ქრისტე აღსდგა! გემუდარები, ნუ დამტოვებ, მამაო, ობლად...

კეშას ბლოგი
___________________
ქრისტე აღსდგა! – გილოცავთ.
მანამდე ზეციდან ჩამოვიდა, კაცის სახე მიიღო – ადამიანთა ცოდვებისგან დამძიმებული მიწა შეამსუბუქა და ჩვენს გამო ეწამა.
15 საუკუნის წინ „ტფილისის კაცნი დასხდებოდეს და მარიამ-წმიდა ეკლესიაი აღაშენეს“. ტაძრის დასავლეთს ფასადის ფილებზე წარწერაა: „უფალო, მეფე დაჩის შეხეწიე“ – იგულისხმება ვახტანგ გორგასლის ვაჟი, დაჩი უჯარმელი. ტაძარი დღეს – ანჩისხატის სახელითაა ცნობილი.
ანჩისხატი ერთადერთი ტაძარი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს, ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო, მას „ზარების საყდარს“ უწოდებდნენ.

15 საუკუნის წინ დაარსა ალავერდი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ – იოსებ ალავერდელმა.
დიდია ჩემი ტაძარი – სიძველის სიდიდე აქვს, ლოცვის სიდიდე, ჯვრის სიდიდე, მლოცველის სიდიდე.
გააქვს და გამოაქვს მართლმადიდებელი მრევლი დღეს, ვისაც არ ეზარება.
წაიყვანეს იეღოლევებმა ჯვარის მატარებელი მართლმადიდებლები.

ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ, კარ-კარ დადიან იეღოველები და ინგლისურს გასწავლით უფასოდო – გვთავაზობენ. უფასო ინგლისური სათაგურშია მხოლოდ.
რა არის სეპარატიზმი? – სოციალური იზოლაცია არ არის? კანონის დაუმორჩილებლობა არ არის? ცხოვრობენ იეღოველები ასე იზოლირებულად, დგამენ ლიტერატურის სტენდებს იქ, სადაც გარე ვაჭრობა აკრძალულია, აკრავენ ჩემს კარზე ბუკლეტებს, სთავაზობენ ჩემს არასრულწლოვან შვილს მათთან სიარულს უცხო ენის შესასწავლად, უარს ამბობენ ჩვენი სისხლის გადასხმაზე…

სად არის ამ დროს ჩემი ეკლესია, სად არიან ამ დროს ჩემი მღვდლები და ბერები?
კათოლიკურმა ეკლესიამ ბზობას ბზის კონები საჩუქრად დაურიგა თავის მრევლს – მართლმადიდებლებმა ბზის ორი ტოტი 2 ლარად ვიყიდეთ, მარჯანიშვილზე, ეკლესიის წინ დღის ორ საათზე, უკვე 5 ლარად იყიდებოდა ბზის სამი ტოტი – ცოტაღა დაგვრჩაო.
ერთხელ კედი მაჩუქეს – ვიღაც კეთილ ადამიანს ეკლესიისთვის სხვადასხვა ზომის კედები შეუწირია – საწარმო ჰქონია. ხოდა, იარა, იარა ამ კედმა და ჩემამდეც მოვიდა – მღვდლის სახლიდან იარა და ისე მოვიდა ჩემამდე. სულ არ იცის იმ მამაომ, მისი ტაძრისთვის შეწირული კედი თუ ჩემამდე მოვიდა. ხოდა – ეკლესიისთვის და მრევლისთვის შეწირული განკარგვის უფლება თუ აქვს მამაოს სურვილისამებრ – ბზის გაყიდვაც შეუძლია რომ უზრუნველჰყოს მისაღებ ფასად – სურვილი და ნება არა აქვს, უბრალოდ.

უამრავი საეკლესიო სკოლა გვაქვს ქვეყანაში – სადაც გადასახადი იმდენად ძვირია, მე ვერ გავწვდები ჩემი შვილის მიბარებას.
ასამდე უფასო პანსიონატები გახსნეს აჭარაში თურქებმა – სამჯერადი კვება აქვთ ბავშვებს, გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებიან, მერე ყურანს ასწავლიან და თურქულს.

ჩემს მიწაზე უფასოდ ასწავლიან ყურანს თურქები ჩემს შვილებს, ჩემს დამშეულ შვილებს სამჯერ აჭმევენ დღეში, ისლამისადმი ლოცვის სანაცვლოდ…
ჩემი ეკლესია კი ფულს მთხოვს ჩემი შვილისთვის „მამაო ჩვენოს“ სწავლებაში. მაშინაც კი მთხოვს, თუ ვეტყვი, რომ სოციალურად დაუცველი ვარ და მიჭირს.

და ჰქვია ამ საეკლესიო სკოლებს ამა თუ იმ წმინდანის სახელი: წმინდა ილია მართლის, წმიდა ნინოს, იოანე პეტრიწის, წმიდა გიორგის, კეთილმსახური მეფე თამარის, წმიდა ბარბარეს და ა. შ… ვისია ეს სკოლები? რატომ ჰქვიათ საეკლესიო სკოლა, რატომ არიან წმინდანების სახელობის – თუ ლოცვის და ბიბლიის შესწავლას ვყიდით?

ჩემი წმინდანების ცრემლით და სისხლით გაჯერებულ მიწაზე, წმინდანების ძვლებით დალოცვილ ჩემს მიწაზე – ყურანს ასწავლიან ჩემს შვილებს უფასოდ, უფასოდ ასწავლიან ინგლისურს და იეღოვას…

ზუსტად ორჯერ ნაკლებ ფასად იყიდება სანთელი ეკლესიის გარეთ. ანუ, სანთლის დამზადება იმაზე ორჯერ და მეტჯერ ნაკლები ჯდება – რა ფასიც ეკლესიაში ადევს სანთელს? და რატომ ორმაგდება ეკლესიაში სანთლის ფასი? რა აორმაგებს? ლოცვა? ლოცვას ვყიდით სანთელთან ერთად?
დავანთებ სანთელს, შუამდეც არ არის ჩამწვარი, მოვლენ, ჩააქრობენ და ტომარაში უკრავენ თავს – თავიდან გადასამუშავებლად. ერთმა მოძღვარმა მითხრა, საკმარისია სანთლის თავი მოიწვას, გეთვლებაო. სად მეთვლება, რაში მეთვლება, ვინ მითვლის? ბოლომდე ჩამწვარი სანთლის მადლი მინდა მე. ბოლომდე დასრულებული ლოცვის და ბოლომდე გადაწერილი პირჯვარი მინდა მე.

მინახავს რამდენიმე ტაძარი სადაც არც სანთლების გამყიდველი ზის და არც ფასი ადევს სანთელს – დევს სანთლები და დევს ყუთი – ვისაც რისი საშუალება აქვს იმ თანხას შეწირავს ტაძარს – ოღონდ ქალაქში არ მინახავს – არ მოვიტყუები – ვინ მოვატყუო, ჩემს თავს ხომ არ მოვატყუებ.
ხოდა, წელსაც, ამჯერადაც აჭარის სოფლებში დაკეტილი დახვდათ ეკლესიის კარები მრევლს, ჩარაზული დახვდათ ეკლესიის ჭიშკარი, არავის დაურეკავს ზარი.

ციხისძირში თავად ააგო სოფელმა ეკლესია. დიდი მრევლი ჰყავს ციხისძირის ტაძარას – მაინც არ ჩერდება ციხისძირის მოძღვარი აღდგომას და შობას სოფლის ტაძარში – დიდ ეკლესიაში უნდა წავიდე, დიდ ეკლესიაში ღვთისმსახურებაში უნდა დავეხმარო მღვდლებსო – ამბობს.
არც ციხისძირის ეკლესიაა პატარა – ეკლესიის სიდიდე ლოცვის სიდიდეზე, მრევლის სიმრავლეზე, რწმენის სიდიდეზეა დამოკიდებული – თორემ, ხუროთმოძღვრება ცალკე აღებული – შენობაა და მეტი არაფერი.

კონცერტია ღვთისმსახურება, რომ ბანის მისაცემად მიატოვო ტაძარი და მრევლი?
შენს სოფელში, უცხო ქვეყნის შვილები ყურანს ასწავლიან შენს შვილებს უფასოდ, კვებავენ და აცმევენ უფასოდ – შენ ტაძრის კარს უკეტავ ცხვირწინ და არ აზიარებ მრევლს, რომელმაც მარხვა შეინახა?

რატომ არ გინდა მოუარო და უპატრონო მართლმადიდებელ მრევლს, მამაო? რატომ არ ცდილობ, საპატრიარქოვ, ჩემი მართლმადიდებელი მრევლის შენარჩუნებას?

რატომ აგდებთ ჩემს ქრისტიანებს იეღოველების ხელში, რატომ ახსნევინებთ ჩემი ბავშვების კისრიდან ჯვარს მაჰმადიანებს?
პოლიტიკოსების და მთავრობის წევრებისთვის, ელჩებისთვის და კონსულებისთვის ხომ გცალიათ, მამაო?
გაჭირვებული ხალხისთვის რატომ არ გცალიათ, გაჭირვებულ მრევლზე რატომ არ შეგტკივათ გული.
გამოდით-თქო, გეხვეწებით უკვე მესამე წელია, გამოდით და ხალხი ნახეთ, ხალხს ესაუბრეთ, ჩამოდით ჯიპებიდან, კაბა თუ გიშლით ხელს, მე დაგეხმარებით ჩამოსვლაში და მოდით ჩვენამდე, მოდით მართლმადიდებლების გულამდე.
წელს გაიჟღერა სურვილმა ხალხში გამოსვლის, ქუჩებში ადამიანთა დალოცვის – სურვილი სურვილად დარჩა – ქუჩაში კი არა – სოფლებში ეკლესიებს მიკეტავთ აღდგომის წმიდა ღამით.

წაიყვანა ჩემი ქართველი მართლმადიდებელი იეღოველმა და ვაჰაბიტმა, კათოლიკემ და პროტესტანტმა, ევანგელისტურმა და ბაპტსიტურმა ეკლესიამ წაიყვანა კიდევ და აგერ, სულ მთლად ჩემს თვალწინ, ღიად მიჰყავს მუსლიმან თურქს ყურანის სასწავლად და ალაჰზე დასაფიცებლად.
ვინ უნდა მოვიდეს და ვის გავატან ჩემს შვილს? ვინ მოვა ჩემს სახლში და ვის გაჰყვება ჩემი შვილი? გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი და იმიტომ, შემტკივა მე ჩემს შვილზე გული და არ შემიძლია, ვერ ვიცოცხლებ, რომ წაიყვანონ, რომ წამართვან.

ბევრი შვილი გყავს, მამაო, ვიცი, კიდევ მეტი შეიძლებოდა გყოლოდა, კიდევ მეტი შეიძლება, რომ გყავდეს. არ გიყვარვართ, მამაო, ისე, როგორც მე მიყვარს ჩემი შვილი, თორემ ვის დაანებებდი ჩემს და-ძმებს, ვის გაატანდი ჩემს და-ძმებს.

ნუ დამტოვებ, მამაო, ობლად, ნუ დამტოვებ ობლად მართლმადიდებელს წმინდათა ძვლებით გაჯერებულ, ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე, რამდენჯერ უნდა ჩამოვიდეს უფალი მიწაზე და მიიღოს კაცის სახე, რამდენჯერ უნდა ეწამოს ჩვენს გამო, რამდენი ცოდვა უნდა აგვაცალოს მხრებიდან – რომ ვირწმუნოთ, რომ გვიყვარდეს, რომ დავიცვათ ჩვენი ჯვარი და ჩვენი ტაძარი.

ატარე მამაო, ჯიპი კი არა, ჯვარი ატარე, მამაო, და ნუ დამტოვებ მართლმადიდებელს ობლად, შემიყვარე, მამაო, შვილივით შემიყვარე და აღარ გაგემეტები, ვეღარ გამიმეტებ, აღარ დამიკეტავ ტაძარს, აღარ მიმცემ ურჯულოს და გადამთიელს, მიპატრონებ და დამიცავ, თუ ისე გეყვარები, როგორც მე მიყვარს ჩემი შვილი.

დამლოცე, მამაო!скачать dle 12.0