ვახტანგ ხარჩილავა: ფიქრები მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ

ხანდახან მეჩვენება, რომ ჩვენი საზოგადოება ზედმეტად ინერტული გახდა და ისეთ საკითხებზეც კი ნაკლებად რეაგირებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის და იმ სახელმწიფოსთვის, რომელშიც ცხოვრობს.

ეს რომ არ იყოს, დღეს საზოგადოების აქტიური მონაწილეობით გაცხოველებული სჯა-ბაასი და დებატები უნდა მიმდინარეობდეს იმის გარშემო, რომელსაც მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ჰქვია.

მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და ჩემთან ერთად ძალიან ბევრი, წლებია, ველოდებით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას საქართველოს მხრიდან.

ასე რომ, ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ მთავრობის ინიციატივა, ის საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის სურვილს და მისწრაფებას გამოხატავს, რომლებიც თვლიან, რომ პირველი ნაბიჯები ჩვენი ძმებისკენ, აფხაზებისა და ოსებისკენ, სწორედ ჩვენ, ქართველებმა, უნდა გადავდგათ, რადგან მთავარი პასუხისმგებლობა ყველაფრის გამო, რაც ქართულ სახელმწიფოში ხდება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, ქართველებს ,გვაკისრია.

"ეს არის სამშვიდობო ინიციატივა _ "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას. 

ეს არის კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, ეს არის ჩვენი ურყევი კურსი, რომელიც თანმიმდევრულად გაგრძელდება. ეს არის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირებთ გამოწვევებს და, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას~, _ განაცხადა ამ ინიციატივის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს მის მიერ გადადგმული ნაბიჯები უაღრესად საინტერესო, თამამი და პრაგმატული ხასიათისაა, დაწყებული მისი ცნობილი მიმართვიდან რუსეთის ხელისუფლებისადმი და დამთავრებული ამ ბოლო ინიციატივით.
რამდენი არ უნდა ამტკიცოს ოპოზიციამ, რამდენი გმირულ-ჰეროიკული შინაარსის განცხადებებიც არ უნდა აკეთონ ფსევდო-პატრიოტებმა, რა ხმაურიც არ უნდა ატეხონ ავანტურისტებმა და პროვოკატორებმა, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის ტექსტი რუსეთის ხელისუფლებისადმი საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით არის ნასაზრდოები და მასში არაფერი არ არის ისეთი, რამაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას რაიმე სახის ზიანი მოუტანოს.

პირიქით, ეს მიმართვა არის ერთგვარი გარღვევა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, რომლის გაკეთებასაც საკმაოდ დიდი გამბედაობა და პოლიტიკური სიმამაცე სჭირდებოდა.

ეს მიმართვა რომ არა, ალბათ, არ იქნებოდა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივაც, რომელიც სრულიად უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისათვის არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებლად, არამედ ქართველ თანამემამულეებთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად, რომელიც აუცილებელია როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დნობა დაიწყოს ჩვენს შორის აღმართულმა იმ ყინულის ჯებირებმა, რომლებიც საშუალებას არ გვაძლევს ერთმანეთთან ახლოს მივიდეთ და ერთმანეთი ხელახლა ვიგრძნოთ.

ვინც აფხაზებთან და ოსებთან პირისპირ დალაპარაკებას დაუშვებლად მიიჩნევს, ის შეურაცხყოფას აყენებს აფხაზებსა და ოსებს, ლახავს მათ ღირსებას და თავმოყვარეობას, რადგან ამით პირდაპირ მიანიშნებს, რომ ოსებთან და აფხაზებთან დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან მათ არავინ ეკითხება, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და რა გზას უნდა დაადგნენ.

საკითხისადმი ამგვარი მიდგომა, რა თქმა უნდა, შეცდომაა, არადა, იმდენი შეცდომები გვაქვს დაშვებული, ძველი შეცდომებისღვის კიდევ ახლის დამატება, ცხადია, არ ღირს.

ამ შეცდომებიდან ყველაზე მთავარი, ყველაზე საბედისწერო მაინც ის იყო, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა თავისუფლება მოვიპოვეთ, უცებ გაირკვა, რომ ეს თავისუფლება მხოლოდ ჩვენთვის გვინდოდა, ხოლო აფხაზებს და ოსებს, რომლებმაც რეფერენდუმზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობას, ისეთი ვერაფერი შევთავაზეთ, რაც მათ მონაწილეობას ახალი ტიპის საქართველოს მშენებლობაში განსაკუთრებულ ფუნქციას და მისიას შესძენდა.

რთული და ვრცელი თემაა ეს და მასზე საუბარს აქ ვერ გავაგრძელებ, თუმცა ვიტყვი ერთს: სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზების ძიება და ახალი ინიციატივების და იდეების შეთავაზება ოსთა და აფხაზთათვის, ცხადია, მისასალმებელია, მაგრამ არასაკმარისი.

სანამ ჩვენ, ქართველები, არ გავაკეთებთ მიუკერძოებელ, ობიექტურ ანალიზს იმისა, თუ რა მოხდა 90-იან წლებში, თუ გულწრფელად არ ვაღიარებთ და არ მოვინანიებთ ჩვენს წილ ცოდვებს და შეცდომებს, თუ ახალ პოლიტიკურ ენაზე არ ავმეტყველდებით, ყველა მცდელობა ფუჭად ჩაივლის.
ჩვენ, ქართველები, აფხაზები, ოსები ერთმანეთში ვიწყებით და ერთმანეთში ვგრძელდებით, ამიტომაც დაპირისპირება ჩვენს შორის _ ეს არის დაპირისპირება საკუთარ თავთან, დაპირისპირება, რომელიც ძალიან ჰგავს თვითმკვლელობის მცდელობას.

ჩვენ ერთად უნდა გადავრჩეთ _ სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

სწორედ ეს ქვეტექსტი გასდევს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას ლაიტმოტივად.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

"პირველი _ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე _ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

მესამე მიმართულებაა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტერგაციის გზაზე, ხელმისაწვდომი გახდა _ ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა. შ.~
როგორც ხედავთ, სრულიად ახალი ხედვებია, სრულიად ახალი პოლიტიკური სინტაქსი, სრულიად ახალი მოდელი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნული კონსოლიდაცია, ეროვნული თანხმობა და ერთიანობაა საჭირო.

იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მთავრობის აღმა ხნულს ვიღაც-ვიღაცები ამჯერად მაინც არ დაუწყებენ დაღმა ფარცხვას და ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს არ შესწირავენ...скачать dle 12.0