საქართველო შეიძლება დასავლეთის და რუსეთის მოსალოდნელი სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრად იქცეს

გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ ბატონო დიმა, თქვენ საჯარო პოლიტიკიდან წახვედით, ამჟამად, რას საქმიანობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

_ დიახ, საჯარო პოლიტიკიდან გარკვეული ტაიმ-აუტი ავიღე. რიგ საკითხებზე ხელისუფლებასთან აქტიური ოპონირება მიწევს. პოლიტიკურ პარტიაში ყოფნის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არ მექნებოდა. ხელისუფლება, ყოველდღიურად, ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალში შესასვლელი კარი საერთოდ დაიხუროს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ვინმესთან სალაპარაკოც აღარაფერი გვექნება. ამიტომ, გადავწყვიტე რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების კუთხით ვიმუშავო.

_ კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულოდან რუსი დიპლომატის გაწვევა მოჰყვა. რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივეს?

_ სოლიდარობის მიზნით (ასე განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ) საქართველომ, არარსებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ქვეყნიდან შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსული სექციის ათიდან ერთ-ერთი დიპლომატი გააძევა. აღსანიშნავია, რომ მის გაძევებას არც მატერიალურად ხელშესახები და არც პოლიტიკური დივიდენდის მომცემი შედეგი არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვეება. სამაგიეროდ, მდგომარეობა გავირთულეთ და კვლავ მოჯადოებულ წრეში დავრჩით. გიორგი კვირიკაშვილის წერილს წინგადადგმულ, პროგრესულ ნაბიჯად ვთვლი. მიმართვაში გამოთქმული იყო შემდეგი აზრი: ჟენევის ფორმატმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა, საჭიროა ურთიერთობების განახლება, რათა მასში მონაწილეობა უმაღლესმა პოლიტიკურმა წარმომადგენლობითმა პირებმა მიიღონ. ფაქტობრივად, ითქვა, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში საჭიროა პირდაპირი დიალოგი. მოგეხსენებათ, რომ ჟენევის ფორმატში მონაწილე საქართველოსა და რუსეთის მხარეებს შორის ასევე, იყვნენ აშშ როგორც შუამავალი, გაერო, ეუთო და ევროკავშირი. ისმის კითხვა: თუკი აშშ გაეროს და ეუთოს ფორმატში ისედაც მონაწილეობს, ასევე, ევროკავშირის პროტექტორია, მაშინ რაღა საჭირო იყო ცალკე, დამოუკიდებლად აშშ-ს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში შუამავლობა?! საერთაშორისო ინსტიტუტები ხომ ისედაც ახდენდნენ დაკვირვებას და შუამავლობას. სწორედ ამ საკითხმა გადაწყვიტა მიმდინარე პროცესის ბედი.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს, უმაღლესი რანგის ვიზიტად, ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო ეწვია. მან არაორაზროვნად დააფიქსირა მზაობა, რათა მინსკი რუსულ-ქართული ურთიერთობების ახალ ასპარეზად ქცეულიყო. ამ ვიზიტამდე, 4 დეკემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში საგარეო საქმეთა მიმართულებას კურირებს. მან, საეკლესიო საკითხებთან მიმართებით, პირდაპირ გამოთქვა სურვილი აფხაზეთში ახალი დიალოგის გახსნაზე. სოხუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის კუთვნილი რეზიდენცია არსებობდა. მიტროპოლიტმა მაშინ უპრეცედენტო რამ თქვა: ეს რეზიდენცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაუბრუნდეს და იქ გაიმართოს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, შეხვედრებიო. რა თქმა უნდა, აშშ-ს რეაქციამ მაშინაც არ დააყოვნა, მეორე დღესვე მოხდა 12 ეპისკოპოსის მობილიზაცია, რომლებიც ვიზიტად აშშ-ში წაიყვანეს. მე, არავის განვიკითხავ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ იმ პროცესებთან მიმართებით, რაც ამერიკის მხრიდან, რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან მიმართებით, მუდმივ კონკურენციას, ეჭვიანობას გულისხმობს, არადა იგი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ნახეთ რა მივიღეთ ნაცვლად იმისა, რომ აშშ საკუთარი განცხადების ერთგული დარჩენილიყო, რომელიც ელჩის პირით გააჟღერა, მან უკან წაიღო თავისი სიტყვები. საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, როდესაც შეშფოთებული აშშ, უცებ, საერთაშორისო სამართლით აღიარებული ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ ქართული მხარის სუვერენული უფლებაა აწარმოოს პირდაპირი დიალოგი, მათ შორის, ოკუპანტ სახელმწიფოსთან. მაგრამ რამდენიმე დღეში, რეალ-პოლიტიკის გათვალისწინებით, პრაქტიკულად, ჩვენი ხელისუფლება აიძულეს ლოგიკური პროცესების წინააღმდეგ ემოქმედა, რაც გულდასაწყვეტია. აი, რა მივიღეთ ამ ნაბიჯით. ჩვენ უკვე ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები ნაცვლად გაუმჯობესებისა, კიდევ უფრო მძიმდება. თუმცა, არის კი რუსეთი ის აქლემი, რომელიც ისე დაეცემა რომ ვირის საპალნე ვეღარ ზიდოს?! ეს კითხვა დასავლეთში უნდა აწუხებდეთ. ბოლო წლების შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთისკენ მიმართული სანქციებით ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ზარალდება, ვიდრე რუსეთი. ამ სანქციებს შედეგი ჯერ არ მოუტანია. მოუტანს კი დასავლეთს შედეგს დიპლომატიური ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წამოიწყეს? _ რა თქმა უნდა, არა!

_ ბატონო დიმა, კვირიკაშვილის მიმართვას მალევე გამოუჩდნენ პროვოკატორები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთს მხოლოდ ჟენევის ფორმატში უნდა ველაპარაკოთ. მაგალითად, ბოკერია ამტკიცებს, რომ რუსეთს არ უნდა დავუთმოთ, პრინციპულები ვიყოთო. რას მოგვიტანს ასეთი პოლიტიკა?


_ დიახ, გეთანხმებით. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელისუფლებო საკვანძო სიმაღლეებზე და ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ სპარინგ-პარტნიორებს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით დესტრუქციულნი არიან და საქართველოსთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ. აგვისტოს ომის შემდეგ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისა და მისი ძალოვანი კვანძის ბედი ასე გადაწყდა: ჯერ ომი გაცივებული არ იყო რომ ქართულმა მხარემ რუსეთისთვის ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ექსპლუატაციით გადაცემის მემორანდუმს ხელი მოაწერა. სწორედ, ბატონი ბოკერია იყო ის ადამიანი, რომელმაც 2010 წელს დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური საზღვრები ფსოუდან ენგურზე გადმოსწია. ამ ბრალდებას ყოფილი ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს, ფაქტობრივად, მოახერხეს მკვდარი წერტილიდან დაძვრის პროცესში მყოფი ვითარება შემოეტრიალებინათ. ამის ნათელი დადასტურებაა დიპლომატის გაუაზრებელი გაწვევა, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს აგვარებდა. ნონსესია, როცა დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს და დიპლომატს აძევებ. იმიტომ, რომ საქართველო, რუსეთთან საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვის თვალსაზრისით, კოლოსალურ მოგებას იღებს, რამაც 2017 წლის სტატისტიკით მილიარდორასმილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ბოლო მაჩვენებელი არ არის. 2018 წელს საქართველო ტურისტების შემოდინების კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს ელის. რუსი ტურისტი მსოფლიოში საუკეთესო გადამხდელად ითვლება. რუს ხალხს უყვარს საქართველო, ისინი ერთგვარ ნოსტალგიას განიცდიან. ხალხებს შორის _ სწრაფვა, ხელისუფლებებს შორის კი ანტაგონიზმია, რაც დაუშვებელია.

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს და დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. იმ აშშ-სი რომლის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან მიმართებით განსაკუთრებული პოლიტიკა ჰქონდა არჩეული და მასაც ისევე როგორც კვირიკაშვილის წერილს დაემართა, უბრალოდ, ფრთები შეუკვეცეს. შეიცვალა ნარატივი, რაც ურთიერთობის გამძაფრებისა და პოლიტიკური ვითარების შემდგომი ესკალაციის განხორციელების მიზნით შავბნელი ელემენტებით დამუხტეს. აი, ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე. ეს არის ნამდვილი ომი, მესამე მსოფლიო ომის კონტურები უკვე ნათლად ისახება. დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულმა ჭიდილმა, გამორიცხული არ არის ეპიცენტრი სწორედ საქართველოში ჰპოვოს. ზუსტად ამაზე მინდა აქცენტის გაკეთება _ საქართველო ზესახელმწიფოთა შორის არსებული პოლიტიკური ინტერესების ჭყლეტვის ობიექტი აღმოჩნდება. ამას ემატება რუსეთის შორეულ ბუფერში არსებული ძალიან დრამატულად განვითარებული მოვლენები. მოგეხსენებათ, რომ ასადის ხელისუფლება რომელიც საკუთარ ქვეყანაში _ სირიაში ლეგიტიმურად ითვლება, ჩრდილოეთით მოვლენებს ვერ აკონტროლებს, სადაც ქურთებით დასახლებულ რეგიონებს თურქეთის არმია გამალებული უტევს, თურქული სამხედრო ექსპანსია თავის ზენიტშია. სირიის ლეგიტიმური ხელისუფლება ვერ ახერხებს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვას. აქვე, ყურადსაღებია დამასკოს აღმოსავლეთით განვითარებული მოვლენები, სადაც ასევე, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და ასადის ხელისუფლება გარკვეულ წარმატებებს აღწევს, რაც დასავლური, ზოგიერთი რეაქციული ძალისთვის ყოვლად მიუღებელია. იქ, უკვე, ბალანსის მისაღწევად კონტრ-ზომები ხორციელდება. ვინაიდან, თურქეთი სირიაში უკვე ახორციელებს სამხედრო ექსპანსიას, ირანი მზად არის თავისი კონტიგენტი გაზარდოს, რუსეთის ფედერაცია კი ხვალ მზად იქნება ფართომასშტაბიანი ოპერაციების სერია დაიწყოს. საქართველოს ეპიცენტრად ქცევის ერთ-ერთი მანიშნებელი, ინდიკატორი სწორედ ის არის, რომ რუსეთის სამხრეთში შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო მობილიზაცია ხდება. 58-ე არმიას ერთდროულად ორი დივიზია დაემატა, რომელიც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან განლაგდა. რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდა რუსული სამხედრო მანქანა. ყველაფერი ზემოთქმული საქართველოსთვის უდიდესი რისკების შემცველია.

_ ბატონო დიმა, რუსეთი რეგიონში დომინანტია. რა მოხდება თუ პირველობას თურქეთი წაართმევს?

_ ასეთი საფრთხე რეალურია. სწორედ ამისკენ არის მიმართული რიგი დასავლური რეაქციული ძალების მოქმედება, რომ რუსეთის როლი და ახლო აღმოსავლეთზე მისი დომინანტური გავლენა მაქსიმალურად შეასუსტოს. სირია შორეულ ბუფერად შემთხვევით არ მოვიხსენიე. რუსეთს სამხრეთით ორი ბუფერი აქვს _ სირია-ერაყი და კავკასია, რომელიც მისი სასიცოცხლო ზონაა. სირიაში თურქეთი ძალიან გააქტიურებულია და მასთან ერთად გააქტიურებულია ე.წ. სირიის თავისუფლების არმია, რომელიც თავიდან ბოლომდე დასავლეთისგან ფინანსირდება. რაც ყველაზე მთავარია თურქეთისა და სირიის ე.წ. თავისუფალი არმიის გვერდით ისლამური სახელმწიფოს ლიდერები იბრძვიან, რაც უკვე ნათელს ჰფენს შემდეგს: მიზნის მიღწევის გზაზე დასავლეთი ყველაზე უფრო უზნეო, მიუღებელი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. ფაქტობრივად, ეს, ყველაფერი, რუსეთის როლის დასასუსტებლად ხდება. თუ რა პასუხს გასცემს რუსეთი, ეს შემდეგი გარემოებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ _ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სულ ახლახან ახალი შეიარაღების პრეზენტაცია გამართა, რომლის ანალოგი არავის გააჩნია. არის თუ არა ეს მინიშნება, რომ რუსეთმა დასავლეთის გამოწვევა მიიღო და მზად არის პასუხი ადეკვატური მეთოდებით გასცეს.

ფაქტია, რუსეთი უკან დახევას არ აპირებს. ვიმეორებ, ამის ნათელი დაადსტურებაა შეიარაღების გაძლიერება, სამხრეთით ახალი დივიზიების მობილიზაცია. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთმა სირიის მიმართულებით თავისი ძალების ფართომასშტაბიანი გადასროლა განახორციელოს და ამისთვის სწორედ საქართველო გამოიყენოს როგორც დერეფანი. როგორ განხორციელდება აღნიშნული, ამაზე ახლა ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ თუკი ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო გამძაფრდება, ვფიქრობ, მსგავსი რამ მართლაც შეიძლება მოხდეს. ამ ყველაფრის ფონზე უმოქმედო, არაფრისმომცემი აქტის განხორციელება _ ქვეყნიდან პირის გაძევება, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა დაუშვებელი იყო. ვის გაუფუჭა ამით ხელისუფლებამ საქმე, ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ხომ?! ვითარება ყოველდღე იცვლება, საჭიროა სრულიად ქართული ელიტარული საზოგადოების მობილიზება და რუსულ საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარება. რასაც პოლიტიკოსები არ აკეთებენ, ის ხალხმა უნდა გააკეთოს. ქვიშის საათი დადგმულია, დრო აღარ რჩება. ღმერთმა დაიფაროს ასეთი პლაცდარმისთვის მზადება დაიწყოს, რომ საქართველო ზესახელმიფოთა პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრი აღმოჩნდეს. ერთხელ ვნახეთ რა შედეგები გამოიღო იმან, როდესაც საკითხების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ საქართველო კრახამდე მიიყვანა. ვგულისხმობ შემდეგს: მაკ კეინის საარჩევნო კამპანიას საქართველოს ტრიტორიული მთლიანობა შეეწირა და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსავალი ეძია, საქართველოს სხეულს მისი ორგანული ნაწილები საერთოდ მოსწყვიტა. სხეულს, რომელიც 1991 წლიდან დღემდე გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ერთიანი სახელმწიფო. თუ ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯებით სიარულს გავაგრძელებთ, მავანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არაღიარების პოლიტიკის გადახედვასაც ჩაუყრის საფუძველს. ასე, რომ ძალიან ფრთხილად, ქართველებო! დღეს, ჩვენ, ერთსულად უნდა გადავიქცეთ, ეროვნული ინტერესის დასაცავად საზოგადოების სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს.

ვინაიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ერთი მხრივ, მიმდინარეობს ქვეყნისთვის დემოგრაფიული პლაზმის შეცვლა, მეორე მხრივ, რეგიონალური იმიჯის შეცვლა. საქართველო ამიერკავკასიაში ყოველთვის რეგიონალური ძლიერი მოთამაშე იყო. მისი გეოპოლიტიკური სტატუსი გვაძლევდა ფუფუნებას, რომ ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავით. დღეს, ჩვენ რეგიონალური ბორდელის სტატუსი მივიღეთ. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ფაქტია _ თურქეთისთვის, ჩრდილოეთ-კავკასიისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის ჩვენ როგორც სათამაშო, სექს-ტურიზმის, ნარკო-ტურიზმის ქვეყანა, ისე განვიხილებით. როგორც ჩანს, საქართველომ როგორც ერმა და სახელმწიფომ აქამდე არსებული ფორმით ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს და სხვადასხვა გაზსადენებისთვის, ნავთობსადენებისთვის, ჰაბებისთვის, ტერმინალებისთვის ტერიტორიული წარმონაქმნი გახდეს და აქ, ტრადიციული ქრისტიანული სახელმწიფოსთვის ადგილი აღარ უნდა იყოს.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0