არეულობა ერევანში - დაჭრილია 3 პოლიციელი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი

ერევნის ცენტრში, ბაგრამიანის გამზირზე პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეები სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ. შეტაკების შედეგად 3 პოლიციელი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი დაიჭრა.

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი და საპარლამენტო ფრაქცია „გამოსვლის“ ხელმძღვანელი ნიკოლ პაშინიანი ნაკვეთი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით პაშინიანმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც შეტაკებისას მავთულხლართებზე დაეცა. ერევნის მედცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არიან სხვა დაშავებული დემონსტრანტებიც, რაც შეეხება პოლიციელებს, მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე საათით ადრე პაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა პარლამენტის შენობისკენ წასულიყვნენ, რის შემდეგაც დემონსტრატების ნაწილმა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა შეძლო. პოლიციამ პასუხად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულების ზუსტი რიცხვი უცნობია. დილით აქციის მონაწილეებმა ერევნის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეიჭრა და სტუდენტებს მოუწოდეს, რომ საპროტესტო აქციებს შეერთებოდნენ.

სარგსიანის მოწინააღმდეგეების მიტინგი ერევანში უკვე მესამე დღეა რაც იმართება, კვირას ნიკოლ პაშინიანმა მასობრივი აქციების გეგმა გაამჟღავნა, მან მხარდამჭერებს მოუწოდა გადაეკეტათ ხიდები, ქუჩები და მოეხდინათ მეტრო სადგურების ბლოკირება. ორშაბათს დილით, მმართველ კოლიციაში შემავალმა რესპუბლიკურმა პარტიამ და პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ ოფიციალურად წარადგინეს სერჟ სარგსიანი პრემიერის პოსტზე, ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა სამშაბათს იგეგმება.

სარგსიანი იკავებს უმაღლეს პოსტებს სომხეთში 2007 წლიდან. 2008 წელს ის აირჩიეს პრეზიდენტად, 2013 წელს ის ამ პოსტზე ხელმეორედ იქნა არჩეული, რის შემდეგაც სომხეთმა დაიწყო გადასვლა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე, რომლის ფარგლებშიც ფართოვდება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება და მცირდება პრეზიდენტის. თუ სარგსიანი პრემიერი გახდება, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე იქნება.

სერჟ სარგსიანის შესაძლო გაპრემიერების წინააღდმდეგ მიმართული საპროტესტო აქციებს მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი“, „უარი სერჟს“ და ფრონტი „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ მარტის ბოლოდან ატარებენ.

9 აპრილს სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის არმენ სარკისიანის ინაუგურაცია გაიმართა, სარკისიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩია. იმავე დღეს უფლებამოსილება შეუწყდა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და სომხეთის მთავრობა გადადგა, არმენ სარკისიანი გახდა სომხეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც პარლამენტმა აირჩია 2015 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს.
newposts.ge
скачать dle 12.0