საზოგადოების ვალია, ცილისწამებისგან დაიცვას ადამიანები და მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც თავის დროზე ჩვენ დაგვიცვა მოძალადე მანქურთებისგან

„სირცხვილი და უნამუსობაა, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს. მკვლელი და საქართველოს დამღუპველი როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს არის ქვეყნისთვის უბედურება. მე გამოვდივარ ინიციატივით და მოვუწოდებ მთელ საქართველოს, რომ შევიკრიბოთ და დავიცვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი შემოტევებისგან“. ოქიტაშვილის მოწოდებას ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა მძაფრი რეაქცია და კულტურის პალატის პრეზიდენტის მისამართით ბრალდებათა კასკადი მოჰყვა. დავინტერესდით რატომ გახდა ასეთი მოწოდების გაკეთება საჭირო და კომენტარისთვის დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით:

– საზოგადოებამ ჩემი მოწოდება არასწორად გაიგო. ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ ჭირდება, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მთელი ქვეყანა და თითოეული ოჯახი გადაარჩინა. დაცვაში ვიგულისხმე, რომ ნებისმიერი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი იქნება, დათო ოქიტაშვილი თუ სხვა, დაცული უნდა იყოს ცილისწამებისგან. როცა მავანი 24 საათი გაიძახის, რომ ივანიშვილმა რაღაცა დაწვა, რაღაცა ამოთხარა და რაღაცა რუსეთს მიყიდა, საზოგადოება უნდა შეიკრიბოს და ამაზე თავისი აზრი დააფიქსიროს. ელემენტალურ მაგალითს გეტყვით.. არასწორი ინფორმაციის გამო, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ ბატონი ბიძინა ამ ხეებს მოსახლეობის ნების საპირისპიროდ თხრის და თავის ეზოში რგავს. ჯერ ერთი, მისი სახლიდან იმ ადგილამდე, სადაც უნიკალური ბაღი შენდება, ორი კილომეტრია და ამასთან, ხეების ამოღება პატრონების ნებართვით და სოლიდური კომპენსაციების გადახდის შემდეგ ხდება. ბოლოს და ბოლოს, ეს ბაღი ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის კეთდება და მადლობას თუ არ ვამბობთ, ცილს მაინც არ უნდა დავწამოთ. ყველა ჩვენგანის უკან ოჯახი, მშობლები და შვილები დგანან და ისინი უსაფუძვლო ცილისწამებას ყველაზე მეტად განიცდიან. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ჩვენ დაგვიცვა, ამას არ იმსახურებს. ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილის კლანს ვერავინ მოერეოდა ბიძინა ივანიშვილის გარდა და ამიტომ არიან გაგიჟებულები.

– როგორც ვიცი, ამ მოწოდების შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერების თავდასხმის ობიექტი გახდით და შეიძლება ითქვას, რომ თავადაც დასაცავი ხართ..

– რა ვთქვი ისეთი განსაკუთრებული, რომ სრულიად სანაცეთი პიჯაკიდან ამოვარდა? მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ასეთ ლანძღვა-გინებას მივეჩვიე და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. როცა მაკრიტიკებენ, სოფიკო ჭიაურელის სიტყვები მახსენდება — უბედურება ისაა, როცა შენზე არაფერს ამბობენ. თუ გლანძღავენ, ვიღაცას აინტერესებო. ასე, რომ რამდენიც უნდა მლანძღონ და მაგინონ, ეს მხოლოდ მაძლიერებს, მაგრამ ამ ადამიანებისთვის წმინდა არაფერი არსებობს და იქამდე მივიდნენ, რომ ჩემი სამი თვის შვილიშვილსაც კი ლანძღავენ. მათ ყველაზე მეტად საზოგადოების შეკრების ეშინიათ, რადგან ამ შეკრებას მოჰყვება გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის განაჩენი იქნება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მოწოდებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და უამრავმა დახმარების ხელი გამომიწოდა. ჩვენ აუცილებლად დავთქვამთ დღეს და შევიკრიბები თ. ნაციონალურ მოძრაობას პასუხი თუ არ გავეცით, ყოველგვარ ზღვარს გადადიან. საინტერესოა, სააკაშვილს, რომელმაც კარიერის გამო, მოქალაქეობა დათმო, ახლა რატომ გაახსენდა საქართველო?

– სამწუხაროდ, სახელისუფლებო გუნდშიც ბევრი პრობლემაა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმაც დაადასტურა.

– გეთანხმებით. ვატყობ, რომ შიგნიდან რყევა დაიწყო, ამიტომ „ქართული ოცნება“ დროულად უნდა გამოფხიზლდეს. როგორც ვიცი, უმრავლესობის დატოვებაზე გედევან ფოფხაძის გარდა, სხვებიც ფიქრობენ. გული მწყდება, რომ ასეთი მოქმედებებით ნაციონალურ მოძრაობას საშუალებას ვაძლევთ, რომ ადამიანები ლანძღონ და ლაფი ასხან. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ცუდის აგორებას ცდილობენ, მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და არასოდეს ექნებათ.

მე „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არ ვარ, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი გახლავართ. შესაბამისად, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ ადამიანებს ხმას არავინ მისცემდა. იმის ნაცვლად, რომ მის გვერდით დადგნენ და ცილისწამებისგან დაიცვან, ზოგიერთებმა ბუჩქებში დამალვა ამჯობინეს. არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ბევრის მსგავსად, მეც მაქვს განცდა, რომ `ქართული ოცნების~ შიგნით ღალატს აქვს ადგილი. თუნდაც ის, რაც ახლახან მოხდა. იმის ქვოტა იყო თუ ამის ქვოტა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებამ საზოგადოება გააღიზიანა. როგორ შეიძლება საზოგადოებრივ არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, რომელსაც მოსახლეობა თავისი ჯიბიდან აფინანსებს, აირჩიონ ადამიანი, რომელიც უწმინდესს ლანძღავს? საზოგადოებას კითხონ, უნდა თუ არა ამ პოზიციაზე ნინია კაკაბაძის ხილვა და საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვის აძლევს ხმას.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვიღაც განგებ ცდილობს მოსახლეობის გაღიზიანებას, რომ ის ძალა გააცოცხლოს, რომელსაც ქართველმა ერმა უარი უთხრა. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი კარგადაა. რა თქმა უნდა, არის უმუშევრობა და გაჭირვება, მაგრამ ხელისუფლებას ისეთი უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა, რომ ამის გამოსწორებას დრო უნდა. თუ რომელიმე სამინისტრო ცუდად მუშაობს, კეთილი ვინებოთ და პასუხი მის ხელმძღვანელობას მოვთხოვოთ და არა ივანიშვილს. ეს უმადურობაა ოჯახის მიმართ, რომელმაც თავი გადადო, რომ ქვეყანა მანიაკებისგან გაეთავისუფლებინა. ამ ადამიანს ეს არაფერში ჭირდებოდა. საერთოდ არ მოვიდოდა პოლიტიკაში და მშვენივრად იცხოვრებდა, როგორც მანამდე ცხოვრობდა. ზოგიერთებისგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბუჩქებში არ დამალულან და ყველა უსამართლო ცილისწამებას პასუხს გასცემენ. ის ოჯახები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უბედურებისგან იხსნა, არსად წასულან. ისინი აუცილებლად შეიკრიბებიან და ამ მანქურთებს პასუხს გასცემენ. 

ნელი თორდია
скачать dle 12.0