საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესაბამისად წარმატებულად მოქმედებს

„საერთო გაზეთს“ ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე ესაუბრა:

– ბატონო ამირან, 10 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტის დახურულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში მოისმინეს. თემაზე დისკუსია დახურულ ფორმატში შედგა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სრულყოფილია ეს ანგარიში? 


– მე ანგარიშის დახურული ნაწილი არ მინახავს, საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მკარნახობს, რომ საფრთხეებისა და რისკების ნაწილში მხოლოდ რუსეთზე არ იქნება საუბარი, ოღონდ ეს იქნება დახურული ფორმატისთვის. საგარეო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს შორის მუდმივი კომუნიკაციაა, ამიტომ მეტ-ნაკლებად ვიცი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რა საფრთხეებზე მუშაობს. დახურული ფორმატის პრაქტიკას უამრავი სახელმწიფო მიმართავს, რადგან საფრთხეების გარკვეული ნაწილი საჯარო განხილვისთვის დახურულია. რა თქმა უნდა, რუსეთი ძირითადი და მთავარი საფრთხეა, მაგრამ თუ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც კავკასიაში ინტერესები აქვს, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს, სპეცსამსახურები ამ საფრთხეების განეიტრალებაზეც მუშაობენ. ამ ინფორმაციის გასაჯაროება რომ საჭირო იყოს, ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებდა. რაც შეეხება რუსეთს, ძირითადი საფრთხეები სწორედ რუსეთის პოლიტიკისა და იმ გარემოებებისგან მომდინარეობს, რაც ოკუპაციას ახლავს. აღსანიშნავია, რომ შარშანდელ ანგარიშთან შედარებით, წლევანდელი უფრო დეტალურია და მასში სიახლეებია გაწერილი. კერძოდ, პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს საქართველოში, და სოციალურ ქსელებში არსებული ფეიკ-გვერდები, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, ცრუ მოლოდინებს და შიშებს აჩენენ და ქვეყნისთვის ზიანი მოაქვთ. რა თქმა უნდა, ეს დასავლური განწყობების გაუარესებას და რუსეთის პროპაგანდას ემსახურება და კარგია, რომ ანგარიშში აისახა. 

– ასახვა კარგია, მაგრამ ალბათ, არასაკმარისი. ყველამ ვიცით, რომ სოციალურ ქსელებში გახსნილია გვერდები, სადაც ღიად თუ შეფარულად, ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, ქართველ ხალხს ანგარიშსწორებით ემუქრებიან და ა.შ. 


– რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სპეცსამსახურებმა შესაბამისი ზომები უნდა გაატარონ. როგორც იცით, ახლახან Fაცებოოკ- ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მონაცემთა კონფიდენციალურობის სკანდალის გამო ამერიკის კონგრესში დაიბარეს და სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში, Google-ს და Twitter-ის ხელმძღვანელებსაც დაიბარებენ. ალბათ,უახლოეს ხანებში, სოციალური ქსელები შეცვლიან პოლიტიკას და დარეგისტრირებისთვის ვინაობის იდენტიფიკაცია აუცილებელი გახდება, თუმცა აუცილებელი არაა ცუკერბერგს ველოდოთ. ჩვენ ჩვენი საფრთხეებისა და გამოწვევების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. 

– ამბობენ, რომ ბოლო დროს აჭარაში თურქული სპეცსამსახურები ღიად მოქმედებენ. რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოზე თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე სასტიკად სცემეს და ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. 

– მე ამას საფრთხეების კატეგორიაში ვერ განვიხილავ, რადგან, შესაძლოა, კონფლიქტი საყოფაცხოვრებო თემას უკავშირდებოდეს. გასაგებია, რომ მწვავე თემაა, მაგრამ დასკვნების გაკეთება გამოძიების შემდეგ უნდა მოხდეს. რამდენიმე დღის წინ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ზოგიერთებმა რასიზმზე დაიწყეს საუბარი, რაც აბსოლუტური სისულელეა. ეს ელემენტალური გაუნათლებლობის საკითხია, გაუნათლებლები კი თურქეთშიც არიან და საქართველოშიც. შესაძლოა, თურქეთიდან რაღაც გამოწვევები მომდინარეობდეს, მაგრამ ვიმეორებ, ანგარიშის კონტექსტში ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ანგარიშის დახურული ნაწილი დასახური რომ არ ყოფილიყო, მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაასაჯაროებდა. 

– ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საპრეზიდენტო ვადის ბოლო თვეებში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა თურქეთის 3 464 მოქალაქეს მიანიჭა. ამ პროცესების კვალდაკვალ, აჭარაში შესამჩნევად გაიზარდა თურქეთის გავლენა.

– თუ ამ საკითხს ანგარიშისგან განვაცალკევებთ, გეტყვით, რომ ჩვენ წლების განმავლობაში არ ვაქცევდით ყურადღებას აჭარაში თურქული გავლენის ზრდას. თავის დროზე ტელევიზიით, ღიად ვრცელდებოდა ინფორმაცია თურქეთის სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის მასიურად მინიჭების შესახებ. ვინ და როგორ შეუწყო ხელი ექსპანსიური პოლიტიკის განხორციელებას, ეს ცალკე საუბრის და გამოძიების თემაა. შესაძლოა, ის რაც აჭარაში ან თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ხდება, შესაძლოა, საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი იყოს და სახელმწიფოსთვის გამოწვევას წარმოადგენდეს, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე ზედმეტი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე უნდა იმუშაონ. რაღაც ისე უნდა გავაკეთოთ, რომ საინვესტიციო გარემო არ დავაზიანოთ და ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ.

– სუს-ის ანგარიშს დავუბრუნდეთ, სადაც წერია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანას დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საშუალებით ანტიდასავლური განწყობების გაღვივება წარმოადგენს. ამან პარლამენტის თავმჯდომარის მიერ FREEDOM HOUSE და NDI-ის თბილისის ოფისის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გამახსენა. ირაკლი კობახიძემ ეს ორგანიზაციები არაობიექტურობასა და საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფაში დადანაშაულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ, შეიძლება, დასავლური ორგანიზაციებიც სცოდავდნენ..

– პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი მოსაზრებები ჰქონდეს და, გარკვეულწილად, შეიძლება დავეთანხმო, თუმცა, ამ თვალსაზრისით, მე მეტი თავისუფლება მაქვს, ვიდრე პარლამეტის თავმჯდომარეს. რაც შეეხება კონკრეტულად NDI-ის და სხვა ორგანიზაციებს, ჩემი აზრით, მათ მიერ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები და დასკვნები ხშირად რეალობას არ შეესაბამება. ზოგჯერ იმ ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მუშაობა, რომლებიც თავს პროდასავლურად აღიქვამენ, პირიქით, ხელს უწყობენ პრორუსული განწყობების გაძლიერებას. ამიტომ ყველა, ვინც დაინტერესებულია, რომ საქართველომ დასავლური კურსი გააგრძელოს, უარი უნდა თქვას ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და საკუთარ განცხადებებს, დასკვნებს და კვლევებს მეტი პასუხისმგებლობით მოკიდოს.

– საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიმართვის შემდეგ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ამერიკის ელჩმაც განაცხადა. ამის მიუხედავად, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და მათი მხარდამჭერებისთვის რუსეთთან დიალოგი სამშობლოს ღალატის ტოლფასია. თქვენი აზრით, რა არის შექმნილ მდგომარეობაში საუკეთესო გამოსავალი? 

– კვირიკაშვილის განცხადება საკმაოდ დაბალანსებული იყო და იმაზე მეტყველებდა, რომ საქართველო მზად არის განმუხტოს საოკუპაციო ზონაში არსებული ვითარება. ვერავინ უარყოფს, რომ საფრთხეები არსებობს. ისიც ვიცით, რომ ამ საფრთხეებს განეიტრალება სჭირდება, მაგრამ რა გზით და მეთოდებით უნდა მოხდეს, ეს ცალკე თემაა. რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ეს რუსეთთან სავაჭრო თემა არაა და რუსეთს მოწონს თუ არ მოწონს, ამასთან შეგუება მოუწევს. არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ვისთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარი ჩავრაზოთ და საუბარი არ გავაგრძელოთ. სხვათა შორის, დიალოგის აუცილებლობაზე მარტო იან კელის არ უთქვამს, ანალოგიური იყო ევროკავშირის ელჩისა და ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია. ერთ-ერთმა ამერიკელმა ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ 30-მდე სახელმწიფოდან, რომლებმაც რუსი ელჩების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველო ყველაზე დაუცველია, რადგან რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია და ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. ამასთან, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არც ნატოს და არც ევროკავშირის „ქოლგის“ ქვეშ არ ვართ. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ, როცა მთავრობა წერილებით და მიმართვებით ცდილობს საფრთხეების შერბილებას. პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა დაასრულონ კინკლაობა და ისეთი პოლიტიკის გატარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს დასავლეთთან და დეოკუპაციასთან დაახლოვებს.

ნელი თორდია

რედაქციისაგან:
ადამიანები მშვიდობის ფასს მხოლოდ მაშინ გრძნობენ, როცა ის არ არისო – ნათქვამია.
საქართველოში დღეს მშვიდობაა, რაშიც უდიდესი წვლილი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსაც მიუძღვის, თუმცა ეს წვლილი, ამ სამსახურის მუშაობის სპეციფიკურობის გამო, ზოგჯერ კონკრეტული ფაქტებით არ არის გაცხადებულ-დადასტურებული.
გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი რამ, რაც სუს-მა ამ საანგარიშო პერიოდში გააკეთა ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, მის ანგარიშში საჯაროდ და სახალხოდ ვერ გაჟღერდებოდა...
სუს-ის მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი, როგორც ვთქვით, ის არის, რომ საქართველოში მშვიდობაა, ამის უკან კი ძალიან ბევრი ადამიანის უძილო ღამეები და თავდაუზოგავი შრომა დგას.скачать dle 12.0