"მავნე სისუფთავე"

ვაგრძელებთ საუბარს პროფესორ რამაზ გახოკიძესთან. ამჯერად, ბატონი რამაზი "საერთო გაზეთის" მკითხველს "მავნე სისუფთავის" შესახებ მოუთხრობს:
ევრო-რემონტი - ადამიანის ჯანმრთელობის რისკის ფასად?

– მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა ერთი შეხედვით ჩვენი ყოფა გაალამაზა: შეცვალა სახლის დიზაინი, ქაღალდის შპალერები გასარეცხმა შპალერებმა შეცვალა, ხის ჩარჩოები — პლასტმასისამ და ა.შ. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ყველაფერი ბუნებრივი ნაგავს გავატანეთ და ქიმიური პროდუქციით ჩავანაცვლე თ. ჩავთვალეთ, რომ ასე უფრო მოხერხებული და თანამედროვეა. დიასახლისებმაც გაიხარეს — სახლის დალაგება ბევრად გაიოლდა. თუმცა, მალევე, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე პლასტიკური მასალები საკმაოდ შხამიანია. მათგან გამოყოფილი საწამლავები, თანდათანობით, შინაგან ორგანოებში გროვდება. სამრეწველო მასალების უწვრილესი ნაწილაკები, გაბინძურებულ ჰაერთან და წყალთან ერთად, კიბოს განვითარების სტიმულირებას იწვევს. მაგალითად, თქვენ აფრქვევთ დეზოდორანტს ან კოღოების და სხვა მწერების საწინააღმდეგო აეროზოლებს, იყენებთ სხვადასხვა სპრეებს: თმების ლაქს, არომატულ საფრქვეველს ტუალეტისთვის, რასაც გაზმატარებლად გამოყენებული ფრეონები ემატება. აშშ-ში 1500 ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის დიასახლისები რომლებიც მუდმივად იყენებენ საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებს (აეროზოლები, ასევე, ზედაპირიდან ობის მოსაცილებელი საშუალებები), ძუძუს კიბოთი უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ გასუფთავების საყოფაცხოვრებო საშუალებებს. ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედება დედის საშოში ბავშვის ეკზემის რისკის განცდას იწვევს.

ფოსფორშემცველი სარეცხი ფხვნილები  კიბოს განვითარების რისკს ზრდის!
ყოველდღიურად თანამედროვე ადამიანი სხვადასხვა ქიმიურ გამწმენდ და სარეცხ საშუალებებს იყენებს. სარეცხი ფხვნილების ძირითად აქტიურ კომპონენტს ე.წ. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოადგენს. მართალია ისინი ჭუჭყს შლიან, მაგრამ სამაგიეროდ კანში იჭრებიან და ადამიანის ორგანიზმზე ძალიან უარყოფით გავლენას ახდენენ. მაგალითად, იწვევენ ალერგიულ რეაქციებს, არღვევენ იმუნიტეტს, აზიანებენ ტვინს. ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის დიდი ზიანი მოაქვთ ფოსფატებს, რომლებსაც ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებთან ერთად სარეცხი ფხვნილები შეიცავს. ისინი ჩამდინარე წყლებით მდინარეებსა და წყალსაცავებში ხვდებიან და მათ აბინძურებენ, ხელს უწყობენ ციანბაქტერიების გამრავლებას, რომელთა ტოქსინები კიბოს უჯრედების განვითარებას ააქტიურებენ. გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაში უკვე აიკრძალა ფოსფორშემცველი სარეცხი ფხვნილების გაყიდვა. სარეცხი ფხვნილების მავნე ზეგავლენისგან თავის დასაცავად ეცადეთ გამოიყენოთ უფოსფატო ფხვნილები. სარეცხი ფხვნილების მტვერი ადვილად ვრცელდება გარემოში, ამიტომ სარეცხ მანქანას სამზარეულოში ნუ დააყენებთ. ხელით რეცხვისას აუცილებელია გაიკეთოთ ხელთათმანები. გარეცხილ თეთრეულს გულმოდგინედ გაავლეთ, დაახლოებით, ათჯერ ცხელი (50–60გრადუსი) წყალი, რადგან ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ფოსფატები ცივ წყალში არ იხსნება.

უსაფრთხო რეცხვის  საშუალებანი!
ფოსფატშემცველი ფხვნილების ერთ-ერთი ალტერნატივაა საპნის საფუძველზე დამზადებული საბავშვო ფხვნილები, თუმცა, ისინი წყალში ცუდად იხსნებიან. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა უსაფრთხო საშუალებებიც: სამეურნეო საპონი შესანიშნავად რეცხავს ნატურალურ ქსოვილს და კიდეც არბილებს, რაც ჩვილი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: ერთ ვედრო თბილ წყალს დაამატეთ 50 გრამი გახეხილი საპონი და სამი სუფრის კოვზი სოდა. მუქ, არამდგრადი შეფერილობის ნივთებს სოდის გამოყენების გარეშე რეცხავენ. აღნიშნული საშუალებით თეთრეული ნორმალურად ირეცხება სარეცხ მანქანაშიც.

სხვადასხვა ქსოვილის გასარეცხად სხვადასხვა შემადგენლობის ფხვნილია საჭირო. მჟავა და ნეიტრალური არე სასურველია ცხოველური წარმოშობის ქსოვილებისაგან (მატყლი, სელი) დამზადებული ნაწარმის გასარეცხად, ზომიერად ტუტოვანი არე კი — ხელოვნური და სინთეზური ქსოვილებისგან დამზადებული ნაწარმის გასარეცხად. ამიტომ, ბამბისა და სელისგან დამზადებული ნაწარმი შესანიშნავად ირეცხება კალცინირებული სოდით (განსაკუთრებით სარეცხ მანქანაში 50–70 გრადუს ტემპერატურაზე). ავტომატში გასარეცხად სარეცხ ფხვნილად შეგიძლიათ მდოგვის გამოყენება, დაახლოებით, 50 გრამი, რომელიც ერთიანად უნდა ჩაყაროთ მანქანაში და არა კიუვეტში არა უმეტეს 40 გრადუს ტემპერატურის პირობებში, რათა მდოგვი არ შეიკრას. მდოგვით შეიძლება მატყლის ნაწარმის გარეცხვა.
 
საპონას ფესვებით კარგია მატყლისა და აბრეშუმის ქსოვილების გარეცხვა. საპონას ყიდვა შეგიძლიათ ჰომეოპათიურ აფთიაქში ან ბაზარში. 1 კილოგრამ მშრალ ტანსაცმელზე იღებენ 50 გრამ საპონას ფესვებს, ჩაქუჩით ამტვრევენ წვრილ ნატეხებად, ამატებენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს, აყოვნებენ ერთ დღე-ღამეს ხშირი მორევის პირობებში. 24 საათის შემდეგ ერთი საათი დაბალ ცეცხლზე ადუღებენ, მერე აცივებენ, გადაწურავენ მარლაში. მარლაში დარჩენილი საპონას ფესვები შეიძლება კვლავ გამოიყენოთ — დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ რამდენიმე საათი. ხსნარის გამოყენება შეგიძლიათ ხელმეორედ. მიღებულ საპონას ასხამენ თბილ წყლიან ჯამში, თქვეფენ და თეთრეულს ორ-სამჯერ რეცხავენ.

ჭურჭლის სარეცხი  საშუალებები -  უშვილობის გამომწვევია?!

ჭურჭლის "საუკეთესო" სარეცხ საშუალებათა შემადგენლობაშიც ასევე შედის ჯანმრთელობისთვის მავნე კომპონენტები: ფოსფატები, ქლორი, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფტალატები. მაგალითად, ქლორი იწვევს ანემიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ზრდის კიბოს წარმოქმნის რისკს. ფტალატები ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს ღვიძლსა და თირკმლებზე, რეპროდუქციულ ორგანოებზე, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. ითვლება, რომ ეს ნაერთები შესაძლოა აღმოჩნდეს ონკოლოგიურ დაავადებათა, უშვილობისა და ასთმის მიზეზი. ფოსფატების ჭარბი შემცველობა ორგანიზმში იწვევს მაგნიუმის, კალციუმისა და რკინის შეთვისების მოშლას.
* * *
– ბატონო რამაზ, საყოფაცხოვრებო ქიმიის გარდა კიდევ რა საფრთხეებია?

– ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთებია: ჰაერის ე.წ. გამაგრილებელი საშუალებანი, რომელთა უმრავლესობა შეიცავს ფორმალდეჰიდს და ნაფტალენებს. სჯობს ისინი ნატურალური საშუალებებით, მაგალითად, ლავანდის ან სხვა ეთერზეთით შევცვალოთ; სამღებრო საშუალებანი (საღებავები, წებოები, გრუნტი), რომლებიც კანცეროგენებს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმრავლესობას თან ახლავს `ეკოლოგიური სერთიფიკატები~; არ შეინახოთ სახლში საავტომობილო ქიმიის პროდუქტები, რადგან თითქმის ყველა ტოქსიკურია; ფერადი პარაფინული სანთლები, რომელიც წვისას კანცეროგენს გამოყოფს. სჯობს ბამბის პატრუქიანი ბუნებრივი ცვილის სანთლის გამოყენება; განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ნოხებისა და ავეჯის შამპუნების შერჩევისას; ტარაკნებს და მავნე მწერებს ებრძოლეთ სანიტარიით და არა ქიმიით.

– ზამთარ-ზაფხულ თითოეული ჩვენგანი კონდიციონერს აქტიურად იყენებს. რამდენად უსაფრთხოა იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

– კონდიციონერს სიკეთესთან ერთად ზიანის მოტანაც შეუძლია. იგი ადამიანს სერიოზულ განსაცდელს უქმნის, რადგან დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების თავისებურ დამგროვებელს წარმოადგენს. იყო შემთხვევები, როცა კონდინციონერის საშუალებით პნევმონიის ურთულესი ფორმის გამომწვევი ბაქტერიები გავრცელდა. განსაკუთრებით მავნედ მოქმედებს კონდიციონერი იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ჰაიმორიტი ან ქრონიკული ბრონქიტი. აუცილებელია კონდინციონერი გაიწმინდოს წელიწადში ერთხელ, თუმცა ეს არ არის პანაცეა. სასურველია, ოფისებში კონდიციონერები ჩაირთოს სამუშაოს დაწყებამდე 10–15 წუთით ადრე, რადგან მისი ჩართვის შემდეგ ზედაპირზე მყოფი მიკრობების კონცენტრაცია მცირდება.

თამარ შველიძე
скачать dle 12.0