სოციალური დახმარების არსებული მოდელი - ყულფი, რომელიც სახელმწიფოს მოახრჩობს

2006 წელს საქართველოში სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში სიღარიბის შემცირება გახლდათ. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პროგრამა სიღარიბის დაძლევის კი არა, საარჩევნო ხმების მობილიზაციისთვის შეიქმნა, მეორე ნაწილი შეფასების სისტემას უსამართლობაზე საუბრობს, მესამე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ პროგრამა ერის გაზარმაცებას და სახელმწიფო ბიუჯეტის განიავებას იწვევს.

რატომ არის აუცილებელი სოციალური დახმარების არსებული მოდელის შეცვლა, ამაზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე გვიამბობს:

– დავიწყებ იმით, რომ თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ სოციალური დახმარების პროექტი პოლიტიკური მიზნებისთვის შემოიტანა, რადგან ეს მათთვის ხალხზე მანიპულირების ძლიერი ბერკეტი იყო. იმ დროისთვის, ქვეყანაში დაახლოებით 700 000 პენსიონერი იყო და სოციალურად დაუცველთა რაოდენობას თუ დაამატებდნენ, საარჩევნო ხმები გარანტირებული ჰქონდათ. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სტატუსს ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები იღებდნენ. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. აღმაშენებლის გამზირზე, იტალიურ ეზოში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ოჯახი სამ ბინას ფლობდა. აქედან ორი გაქირავებული ჰქონდათ და თვითონ სარდაფში ცხოვრობდნენ. ასეთ ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს, როცა იმავე სახლში მცხოვრებ, ოპოზიციურად განწყობილ და უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს სტატუსი არ აღირსეს. სოციალური დახმარებები პოლიტიკური მხარდაჭერისთვის დაწესებული საჩუქარი იყო და არავის ანაღვლებდა, რომ ბიუჯეტს, საიდანაც დახმარებები გაიცემა, ხელისუფლების მხარდაჭერი თუ ოპოზიციაში მყოფი ერთნაირად ავსებს. ეს სრული სიმახინჯე იყო და საბედნიეროდ, ასე აღარ ხდება. წარსულის ცუდი გამოცდილების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იგივეს ელოდნენ და ასე რომ არ მოხდა, ხელისუფლებას გაუნაწყენდნენ.
– სოციალური დახმარებების თემაზე ხელისუფლებასთან მხოლოდ მხარდამჭერებს კი არა, ნაციონალური მოძრაობის მომხრეებსაც პრეტენზიები აქვთ.
– ხელისუფლების მხარდამჭერი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობის, უსამართლოდ მინიჭებული სტატუსი ყველას უნდა მოეხსნას. ვაღიარებ, რომ ზოგიერთს სტატუსი უსამართლოდ მოუხსნეს, მაგრამ აღუდგინეს ან აღდგენას ელოდებიან. სტატუსის მინიჭება თუ მოხსნა ცალკე თემაა, თუმცა, ამჯერად მინდა თავად პროექტზე გიამბოთ. განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური პროექტები მოქმედებს, ეს დროებითი ღონისძიება გახლავთ. სოციალურად დაუცველის სტატუსს 5, 10 და 15 წლით კი არა, ხანმოკლე ვადით ანიჭებენ და შემდეგ ამ ადამიანის დასაქმებაზე სახელმწიფო ზრუნავს. წარმოიდგინეთ, ძალიან ძლიერი სახელმწიფოებიც კი ბიუჯეტის ყველა კაპიკს უფრთხილდებიან და თანხას ისე არ გასცემენ, რომ უკუგება არ მიიღონ. საქართველოში რა ხდება? 2013 წელს, სოციალური დახმარებების გაზრდას სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მკვეთრი ზრდა მოჰყვა. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთი ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი დახმარების მოხსნის შიშით არ მუშაობს. ამჟამად, თითქმის ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს და კიდევ ერთი ამდენი სტატუსს ითხოვს. გამოდის, რომ ნახევარი მილიონი არ მუშაობს იმიტომ, რომ სოციალური დახმარება არ მოეხსნას და კიდევ ნახევარი მილიონი არ მუშაობს იმიტომ, რომ სტატუსი მიიღოს და შესაბამისი განცხადება დაწერილი აქვს.

— თუ სწორად გავიგე, სამუშაო ადგილები არის, მაგრამ ადამიანები მუშაობას თავს სოციალური შემწეობის გამო არიდებენ..

– მე არ ვამბობ, რომ ქვეყანაში გაჭირვება და პრობლემები არ არის, მაგრამ რაღაც ვაკანსიები მაინც არსებობს. სამი წელია, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტი ძირითადად, სოციალურად დაუცველებისთვის დასაქმების ფორუმს ატარებს, სადაც ვაკანსიებს აცხადებენ. საუბარი არ არის მაღალანაზღაურებად სამსახურებზე. ძირითადად, 300-დან 600 ლარამდე, ზოგჯერ კი 700 ლარიანი ვაკანსიებია. ორი წლის წინ, ფორუმზე 9000-მდე ვაკანსია გამოცხადდა, მაგრამ მხოლოდ 540 სამუშაოს მაძიებელი მივიდა და აქედან 112 დასაქმდა. წარმოიდგინეთ, 9000-მდე ვაკანსია იყო და მხოლოდ 112 ადამიანი დასაქმდა. სამწუხაროდ, ამ პროექტმა ხალხი ისე გააზარმაცა, რომ მუშაობის სურვილი აღარ აქვთ. ვიმეორებ, ყველას არ ეხება, მაგრამ ბევრს მუშაობას სახელმწიფოსგან მიღებული გარანტირებული შემოსავალი ურჩევნია. პირადად გადავამოწმე და დავრწმუნდი, რომ სოციალურად დაუცველების ნახევარზე მეტი შეფარულად მუშაობს და მათი შემოსავლები არსად აისახება. მოგეხსენებათ, რომ თუ ანგარიშზე დარიცხვები ექნებათ, შემწეობას დაკარგავენ, ხელზე გაცემულ თანხას კი ვერავინ აკონტროლებს. იცით, რაიონებში რა ხდება? ახალი კრიტერიუმების მიხედვით, თუ ოჯახს ჰექტრობით მიწის ნაკვეთი აქვს, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ ეკუთვნის, მაგრამ ბევრმა აქაც გამოსავალი ნახა — ვითომ მიწა გაყიდა, სინამდვილეში ნათესავებზე გადააფორმა და დღემდე სოციალურ დახმარებას იღებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უამრავ პროექტს ახორციელებს, ოთხი წელი ხვნა-თესვა საერთოდ უფასო იყო, მაგრამ ასეთებს სურვილი არ აქვთ, რომ მიწა დაამუშაონ და მოსავალი მოიწიონ. ურჩევნიათ, ისევ სახელმწიფოს მიადგნენ, სტატუსი მჭირდება და დამეხმარეო. სახელმწიფო ასეთ მდგომარეობას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ერის დაბერების პროცესი ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

– იქნებ განგვიმარტოთ, ერის დაბერების პროცესი სოციალური დახმარებების მოცულობასთან რა კავშირშია?

– ერის დაბერება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გაზრდას ნიშნავს, რაც ძალიან კარგია და ჯანდაცვის პროექტების დამსახურება გახლავთ. ერის დაბერება ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოხუცებულთა რაოდენობა ბავშვების რაოდენობას რამდენჯერმე აჭარბებს. წარმოიდგინეთ, 60-იანი წლების საქართველოში ბავშვების რაოდენობა 700 000-ით აჭარბებდა მოხუცებულთა რაოდენობას, დღეს კი მოხუცებულთა რაოდენობა ბავშვებისას 120 000-ით აჭარბებს. სულ რაღაც 10–15 წელიწადში ხანდაზმულთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 33% გახდება, რადგან 60-იან წლებში დაბადებული მილიონნახევარი ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს. ერის დაბერებამ ისეთ განვითარებულ ქვეყანასაც კი შეუქმნა პრობლემები, როგორიც იაპონიაა და ბუნებრივია, საქართველოსაც პრობლემებს შეუქმნის. შობადობის კლების ფონზე, ქვეყნიდან გადის მწარმოებელი ფენა, რომელიც პროდუქტს ქმნის და ბიუჯეტში ფული შეაქვს. ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც მოხუცები და ბავშვებიც შესანახი ჰყავს, მილიარდობით ლარი სოციალურ დახმარებებში გაედინება. გამოდის, რომ სახელმწიფო მუდმივად გასცემს და ძალიან ცოტას იღებს, რადგან ქვეყანაში მწარმოებელი ფენა ცოტა დარჩა. ასეთ დარტყმას ვერც ერთი, თუნდაც ძალიან ძლიერი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს და ხერხემალში გადატყდება.

— თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ სოციალური დახმარების დღეს არსებული მოდელი უფრო ეფექტური მოდელით შეიცვალოს?

— ჩემი აზრით, სოციალურად დაუცველის სტატუსის პროექტი მთლიანად მიზნობრივ პროექტებზე უნდა გადაეწყოს. ქვეყანა უდიდესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და ჩვენ კაპიკებს ვეძებთ, რომ მრავალშვილიანებს დავეხმაროთ და შობადობა წავახალისოთ. დაფინანსდა რაღაც ინიციატივები და გარკვეული წინსვლა გვაქვს, მაგრამ მაინც უამრავი პრობლემაა. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა გაიზარდოს საბაზისო პენსია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, სათანადოდ დაფინანსდეს დემოგრაფიული ინიციატივები და ა.შ. ხოლო სოციალური დახმარებები საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავსად, მხოლოდ მოხუცებს და არაქმედითუნარიანებს უნდა დაუტოვონ. მოსახლეობის საპროტესტო ტალღის ყველა ხელისუფლებას ეშინია, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს აზიანებს. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად დღეს ან ხვალ უნდა მოხდეს, მაგრამ შეიძლება გარდამავალი ეტაპი მომზადდეს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეს ვაკანსია შესთავაზოს. დასაქმება ნებაყოფლობითი კი არა, სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ყველა ქვეყანაშია.

– სოციალურად დაუცველს სტატუსი დასაქმებისთანავე შეუწყდება?


– დასაქმების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველს სტატუსი და შესაბამისად, შემწეობა რამდენიმე თვე უნარჩუნდება. ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, დღეს მოქმედ პროექტს სხვა ნეგატიური მხარეებიც აქვს. შემწეობის მოხსნის შიშით, ხალხს სახლში ტელევიზორი და კომპიუტერი არ ჰქონდა. მსოფლიო ვითარდება და ჩვენთან ბავშვებს ტელევიზორი და კომპიუტერი არ ჰქონდათ ნანახი.

– როგორც ვიცი, 2015 წლიდან ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულების გამოსათვლელად ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა, რომლის მიხედვით, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა ფუფუნებად აღარ ითვლება და სარეიტინგო ქულების რაოდენობაზე გავლენას აღარ ახდენს.

– დიახ, ახლა ტელევიზორისა და კომპიუტერის გამო, სტატუსს აღარ ართმევენ, მაგრამ სხვა პრობლემებს ასე ადვილად არ ეშველება.. ძალიან ბევრი ოჯახი ვიცი, სადაც შვილებს მაღალი შემოსავალი აქვთ და მშობლები სოციალურად დაუცველის სტატუსს იღებენ და ეს ბიუჯეტიდან ფუჭად გაღებული ფულია. ოფიციალურად, კანონი შვილს მშობლის რჩენას არ ავალდებულებს, მაგრამ თუ ჩვენი მორალი, კულტურა და ტრადიციები იქამდე დავიდა, რომ კანონის მოთხოვნის გარეშე, მშობლის მოვლა აღარ გვინდა, მაშინ ეს ქვეყანა საქართველო აღარ ყოფილა. ამჟამად, ხანდაზმულებისთვის სტატუსის მინიჭების დროს, შვილების შემოსავლები არ აღირიცხება, მაგრამ ჩემი აზრით, ასე არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, სტატუსის მინიჭების დროს მხოლოდ ხანდაზმული მშობლების კი არა, მათი შვილების ქონებრივი მდგომარეობის აღწერაც უნდა მოხდეს.

– ამა თუ იმ მიზეზის გამო, შვილს თუ ხანდაზმული მშობლის რჩენა არ სურს?


– მაშინ მშობელზე და მის სახელზე არსებულ ქონებაზე უარი უნდა თქვას და მე მომხრე ვარ, რომ ეს კანონმდებლობაში ჩაიწეროს. საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ სანამ ეს პროექტი დღევანდელი ფორმით არსებობს, სანამ სახელმწიფო ყოველწლიურად, მილიარდებს ყრის და ამ მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი ზარმაც ადამიანებთან მიდის, როგორი ეკონომიკური წინსვლაც არ უნდა გვქონდეს, სახელმწიფო წინ ვერ წავა და დროა, ამ ვითარების შეცვლაზე ვიფიქროთ.

ნელი თორდია
скачать dle 12.0