გულო, ჩადექ საგულესა ანუ ამბავი ციყვისა და მგლისა

კეშას ბლოგი
_____________________
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ციყვი…
ანუ, ციყვის მოტანილს – ციყვი წაიღებსო…
აციყვდა, ბოლო კვირა, საქართველო. ყველგან სექსი და სექსუალური სექსი ელანდებათ, ყველგან სექსშეტენილი და სექსშეუტენელი კაცები ეჩვენებათ, ყველგან ციყვი და მგელია.

ციყვი აციყვებულა – საციყვეში ჩაციყვებულაო – რაღაა იმ ციყვის ფასი, რომლის სახელიც გაცხადდაო.
ნეტა ყველა შავი საქმე ციყვით უნდა შეიკეროს და დაგვირისტირდეს დღეიდან? – თეთრი ძაფიც აღარ იქნება საჭირო?
მინდია უგრეხელიძის ბიჭია ეს პაპუნა უგრეხელიძე და ეგ იზამდა – აბა, რას იზამდაო.
ნწუ, ნწუ, ნწუ…

რომელი მინდია უგრეხელიძის ბიჭია ეგ – 70-მდე ნაშრომის და სამი მონოგრაფიის ავტორი მინდია უგრეხელიძის? „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი – მინდია უგრეხელიძის? საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია რომ მიიღო და ქართული ენციკლოპედიის საგამომცემლო საბჭოს წევრი რომ იყო 1994 წელს, ოსტინის, ჰიუსტონის და პასადენას საპატიო მოქალაქე რომაა, იმის? ღირსების ორდენი რომ აქვს მინიჭებული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ რომ აირჩიეს, იმ მინდიას ბიჭია? – ხოო, მაშინ კი იზამდა… მაშინ მჯერა. გეთქვათ თავიდანვე.

მივწერო ერთი ოსტინს, ჰიუსტონს და პასადენას…
ციყვმა თხარა, თხარა – სახელ-გვარი გამოითხარაო – ასე დაემართა ეკა მესხიძეს. უფრო სწორედ, ასე დაემართა, მეგონა.
პაპუნა უგრეხელიძემ „შტუკა“ მოუწყო მსხვერპლ ციყვს და მისი ვინაობა გაასაჯაროაო – კიდევ ერთი დანაშაული აკიდეს „მოძალადეს“.
რათა, რათა: კითხვა არ იცით? კითხვა გეზარებათ?

აგერ, აგვიფრიალა ელისო კილაძემ: „ქრონიკა+“-ში ჯერ კიდევ 2017 წლის 8 დეკემბერს გამოვაქვეყნე სახალხო დამცველი ნანუაშვილის დასკვნაო – ხოდა, ამ დასკვნაში შავი კლავიატურით თეთრ ეკრანზე ორჯერაა ზედიზედ მესხიძის გვარი გაპარული.
ასე მტერი გაგვეპაროს.

სხვაგან ყველგან კი პირობითად მოიხსენიებენ, როგორც ვინმე: ნ.ნ.-ს, მაგრამ ორჯერაა გაპარული გვარიც და მარტო მე ვიცი კითხვა, ნეტავი?
დავსქრინეეე, ელისო, დავსქრინე და ფოტოც გადავუღე – ტყუილად არ მიადგე და აღარ ჩაასწორო.
აგერ მთლად ნანუაშვილს გამოუჭენებია ეს გადამალული ციყვი და…
ციყვუნამ თქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო…

ამერიკაში გადაღებულ ფოტოზეც ერთად ვართ მე და მგელი და რა მომივა, ვინღა შემჭამსო
დაემალა 2015 წლის 30 სექტემბერს ციყვი მგელს, თორემ შეჭამდა და ეძებნათ მერე წითელქუდას და მონადირეს, რამდენიც უნდოდათ.
შენგენის ვიზა არ ჩაურტყეს მგელს პასპორტში მაგ დღეს – მგელი კი არა მეც გავბრაზდებოდი, მეც მივადგებოდი ჩემს თანაშემწეს, რომ მყოლოდა თანაშემწე.
იუკადრისა ციყვმა მგელის საყვედური და ტელეფონი გაუთიშა. მიწერა მგელმა მესიჯი:“ნუ ხტიხარ და აკეთე ის, რასაც გეუბნები… ამხელა გოგო ხარ და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს“.

რა ქნას, ციყვია და რომ არ ახტეს და დახტეს არ შეუძლია.
მანამდე კი, მანამდე იყო… გულები…
ვგიჟდები რომანტიულ მგლებზე…

გაუგზავნა მგელმა ციყვს გულები და მესიჯიც მიაყოლა, თურმე: – გული გამომიგზავნე…
ერთი ციყვის ერთ გულს რამხელა თანამდებობა გადააყოლა მგელმა – რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ციყვსაო.
ვერბალური სექსუალური შევიწროება ყოფილა, გულს რომ გიგზავნიან და უგზავნი.
დღეს 13.45-ზე და 20.12-ზე ორმა ადამიანმა მთხოვა დალაიქება. 15.26-ზე და 17.02-ზე – ასევე ორმა მთხოვა, ფოტო გახსენი და გული დამიწერეო და ბოლოს 22.57-ზე მეხუთემ საერთოდაც, პირად გვერდზე გაზიარება მთხოვა, რაღაც სისულელის, საკმაოდ ფამილარულად. ხუთივე მთხოვნელიდან – არც ერთს არ ვიცნობდი.

ანუ, მე დღეს 5-ჯერ შემავიწროვეს?
სანტიმეტრი ავიღე, წელი და თეძო გავიზომე – არა, იგივეა – არ დავიწროებულა.
სადავ იწროა – იქ გაწყდეს – სექსუალურად შევიწროებული ვყოფილვარ, ფიზიკურად ვერ მავიწროებს, თურმე, გულები – ამოვისუნთქე.
ანუ, დღეს ხუთი თეორიული სექსი მქონდა? – ფაქტობრივად, სიქა გამძვრა დღეს.
ამ დღეებში ორსულობის დასადგენ ტესტს ვიყიდი მაინც – ვაიდა, იმ ხუთიდან არც ერთს არ ეკეთა თამარ მეფის გამოსახულებიანი პრეზერვატივი და დავფეხმძიმდე?

უცნაური ერი ვართ ძალიან – თამარ მეფეს სახეს პრეზერვატივზე ვახატავთ და საოხრეზე ვიკეთებთ და მესიჯად გაგზავნილი გული აღგვაშფოთებს.
ხოდა, მე კითხვა მაქვს ნანუაშვილის უწყებასთან, ნუ, აწ უკვე ნანუაშვილის ყოფილ უწყებასთან – 2015 წლის ივნისის ჩანაწერი თუ გაქვთ ამოწერილი – ანუ, მინიმუმ 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის იანვრამდე მესიჯებსა და მიმოწერებზე გქონდათ წვდომა, ხომ? 8 თვის მესიჯებზე გქონდათ, ანუ წვდომა მინიმუმ და ამ 8 თვეში – რამდენიმე გულისა და ერთი ციყვის მეტი – ვერაფერი ამოქექეთ – სწორად გავიგე, თუ რამე გეშლებათ, იმის არ იყოს, გვარს არ დავასახელებთ, მაგრამ მესხიძეაო – რომ გიწერიათ?

ნამეტანი დინჯად ძალადობდა მგელი ციყვზე – რაკი 8 თვეში მეტი არაფერი მიუწერია „ისეთი“ – აი, დემოკრატიული.
- მიხო, დემოკრატია რა არის?

- აი, მარო, დემოკრატია ისაა, რომა, შემიძლია გადავიდე და ჩვენს მეზობელ ნაზიკოსთანა დავწვე.

- ანუ, მე რომ ნაზიკოს ქმართან დავწვე – ეგაც შაიძლება?

- ე, ქალოო, შენა დემოკრატიას ბოზობაში ნუ აურევ…

ასე მოგვდის, თორე, ერთი ყოფილი მინისტრი სულაც იწვა თავის ხელქვეითთან, თუ მაგას წოლა ქვია – მაგრამ, მთელი ბომონდი იცავდა, პრეზიდენტის ჩათვლით – მისი ბიჭია და უნდა დაწვება, უნდა ადგება – მისი პირადი საქმეა ხელქვეითთან წოლაო.

ახლა, მდიდრულმა გულმა გვიყო.
მისი ხელქვეითია და უნდა გულს გაუგზავნის, უნდა სულს.
ეჰ, ცხარე ცრემლით ვსტირი ეკატერინე მესხიძისათვის სმაილიკებით მიყენებულ შეურაცხყოფას – მაგრამ მე ვინ ვარ, მესხიძემ გვითხრა: კულუარულად ვიცი, პრემიერ-მინისტრიც მითანაგრძნობსო.
დედა, საიდან ყავს ამ ქალს ამდენი კულუარი.
მე რატომ არ მითანაგრძნობს პრემიერ მინისტრი, დღეს რომ თეორიულად ხუთჯერ გამაუპატიურეს – მარტო ეკა მესხიძის პრემიერია ეგ?
ხოდა, კიდევ რა ვერ გავიგე – ეს ამბავი იცოდნენ რეესტრშიო, იცოდა იუსტიციის მინისტრმაო, იცოდა პრემიერ მინისტრმაო, იცოდა თავად მგელმაცო… ქმარმა თუ იცოდა, ქმარმა?

ისიც იქ მუშაობდა და ეცოდინებოდა, წესით – აკი, დებილოს მეძახდა და კუთხეში დადექი – მეუბნებოდა მგელი, მე კი სულ ვტიროდიო და როგორ ვერ გაიგებდა და შეამჩნევდა ქმარიც.
ციყვო, ციყვო, შენსა მზესა, შენი ქმარი რა რიგია?
რაო, რა ქნა ქმარმა? მივიდა და შემოულაწუნა, ალბათ? – არა? – აბა? წამოუთაქა? – არა? არც ეგ? – უჩივლა მაშინ, შესაძლოა – უი, არც ეგ?
ისა და ქალბატონო, ეგ თქვენი ქმარია, თუ დათვის?
კი უნდა დადგეთ, მაშინ კუთხეში – არ არის სხვა გზა. პრემიერის თანაგრძნობას რომ რამე შეეძლოს – ფაროსანა ამოწყვეტილი იქნებოდა და მე დაპურებული.
ციყვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვსტირიო.
მრგვალ შენობაში უნდა იმუშაოთ, თქვენ, ციყვო – კუთხე რომ არ ჰქონდეს შენობას და კუთხეში რომ ვერ დაგაყენონ და დებილო-ზე რა გითხრათ, ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე.

მერე იყო ტორტი, ციყვებიანი ტორტი – ასე გადაუხადა სამაგიერო მგელს ციყვმა – ტყუილი ციყვი აჭამა… ციყვის – დაძახებით შეურაცხყოფილმა – ენა ვერ შეუბრუნა, მაგრამ ტორტი შეუბრუნა, ტორტზე დაახატა თავისი ტკივილი და ცრემლი…
ეჰ, რა თანასწორობა, რა მოკლე და გრძელი, რა სუსტი და ძლიერი: – ქალები იქეთ ვიცავთ კაცებს. წამოვიდა ციყვი სამსახურიდან – სხვაგან გადავიდა, უკეთეს ადგილას, უკეთესი ხელფასით, პირადი რეკომენდაცია მისცა მგელმა.

წამოვიდა რეესტრის კუთხიდან მგლისგან დაჩაგრულ-ატირებული ციყვი, მაგრამ მაინც ვერავის უყვებოდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლობის ისტორიას – ქმარს იცავდა, ქმარი ისევ მგელთან მუშაობდა და როგორც სუსტი სქესი უნდა იცავდეს ძლიერს, ისე იცავდა, როგორც ამბობს, უტყვად და უენოდ.
ეჰ, ხანგრძლივ ეგ მგელი გაახარებს ციყვების ქმრებს, განა? მაინც გაუშვა მგელმა ციყვის ქმარი სამსახურიდან. არ დაუფასდა ციყვს თავგანწირვა.
მშიერი ციყვი პატრონს უკბენსო.

აი, აქედან უნდა იწყებოდეს, ჩემი წერილი – რადგან ზუსტად ქმრის სამსახურიდან გამოშვების შემდეგ დაიწყო მთელი ეს დაგულები, გაგულების, მიგულების, გამოგულების, გადაგულების ამბავი.
ციყვი – ციყვია და თუ გაცხარდა – მესხიძეო.
ციყვის ქმარი, რომლის სახელ და გვარსაც არსად ასახელებენ და ყველა ყველგან ასე მოიხსენიებს: ეკა მესხიძეს მეუღლეო (ნუ, მგელმა კი ახსენა, მაგრამ მგელს ხომ ვერ დავესესხები – ემანდ გული არ გამომიგზავნოს), სასამართლოში უჩივის რეესტრსა და რეესტრის მაჩო მგელს – უსამართლოდ გამომიშვაო.
პირველი მოჩივარი, ბატონს მართალი ეგონაო.

ციყვის ქმრის დამცველებმა – ჩვენს საქმეში მთავარი მტკიცებულება სახალხო დამცველის დასკვნაა და უკვე ჩავაბარეთ მოსამართლესო.
ანუ, ციყვის ქმარი რომ სამსახურიდან უკანონო გამოშვებას დაობს, იმ საქმეშია მთავარი მტკიცებულება სახალხო დამცველის დასკვნაა ეკა მესხიძის საქმეზე?
დედა, ცოლი ამას ქვია.

ძლივს არ მივხვდი, რისთვის გამოიყენებს ციყვობას?
ტიტუ, ქმარიც ამას ქვია – საკუთარ ცოლზე სექსუალური ძალადობის ფაქტები დაამტკიცებინა ნანუაშვილს და მიაქვს ახლა სასამართლოში.
ამას, ნამდვილად არ უცემია უგრეხელიძე, ხო? არც შემოულაწუნებია? – არა? არც წამოუთაქებია? – არც უჩივლია ცოლის კინაღამ „დემოკრატიაზე“, ხო?
აბა, ციყვების ოჯახში თუ მშვიდობა და სოლიდარობაა, მითანაგრძნოს პრემიერმა მე, ეყოფათ მაგათ უკვე, თავისი ეყოფათ.скачать dle 12.0