ვინ დგას მევახშეებად ქცეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკან, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გააკოტრა?

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გვესაუბრება "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" წევრი, ადვოკატი დავით მელაძე.

– იპოთეკურმა სესხებმა საბოლოოდ გაანადგურა ისედაც სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობა, ამ სფეროს კარგად ვიცნობ, რადგან სასამართლოში ორივე მხარის, კრედიტორის და მსესხებლის ინტერესების დაცვა მიწევს. ჩემი აზრით, კერძო მევახშეობა საერთოდ უნდა აიკრძალოს, რადგან კერძო იპოთეკარებისგანაა ყველაზე მეტად ხალხი დაზარალებული. ზოგიერთი მევახშე თაღლითობისთვის ორ-სამჯერაა ნასამართლევი, მაქინაციების წყალობით უამრავი თანხა დააგროვეს, ლამის მილიონიანი ბრუნვა აქვთ, ფულს მამასისხლად ასესხებენ და ხალხს ტყავს აძრობენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ აძლევს სახელმწიფო კერძო იპოთეკარს ფულის გასესხების უფლებას. პირს, რომელსაც სპეციალური განათლება არ აქვს, არ იცის როგორ უნდა გასცეს თანხა, გასესხების უფლება არ უნდა ჰქონდეს, რადგან მას საბოლოოდ წამგლეჯი ფინანსური პოლიტიკა აქვს. სახელმწიფომ ახლა კი დაუწესა მათ პროცენტის ზედა ზღვარი, საპროცენტო განაკვეთი 3-დან 3,5-მდეა, მაგრამ ესეც არასწორია. ფაქტია, 10.000-დოლარიან ბინას 300 დოლარად ვერ გააქირავებ, ის შეიძლება 50 დოლარად გაქირავდეს, შესაბამისად გადასახადიც 0,5% უნდა იყოს და არა 3,5%, მაშინ სახელმწიფო რატომ აწესებ ამხელა საპროცენტო განაკვეთს? ამას ერთი ახსნა აქვს, თავად საკანონმდებლო ორგანოში ზის უამრავი მევახშე, რომლებიც ამ "ბიზნესით" ირჩენდნენ თავს და არც ახლა უშვებენ ხელიდან, ხალხის "რჩეულნი", ხალხს უსახლკაროდ ტოვებენ. ბიზნესის წამოწყების მსურველნი, რომელთაც არც სათანადო განათლება აქვთ და არც გამოცდილება, ბრმად უვარდებიან ხელში მევახშეებს, ქართული ბიზნესის "კლასიკური" სახე - ორი ნაცნობი ხვდება ერთმანეთს, ერთი ამბობს რომ ბიზნესშია, სიტყვაზე, 10.000 ქილა კაკლის მურაბა აქვს და ხელსაყრელ ფასში ყიდის, მეორე სთხოვს არავის მისცეს, თვითონ აიღებს მთელ პარტიას. დაშორდებიან ერთმანეთს და ერთი მურაბის ძებნას იწყებს, მეორე ფულის. ეს სოციალური საკითხი სახელმწიფომ უნდა გადაჭრას, ხელისუფლება უნდა დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს რაღაც შექმნან, მათ ხელშესაწყობად სწორი ფინანსური პოლიტიკა უნდა გაატაროს.

ბოლო ხანს მომრავლებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს იმხელა პროცენტები აქვთ დაწესებული კრედიტზე, რომ გამორიცხულია რაიმე ბიზნესი წამოიწყო. ვინ არიან მიკროსესხების გამცემნი? კანონითაა გაწერილი, ვინ არის უფლებამოსილი მსესხებელს იპოთეკის ხელშეკრულება გაუფორმოს, მაგრამ ამ პირობების შესრულებას არავინ ითხოვს და შესაბამისად, დამრღვევსაც არავინ აგებინებს პასუხს. მიკროსაფინანსო ბანკის გახსნის შემთხვევაში, აუცილებელია ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე (საწესდებო კაპიტალი) 200.000 ლარი იდოს, ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს შსს-დან უნდა ჰქონდეს ცნობა, რომ ეკონომიკურ დანაშაულზე არ არის ნასამართლევი, აუცილებელია ოფისი და ა.შ. სპეციალურად შექმნეს ეს კანონი, მაგრამ ისიც ბევრი სხვა კანონივით, საერთოდ არ მუშაობს. საბანკო სფეროში სრული მონოპოლიზაციაა, ეროვნული ბანკი რასაც იტყვის, იმას ასრულებენ. არ გაინტერესებთ მათი უზომოდ გამდიდრების "საიდუმლო"? ყველა ბანკს აქვს სარეზერვო ფონდი, ერთ-ერთ ბანკის მაგალითზე გეტყვით, მის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ, რადგან ყველგან ანალოგიური ვითარებაა. ამ ბანკს 500-მილიონიანი სარეზერვო ფონდი აქვს და ქონების გადასახადსაც ამ თანხის მიხედვით იხდის, თუმცა რეალურად სარეზერვო ფონდში მილიარდ რვაასი მილიონი აქვს, რომელშიც გადასახადს არ იხდის. როგორ წარმოიშობა სარეზერვო ფონდი და როგორ ხდება გადასახადის დამალვა, ეს ცალკე თემაა. ბანკი რომ გაკოტრდეს, იმ 500 მილიონზე გაცილებით მეტი თანხით გავა `საქმიდან~, რომელიც სარეზერვო ფონდად აქვს.

საქართველოში ფინანსური პოლიტიკის ეფექტიანობა ნულს უტოლდება, იმიტომაცაა ქვეყანაში ასეთი სიდუხჭირე, არასწორი ფინანსური პოლიტიკა ტარდება. მევახშეობას, ძირითადად ბანკები ეწევიან, მათ სწორი ფინანსური პოლიტიკა რომ ჰქონდეთ, მცირე მეწარმეობა განვითარდებოდა და სოფლის მეურნეობაც ფეხზე დადგებოდა. მახინჯი ფორმა იყო მიწების პრივატიზაცია და ხალხისთვის მცირე მიწების დარიგება. მიწები კი დაარიგეს, მაგრამ ხალხს არც სარწყავი წყალი მისცეს, არც ტექნიკა, სოფელი ფაქტობრივად უპატრონოდ დატოვეს, იმიტომაც დარჩა უამრავი დაუმუშავებელი მიწა. რვა მილიარდია ჩადებული სოფლის მეურნეობაში, მაგრამ არაფერი ეტყობა, მომხმარებელ ერად ვართ გადაქცეული.

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური სამსახურები მოქმედებს, ისევე როგორც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ. თაღლითობას სჩადის, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე საკრებულოს დეპუტატი, პარლამენტარი, მინისტრი, მისი მოადგილე და ა.შ. პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასებს ხელოვნურად რომ გაზრდი, ესეც თაღლითობაა. საწვავის ბიზნესშიც ხელოვნურადაა შექმნილი მონოპოლია, იგივე გერმანიაში, ამის გამო ყველას დაიჭერდნენ, რადგან ესეც თაღლითობაა. მონოპოლიის შექმნით, ქვეყანაში თავისუფალ კონკურენციას სპობ, იმპერატიულად ავალებ ვიღაცას, რომ დღეს ბენზინი 10 თეთრით უნდა გააძვიროს, მაგრამ ვერ ასაბუთებ რატომ უნდა გაძვირდეს. საწვავის იმპორტიორ-რეალიზატორებს "ბობოლა" მეწილეები ყავთ, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან. ვთქვათ, ერთი ლიტრი ბენზინი 2,20 ლარი ღირს, რეალიზატორმა ფასი რომ დააკლოს და 1,60 ლარად გაყიდოს, `ბობოლები~ წილიდან ამოვარდებიან, რასაც ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ. ეს არის კარტელური, თაღლითური გარიგება და რახან ასეთი თაღლითური გარიგებები არსებობს, მის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სამსახურიც უნდა არსებობდეს. მე ამ სამსახურში რომ ვმუშაობდე, აუცილებლად დავიჭერდი იმ ხალხს, რომელიც ხელოვნურად აძვირებს საწვავს, სესხებზე ზრდის საპროცენტო განაკვეთს და ა.შ.

ბანკებს დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა რომ დაუწესეს, იმიტომაც დაიწყო მასობრივად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გახსნა, რომლებიც გაცილებით მაღალი პროცენტებით გასცემენ სესხებს. ამ ორგანიზაციებს უმეტეს შემთხვევაში თავად ბანკები ხსნიან, მათი შვილობილი კომპანიებია, მათი ხელით მევახშეობენ ბანკები და ლამის მთელი საქართველო დატოვეს სახლკარის და მიწის გარეშე. ევროპის ქვეყნებში ნოემბრიდან აპრილამდე გამოსახლება შეჩერებულია, რადგან ეს ზამთრის პერიოდია. საფრანგეთში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ჩვენი "ხრუშჩოვკების" მსგავსი კორპუსებია აშენებული, სინამდვილეში ეს ფრანგული მოდელია, ხრუშჩოვი საფრანგეთში რომ იყო ჩასული, მოეწონა და წამოიღო ეს პროექტი. როდესაც ადამიანი გაკოტრდება და ბინიდან გამოსახლება ემუქრება, ქუჩაში რომ არ დარჩეს და რაიმე უბედურება არ ჩაიდინოს, ამ კორპუსებში აძლევენ ბინას. ჩვენთან საშველი არ დაადგა ამგვარი კანონის მიღებას, მერიის მფლობელობაში უამრავი მიწებია, შექმნან სპეციალური ფონდი, ჩაიდოს რაღაც მექანიზმი კორუფცია რომ არ განვითარდეს და გადასცენ მიწის გარკვეული ფართობები ინვესტორს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად, საიდანაც ბინების ნახევარი მერიის საკუთრება იქნება და უბინაოდ დარჩენილ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეასახლებენ.

ჩვენთან ღია ცისქვეშ რომ ყრიან ოჯახებს, რამდენი ხანი შეიფარებს მათ ნათესავი და მეზობელი? ამიტომაც ინგრევა ოჯახები, დედ-მამა საზღვარგარეთ გარბის, იქ ხშირ შემთხვევაში სხვა ოჯახებს ქმნიან, მათ შვილები კი ბებია-ბაბუების ამარა რჩებიან. დიდი ალბათობაა, რომ მშობლების ყურადღებასა და სითბოს მოკლებული ბავშვები დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ. მერე უკვირთ და მოთქვამენ, კრიმინალური ფონი დამძიმდაო. მე არ მახსოვს ოჯახის გამოსახლების დროს, რაიონის დეპუტატი, გამგებელი ან სხვა საჯარო მოხელე მოსულიყო და თანადგომა გამოეცხადებინა უსახლკაროდ დარჩენილი, გაუბედურებული ოჯახისთვის. მსოფლიო დონის მაფიები არიან შემოსული საქართველოში და სანამ ისინი მთელ ქვეყანას შეიწირავდნენ, ერმა და ბერმაც ხმა უნდა ამოიღოს...

მანანა სუხიშვილი
скачать dle 12.0