ყავა და შოკოლადი

ვაგრძელებთ საუბარს ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოებისა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრთან, პროფესორ რამაზ გახოკიძესთან. ამჯერად, ბატონი რამაზი "საერთო გაზეთის" მკითხველს შოკოლადის სამკურნალო თვისებებზე მოუთხრობს. ასევე, გავიგებთ რა სასარგებლო და მავნე თვისებები აქვს ყავას:

მუქი შოკოლადი - მოციმციმე არითმიის  რისისგან და თრომბის წარმოქმნისგან დაგიცავთ!

შოკოლადი დიდი რაოდენობით შეიცავს კოფეინს, თეობრომინს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს სტრესთან და გარემოს გაბინძურებასთან საბრძოლველად ეხმარება, დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, უხდება ხველებას, აფერხებს კიბოს განვითარებას. შოკოლადი შეიცავს ფენილეთილამინს, რომელიც ბუნებრივი ანტიდეპრესანტია, ასევე, კრიპტოფანს, რომელიც იწვევს ტვინში სეროტონინის – "ბედნიერების ჰორმონის" გამომუშავებას, რაც ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ლიბიდოს. ეს ნივთიერებები ორგანიზმში ბუნებრივადაც გამოიყოფა, როცა ადამიანი ბედნიერი ან შეყვარებულია. შოკოლადის სახეობებიდან ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მუქი ანუ მწარე შოკოლადი.

შოკოლადი ასევე, ხელს უწყობს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის გამომუშავებას, რომელიც სისხლძარღვთა გაფართოებას იწვევს და შესაბამისად, არტერიული წნევის შემცირებას. შოკოლადის რეგულარულად მიღება 40%-მდე ამცირებს გულის დაავადებათა რისკს. არსებობს მონაცემები, რომ შოკოლადი მოციმციმე არითმიის რისკსაც ამცირებს. მუქი შოკოლადი ასევე, დიაბეტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაა. მუქ შოკოლადს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, არ იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას და ხელს უწყობს სისხლში შაქრის უკეთ შეთვისებას. მუქი შოკოლადის მიღება დიაბეტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალებაა. შოკოლადი ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას. მუქ შოკოლადში შემავალი ფლავონოიდები აფართოებს სისხლძარღვებს და ხელს უწყობს ტვინის ძირითადი უბნების სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს კი, თავის მხრივ, ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ამაღლებს ყურადღებას და კონცენტრაციის უნარს. მუქი შოკოლადი ასევე, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას ძილის უკმარისობის დროს.

გსურთ სიცოცხლის გახანგრძლივება?  მიირთვით შოკოლადი.

შოკოლადი ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას და აფერხებს სიბერის ჭკუასუსტობას. მას ზომიერად თუ მიირთმევთ, წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ. მუქი შოკოლადი დიდი ხნით აცხრობს სიტკბოსადმი მიდრეკილებას და საკვების მიღების სურვილს. შიმშილის მოსაკლავად საკმარისია 10გრ მუქი შოკოლადის მიღება. ჰელსინკის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ ფეხმძიმე ქალებს, რომლებიც რეგულარულად იღებენ შოკოლადს, ჯანმრთელი ბავშვები უჩნდებათ. მუქმა შოკოლადმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს მისი ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტიც კი. მუქმა შოკოლადმა ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. მისი მიღება არ შეიძლება სამ წლამდე ბავშვებისთვის.

რა საფრთხეს შეიცავს შოკოლადში შემავალი ტოქსიკური ნივთიერება ბენზპირენი?

ბენზპირენი წარმოიქმნება ნავთობის, ნახშირის, ნაგვის დაწვისას, შედის ძრავების გამონაბოლქვ გაზებში, თამბაქოს ბოლში, ჭვარტლში. არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ხშირად მუქ შოკოლადს ე.წ. კაკაოველას – კაკაოს პარკების გადამუშავების ნარჩენს, ჩენჩოს უმატებენ, რასაც ეტიკეტზე არ უთითებენ. ეს კი შოკოლადის ხარისხს აქვეითებს. ჩენჩოსთან ერთად შოკოლადი შეიძლება შეიცავდეს ნიადაგიდან მოხვედრილ ტოქსიკურ მძიმე მეტალებს – ტყვიას და კადმიუმს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში გროვდება და აზიანებს ნერვულ სისტემას, სისხლის უჯრედებს, ძვლებს და შინაგან ორგანოებს.

– ბატონო რამაზ, შოკოლადთან ყავა განუყოფელი ატრიბუტია. მის სარგებლიანობაზე რას იტყვით?

– ყავის ყველაზე აქტიურ კომპონენტს კოფეინი წარმოადგენს, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია. სწორედ მასთან არის დაკავშირებული ყავის სარგებლობაც და ზიანიც. ინგლისელი მედიკოსების აზრით, კოფეინი ადამიანისთვის აუცილებელია. იგი ხსნის კუნთების ტკივილს. რაციონიდან კოფეინის შემცველი პროდუქტების (ყავა, ჩაი, შოკოლადი) გამორიცხვით იზრდება თავის ტკივილისა და ნევროზების ალბათობა. ადამიანმა შეიძლება მიიღოს კოფეინის ის რაოდენობა, რომელსაც შეიცავს ორი ფინჯანი ყავა, სამი ფინჯანი ჩაი ან ნახევარი ფილა შავი შოკოლადი. ყავის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ინდივიდუალურია და მის თავისებურებაზეა დამოკიდებული. კოფეინის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზები, ეპილეფსია, არამოტივირებული აგრესია. ყავაში შემავალი ნივთიერებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პოლიფენოლები, რომელთაც ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს. ანტიოქსიდანტების შესანარჩუნებლად ყავა არ უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე.

ყავა ასტიმულირებს შემომედებით აზროვნებას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ამაღლებს გამძლეობას სტრესებისა და დეპრესიის მიმართ. ყავის მოხმარება, ასევე, ხელს უწყობს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკას. ყოველდღიურად ორი ფინჯანი ყავის მიღებით მცირდება კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოსა და ღვიძლის ალკოჰოლური ცეროზის განვითარების რისკი. ცნობილია, რომ მწეველებში საშარდე ბუშტის კიბოს რისკი 7-ჯერ იზრდება, ხოლო ყავის აქტიურ მომხმარებლებში ეს რისკი 43%-ით მცირდება. ყავის მოხმარება აფერხებს პარკინსონის დაავადების განვითარებასაც. ყავა ისეთი დაავადებების პროფილაქტიკის საშუალებას წარმოადგენს როგორებიცაა: შაკიკი, ჰიპერტონია, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ასთმა, ათეროსკლეროზი, ინფარქტი. კოფეინის გავლენით ფართოვდება თავის ტვინისა და გულის სისხლძარღვები, რაც ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკაა. ყავა ეფეტური საშუალებაა მამაკაცთა რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად. იგი ზრდის სპერმატოზოიდების აქტიურობას. ყავაში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს კუჭის სეკრეციას – ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ეს თვისება სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს გასტრიტი დაბალი მჟავიანობით. ყავა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ყავა ზრდის ანტიბიოტიკების ეფეტიანობას, იცავს ნიკრისის ქარისგან. იგი გვეხმარება გახდომაშიც. დიეტის დაცვის დროს ყავა ხელს უწყობს ორგანიზმს ენერგიის მისაღებად მხოლოდ ცხიმები გამოიყენოს. უშაქრო ყავა დარიჩინთან ერთად საუკეთესო საშუალებაა წონის დასაკლებად. ყავა ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას.

– ბატონო რამაზ, რომელი ყავა უფრო უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის მარცვლოვანი თუ ხსნადი?

– თავის დაზღვევის მიზნით უპირატესობა მიანიჭეთ მარცვლოვან ყავას, ვიდრე ხსნადს, რითაც შეგიძლიათ აიცილოთ სხვადასხვა არომატული დანამატის ზემოქმედება.

– ბატონო რამაზ, ისევე როგორც შოკოლადი, ალბათ, არც ყავა არ არის დაზღვეული ფალსიფიცირებისგან. როგორ გავარჩიოთ ნატურალური ყავა ნაყალბევისგან?

– შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას: პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ყავის სპეციფიკურ სუნს; რამდენიმე მარცვალი ჩაყარეთ ცივ წყალში და მოურიეთ. ნატურალური ყავა ოდნავ გაიბერება და წყალი შეიფერება, ფალსიფიცირებული კი ფსკერზე ნალექს წარმოქმნის; მარცვალი შუაზე გაჭერით. ნატურალური ყავის შემთხვევაში გადანაჭერზე ნათლად შეიმჩნევა ყავის მსხვილი გარსი და ბირთვი; ცივ წყალში ჩაყარეთ ერთი კოვზი დაფქული ყავა. ვარდკაჭკაჭას შემცველოვის შემთხვევაში წყალი ყავისფრად შეიღებება და მწარე გახდება; თიხის აღმოსაჩენად ყავის მარცვალი მოათავსეთ სანაყში და ქვასანაყით დაამტვრიეთ. ნატურალური ყავა წვრილ ნამტვრევებად დაიმსხვრევა, თიხის შემცველი კი ფხვნილად დაიშლება; დაყენებულ ყავაში ჩააწვეთეთ იოდის ერთი-ორი წვეთი. ხსნარი ლურჯად თუ შეიღებება, ე.ი. იგი სახამებელიან და ფქვილოვან მარცვლებს შეიცავს; ყავის მარცვლები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცში და გასრისეთ. ხელსახოცს ჭუჭყიანი კვალი თუ დააჩნდება, ყავა შეღებილია ტყვიის საღებავებით, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა; ხსნადი ყავა სწრაფად უნდა გაიხსნას. თუ რამდენიმე წუთი ურევთ მუქ კოშტებს, იცოდეთ, ეს არ არის ყავა; მაღალხარისხიანი ყავა დიდხანს არ ინახება. მისი შენახვა შესაძლებელია მაქსიმუმ 18 თვე.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0