სტალინის ვაგონის გორში ჩამოტანა შევარდნაძის კი არა, ჯუმბერ პატიაშვილის ინიციატივით მოხდა!

პირადად მე, რამდენიმე პიროვნებისგან მსმენია, რომ გრიგოლ ონიანის წიგნში "სტალინი" არასწორად არის მოთხრობილი ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება სტალინის პირადი ვაგონის ქალაქ როსტოვიდან გორში ჩამოტანას. საქმის გასარკვევად ვესტუმრე საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელს, ამიერკავკასიის, შემდგომ, საქართველოს რკინიგზის უფროსის მოადგილეს გუგული მაისურაძეს. გთავაზობთ მის ჩანაწერს:

– როგორ მოხერხდა სტალინის ვაგონის გორში ჩამოტანა?


– დავიწყოთ იმით, რომ ამ ვაგონის როსტოვიდან გორში ჩამოტანის ბრძანებას აწერდა ხელს სსრკ-ს გზათა მინისტრი ნიკოლაი კონარევი და არა ბორის ბეშჩევი (და არა ბეშევი, როგორც გრიგოლ ონიანის წიგნშია მოხსენებული). ბეშჩევი იმ დროს ცოცხალიც აღარ იყო, ის 1981 წელს გარდაიცვალა. ბეშჩევის შემდეგ გზათა მინისტრად 1977-დან 1982 წლამდე მუშაობდა ივანე პავლოვსკი, რომელიც ნიკოლაი კონარევმა შეცვალა. სწორედ, მის დროს მოხდა ვაგონის ჩამოყვანა გორში. ეს მოხდა ან 1986, ან 1987 წლებში. ასე რომ, ედუარდ შევარდნაძეს ამ საქმეში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. ეს განახორციელა ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა. სწორედ რომ მისი თაოსნობით მოხდა სტალინის ვაგონის ჩამოტანა გორში.

ბატონი გრიგოლის წიგნში („სტალინი“)წერია, რომ ვაგონის ჩამოტანის ორგანიზაცია დაევალა რკინიგზის უფროსის მოადგილეს, ვლადიმერ ჯაფარაშვილს. სინამდვილეში ვლადიმერი ჩემი მოადგილე იყო და არა რკინიგზის უფროსისა. მეორე მოადგილედ აღმდგენი მატარებლების განხრით ჩემთან მუშაობდა ავთანდილ მაისურაძე. სწორედ, აღმდგენ მატარებელს უნდა შეესრულებინა სადგურის ლიანდაგებიდან ვაგონის სპეციალურ ლაფეტზე გადატანა. სტატიაში აღნიშნულია, რომ, თითქოს, ჯაფარაშვილმა მოიწვია სავაგონო უბნის უფროსი ნოდარ კოპალეიშვილი და ახალგაზრდა ავთანდილ ოქრომჭედლიშვილი. სინამდვილეში კოპალეიშვილი არასდროს ყოფილა სავაგონო უბნის უფროსი. ამ თანამდებობაზე იმ დროს მუშაობდა ახალგაზრდა ინჟინერი ლევან სართანია. კოპალეიშვილი გახლდა ამ უბნის ტექნიკური გასინჯვის პუნქტის უფროსი, ოქრომჭედლიშვილი კი რიგითი ცვლის ოსტატი იყო. ვაგონის მისაღებად როსტოვში გააგზავნეს ლევან სართანია. ეს ძალიან კარგად იცოდა ოქრომჭედლიშვილმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სიცრუე და კიდევ სხვა მრავალი მან მიაწოდა ბატონ გრიგოლს, რის შესახებაც მან მე მითხრა ჩემი შენიშვნების საპასუხოდ.

კიდევ ერთი სიცრუე, თითქოს როსტოვში ჩასულებს ვაგონის გადმოცემაზე უარს ეუბნებოდნენ და „უარის მთქმელთა“ შორის განსაკუთრებით ალექსანიანია ნახსენები. ეს პიროვნება ადრე ჩვენს რკინიგზაზე მუშაობდა, შემდეგ როსტოვში სამგზავრო სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. მას ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვაგონის გადმოცემას ხელს როგორ შეუშლიდა, როცა ამის შესახებ საკავშირო მინისტრის ბრძანება იყო გაცემული? სინამდვილეში, როგორც ლევან სართანია იგონებდა, ალექსანიანი, პირიქით, ეხმარებოდა მათ ვაგონის დაკომპლექტებაში. უხერხულია, მეტი თუ არა, ადამიანს ეს დააბრალო! ასევე წერია, რომ, თურმე, ვაგონის ტექნიკურ გამართვაში კოპალეიშვილი და ოქრომჭედლიშვილი იყვნენ დაკავებულნი. რკინიგზის ყველა ნორმატივებით ვაგონის უსაფრთხო მოძრაობის პასუხისმგებელი, რკინიგზის სამმართველოს ფარგლებში, მხოლოდ ადგილობრივი მუშაკები არიან. ოქრომჭედლიშვილს კიდევ ერთი ტყუილი ეკუთვნის. თურმე, ის საჩქაროდ უნდა გადმოფრენილიყო თბილისში, რომ გორში უზრუნველჰყო ვაგონის მიღება. სასაცილოა პირდაპირ! მას არავინ ეკითხებოდა ვაგონის მიღება-ჩაბარებას. კიდევ უფრო დიდი ტყუილი, თითქოს ის — რიგითი ცვლის ოსტატი, რომლის მსგავსი ასეულობითაა რკინიგზაზე, მივიდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში თხოვნით, რომ ოლქს თავისი ძალებით დახმარება აღმოეჩინა ვაგონის გადატვირთვაში ლიანდაგებიდან სამხედროებისვე ლაფეტზე. სწორედ, ამაზეა ნათქვამი, არამკითხე მოამბეო…

სინამდვილეში, რკინიგზის ხელმძღვანელობიდან არავის აზრადაც არ მოსვლია, დახმარებისთვის სამხედროებისთვის მიემართა და არც მიუმართავთ, რადგან ისეთი მძლავრი ტვირთამწევები, როგორიც რკინიგზის აღმდგენ მატარებლებს გააჩნია, სამხედროებს არ ჰქონდათ. გორის სადგურის ლიანდაგიდან ვაგონის გადატანა საქენერგოდან ნათხოვარ ლაფეტზე თბილისის აღმდგენი მატარებლის 120 ტონიანი ტვირთამწევის სარკინიგზო ამწით მოხდა. ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა აღმდგენი მატარებლის უფროსი ალიკო საყვარელიძე. ასე რომ, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის არავითარი ბრძანება გორში მძლავრი ამწის ჩატანის შესახებ არ ყოფილა. სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მობილიზებული იყო ორი ავტოამწე, რომლის მოყვანაც გორის ხელმძღვანელობამ უზრუნველჰყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოქრომჭედლიშვილი იმ დღეს საერთოდ არ იმყოფებოდა გორში. სხვანაირად, როგორ შეეძლო მას არ დაენახა უშველებელი სარკინიგზო ამწი, რომლითაც მოხერხდა ვაგონის გადატანა ლაფეტზე. გოგორწყვივიან ურიკების გადატანა ლიანდაგებზე არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. სიძნელეები შეგვექმნა ვაგონის ძარის გადატანისას ურიკებზე. ორი ამწის პარალელური მუშაობა ძნელი იყო. მახსოვს, ერთ-ერთი ბაგირი, რომელიც ავტოამწსზე იყო ჩაბმული, ვაგონის კიბის თუჯის სახელურს ედებოდა და შეიძლება ის დაზიანებულიყო. მაშინ მივეცი უფლება, ამისთვის არ მიექციათ ყურადღება. თუ მოაჯირი დაზიანდებოდა, მას შევადუღებდით. შედუღება საჭირო არ გახდა, რადგან ვაგონის ძარა ურიკებზე მოაჯირის დაზიანების გარეშე დაიდგა.

გიორგი კორძაძე
скачать dle 12.0