დიდი ბედუინის საიდუმლო საყვარლის აღიარება

2011 წლის გაზაფხულზე ლიბიის სამთავრობო და ოპოზიციურად ძალებს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 20 ოქტომბერს ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობით დასრულდა. 69 წლის დიქტატორი 18 წლის მეამბოხემ თავში გასროლით მოკლა. ქვეყნის სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული პოლიტიკოსი, რომელიც ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა, ხელისუფლებიდან სახელმწიფო გადატრიალების შედეგად წავიდა.

დღეს ბევრი მსჯელობს იმაზე კადაფი ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი გმირი იყო თუ სისხლიანი ტირანი, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ლიბიის ლიდერს ქალები და მათ გარემოცვაში ყოფნა უყვარდა. მისი პირადი დაცვის ელიტური ქვედანაყოფიც კი სპეცრაზმელი ქალებისგან შედგებოდა და „ამაზონელები“ როგორც მათ ევროპაში ეძახდნენ, კადაფს 20 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ. კადაფი დარწმუნებული იყო, რომ ქალებს კატების მსგავსად, მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რომელიც მათ ეხმარება ინტუიციით შეიგრძნონ საფრთხე და იმოქმედონ უფრო სწრაფად, ვიდრე კაცებმა. „ამაზონელები“ კადაფს ქვეყანაში არეულობის დაწყებამდე იცავდნენ, მოგვიანებით კი მათი კვალი გაქრა..

პოლკოვნიკს უჩვეულოდ ჩაცმა უყვარდა – ბედუინების კარავში დაბადებულ პოლიტიკოსს ხშირად იხილავდით ბედუინების ძვირფას სამოსში, რაც პატივმოყვარე იმპერატორის იერს აძლევდა.

ფსიქოლოგები დღემდე ვერ ხსნიან ლიბიის ლიდერის ზოგიერთ ახირებას. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც ფული და ძალაუფლება არ აკლდა, სიცოცხლის ბოლო დღემდე უპირატესობას კარავში ძილს ანიჭებდა. კარავში მართავდა საზეიმო მიღებებს და ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისას, კარავს და საყვარელ აქლემს თან დაატარებდა.

ლიბიელი დიქტატორის პირველი ცოლი მისივე მასწავლებელი იყო, თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მეორე ცოლთან, საფია ფარკაშთან კი დიქტატორს ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. ცოლებისა და „ამაზონელების“ გარდა, ლიბიის ლიდერის ცხოვრებაში არსებობდა ქალი, რომელსაც უახლოეს გარემოცვაში ყველაზე მეტად ენდობოდა და რომლის გარეშე არც ერთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ვიზიტზე არ მიემგზავრებოდა.
2011 წელს სკანდალურმა „ვიკილიქსმა“ამერიკელი დიპლომატების მიმოწერა გაასაჯაროვა. გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ლიბიელ დიქტატორის უახლოეს გარემოცვაში 38 წლის უკრაინელი მედდა, გალინა კოლოტნიცკაია შედიოდა, რომელიც მუამარ კადაფის პირადი ექიმის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა სინამდვილეში დიქტატორის საყვარელი იყო და მასზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიამდე კადაფის ფავორიტი ქალი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ჯერ სამედიცინო კოლეჯი, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. 2002 წელს კიევის ერთ-ერთმა დასაქმების სააგენტომ ექიმებისა და ექთნებისთვის უცხოეთის ვაკანსიები გამოაცხადა. გალინამ გადაწყვიტა ბედი ეცადა და უცხო ქვეყანაში სამუშაოდ გაემგზავრა. თავიდან ქალი ტრიპოლის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა, 2008 წლის დეკემბერში კი სამუშაოდ კადაფის კლინიკაში გადავიდა.

არავინ იცის როგორ მოახერხა ქერათმიანმა უკრაინელმა კადაფისთვის თავის შეყვარება, მაგრამ ფაქტია, რომ დიქტატორი მის გარეშე ვერ ძლებდა და ყველაზე მეტად ენდობოდა. უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს, პოლკოვნიკმა გალინას დედა მოინახულა, კარგი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და ძვირფასი საათი აჩუქა, რომელსაც კადაფის ფოტო ამშვენებდა. ცნობისთვის, კადაფი ასეთ საათებს მხოლოდ უახლოესი გარემოცვის წევრებს ჩუქნიდა და ამით ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აღნიშნავდა.

„სისულელეა. დედა კადაფის საყვარელი არასოდეს ყოფილა. ჭორების გამო ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ადგილს ვერ პოულობს. დედა უბრალოდ, კადაფთან მედდად მუშაობდა და კარგი ანაზღაურება ჰქონდა, რომელიც თვითონაც ყოფნიდა და მეც მეხმარებოდა. ლიბიის ლიდერთან 4 უკრაინელი მედდა მუშაობდა, მაგრამ რატომღაც კადაფი დედაჩემს ყველაზე მეტად ენდობოდა და საქმიან ვიზიტებში ყოველთვის თან დაჰყავდა. კადაფი ბედუინი იყო, ამიტომ უდაბნო ძალიან უყვარდა. უდაბნოში ხშირად მიდიოდა და მხლებლებიც მიჰყავდა. უდაბნოს სიცხეში, ორი და სამი თვე კარვებში ცხოვრება და განსაკუთრებით, მუშაობა ძალიან ძნელია, მაგრამ, კადაფს ამის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. უცხოეთში ვიზიტების დროს, თავად კარავში ცხოვრობდა, თანმხლებ პირებს კი ძვირად ღირებულ სასტუმროების საპრეზიდენტო ნომრებში აბინავებდა. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ ის კეთილი და გულისხმიერი ადამიანი იყო, მაგრამ შეეძლო სიმკაცრეც გამოეჩინა – განაცხადა „ვიკილიქსის“ სკანდალური მასალის გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან გალინას ქალიშვილმა ტატიანა კოლოტნიცკაიამ.

2011 წლის 15 თებერვლიდან ლიბიაში კადაფის დამხობის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო ტალღა ბევღაზიდან დაიწყო და თანდათან, სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელმაც 2000-მდე ადამიანი შეიწირა. არეულობის დაწყებისთანავე, ლიბიიდან უცხოელების ევაკუაცია დაიწყო. გალინა კოლოტნიცკაია უკრაინაში, 2011 წლის 27 თებერვალს სატვირთო თვითმფრინავი Ил 76-ით დაბრუნდა. იმავე რეისის მგზავრები იხსენებენ, რომ ქალი საშინლად მთვრალი იყო და თვითმფრინავში დებოში ატეხა.

„ლიბიაში ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო, ადამიანებს ხუთწლიანი ციხე ემუქრებათ, თუმცა კოლოტნიცკაია ისეთი მთვრალი იყო, რომ თვითმფინავში ორმა კაცმა შემოიტანა. როცა მიხვდა, რომ სატვირთო თვითმფრინავის კაბინაში იმყოფებოდა, ქალმა საშინელი ყვირილი ატეხა. ითხოვდა პოლიტების გვარების დასახელებას და მათი სამსახურიდან გათავისუფლებით იმუქრებოდა. ის საშინლად აგრესიული იყო. ამბობდა, რომ კადაფის ქალია და მისი გაბრაზების უფლება არავის აქვს. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები გაოგნებულები უყურებდნენ და რაღაც მომენტში მისი დაბმაც კი დააპირეს, რადგან მასზე ლაპარაკი და შეგონებები არ ჭრიდა – იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე, გალინა ჟურნალისტების ალყაში მოექცა, მაგრამ თავის დაძვრენა მოახერხა და ჟურნალისტებს ბროვარში, ახლად შეძენილ ბინაში დაემალა.

სასიკვდილოდ განწირული დიქტატორი კოლოტნიცკაიაზე ადრე მეორე უკრაინელმა მედდამ დატოვა. გალინას მსგავსად, ყოფილ უფროსს ისიც სითბოთი და სიყვარულით იხსენებდა და ლამის, ზებუნებრივ თვისებებს მიაწერდა:

„კადაფთან მუშაობა რომ დავიწყე, 21 წლის ვიყავი და არაბულად ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი. კადაფი, რომელსაც უკრაინელი მედდები „მამიკოს“ ვეძახდით, ჩვენთან განსაკუთრებით გულუხვი იყო. მე ყველაფერი მქონდა, რაზეც კი მიოცნებია: საკუთარი სახლი, ძვირფასი ავეჯი, პირადი მძღოლი და ა.შ. თუმცა, სახლში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა მქონდა დამონტაჟებული და ფაქტობრივად, პირადი ცხოვრება არ მქონდა. ლიბიაში ჩასვლიდან პირველ სამ თვეს კადაფის რეზიდენციაში მისვლის უფლება არ მქონდა. ალბათ, „მამიკოს“ ეშინოდა, რომ მისი ცოლი, სოფია იეჭვიანებდა, მაგრამ მალე ეს აკრძალვა მოიხსნა და კადაფისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, რეზიდენციის ხშირი სტუმარი გავხდი. მე და სხვა უკრაინელ მედდებს გვევალებოდა, რომ გამუდმებით ლიბიის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვეკონტროლებინა. ის შესანიშნავ ფორმაში იყო და არტერიული წნევა და გულის რიტმი ახალგაზრდებზე უკეთესი ჰქონდა.

უკრაინული პრესა კადაფის ჰარამხანას გვეძახდა, რაც სისულელეა. ჩვენ მისი საყვარლები არასოდეს ვყოფილვართ და მხოლოდ იმისთვის ვეხებოდით, რომ წნევა გაგვეზომა ან ინექცია გაგვეკეთებინა. „მამიკო“ თავის მეგობარ სილვიო ბერლუსკონეზე ფრთხილი და წინდახედული იყო. მას უბრალოდ მოწონდა, როცა გარშემო ლამაზი ნივთები და ადამიანები ეხვია. გაცნობისას ხელი ჩამომართვა და პირდაპირ თველებში ჩამხედა. მოგვიანებით გავიგე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ადამიანთან პირველი შეხვედრისა და ხელის ჩამორთმევის დროს იღებდა. ის უდიდესი ფსიქოლოგი იყო.. კადაფს თან ვახლდი ამერიკაში, იტალიაში, პორტუგალიასა და ვენესუელაში ვიზიტის დროს. თუ კარგ ხასიათზე იყო, გვეკითხებოდა, რამე ხომ არ გვჭირდებოდა და ტანსაცმლის შესაძენად, დამატებით ბონუსებს გვაძლევდა. „მამიკო“ თავის თანამშრომლებს საკუთარი პორტრეტით დამშვენებულ ოქროს საათებს ჩუქნიდა. ეს საათი ნიშნავდა, რომ ლიბიაში ჩვენს წინაშე ნებისმიერი კარი გაიღებოდა და ჩვენი ნებისმიერი პრობლემა მოგვარდებოდა. ვგრძნობდი, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს კადაფი არ უყვარდა. სამედიცინო პერსონალი ვერც ჩვენ გვიტანდა, რადგან მათზე სამჯერ მეტი ხელფასი – თვეში 3000 დოლარი გვქონდა. მე სხვებზე მეტად გამიმართლა -ტრიპოლიდან თებერვლის დასაწყისში წამოვედი, რადგან ხუთი თვის ორსული ვიყავი და მეშინოდა, რომ „მამიკო“ ჩემს სერბ რჩეულს არ მოიწონებდა. ალბათ კადაფი ღალატს არასოდეს მაპატიებდა, მაგრამ ლიბიიდან გაქცევა სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ვიცი, „მამიკო“ ჩემი უკრაინელი კოლეგებისა და საკუთარი შვილებისგან ბოლომდე მასთან დარჩენას და მასთან ერთად სიკვდილს მოითხოვდა“ – იხსენებდა ოქსანა ბალინსკაია.

რაც შეეხება კადაფის ფავორიტ ქალს, გალინა დიდხანს ვერ იჯერებდა, რომ „მამიკო“ აღარ ჰყავდა.
„სამზარეულოში შევედი, რომ ყავა მომედუღებინა. ამ დროს, ტელევიზიით ლიბიის ამბებს გადასცმდნენ და კადაფის სიკვდილის შესახებ გამოაცხადეს. ყავის ჭიქა ხელიდან გამივარდა და ისტერიკა დამეწყო. ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ვისაც კადაფთან უმუშავია, იცის, რომ ის ძალიან კეთილი, სამართლიანი და ბრძენი ადამიანი იყო. ცუდად გავხდი, როცა დავინახე მეამბოხეები როგორ სცემდნენ და ამცირებდნენ. ამის ყურება ვერ შევძელი.. ვფიქრობ, რომ ის ევროპის რომელიმე ქვეყანაში უნდა გაქცეულიყო და საერთაშორისო სამართალს ჩაბარებოდა, მაგრამ ძალიან მამაცი იყო და იმედს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ კარგავდა“ -იხსენებს გალინა. ბოლო ინფორმაციით, გალინა თურქ ბიზნესმენზე გათხოვდა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გალია ტომსონის სახელით ცხოვობს. კადაფის ფავორიტ ქალს 41 წლის ასაკში მეორე შვილი შეეძინა, რომელსაც რატომღაც, მუამარის ნაცვლად, ნიკოლასი დაარქვა...

სალომე სახოკია
скачать dle 12.0