ჩვენი ქალაქის ბრენდი 80 წლისაა

გელა მუხაშავრია 80 წლის გახდა. ეჩოთირება ეს 80 წელიწადი და ამბობს: ვაააა, რამდენი მიცხოვრია, მერე იწყებს ამბების მოყოლას და ყველაფერი ერთნაირად საინტერესოა, ბავშვობიდან დაწყებული დღემდე, თბილისიდან -გურიამდე და დედულეთიდან -მამულეთამდე, სოფლიდან ქალაქამდე, სტუდენტობიდან-ექიმობამდე და ოჯახიდან მეგობრობამდე!!!

გელა მუხაშავრიამ დაიპყრო ექიმისათვის საოცნებო ყველა სიმაღლე, აღზარდა ექიმები, შექმნა და დღემდე ხელმძღვანელობს საქართველოს პროქტოლოგიურ ცენტრს, აქვს ორი საავტორო ოპერაციული მეთოდი, რომლის შესახებაც სტატიები გამოქვეყნდა ამერიკულ სამედიცინო ჟურნალში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ასობით მადლიერი და ტკივილებდამცხრალი პაციენტია. თუმცა ახლახან საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს და ეს მართლაც გამორჩეული და საამაყოა მისთვის. სანამ ეს ჯილდო გადაეცემოდა, ჯანო ბაგრატიონმა დაწერა- ჩემო გელა, ამ წოდებით შენ დოკუმენტურად გაღიარებენ, თორემ ჩემი თაობისთვის-ვინც შენი განვლილი გზა იცის და კარგად გიცნობს, იმათთვის ნაღდად საპატიო თბილისელი კარგა ხანია ხარო. გიზო ნიშნიანიძემ კი მისი „პაემანი ვერაზე“ რომ უსახსოვრა, ზედ წაუწერა: არც კი მახსოვს, როდის შეგხვდი და, მით უმეტეს, როდის დაგშორდი, მახსოვხარ თუ არ მახსოვხარ, ჩემთან ხარ და ჩემთან მეგულები, ძმა ხარ არა დედით, არა მამით, დედაქალაქით, თბილოსელობი თ. ბედთან ერთად იმასაც ტრ..ი უნდა, შენისთანა პატრონი გყავდეს, რომ მიქელ-გაბრიელს აქ არაფერი შეეშალოს და რამე ცოდვა არ ჩაადენინოს!“-ო.

ახლა გელას შეუძლია ბევრი ღირსეული ადამიანი გაიხსენოს, ამაყობს მისი თაობით და ხვდები, იგი მისი თბილისის მემატიანეა. დედაქალაქი მისთვის ყოველთვის ავლაბარში იწყებოდა და ასეა ახლაც, ისევ ბავშვობისდროინდელ, მშობლების სახლში ცხოვრობს და არც უფიქრია სხვაგან, უკეთეს უბანში თუ სახლში ცხოვრებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს კედლები წინაპრების ხსოვნას ინახავენ, კედლის ბზარებიც ნაოჭებიაო. სიმოვნებით იგონებს იმ დროს, სახლი სავსე რომ იყო სტუმრებით, გურიიდან თუ იმერეთიდან(დედულეთიდან) ჩამოსული სტუდენტებით თუ სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანებით. მათთვის ამ სახლში სულ იყო ადგილი და ერთი კუთხე სავსე იყო „ლეჟანკებით“, თბილისი ყველას მასპინძელი და შემფარებელი იყო და ამ ტრადიციას ყველა ერთგულებით ეკიდებოდაო. ნატრობს იმ თბილისსაც, რუსთაველზე ადამიანები ერთმანეთს ღიმილით რომ ესალმებოდნენ და ცნობილი ადამიანების, მსახიობების, პოეტების, მხატვრების სანახავად დადიოდნენ! ქუჩას მაშინ სხვა დატვირთვა და ხიბლი ჰქონდაო!

გელასთან შემთხვევით შეხვედრილი ადამიანებიც კი მის მეგობრობას იჩემებენ და ეს არც არის გასაკვირი — მასთან ნებისმიერი ურთიერთობა უშუალო, ძალდაუტანებელი დამოკიდებულებაა. პირველივე შეხვედრისთანავე გრჩება შთაბეჭდილება, რომ შენ მას დიდი ხანია იცნობ და უფრო მეტიც, ყოველთვის გიტოვებს ახალი შეხვედრის საბაბს, რადგან მას ჩვენ, ყველა -„არასიაფანდები“, მაგრად „ვევასებით“. თავს ფრაზითაც დაგამახსოვრებს _ ხან ჟარგონს იშველიებს და ხანაც სიტყვებს ეთამაშება. მაგალითად, თუ არის სიტყვა ქვეყანა, ზეცაში ცხოვრებას ზეყანა უნდა ერქვასო. წერა და სიტყვებთან თამაში ახალგაზრდობაშიც ჰყვარებია, მაგრამ ახლა, როცა მოსაგონარი ბევრი აქვს, პოულობს დროს, რომ დაჯდეს და დაწეროს, ზოგი აფორიზმად, ზოგი ლექსად, ზოგიც უბრალოდ, გახსენებად. არ წყდება ყოველდღიურობას და ქვეყნის მაჯისცემასაც ადამიანის გულისცემასავით ზომავს, თანმიმდევრობით უყურებს საიფორმაციო გამოშვებებს და გულისტკივილამდე წუხს ყველა ნეგატიურ ამბავზე, რაც მის ქვეყნას და მომავალს უკავშირდება.
ერთხელ, სუფრაზე გელა წამომდგარა და გამოუცხადებია- ტყის სადღეგრძელო უნდა დავლიოო. თანამეინახეებს უფიქრიათ, როგორც მეტყევე-ენტომოლოგის შვილი, ალბათ ტყის გადარჩენისას ამბობსო. თუმცა ვერ მიუხვდნენ… — გაუმარჯოს ტყეს, სადაც მგელი მგელია, ირემი-ირემი, დათვიც დათვობს და ტურაც ტურაა. იცი, რომელი რაზეა წამსვლელი, მგელი ჩაგისაფრდება, დათვი დაგტორავს, ტურა მოგეპარება, იცი ეს და შენც შესაბამისად მოერიდები. ადამიანებს კი სმოკინგები აცვიათ, მჭერმევტყველებენ და ზოგში მგელია, ზოგში _ ტურა, ზოგში _ ვინ და ზოგში _ რა, მიდი და გამოიცანი… ტყე ნაღდია, გაუმარჯოს ტყეს, სადაც არავინ თამაშობს, ყველა ნაღდია, ისაა, რაც არისო! დღემდე ასე ამბობს გელა და ამიტომაა, ნიღაბი მხოლოდ საოპერაციოში რომ უკეთია, თორემ ცხოვრებაში ნიღბიანებს ვერ ეგუება და ამბობს: იყავი ის, რაც ხარ!

კოლორიტული, ერთგული, გამორჩეული, პროფესიონალი, ექიმზე მეტი, ადამიანთა ურთიერთობის მონოპოლისტი, იმედიანი, ქველმოქმედი, ჩვეულებრივად არაჩვეულებრივი, ღვაწლმოსილი, არასტანდარტული, შემკული, ყველასთვის საკუთარი, კაცი ჩემი სასალმეთიდან, ჩემი ქალაქის ბრენდი, მთავარი ღირებულებების მასწავლებელი, ყველაზე მდიდარი ღარიბი — ასე შეაფასეს იგი იმ ადამიანებმა, ვისთან ერთადაც უცხოვრია და ვისთან ერთადაც ბერდება!
მესზე ბევრი დაწერილა, თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ქართული გამოცემა, სადაც მასთან ინტერვიუ არ გამოქვეყნებულა. იგი ხალისიანი მოსაუბრეა, გულწრფელობითა და არტისტულობით გამორჩეული. კარგი მოსმენაც იცის, გულიანი და ყურადღებიანი, თუკი შეგატყოთ, რამე გიჭირთ, აუცილებლად გკითხავთ- მე რა შემიძლია, და თავი არ ეზოგება!

დღეს ჩვენ რა შეგვიძლია მისთვის?

_ მადლიერება და სიყვარული გვინდა გამოვხატოთ, რომ განგებამ მასთან შეგვახვედრა, სიკეთის, სიყვარულის და უანგარობის მაგალითები ხელისგულზე დაგვიდო და გვათქმევინა _ გილოცავთ და გვინდა, როგორც გურიაში იტყვიან-მშვიდობა იყოს, ვიყოთ ერთ ხანს და ვუყუროთ ერთმანეთს. აწი, ამ სიყვარულს არაფერი შეცვლის!

ნინო კვაჭანტირაძე
აკაკი სიხარულიძე
скачать dle 12.0