9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე  შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა დაარბიეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. დარბევის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ათასობით ადამიანი მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.

ღამიდან რუსთაველზე მდებარე მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოდიოდნენ მოქალაქეები, მოქონდათ ყვავილები, ანთებდნენ სანთლებს.  მემორიალი ყვავილებით შემაკეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლიმა, დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგოადო მოღვაწეებმა. დაღუპულთა ხსონას პატივი მიაგო ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც.ილია მეორემ ყვავილებით შეამკო მემორიალი და ადგილზე შეკრებილი ხალხი აკურთხა. მან ასევე დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ საშინელ ღამეს, როდესაც ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. როცა საუბარია იმის თაობაზე, რომ ცივი ომი დამთავრდა, დამთავრდა მშვიდად, მე მინდა, ყველას გავახსენო, რომ აი, აქ საქართველოში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მათ შორის აი, ამ ქალებისა და ბავშვების და მაშინდელი ეროვნული მოძრაობის საშუალებით, ეს ომი აქ არ იყო ძალიან ცივი, ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები და მადლობა მათ, მათ ღვაწლს იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ და მე მგონი იმ ქვეყნებმაც, რომლებმაც მშვიდად დაასრულეს ცივი ომი და უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ კეთილდღეობაშიც ამ ადამიანების ღვაწლი დიდია," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.скачать dle 12.0