთებთ. აი, ანთოლოგიები გამოვეცით. სხვა მნიშვნელოვანი გამოცემებიც გვაქვს დაბეჭდილი, საინტერესო ღონისძიებებია განხორცილებული.

_ თანამედროვე პერიოდში რამ შეიძლება გააძლიეროს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. სულიერმა კავშირებმა თუ პოლიტიკურ-ეკონომიკურმა პარტნიორობამ?


_ ერთიც სჭიროა და მეორეც, თუმცა არ ვეთანხმები ზოგიერთის აზრს, წავიდა სულიერი კავშირების დრო და ახლა ურთიერთობებმა სხვა ფორმატი შეიძინაო. მე ვინ დამიშლის ჩემი ქართველი ძმები მიყვარდეს? ვერაფერი ვერ წაშლის, მაგალითად, ჩემი და ჩემი მეგობარი გივი ღამბაშიძის ურთიერთსიყვარულს. გაჭირვებაც გამოგვივლია ერთად და დალხინებაც და ერთხელაც არ გვიღალატია ერთმანეთისთვის.
კიდევ გავიმეორებ, რაც ისრაელის საზღვარზე ხდება, ამაში ისრაელი არ არის დამნაშავე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი ისრაელია, მე ინფორმაციებზე დაყრდნობით ვლაპარაკობ.

_ მოდით, ჩვენი, ქართულ-ებრაული ურთიერთობების მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ.


_ მიუხედავად ზოგიერთი ძალების მცდელობისა, ჩვენი ურთიერთობები არ შეიცვლება: მეგობრობით, ნდობით, ურთიერთგატანით ვიარსებებთ დედამიწაზე კიდევ მრავალი საუკუნე. ამის დიდი იმედი მაქვს.

ამ ინტერვიუში შევეცადე გადმომეცა ბატონი შალვას შესანიშნავი ქართულით წარმოთქმული განცდები საქართველოსადმი.
საუბრის დროს ბევრჯერ ჟრუანტელმა დამიარა, როცა წარმოვიდგინე, რომ დიდი და ძლიერი ისრაელის შვილი, პატარა საქართველომ თავისი მიწისა და ცის სიყვარულით გამოზარდა, მერე დედასავით თვალცრემლიანმა გაუშვა და ახლა ყოველი მისი ნახვით ამაყობს და ხარობს…

ირანდა კალანდაძე
скачать dle 12.0